ავტორი: ნინო ჩანადირი

 

უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან 2 წელზე მეტი გავიდა. ომის გავლენა, არსებული თუ პოტენციური, ბევრი მიმართულებით განიხილება, იქნება ეს ფართო ჭრილში, უსაფრთხოების, ეკონომიკური თუ პოლიტიკური შედეგების მიმართულებით. თუმცა, მცირე ყურადღება ეთმობა რუსეთის ეთნოპოლიტიკურ ბერკეტებს, რომლებსაც ის იყენებს ევროპული საზოგადოებების წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი იქ, სადაც რუსულენოვანი უმცირესობები ცხოვრობენ. მცდელობები, რომ  რუსულენოვანი უმცირესობები ევროპული საზოგადოებების წინააღმდეგ გამოიყენონ, ხშირად ემყარება რუსული პროპაგანდის მექანიზმებს, უარყოფითად წარმოადგენს ამ ჯგუფების საცხოვრებელ ქვეყნებს და ხელს უწყობს პოლარიზაციას. ამის დიდი გამოცდილება უკვე აქვთ ბალტიის სახელმწიფოებს და ამის საწინააღმდეგოდ ბრძოლის მექანიზმებზეც მუშაობენ. რადგანაც ამჟამად რუსეთის სხვა მეზობელი ქვეყნები მასპინძლობენ მიგრანტებს რუსეთიდან, რომლებშიც შეინიშნება გამოკვეთილი ტენდენციები, რომ შექმნან ავტონომიური საზოგადოებები მასპინძელი საზოგადოებების შიგნით, ბალტიის სახელმწიფოების გამოცდილების ანალიზი განსაკუთრებით რელევანტურია.

ბლოგში, პირველ რიგში, განხილულია რუსული ნარატივების როლი რუსულენოვან საზოგადოებებში, შეხედულებების ფორმირების კონტექსტში, ფოკუსით ბალტიის ქვეყნებზე. შემდეგ გაანალიზებულია ბალტიის სახელმწიფოების გამოცდილება პროპაგანდასათან მიმართებით, უკრაინაში ომის ფონზე და მისი გავლენა რუსულენოვან საზოგადოებებზე. ბოლოს ყურადღება გამახვილებულია ბრძოლის მექანიზმებზე და იმაზე, თუ რატომაა სხვა სახელმწიფოებისთვის, რომლებიც რუს მიგრანტებს მასპინძლობენ, ბალტიის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინება მნიშვნელოვანი.

რუსული ნარატივების როლი

რუსული ნარატივების განხილვამდე საზღვარგარეთ რუსულენოვან საზოგადოებებში შეხედულებების ფორმირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საზღვარგარეთ „თანამემამულეებთან“ ჩართულობას და მათი ინტერესების დაცვას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა რუსეთის საგარეო პოლიტიკაში და კვლავაც აქვს საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფციების მიხედვით, რომელიც გასულ წელს გამოქვეყნდა.

ბალტიის სახელმწიფოები და მათი რუსულენოვანი მოსახლეობა დიდი ხანია რუსეთის სამიზნეა საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციის, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენისა და მცდარი ინფორმაციის გავრცელების მხრივ, რასაც გავლენა აქვს რუსული უმცირესობების საცხოვრებელ ქვეყნებში შიდასაზოგადოებრივ ურთიერთობებზე. უმეტეს შემთხვევაში რუსულენოვან მოსახლეობას ადგილობრივი ენების ცოდნის დაბალი მაჩვენებელი აქვს და სუსტი სოციალური კავშირები ამ ქვეყნებში ტიტულარულ ჯგუფებთან. შესაბამისად, მათთვის საინფორმაციო წყარო უმეტესად რუსულენოვანია, რასაც ეფექტურად იყენებს რუსეთი, რომელიც რუსულ პროპაგანდას ავრცელებს სოციალურ ქსელებში, ტრადიციულ რუსულ მედიაში და გავლენას ახდენს ამ ჯგუფებზე. ეს განსაკუთრებით რელევანტურია ლატვიისა და ესტონეთისთვის, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობის წილი დიდია.

რუსეთი ბალტიის სახელმწიფოების წინააღმდეგ ნარატივებს წლების მანძილზე ქმნიდა, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ამ სახელმწიფოების ნაციზმის მხარდაჭერასთანაა დაკავშირებული. ნარატივებს ზურგს უმაგრებს რუსული მედიაც, რომელიც ბალტიის სახელმწიფოებში სხვადასხვა დემონსტრაციას ზოგჯერ აშუქებს, როგორც ნაცისტურ დემონსტრაციას. ხშირია ბალტიის ქვეყნების რუსოფობიასა და რუსული უმცირესობების წინააღმდეგ დისკრიმინაციაში დადანაშაულებაც. ზოგადად ნაციზმის შესახებ ნარატივებს რუსეთში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ქვეყანა თავს ისტორიულად ნაცისტური იდეოლოგიის მოწინააღმდეგედ წარმოაჩენს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ნარატივი რუსეთმა აქტიურად გამოიყენა უკრაინაზე თავდასხმის გასამართლებლად. ამ ნარატივებს ორი როლი აქვთ: პირველი – შიდა, რუსული საზოგადოებისთვის, იმისთვის, რომ შეიქმნას მტრის ხატი, რომელიც თითქოს რუსეთს ალყაში აქცევს და ემუქრება და მეორე – საგარეო, რუსულენოვანი/რუსული იდენტობის ჯგუფებისთვის საზღვრებს მიღმა და ამ შემთხვევაში – ბალტიის სახელმწიფოებში, რაც ემსახურება მათ გაუცხოებას იმ საზოგადოებებისა და ხელისუფლებისგან, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, პრორუსული განწყობების ზრდას და რუსული პოლიტიკური ინტერესების გატარებას ამ ქვეყნებში.

გავლენა რუსულენოვან ჯგუფებზე

რუსული პროპაგანდის სამიზნე ბალტიის ქვეყნები ომის ფონზე უკრაინის მიმართ ყველა საფეხურზე საერთო მხარდაჭერის გამოც გახდნენ. სრულიად ბალტიის რეგიონში ვრცელდებოდა ტრადიციული რუსული პროპაგანდისტული გზავნილები, რომ რუსეთი უკრაინაში ამერიკასა და ნატოს ებრძვის, რომ ამერიკა ისეთივე აგრესორია, როგორიც რუსეთი, რომ უკრაინელი სამხედროები არაჰუმანურად ექცევიან მოსახლეობას დონეცკსა და ლუჰანსკში და სხვა. ფართო პრაქტიკაა ნარატივების გავრცელება, რომელიც დაუდგენელ წყაროებს ეკუთვნის და შეიცავენ საზოგადოებრივი უნდობლობის გამძაფრების საფრთხეს. ამის მაგალითია ესტონეთი, სადაც ვრცელდებოდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, თითქოს იგეგმებოდა ნატოს ბაზის გახსნა ქალაქ ნარვაში. ნარვა ესტონური ქალაქია და დასახლებულია რუსულენოვანი მოსახლეობით, რომელიც ამ ქალაქში უმრავლესობას წარმოადგენს. არც ისე დიდი ხნის წინ, 2022 წელს, როდესაც ესტონეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქ. ნარვიდან აეღო საბჭოთა ტანკის მონუმენტი, ქალაქში ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე პროტესტი გამოიწვია, რაც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში ჯერაც არსებული რუსული და საბჭოთა თემატიკასთან დაკავშირებული  სენტიმენტებით იყო ნაკარნახევი. რუსეთმა სიტუაცია იმისთვის გამოიყენა, რომ ბალტიის ქვეყანა კიდევ ერთხელ დაედანაშაულებინა რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციაში. ამ ტიპის მცდარი ინფორმაციის გავრცელებას მარტივად შეუძლია გამოიწვიოს შიში და უნდობლობა მსგავს პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტებში, რაც  შეიძლება გახდეს არეულობის საფუძველი, რომელსაც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებენ.

კიდევ ერთი მაგალითი მოიცავს ანტიუკრაინულ სენტიმენტებს, რომელსაც რუსული პროპაგანდა ავრცელებს, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკის დიქტატორობის შესახებ. ეს გზავნილები გავლენას ახდენენ ადგილობრივ რუსულენოვან ჯგუფებზე და უყალიბებენ ხედვას კონკრეტული საკითხების შესახებ. გასულ წელს მთელი ბალტიის რეგიონში თავი იჩინა კამპანიამ, როდესაც რუსულენოვანი მოსახლეობის ნაწილი დემონსტრაციულად იყენებდა პროვოკაციულ სტიკერებს, წარწერით „მე რუსი ვარ“. სოციალურ მედიაში დიალოგებსა და ჩატებში ცხადი გახდა, რომ კამპანია პირდაპირ იყო დაკავშირებული ანტიუკრაინულ განწყობებთან. ლატვიის უსაფრთხოების სამსახური მალევე დაინტერესდა ამ კამპანიით, რადგან ის პოტენციურად საშიშად მიიჩნიეს, როგორც საფრთხის შემცველი „ლატვიის მოქალაქეების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის“ და დაიწყო ვითარების მკაცრი მონიტორინგი.

გავლენები ცხადად ჩანს უკრაინის საკითხის მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებებში. ესტონეთის შემთხვევაში, მაშინ, როდესაც ესტონელების უდიდესი ნაწილი უკრაინას უჭერს მხარს, რუსულენოვანი მოსახლეობის მეოთხედი ომს გამართლებულად მიიჩნევს და ნახევარი სანქციების წინააღმდეგია. უკანასკნელ პერიოდში, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ტალინში, პუტინმა ხმების 75% მიიღო იმათგან, ვისაც ჯერ კიდევ აქვს რუსეთის მოქალაქეობა, რაც შეიძლება იმის მაჩვენებლად გამოდგეს, რომ რუსულ საინფორმაციო გავლენას პოლიტიკური შედეგები მოჰყვება.

გაკვეთილები რუსეთის სხვა მეზობლებისთვის

პროპაგანდის მექანიზმები, რომლებსაც რუსეთი ბალტიის ქვეყნებში იყენებს, უსაფრთხოების გამოწვევაა, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ დაძაბულობას, რომელიც ეფუძნება ზრდადი გაურკვევლობის განცდას, უნდობლობასა და შიშს საზოგადოებრივ ჯგუფებში, რომლებიც ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ. ეს ქვეყნები ცდილობენ ებრძოლონ რუსულ პროპაგანდას სხვადასხვა გზით, მათ შორის, რუსული მედიის გავლენის შემცირებით, რაც გამოიხატება რუსული პროპაგანდისტული არხების შეზღუდვაში ისე, როგორც ეს ესტონეთსა და ლატვიაში მოხდა. მექანიზმები ასევე მოიცავს საზოგადოებრივი მედეგობის ზრდას იმ რწმენით, რომ პროპაგანდა გრძელვადიანი საფრთხეა, რომელთან ბრძოლაც სისტემურ მიდგომას საჭიროებს სხვადასხვა სექტორში  და არა მხოლოდ თავდაცვით, ძალოვან პრიზმაში, არამედ საჯარო, ეკონომიკურ და ენერგოსექტორებშიც, როგორც ამას ლიეტუვაში გამოცდილება აჩვენებს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კოოპერაცია და ნატოსთან კოორდინირებული მუშაობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს (მაგალითად, ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი რიგაში) პროპაგანდასა და ცრუ ნარატივებთან დაკავშირებული რისკების შეფასებაში.

მნიშვნელოვანია, რომ სხვა ქვეყნებმა, რომლებიც ასევე რისკის ქვეშ იმყოფებიან, შეისწავლონ ეს გამოცდილება და გამოიყენონ თანამშრომლობის შესაძლებლობები ამ გამოცდილების გაზიარებისთვის. რუსეთის მეზობლები, საქართველოსა და სომხეთის ჩათვლით, უკრაინის ომის პარალელურად  რუსეთიდან მიგრანტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასპინძელი ქვეყნები გახდნენ. თუ საქართველოს შემთხვევას განვიხილავთ, კვლევებით, რომლებიც მიგრანტთა ჯგუფში ჩატარდა, იკვეთება, რომ რუს მიგრანტებს ურთიერთობა უმეტესად მხოლოდ სხვა რუსებთან აქვთ, არ გეგმავენ ადგილობრივი ენის სწავლას და ხედავენ საჭიროებას, რომ შექმნან „რუსული საზოგადოება“. როგორც ბალტიის გამოცდილება აჩვენებს, ჯგუფის მხრიდან დისტანცირების ასეთი ტენდენციები კარგი ნიადაგი ხდება რუსული სახელმწიფო მიზნების განხორციელებისთვის ამ ჯგუფის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების გზით, რაც უმეტესად დაძაბულობის ხელშეწყობას გულისხმობს. როგორც ზემოთ აღინიშნა, პროპაგანდა და მცდარი ნარატივები ამაში გარკვეულ როლს ასრულებენ. შესაბამისად, რისკების წინასწარი შეფასება და იმის მონიტორინგი, თუ რა სახის ინფორმაციისადმი არიან მიდრეკილი ეს ჯგუფები, მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს რუსული საინფორმაციო გავლენის ეფექტის შემცირებისთვის. რადგან საქართველოს ისტორიულად კარგი ურთიერთობები აქვს ბალტიის ქვეყნებთან, კარგი შესაძლებლობა შეიძლება იყოს მათი გამოცდილების შესწავლა-გაზიარება და ამ მიმართულებით მათთან თანამშრომლობა.

დასკვნა

როგორც ბალტიის ქვეყნების მაგალითზე ვნახეთ, რუსულენოვან ჯგუფებს რუსეთი ბერკეტად იყენებს იმ სახელმწიფოების წინააღმდეგ, სადაც ეს ჯგუფები ცხოვრობენ. პროპაგანდა, რომელსაც რუსეთი მიმართავს სამიზნე საზოგადოებებში შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად, ამ პროცესში დიდ როლს ასრულებს. ეს ბერკეტი აქტიურადაა ამოქმედებული ომის პარალელურად და პროპაგანდის მექანიზმები გავლენას ახდენენ დაძაბულობების გაღვივებაზე. ბალტიის სახელმწიფოები ამის მაგალითია, რომლებიც პარალელურად აქტიურად მუშაობენ მედეგობის გასაძლიერებლად. რადგანაც რუს მიგრანტებს რუსეთის სხვა მეზობლებიც მასპინძლობენ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილება საზოგადოებაში ადეკვატურად შეფასდეს, რისკების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იყოს ბალტიის ქვეყნების გამოცდილება – ამ სახელმწიფოების წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან „თანამემამულეების“ ბერკეტად გამოყენების კონტექსტში, ასევე პროპაგანდის მექანიზმების მხრივ, რომელთა სამიზნეც, გავლენის მოსახდენად, სწორედ რუსულენოვანი საზოგადოებები არიან. ეს ყოველივე კი მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.