ავტორი: ალექსის დე ვარაქსი

საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის განსახილველად ხელახალმა შემოტანამ სუვერენიტეტისა და გამჭვირვალობის შესახებ მსჯელობის განახლება გამოიწვია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ეს არის არა რუსული, არამედ ევროპული სტილის კანონი. ეს ხელახალი კანონი შეეხება ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს და მათ „უცხოელი აგენტების“ მაგივრად „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს“ უწოდებს. ჩვენს სტატიაში შევეცდებით გამოვყოთ ის განსხვავება, რაც არის „ქართული ოცნების“ კანონსა და ნარატივს და შესაბამის ევროპულ და ფრანგულ ანალოგებს შორის და განვიხილავთ მათ მოტივებსა და გავლენას როგორც დემოკრატიაზე, ისე უფრო ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტზე.

 

 სახელმწიფო სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული არგუმენტი

 

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ახლახან გამოაცხადა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა წარდგენის შესახებ. მიუხედავად ამ კანონთან დაკავშირებული გასული წლის მასობრივი პროტესტისა, პარტია მტკიცედ იცავს კანონთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას და ამბობს,  რომ ის დაიცავს საქართველოს სუვერენიტეტს. მართალია, კანონპროექტში გამოყენებული მთავარი ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, მისი ძირითადი შინაარსი არ შეცვლილა: ორგანიზაციებმა, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას, განურჩევლად საქმიანობის ტიპისა, უნდა გამოაქვეყნონ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშები, ხოლო დარღვევების შემთხვევაში ჯარიმები დაეკისრებათ.

საპარლამენტო უმრავლესობამ ხაზი გაუსვა საქართველოში სამოქალაქო სექტორის „არაგამჭვირვალობას“ და გამჭვირვალობის ეს ნაკლებობა „ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებს“ დაუკავშირა. ისინი  ადანაშაულებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს არჩევნების შედეგების გაყალბებასა და ხელისუფლებისთვის  ხელშემშლელი „რევოლუციური სცენარების“ ორგანიზებაში. გარდა ამისა, მმართველი პარტია არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის“ გავრცელებაში და ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ საზოგადოების ნდობის შელახვაში. ეს ნარატივი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთისკენ მიემართება.

 

 

მართლაც, მმართველმა უმრავლესობამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, გამოაცხადა კანონი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, რაც ასევე რუსული კანონიდან გადმოღებული ასლია. პარტია „ქართული ოცნების“ ნარატივი მოიცავს ბრალდებებს  დასავლეთის პოლიტიკურ ჩარევაზე, განსაკუთრებით ისეთ ორგანიზაციებს ადებს ხელს, როგორიცაა ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED) და დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED).

მთავრობა ამტკიცებს, რომ მისი კანონი „უცხოელი აგენტის“ შესახებ ემთხვევა აშშ-ის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, კანადისა და ევროკავშირის კანონებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს დასავლეთის პრეტენზიებს. პროსამთავრობო მედია და ონლაინწყაროები ოპონენტებს დასავლურ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტებად მოიხსენიებენ. „ქართული ოცნების“ ბრალდებებს მხარს პრორუსული ჯგუფები უჭერენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დასავლეთი მიზნად ისახავს: 1) ლიბერალურ-ლგბტ შეხედულებების პოპულარიზაციას და 2) საქართველოს რუსეთთან კონფლიქტისკენ უბიძგებს, რაც დებატებში გეოპოლიტიკურ დაძაბულობაზე მიუთითებს.

რუსული და დასავლური კანონების შედარება

შალვა პაპუაშვილის კვალდაკვალ, რომელმაც შეადარა ფრანგული და ევროპული კანონები,  მოდი,  ჩვენც ჩავუღრმავდეთ განსხვავებებს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ევროკომისიის „მესამე ქვეყნების სახელით ინტერესთა წარმომადგენლობის  გამჭვირვალობის შესახებ დირექტივის შემოთავაზება“, რომელიც დემოკრატიის დაცვის უფრო ფართო პაკეტის (EUDD) ნაწილია, ჯერ კიდევ შემუშავების სტადიაზეა და მას მრავალსაფეხურიანი პროცესი აქვს წინ. ის მოითხოვს დამტკიცებას როგორც ევროპარლამენტის, ისე ევროკავშირის საბჭოსგან და სანამ კანონი გახდება, შესაძლოა მოიცავდეს ხანგრძლივ მოლაპარაკებებსა და გადასინჯვას. ფრანგული კანონი, სახელწოდებით „საფრანგეთში უცხოური ჩარევის პრევენცია“, უკვე მიიღო ეროვნულმა ასამბლეამ, თუმცა ელოდება სენატის განხილვას და სენატის დამტკიცების შემდეგ სჭირდება საბოლოო დამტკიცება პრეზიდენტის მხრიდან.

სანამ კანონებს შევადარებდეთ, მნიშვნელოვანია ევროპული კონტექსტის გაგება. ევროკავშირი და მისი წევრები ებრძვიან საგარეო ჩარევას, განსაკუთრებით, რუსეთის მხრიდან. ეს ჩარევები მნიშვნელოვნად გამწვავდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამის საპასუხოდ, ევროკავშირი გაერთიანდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ევროპული ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, პუტინის საწინააღმდეგო რიტორიკას აძლიერებენ. უფრო მეტიც, საფრანგეთი აღიქვამს, რომ საფრთხე ემუქრება მის ინტერესებს, როგორც შიდას ­– რაც დადასტურდა რუსეთის ჩარევით 2017 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში, ისე საგარეოს – როცა რუსეთმა აფრიკაში საფრანგეთის ინტერესები საფრთხის წინაშე დააყენა. სწორედ ამ ფონზე ევროპა ძლიერდება კანონმდებლობით, რომელიც მიზნად ისახავს საგარეო ჩარევისგან დაცვას არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ჩინეთის, თურქეთისა და ირანის მხრიდან.

ფრანგული კანონისა და ევროკავშირის დემოკრატიის დაცვის პაკეტის (EUDD) უპირველესი მიზანია საგარეო ჩარევების თავიდან აცილება, კიბერთავდასხმებისა და დეზინფორმაციის ჩათვლით, ისეთი ქვეყნების მხრიდან, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და ირანი. ეს კანონები მიზნად ისახავს ევროპის დაცვას აგრესიული უცხოური ჩარევისაგან. ამის საპირისპიროდ, საქართველოს „უცხოური აგენტის“ კანონის სამიზნეს დასავლეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები წარმოადგენენ, რომლებიც დიდი ხანია მხარს უჭერენ ქვეყნის განვითარებას. ეს ცვლილება ღირებული მოკავშირეების გაუცხოების საფრთხეს ქმნის და ძირს უთხრის საქართველოს საერთაშორისო პარტნიორობას. მაშინ, როდესაც ქართული კანონი შეესაბამება ავტოკრატიული სახელმწიფოების კანონებს, როგორიცაა რუსეთი თუ ირანი, საფრანგეთის კანონი და EUDD ყურადღებას ამახვილებენ უფრო ფართო სპექტრის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლასა და საკუთარი შესაბამისი იურისდიქციის ფარგლებში გამჭვირვალობის გაძლიერებაზე.

ამასთან, EUDD განსაკუთრებით ცდილობს დაარეგულიროს მესამე ქვეყნების ინტერესების წარმომადგენელთა საქმიანობა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ევროკავშირის პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღებაზე. იგი ითვალისწინებს გამჭვირვალობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ყოვლისმომცველ ზომებს, როგორიცაა გამჭვირვალობის რეესტრში იმ სუბიექტების სავალდებულო რეგისტრაცია, რომლებიც ახორციელებენ ლობირების კამპანიებს მესამე ქვეყნების მთავრობების სახელით. გარდა ამისა, ამ აქტივობებთან დაკავშირებული ძირითადი დეტალები, მათ შორის დაფინანსების თანხები და მიზნები, საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება.

ამასთან, ერთი მხრივ, ფრანგული კანონი, აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის მსგავსად, მკაფიოდ განასხვავებს აგენტის „საქმიანობის ტიპს“ და „ეროვნებას“. მიუხედავად იმისა, რომ ის არ აწესებს გამჭვირვალობის ისეთ მკაცრ ზომებს, როგორსაც EUDD, ის შეესაბამება ევროკავშირის მიზანს ­– დაიცვას დემოკრატიული პროცესები და ინსტიტუტები. ეს განსხვავება ნიშნავს, რომ ორგანიზაციები ავტომატურად არ მოიხსენიებიან უცხოურ აგენტებად მხოლოდ უცხოური დაფინანსების გამო. პირიქით, ყურადღება გამახვილებულია თავად საქმიანობის ბუნებაზე, იქნება ეს ლობირება, საზოგადოებასთან ურთიერთობა თუ წარმომადგენლობის სხვა ფორმები. საქართველოს მთავრობის მიდგომა კი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მიმართ, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყაროებიდან იღებენ, ასეთია: ის მათ უწოდებს „ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ უცხო ძალის ინტერესებს“.

ასეთი ფართო კატეგორიზაცია იმ ორგანიზაციების უსამართლოდ სტიგმატიზაციის საფრთხეს ქმნის, რომლებიც შესაძლოა მოქმედებდნენ საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ თავიანთი საქმიანობისას საერთაშორისო დაფინანსებაზე არიან დამოკიდებული. ასეთმა განურჩეველმა კლასიფიკაციამ შეიძლება შეარყიოს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების სანდოობა, ხელი შეუშალოს უცხოურ ინვესტიციებს და შეაფერხოს საერთაშორისო თანამშრომლობა. ამან შეიძლება საბოლოოდ შეამციროს სამოქალაქო საზოგადოების გავლენა და მიღწევები საქართველოში. შედარებისთვის, EUDD გთავაზობთ უფრო დაბალანსებულ და დაწვრილებით პერსპექტივას. ის მკაფიოდ განასხვავებს ლეგიტიმურ ლობისტურ ძალისხმევასა და ფარულ საგარეო გავლენას, რითაც უზრუნველყოფს ჩარჩოს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეპუტაციის სადარაჯოზე დგას.

რაც შეეხება სასჯელს, ფრანგული კანონი ითვალისწინებს ჯარიმებსა და თავისუფლების აღკვეთას კანონის დარღვევისთვის. ამის საპირისპიროდ, ევროკავშირის მიდგომა ფოკუსირებულია გარანტიებზე, რომლებიც მიზნად ისახავს კანონის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას და არა კონკრეტული სადამსჯელო ზომების დაწესებას, როგორიცაა ჯარიმა ან პატიმრობა. ქართული კანონპროექტი დარღვევებისთვის გვთავაზობს სამართლებრივ ზომებს – დიდ ჯარიმებს. ის ასევე იძლევა კანონის თვითნებური და შერჩევითი გამოყენების უფლებას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც ინსტრუმენტი განსხვავებული აზრის აღსაკვეთად ან კონკრეტული ჯგუფების ან ინდივიდების წინააღმდეგ, როგორც ეს ჩანს, მაგალითად, შშმ პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების მიერ წამოჭრილ საკითხებში.

ქართული კანონმდებლობა არ არის შექმნილი ევროპული ან ფრანგული კანონების მიხედვით. პირიქით, იგი მთლიანად შეესაბამება რუსეთის უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ნარატივს და მიზნებს. საერთო ნარატივი ასახავს ევროპულ ლიბერალიზმსა და ლგბტ გავლენას, როგორც საფრთხეს რეგიონში ტრადიციული ღირებულებებისა და მშვიდობისთვის, რაც აწესებს შემზღუდველ და სადამსჯელო ზომებს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. რუსეთის კანონი შექმნილია რუსეთში განსხვავებული აზრის აღკვეთისა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვისთვის, რაც ეხმიანება საქართველოს „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებულ შეშფოთებას.

 

დასკვნა

 

საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სცილდება შიდა პოლიტიკის ფარგლებს და ქვეყნის გეოპოლიტიკურ შემობრუნებაზე მიანიშნებს. ეს გულისხმობს უკანდახევას დასავლური ინტეგრაციიდან და პოტენციურ დაბრუნებას რუსეთის გავლენის სფეროში. რუსეთის კანონმდებლობის იმიტირებით და სამოქალაქო თავისუფლებებისთვის პოტენციური ზიანის მიყენებით საქართველო ევროკავშირისგან გაუცხოების რისკის წინაშეა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მთავრობები ამ კანონებს განმარტავენ, როგორც ეროვნული უსაფრთხოების ზომებს, დასავლელი ლიდერები, უფლებადამცველი ორგანიზაციები და დემოკრატიის ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს კანონები არის თავისუფალი აზრის ჩახშობისა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის საშუალება.