ავტორი: დავით შატაკიშვილი, კონტრიბუტორი ანალიტიკოსი, ამერიკული უნივერსიტეტი, ვაშინგტონი
2024 წლის 5 ნოემბერს მსოფლიოს ნომერი პირველი ეკონომიკის მქონე სუპერსახელმწიფოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, სადაც, დიდი ალბათობით, ერთმანეთს კვლავ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ჯოზეფ ბაიდენი დაუპირისპირდებიან. ამ არჩევნებს უდიდესი გავლენა ექნება არა მხოლოდ შეერთებული შტატების შიდა თუ საგარეო პოლიტიკაზე, არამედ განსაზღვრავს ევროკავშირისა თუ სხვა ლიდერი სახელმწიფოების პოლიტიკასა და გლობალურ პოზიციონირებას. გარდა პოლიტიკური საკითხებისა, არჩევნების შედეგები გავლენას იქონიებს ისეთ საკვანძო მიმართულებებზე, როგორიცაა: ეკონომიკა, ქვეყნის საემიგრაციო პოლიტიკა, საერთაშორისო კონფლიქტების მართვა, ეროვნული უსაფრთხოება და სხვა. ამდენად, გასაგებია საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესები, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტს ირჩევს ამერიკელი ხალხი, საკუთარი განწყობებისა და მოლოდინის შესაბამისად, რომელიც მეტწილად ქვეყნის შიდა პროცესებითაა განპირობებული.
როგორც ჩანს, ამერიკელი ამომრჩევლისთვის სოციალურ-ეკონომიკური საკითხები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ამას ადასტურებს კიდეც რამდენიმე ავტორიტეტული კვლევა. მაგალითად, ამერიკული მულტინაციონალური ანალიტიკური კომპანია Gallup-ის გრძელვადიან გამოკითხვაში ამომრჩევლები პოსტპანდემიურ პერიოდში ყველაზე დიდ გამოწვევად ინფლაციასა და სამუშაო ადგილებს მიიჩნევენ. ეს ასევე დაადასტურა Morning Consult-ისა და Bloomberg-ის ერთობლივმა კვლევამ ე.წ. იასამნისფერ შტატებში (შტატები, რომლებშიც რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს გამარჯვების თანაბარი შანსები აქვთ), სადაც ამერიკის მოსახლეობა სწორედ ეკონომიკურ საკითხებს მიიჩნევს მთავარ პრიორიტეტად, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლოა გადაწყვიტოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი. საინტერესოა განვიხილოთ და შევადაროთ პრეზიდენტ ტრამპისა და ბაიდენის მიერ მიღწეული ეკონომიკური შედეგები და ის მოლოდინი, რამაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოახდინოს ამერიკელი ხალხის არჩევანზე.
ეკონომიკური ზრდა
პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციების პირობებში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა მუდმივად იზრდებოდა, თუ არ ჩავთვლით კოვიდპანდემიით გამოწვეულ რეცესიას. მიუხედავად 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 2.8%-იანი ვარდნისა, 2021 წელს ეკონომიკა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში სწრაფად განვითარების ჩვეულ ტემპს დაუბრუნდა და წლის ბოლოს 5.9%-იან ზრდას მიაღწია. რაც შეეხება 2022-2023 წლებს, 2022 წელს აშშ-ის ეკონომიკა 1.9%-ით, ხოლო გასულ წელს 2.5%-ით გაიზარდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ეკონომიკური ზრდის ტემპი 2.3-2.9%-ს შორის მერყეობდა. გრაფიკზე 1. წარმოდგენილია აშშ-ის ეკონომიკური ზრდა 2017-2023 წლებში. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 20 იანვრიდან საპრეზიდენტო ოფისი ბაიდენმა დაიკავა.
გრაფიკი 1.
წყარო: აშშ-ის ეკონომიკური ანალიზის ბიურო
უმუშევრობა
ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა საკმაოდ ძლიერი სამუშაო ბაზარია, რომელიც პანდემიის პირობებში რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ ეკონომისტების დიდი ნაწილი სამუშაო ადგილების ზრდის პროგნოზს სულაც არ აკეთებდა. მნიშვნელოვანია, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის მხრიდან გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, სამუშაო ბაზარმა შეძლო არა მხოლოდ მდგრადობის შენარჩუნება, არამედ ზრდაც. ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ საპრეზიდენტო ოფისის დაკავების შემდეგ, პირველ 3 წელიწადში, დამსაქმებლებმა 14 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნეს, რაც თვეში დაახლოებით 400 000 ახალი სამუშაო ადგილია. თუმცა, 2023 წლის ბოლოს ეს ტენდენცია შემცირდა, როდესაც, მაგალითად, დეკემბერში ახალი სამუშაო ადგილების რიცხვი 216 000-მდე დაეცა. შედარებისთვის, პრეზიდენტ ტრამპის პირობებში, პირველი 3 წლის განმავლობაში, ქვეყანაში თვიურად დაახლოებით 176 000 სამუშაო ადგილი იქმნებოდა. თუმცა, კოვიდპანდემიის გავრცელებამ 20 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვია. გრაფიკზე 2. წარმოდგენილია ყოველთვიურად შექმნილი სამუშაო ადგილების საშუალო წლიური მაჩვენებელი.
გრაფიკი 2.
წყარო: აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურო
პრეზიდენტ ბაიდენისა და ტრამპის პირობებში უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი მეტ-ნაკლებად ერთნაირი და სტაბილურია. ბოლო 8 წლის განმავლობაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2022 წელს – 3.5%. 2024 წლის იანვრისა და თებერვლის საშუალო მაჩვენებელი კი დაახლოებით 3.8%-ია. ბაიდენის მმართველობის პირობებში, უმუშევრობის დონემ ლათინოამერიკული წარმომავლობის ადამიანებში, შავკანიან ქალებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში რეკორდულ მინიმუმს მიაღწია. გრაფიკზე 3. წარმოდგენილია 2017-2024 წლებში აშშ-ში უმუშევრობის საშუალო წლიური მაჩვენებელი.
გრაფიკი 3.
წყარო: აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურო
ინფლაცია
ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ინფლაცია ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა იყო. პანდემიის შემდეგ ფასები სწრაფად გაიზარდა, რამაც ქვეყანაში 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალი ინფლაცია გამოიწვია და 2022 წლის მეორე კვარტალში საშუალოდ 9%-ს მიაღწია. გაზრდილი ფასები ძირითადად შეეხო საკვებს, საწვავს, ავტომობილებს, უძრავ ქონებასა და ჯანდაცვის სერვისებს. ინფლაცია მხოლოდ გასული წლის მე-4 კვარტალში მიუახლოვდა 3%-იან მაჩვენებელს. მიუხედავად ფედერალური სარეზერვო სისტემის მხრიდან გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა, ფასების ზრდამ ბაიდენის ადმინისტრაციით უკმაყოფილება გაზარდა, რადგან ამერიკელებისთვის ფასების სტაბილურობა, სადაც ინფლაცია მიზნობრივი 2%-იანი მაჩვენებლის ფარგლებში იყო მოქცეული, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. გრაფიკზე 4. წარმოდგენილია 2017-2023 წლებში საშუალოდ კვარტალური ინფლაცია აშშ-ში, სადაც ჩანს, რომ ტრამპის მმართველობის პირობებში ინფლაცია ნამდვილად იყო 2%-ის ფარგლებში, თუმცა 2021 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყო ზრდა.
გრაფიკი 4.
წყარო: აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურო
როდესაც ინფლაციაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ცალკე გამოვყოთ საწვავის ფასები, რომლის სტაბილურობაც ამერიკელებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. საწვავის ფასებზე გავლენას ახდენს მთელი რიგი ფაქტორებისა და პრეზიდენტებს მასზე გავლენის დიდი ბერკეტი არ აქვთ. ტრამპის მმართველობის დროს საწვავის ფასები ზოგადად დაბალი იყო, რაც შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ამერიკელები მაშინ უკეთ გრძნობდნენ ჯანსაღ ეკონომიკას. 2020 წლიდან კოვიდპანდემიამ, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, მერყევმა საბაზრო მოთხოვნამ და OPEC+-ის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებებმა საწვავის ფასები სწრაფად ცვალებადი და არაპროგნოზირებადი გახადა. თუ, მაგალითად, 2017-დან 2020 წლამდე გალონი საწვავის საშუალო ფასი 2.5 აშშ დოლარი იყო, 2022 წლის ივნისში მისმა ფასმა 5 აშშ დოლარსაც კი გადააჭარბა. 2023 წელს კი გალონი ბენზინის საშუალო ფასი 3.52 დოლარი იყო. საწვავის ფასი ნამდვილად ახდენს გავლენას ამერიკელი ხალხის განწყობებზე ეკონომიკისა და მათი კეთილდღეობის მიმართ. გრაფიკი 5-ზე წარმოდგენილია საწვავის საშუალო წლიური ფასები 2017-2024 წლებში.
გრაფიკი 5.
წყარო: აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია
სახლის ფლობა არის ერთ-ერთი მთავარი გზა, რომლითაც ადამიანები აშშ-ში ქმნიან სიმდიდრეს. 2020 წლის მეორე ნახევრიდან სახლების ფასებმა საგრძნობლად მოიმატა. ერთი მხრივ, ეს იყო არახელსაყრელი იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურდა სახლის შეძენა, ხოლო, მეორე მხრივ, ვინც უკვე ფლობდა უძრავ ქონებას, მათთვის საკუთარი სახლების ღირებულება გაიზარდა. საერთო ჯამში, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, სახლის ყიდვა ბევრად გართულდა. 2020 წლის ზაფხულიდან 2022 წლის შემოდგომამდე სახლის ფასები საშუალოდ 49%-ით გაიზარდა. 2023 წელს კი ფასები შედარებით სტაბილური გახდა და მიუახლოვდა 400 ათას დოლარიან მაჩვენებელს, თუმცა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, მაინც საკმაოდ მაღალია. ამასთან ერთად, გაზრდილია იპოთეკის საპროცენტო განაკვეთები, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში 3.6%-დან 7.9%-მდე გაიზარდა. გრაფიკზე 6. წარმოდგენილია სახლების მედიანური კვარტალური ფასები აშშ-ში.
გრაფიკი 6.
წყარო: აშშ-ის სტატისტიკის ბიურო, საბინაო და ურბანული განვითარების დეპარტამენტი
რეალური ხელფასი
ბაიდენის მმართველობის პირობებში, აშშ-ში, ხელფასების ზრდის ტემპი იყო უფრო მცირე, ვიდრე ინფლაცია. საინტერესოა პანდემიის დასაწყისში ხელფასების ზრდა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ბევრმა ადამიანმა, რომლებიც შედარებით დაბალანაზღაურებად პოზიციებზე იყვნენ დასაქმებული და უფრო მეტად მოწყვლადი ეკონომიკური შოკების მიმართ, დაკარგეს სამსახური. შესაბამისად, გაიზარდა საშუალო ანაზღაურებაც, რადგან იგი მხოლოდ ასახავდა მაღალანაზღაურებად მოსახლეობას. შემდეგ კი, როდესაც ის დაბალანაზღაურებადი მოსახლეობის ნაწილი ისევ დასაქმდა, ამ მაჩვენებელმა კვლავ დაიწყო დაბლა ჩამოსვლა. ამგვარად, დასაქმებული ამერიკელების უმეტესობის მიერ გამომუშავებულ ფულს არ შეეძლო იმდენის ყიდვა, როგორც ადრე, რადგან მათი ანაზღაურება შედარებით მცირე იყო ინფლაციის გამო გაზრდილი საქონლისა და მომსახურების ხარჯების დასაფარად. გრაფიკზე 7. წარმოდგენილია კვარტალური ყოველკვირეული საშუალო მედიანური რეალური ხელფასი აშშ-ში, 2017-2023 წლებში.
გრაფიკი 7.
აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურო
მონეტარული პოლიტიკა
ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკის მუშაობაზე. სწრაფად მზარდ ინფლაციასთან გასამკლავებლად ამერიკის ცენტრალურმა ბანკმა 2022 წლის მარტიდან 2024 წლის იანვრამდე 11-ჯერ გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რამაც დღეის მონაცემებით 5.5% შეადგინა, რაც ბოლო 23 წლის განმავლობაში არსებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მაღალი საპროცენტო განაკვეთი ზრდის ფულის სესხების ხარჯებს და ანელებს ეკონომიკის მუშაობას, თუმცა მძლავრი ბერკეტია ინფლაციის მოსათოკად. მაგალითად, იპოთეკური საპროცენტო განაკვეთები ამჟამად 7.5-8%-ის, სამომხმარებლო სესხები 12%-ის, ხოლო საკრედიტო ბარათების განაკვეთები 20%-ის ფარგლებშია მოქცეული. გრაფიკზე 8. წარმოდგენილია მონეტარული პოლიტიკის საშუალო კვარტალური განაკვეთები 2017-2023 წლებში.
გრაფიკი 8.
წყარო: აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა
***
პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის ეკონომიკა, ერთი შეხედვით, კარგად გამოიყურება – პოსტპანდემიური ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მაჩვენებელი, უმუშევრობის დაბალი დონე, ინფლაციის შემცირებული ზრდის ტემპი, თუ სხვა, მით უმეტეს, თუ მას შევადარებთ ევროკავშირს, გაერთიანებული სამეფოსა და იაპონიას. თუმცა, მეორე მხრივ, ამერიკული საზოგადოების განწყობები საკუთარი ეკონომიკური კეთილდღეობის მიმართ საკმაოდ ნეგატიურია, რომელიც არაერთმა კვლევამ დაადასტურა. თავად ბაიდენის განცხადებით, ეკონომიკური კეთილდღეობის აღქმის თვალსაზრისით უარყოფით როლს ასრულებს მედია, რომელიც, მისი თქმით, არასათანადოდ აშუქებს ამერიკის ეკონომიკურ მიღწევებს.
მნიშვნელოვანია, რომ რეალურად ამერიკის მოსახლეობამ უფრო მეტად იგრძნო ინფლაცია, ვიდრე მათი ხელფასების ზრდა, რომელმაც სულ ახლახან გადააჭარბა პანდემიამდელ მაჩვენებელს. საშუალო სტატისტიკური ამერიკელისთვის ეს ნიშნავს მისი ეკონომიკური კეთილდღეობის დაღმასვლას, რაც შესაბამისად აძლიერებს მის ნეგატიურ განწყობებს ქვეყნის ეკონომიკის მიმართ. მეორე მხრივ, აღსანიშნავი ფაქტორია მოსახლეობის შემოსავლების უთანასწორობა, რომელიც შედარებით შემცირდა 2020 და 2021 წლებში, რაც მეტწილად იყო ბაიდენის მასტიმულირებელი ეკონომიკური პაკეტების დამსახურება, თუმცა 2022 წელს ეს მაჩვენებელი ისევ მკვეთრად გაიზარდა.
გარდა ამისა, თუ შევხედავთ სიღარიბის კორექტირებულ მაჩვენებელს, რაც ოფიციალური სიღარიბის მაჩვენებლის გარდა, მოიაზრებს მოსახლეობის როგორც ფინანსურ, ასევე არაფინანსურ სარგებელს და ასახავს იმას, თუ როგორ გააძვირა ინფლაციამ ცხოვრება, ახლა უფრო მაღალია, ვიდრე მაშინ, როდესაც ბაიდენი პრეზიდენტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის საშუალო ზრდა დადებითად გამოიყურება, ის ფაქტი, რომ ხელფასები არ შეესაბამება ფასებს და იზრდება უთანასწორობა, ნიშნავს, რომ მხოლოდ ამერიკელების მცირე ნაწილმა ისარგებლა ბაიდენის დროს ეკონომიკის ზრდით. თავის მხრივ, ეს ხსნის ფაქტს, რომ ამერიკელები საკმაოდ ნეგატიურად გრძნობენ საკუთარ ეკონომიკურ კეთილდღეობას.
ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა იზრდებოდა, ინფლაციისა და ხელფასების ზრდის დაბალი ტემპის გამო ადამიანების უმეტესობამ ეს ზრდა საკუთარ თავზე ვერ იგრძნო. მოსახლეობის ზოგადი განწყობები კი, ცხადია, უდიდეს გავლენას ახდენს მათ არჩევანზე. ბაიდენის ეკონომიკის მიმართ განწყობები ყველაზე დაბალი 2022 წლის ივნისში იყო, როდესაც საწვავის ფასები უკიდურესად გაიზარდა. მას შემდეგ, ყველაფერი მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდა, თუმცა განწყობები და მოლოდინი ჯერ კიდევ არ არის ისეთი პოზიტიური, როგორც ტრამპის პრეზიდენტობის დროს. საბოლოო ჯამში, მიმდინარე წელს კლებადი ინფლაციის ტემპი და ხელფასების პრეპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა შესაძლოა ქმნიდეს მოსახლეობაში პოზიტიური განწყობების მოლოდინს, თუმცა ჯერჯერობით რთულია იმის ვარაუდი, თუ რამდენად იქნება ეს საკმარისი იმისთვის, რომ დადებითი გავლენა მოახდინოს ბაიდენის პრეზიდენტობის შანსებზე 5 ნოემბრის არჩევნებზე.