ავტორი: ვასილ ღლონტი
შესავალი
ბოლო თვეების განმავლობაში ირან-პაკისტანის სასაზღვრო ზოლში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე გააქტიურდნენ ტერორისტული ორგანიზაციები, რასაც საზღვრის ორივე მხარეს მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება და ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ირანის და პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთმანეთს პროტესტი გამოუცხადეს და თავისი ელჩები დროებით უკან გაიწვიეს.
ჩვენი სტატიის მიზანია დავადგინოთ და გავაანალიზოთ, თუ რა წინაპირობები უძღოდა წინ ამ მოვლენებს; რამ გამოიწვია ტერორისტული ორგანიზაციების გააქტიურება როგორც ირანის, ისე პაკისტანის ტერიტორიაზე და რა საფრთხეებს ქმნის ტერორისტების ბოლოდროინდელი გააქტიურება ამ ქვეყნებისთვის, რეგიონისა და ზოგადად მსოფლიოსათვის.
ტერორისტული აქტივობა ირან-პაკისტანის საზღვარზე
ჩვენს ყურადღებას თავიდანვე ის გარემოება იქცევს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციულად კარგი ურთიერთობების მიუხედავად, უშუალოდ მათ სასაზღვრო ზოლში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება. ის ფაქტი, რომ ირანის წინააღმდეგ მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების „ჯეიშ ულ ადლი“ და „ანსარ ალ ფურკანი“ ბაზა პაკისტანის ბალოჩისტანშია (ბელუჯისტანი), ხოლო პაკისტანის ხელისუფლების მოწინააღმდეგე „ბელუჯისტანის განთავისუფლების არმია“ და „ბელუჯისტანის განთავისუფლების ფრონტი“ ირანის სისტანისა და ბელუჯისტანის ოლქში, ამ არასტაბილურ და ღარიბ რეგიონში არსებულ ისედაც რთულ პოლიტიკურ და კრიმინოგენურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. სუნიტი სეპარატისტი ბელუჯებით დაკომპლექტებული ამ ორგანიზაციების პოლიტიკურ მიზანს ბელუჯისტანის პოლიტიკური ერთეულის ჩამოყალიბება წარმოადგენს, რაც როგორც ირანის, ისე პაკისტანის დიდ უკმაყოფილებას იწვევს.
იმის გამო, რომ ეთნიკური ბელუჯებით დასახლებული ბელუჯისტანი დაყოფილია და პაკისტანის, ირანისა და ავღანეთის ფარგლებშია მოქცეული, ამ ერის წარმომადგენლები საკუთარი მიზნის მისაღწევად როგორც კანონიერი, ისე უკანონო ხერხებით იბრძვიან. ეს კი რეგიონში პოლიტიკურ ტემპერატურას ძალიან მაღლა სწევს და უსაფრთხოების საერთო მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს. ბელუჯების პრობლემა რაღაცით თითქოს ქურთულ საკითხს გვაგონებს, ოღონდ ადგილობრივი სპეციფიკით. საინტერესოა, რომ 7 მილიონი ბელუჯი პაკისტანში, 2 მილიონი ირანში და 500 000 კიდევ ავღანეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს.
უდავოა, რომ შექმნილ მძიმე მდგომარეობას ბელუჯისტანის ტერიტორიაზე მსოფლიო ნარკოტრაფიკის უდიდესი მარშრუტების არსებობაც ართულებს. არსებული ინფორმაციით, 9 მარშრუტიდან, რომელიც ავღანეთიდან იწყება და პაკისტანისა და ირანის ტერიტორიის გავლით ევროპისა და აზიის მიმართულებით გრძელდება, 6 სწორედ პაკისტანის ბელუჯისტანზე გადის. ისეთი ღარიბი რეგიონის მოსახლეობისთვის, როგორიცაა ბელუჯისტანი, ნარკობიზნესი შემოსავლის თითქმის ერთადერთ წყაროდაა ქცეული. სავარაუდოდ, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ზემოხსენებული ტერორისტული ორგანიზაციები აქტიურად ჩაერთვნენ ნარკობიზნესში. მით უმეტეს, რომ მათ ამისათვის საჭირო, უკვე გამზადებული სამხედრო ტიპის ორგანიზაცია, ინფრასტრუქტურა და კავშირები აქვთ. ჩვენი შეფასებით, ნარკოტიკების გადაზიდვა-გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებით ამ ტერორისტული ორგანიზაციების ფინანსური და შესაბამისად სამხედრო-ტერორისტული შესაძლებლობებიც მატულობს, რაც სერიოზულ რისკ-ფაქტორებს შეიცავს. მით უმეტეს, რომ ისინი გლობალურ ტერორისტულ ქსელთან არიან კავშირში და მსოფლიოს უსაფრთხოების მდგომარეობაზე საერთაშორისო დონეზე ახდენენ ზეგავლენას.
ამ ფონზე, 2023 წლის 15 დეკემბერს, „ჯეიშ ულ ადლის“ ბელუჯი მებრძოლების თავდასხმა ირანის პროვინცია სისტან-ბელუჯისტანის ქალაქ რასკის პოლიციის შენობაზე, რასაც 12 ირანელი პოლიციელის სიკვდილი მოჰყვა, დიდი ალბათობით, მიზნად ისახავდა სიტუაციის შემდგომ დესტაბილიზაციას. ამის საპასუხოდ, ამა წლის 16 იანვარს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო-საჰაერო ძალებმა სარაკეტო (გამოიყენეს აგრეთვე დრონებიც) იერიში მიიტანეს პაკისტანის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია ბალოჩისტანის (ბელუჯისტანის) ზარგხუნის (კოჰე საბზ) მთებში განლაგებულ ორ ტერორისტულ ბაზაზე, რომლებიც ეკუთვნოდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ჯეიშ ულ-ადლს“(ჯეიშ ულ-ზოლმი).
ის ფაქტი, რომ საპასუხოდ, პაკისტანის ხელისუფლებამ თავისი ელჩი ირანში უკან, ისლამაბადში გაიწვია, ირანთან საზღვარი დაკეტა და განაცხადა, რომ პაკისტანის ტერიტორიის დაბომბვა არის საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა, ამ ქვეყნის მიერ საკუთარი ტერიტორიის დაცვის გამორჩეულ უნარზე მიგვითითებს.
ამ მოვლენიდან ოდნავ მოგვიანებით, ამა წლის 17 იანვარს, პაკისტანის მოსაზღვრე ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია სისტანისა და ბელუჯისტანის ტერიტორიაზე, ქალაქების შაჰისა და ზაჰედანის დამაკავშირებელ ტრასაზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ჯეიშ ულ ადლის“ მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ პოლკოვნიკიდ ჰოსეინ-ალი ჯავდანფარის სიკვდილმა რეგიონში საერთო მდგომარეობა უდავოდ კიდევ უფრო დაძაბა.
ამავე დროს, 18 იანვარს, პაკისტანის საჰაერო ძალების მიერ ირანის სისტანისა და ბელუჯისტანის პროვინციის სარავანის რეგიონის ტერიტორიის დაბომბვამ, რასაც ადგილობრივ მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა, გვიჩვენა, რომ პაკისტანის ხელისუფლება ტერორიზმთან ბრძოლისას ნებისმიერ მეთოდებს იყენებდა. საპასუხოდ, ირანის ხელისუფლებამ პაკისტანს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებელი ახსნა-განმარტებების მიცემა მოსთხოვა, რასთან დაკავშირებითაც პაკისტანის პრეზიდენტმა არიფ ალვიმ განაცხადა, რომ სამხედრო აქციის მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აქ საუბარი იყო ირანში ბაზირებულ „ბელუჯისტანის განთავისუფლების არმიისა“ BLA (Balochistan Liberation Army) და „ბელუჯისტანის განთავისუფლების ფრონტის“ (BLF) ტერორისტულ ბაზებზე.
აქ ჩვენთვის საყურადღებოა ის გარემოება, რომ „ბელუჯისტანის განთავისუფლების არმიის“ დამაარსებლად სსრკ-ის სპეცსამსახური „КГБ“ ითვლებოდა, რომელიც მას ავღანეთის ავანტიურის დროს აშშ-გან დაფინანსებული მოჯაჰედების წინააღმდეგ იყენებდა. სარწმუნო წყაროების თანახმად, ეს ორგანიზაცია დაარსდა „ბელუჯების სტუდენტური კავშირის“, BSO-ს (Baloch Students Organization) ბაზაზე, რომელზეც აქტიურად მუშაობდნენ სსრკ-ის სპეცსამსახურები. საბჭოთა კავშირის მაშინდელი სასწავლებლები სავსე იყო ბელუჯი სტუდენტებით, რომლებსაც კრემლი და ლუბიანკა გავლენის აგენტებად ზრდიდნენ. არაა გამორიცხული, რომ რუსულ სპეცსამსახურებს მაშინდელი კავშირები ახლაც შენარჩუნებული ჰქონდეთ, რადგან რუსული დაზვერვა თავის პრაქტიკაში ხშირად იყენებს თავისი აგენტურის დროებით დაკონსერვებისა და საჭიროების შემთხვევაში მისი ხელახლა გააქტიურების მეთოდს.
არსებული ინფორმაციით, ბელუჯ სეპარატისტებს აგრეთვე ეხმარებოდა ინდოეთი, საიდანაც მოდიოდა შეიარაღების მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა ოფიციალური დელი ამას უარყოფდა. ჩვენი შეფასებით, ინდოეთის მონაწილეობა ამ პროცესებში არაა გამორიცხული, რადგან დელის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენდა მისი მეტოქე პაკისტანისათვის დასავლეთ საზღვრებზე ტერორისტული საფრთხის სახით დამატებითი პრობლემების შექმნა.
იმან, რომ ირან-პაკისტანის დაძაბულობის ფონზე პაკისტანის ხელისუფლებამ შეიარაღებული ძალები სრულ სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა, მაგრამ მალევე ორივე ქვეყნის საგარეო უწყებებმა კონფლიქტი ფაქტობრივად ამოწურულად გამოაცხადეს და 26 იანვარს ელჩები თავის სამუშაო ადგილებზე დააბრუნეს, გარკვეული კითხვები გააჩინა. ფაქტობრივად გამოვიდა, რომ როგორც ირანის, ისე პაკისტანის ხელისუფლებამ საზღვრის ორივე მხარეს მოქმედ ბელუჯურ ტერორისტულ ორგანიზაციებს დაბომბვების შედეგად სერიოზული ზარალი მიაყენა და გარკვეულწილად მოგებულიც კი დარჩა.
საყურადღებოა, რომ ამის შემდეგაც ბელუჯისტანის ტერიტორიებზე ტერორისტული აქტები არ შეწყვეტილა. უკვე 27 იანვარს ტერორისტებმა ირანში მომუშავე 9 პაკისტანელი მუშა მოკლეს, ხოლო 30 იანვარს პაკისტანის ბელუჯისტანში „ბელუჯისტანის განთავისუფლების არმიის“ მებრძოლების მიერ განხორციელებული ტერაქტის დროს 19 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, პაკისტანელი სამხედროები და ტერორისტები. ჩვენი შეფასებით, ტერორისტული ძალების ასეთი გააქტიურება დაკავშირებულია 2024 წლის 8 თებერვალს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან. გარკვეული დესტრუქციული ძალები ცდილობდნენ, რომ პაკისტანის უდიდეს ბალოჩისტანის ოლქში დესტაბილიზაციის გამოწვევით საარჩევნო პროცესისათვის შეეშალათ ხელი. ამას ისიც ადასტურებს, რომ არჩევნების წინა დღეს, 7 თებერვალს, ბელუჯისტანში ერთ-ერთი პარტიის ოფისთან „ისლამური ხალიფატის“ წევრებმა ბომბი ააფეთქეს, რის შედეგადაც დაიღუპა 24 ადამიანი. თუმცა, მიუხედავად ამისა, 8 თებერვალს არჩევნები მაინც ჩატარდა და მასში ყველაზე მეტი ხმა „მოძრაობა სამართლიანობისათვის“ ლიდერის, იმრან ხანის მომხრეებმა აიღეს, რომლებსაც ხელისუფლებამ არჩევნებში მხოლოდ დამოუკიდებელი კანდიდატების სტატუსით მონაწილეობის უფლება მისცა. საბოლოო ჯამში, ეს ფაქტი მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ მათ მთავრობის დაკომპლექტების უფლება მიეღოთ. შედეგად, კოალიციური მთავრობის შექმნა მისმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა ნავაზ შარიფმა (პაკისტანის მუსლიმური ლიგა) და ბილავალ ბჰუტო ზარდარიმ (პაკისტანის სახალხო პარტია) დააანონსეს.
ამ ფონზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ბელუჯისტანის განთავისუფლების არმიის“ ელიტურმა შენაერთმა „მაჯიდის ბრიგადამ“ მორიგი შეტევა პაკისტანის ბელუჯისტანის უმნიშვნელოვანეს საპორტო ქალაქზე, გვადარზე, 20 მარტს მიიტანა, რა დროსაც 8 თავდამსხმელი დაიღუპა. იმის გათვალისწინებით, რომ გვადარი ითვლება პაკისტან-ჩინეთის სატრანსპორტო-ეკონომიკური დერეფნის მნიშვნელოვან ნაწილად, სადაც ბევრი ჩინელი მუშაობს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს აქცია მიზნად პაკისტან-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაუარესებას ისახავდა მიზნად. საფიქრებელია, რომ პოლიტიკურ-ეკონომიკური დამოუკიდებლობის მომხრე ბელუჯი სეპარატისტები „მათ ტერიტორიებზე“ ჩინეთის აქტივობას ვერ ეგუებიან.
საყურადღებოა, რომ 2024 წლის 4 აპრილს ირანის სისტანისა და ბელუჯისტანის ოლქის ქალაქების, რასკისა და ჩაბაჰარის ტერიტორიებზე არსებულ „გუშაგთა კორპუსის“ შტაბბინებზე განხორციელებული ტერორისტული შეტევების შედეგად, ირანის სპეცსამსახურების 11 თანამშრომელი დაიღუპა. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ გასული წლის ბოლოს ამ რეგიონში დაწყებული ტერორისტული აქტივობის გაძლიერების ტენდენციები 2024 წლის განმავლობაშიც შენარჩუნდება.
დასკვნა
ჩვენი შეფასებით, ირან-პაკისტანის სასაზღვრო მონაკვეთზე ტერორისტული ორგანიზაციების გააქტიურება სხვადასხვა მიზეზებმა განაპირობა. ესენია:
- პოლიტიკური. დიდი ალბათობით, ტერორისტული ორგანიზაციების „ისლამური ხალიფატი-ხორასანის“ და „ბელუჯისტანის განთავისუფლების არმიის“ მიზანს წარმოადგენდა 2024 წლის 8 თებერვლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისათვის ხელის შეშლა. ბელუჯი სეპარატისტების და ტერორისტების სამიზნეს წარმოადგენდა ფაქტობრივად არჩევნებში მონაწილე ყველა გავლენიანი პარტია, რომელიც ეთნიკური ბელუჯების და ბელუჯისტანის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოდიოდა, ხოლო „ისლამური ხალიფატი“ ტრადიციულად სეკულარული ტიპის სახელმწიფო მოდელის წინააღმდეგ გამოდის და პაკისტანში შარიათის კანონების შესაბამისად მართული ისლამური ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება სურს.
- სოციალურ-ეკონომიკური. პაკისტანისა და ირანის ტერიტორიებზე არსებული ბელუჯისტანის (ბალოჩისტანის) მოსახლეობის საკამაოდ მოზრდილი ნაწილისათვის ტერორიზმი ნარკობიზნესთან ერთად შემოსავლის წყაროდ იქცა, რაც ტერორისტულ ორგანიზაციებში ახალგაზრდა დაუსაქმებელი ბელუჯების გაწევრიანების პროცესის გაძლიერებას უწყობს ხელს. ეს, რა თქმა უნდა, რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას სერიოზულ პრობლემებს უქმნის, რადგან ნარკოტიკების რეალიზაციიდან მიღებული დიდი თანხებით ამ ტერორისტული ორგანიზაციების ფინანსური და ტერორისტული შესაძლებლობებიც მატულობს. მით უმეტეს, რომ გლობალური მასშტაბის ნარკობიზნესი და იარაღის კონტრაბანდა საერთაშორისო კრიმინალური კავშირების დამყარებისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ჩამოყალიბების შესანიშნავ საშუალებას იძლევა. ეს კი მსოფლიო უსაფრთხოების სისტემის საერთო მდგომარეობაზე აისახება და მასზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს.
- ირანსა და პაკისტანს შორის გარკვეული სასაზღვრო პრობლემების მოუგვარებლობა. საფიქრებელია, რომ მსოფლიოში ტერორიზმის ერთ-ერთ ბუდედ, იარაღის კონტრაბანდისა და ნარკოტრანზიტის მთავარ სატრანსპორტო არტერიად მიჩნეული ირან-პაკისტანის სასაზღვრო ზოლზე (900 კმ-ზე მეტი) გადაჭიმული ბელუჯისტანის უზარმაზარი მონაკვეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები არაა საკმარისი და ადგილობრივ ხელისუფლებების მცდელობებთან ერთად საერთაშორისო საზოგადოებისა და ინსტიტუტების გაცილებით მეტ ჩართულობას მოითხოვს, ვიდრე ახლა შეინიშნება. განსაკუთრებით პაკისტანს და ნაწილობრივ ირანს სასაზღვრო ინფრასტრუქტურა დღევანდელი მოთხოვნების შესაბამისად არა აქვთ მოწყობილი და ტექნიკურად აღჭურვილი, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია ფინანსური ფაქტორებით. ჩვენი შეფასებით, 900 კმ-ზე მეტი საზღვრის სიგრძის ინფრასტრუქტურის თანამედროვე დონეზე გასამართად, მოსაწყობად და მუდმივი ექსპლუატაციისათვის ირანს და პაკისტანს ქვეყნის ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხის გამოყოფა დასჭირდება. მით უმეტეს, როცა საქმე გვაქვს უდაბნოებსა და მთიან ზოლთან, სადაც ურთულესი კლიმატური პირობებია. აქვე ჩვენთვის საყურადღებოა, რომ სეპარატისტები, კონტრაბანდისტები და ტერორისტები ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან, რომლებიც იქაურ ურთულესი ცხოვრების პირობებს ბავშვობიდან არიან მიჩვეული და ეგ პრობლემური ტერიტორია ზედმიწევნით კარგად იციან. ძალიან რთულია ასეთ ადამიანებს ისეთი მესაზღვრეები დაუპირისპირო, რომლებიც სამხედრო ვლადებულების მოსახდელად სულ ახლახან მოვიდნენ ამ რეგიონში და აქაურობის შესასწავლად დიდი დრო სჭირდებათ.