დავით შატაკიშვილი, კონტრიბუტორი ანალიტიკოსი, ამერიკული უნივერსიტეტი, ვაშინგტონი

2023 წლის 25 თებერვალს, ომის დაწყებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცა. ევროკავშირი აცხადებს, რომ მოსკოვი აწარმოებს ომს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ თავს ესხმის სამოქალაქო პირებსა და ინფრასტრუქტურას. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ეს არის სანქციების ყველაზე მკაცრი პაკეტი, რაც ევროკავშირს აქამდე მიუღია. ცხადია, სანქციები რუსეთის ეკონომიკას უდიდესი სირთულეების წინაშე აყენებს და მისი სამხედრო თუ ტექნიკური აღდგენის პოტენციალსაც ბუნდოვანს ხდის. ევროკავშირი კვლავაც ადასტურებს თავის ურყევ და მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და მზადაა განაგრძოს მისთვის პოლიტიკური, ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება. საინტერესოა განვიხილოთ რას მოიცავს ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტი და ერთი წლის თავზე რა შედეგები მოუტანა დასავლელი პარტნიორების მიერ გადადგმულმა უპრეცედენტოდ მკაცრმა ნაბიჯებმა რუსეთის ეკონომიკას.

 

რას მოიცავს სანქციების მეათე პაკეტი?

სანქციები გაფართოვდა ევროკავშირიდან რუსეთში ექსპორტზე, რაც ძირითადად შეეხო ტექნოლოგიურ კომპონენტებსა და ინდუსტრიულ საქონელს, 11 მილიარდი ევროს ჯამური ღირებულებით, რაც დაემატა აქამდე სანქცირებულ 32.5 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელს. ამ შეზღუდვებმა მოიცვა ელექტრონიკა, სპეციალიზებული მანქანები, თვითმფრინავის ძრავების სათადარიგო ნაწილები. სანქციებში ასევე მოექცა რუსული სამხედრო ინდუსტრიისთვის საჭირო ისეთი კომპონენტები, როგორებიცაა: ანტენები, ამწეები, კომპასები და რადარები. სანქციების სიაში დამატებით მოყვა  რუსეთის სამხედრო ინდუსტრიასთან დაკავშირებული 96 ორგანიზაცია.  გარდა ამისა, ევროკავშირმა აკრძალა ორმაგი დანიშნულებისა და მაღალტექნოლოგიური საქონლის რუსეთში ექსპორტი. შეზღუდვა შეეხო 47 ახალ ელექტრონულ კომპონენტს, რაც გამოიყენება რუსული დრონების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ვერტმფრენების წარმოებაში. ეს შეზღუდვა ასევე ვრცელდება ე.წ. იშვიათმიწა ელემენტებსა და სითბურ კამერებზე. ევროკავშირის განცხადებით, მათ აკრძალეს  ბრძოლის ველზე ნაპოვნი ყველა ტექნიკური პროდუქტი. სანქციების მეათე პაკეტის ძალაში შესვლის შემდეგ ევროკავშირს უკვე სანქცირებული აქვს რუსეთში საკუთარი ექსპორტის დაახლოებით 49%.

სანქციების ახალი პაკეტი გავრცელდა ევროკავშირში რუსეთიდან იმპორტზეც. აკრძალული საქონელი მოიცავს ფისოვან ნივთიერებებს და მასთან დაკავშირებულ პროდუქტებს, როგორებიცაა ასფალტი, გუდრონი და სხვა, ასევე აიკრძალა სინთეტიკური რეზინისა და ნახშირის იმპორტიც. ჯამურად აღნიშნული საქონლის საიმპორტო ღირებულება დაახლოებით 1.3 მილიარდი ევროა, რაც დაემატა აქამდე სანქცირებულ 90 მილიარდი ევროს ღირებულების საიმპორტო საქონელს. ამ ეტაპზე, ჯამურად, ევროკავშირს სანქცირებული აქვს რუსეთიდან საკუთარი იმპორტის დაახლოებით 58%.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის სანქციებს აფართოებს მესამე ქვეყნებზეც. მაგალითად, „ირანის რევოლუციური გვარდია“ აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის აგრესიულ ომს და მოსკოვს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის შაჰედის უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდის. სწორედ ამიტომ ევროკავშირმა სანქციები დაუწესა შვიდ ირანულ კომპანიასა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც ჩართული არიან რუსეთისთვის სამხედრო დრონებისა და სხვადასხვა ტექნიკური კომპონენტების მიწოდებაში.  ამიერიდან მათ სრულად ეკრძალებათ რუსეთში ამგვარი საქონლის გაყიდვა. ევროგაერთიანებამ განაცხადა, რომ სია შეიძლება გაფართოვდეს როგორც ირანული ბიზნესსუბიექტების, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენელთათვის, ვინც კი მსგავსი სახის ტექნიკით ამარაგებს რუსეთის ფედერაციას. ცხადია, ეს უნდა იყოს ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი სხვა კომპანიებისა და საერთაშორისო მოვაჭრეებისთვის, რომ არ შეუწყონ ხელი რუსულ აგრესიას და არ დაეხმარონ მას სანქციების გვერდის ავლაში.

სამხედრო და ეკონომიკური შეზღუდვების გარდა, ევროკავშირის სანქციების მე-10 პაკეტი შეეხო დამატებით 120 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას, რომელთაც ბრალი მიუძღვით როგორც ომის დანაშაულებში, ასევე რუსული პროპაგანდის გავრცელებაში. ახალი შეზღუდვები შეეხო ორ რუსულ პროპაგანდისტულ მაუწყებლობასაც. ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებით, რუსული მხარე აქტიურად იბრძვის საინფორმაციო საშუალებებისა და დეზინფორმაციული ქსელების მეშვეობით და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართულ ადამიანებზეც გავრცელდეს სასანქციო ზომები.

აღნიშნული პაკეტი ასევე აფართოებს კონტროლს სანქციების გვერდის ავლაზე. ევროლიდერების განცხადებით, ისინი აკვირდებიან რუს ოლიგარქებს, რომლებიც ცდილობენ დამალონ ან გაყიდონ თავიანთი აქტივები სანქციებისთვის თავის დასაღწევად. ისინი ასევე შეისწავლიან რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინულ აქტივებს ევროკავშირის ტერიტორიაზე და განიხილავენ ამ თანხებით უკრაინის რეკონსტრუქციის შესაძლებლობებს. ევროკავშირი ასევე გააძლიერებს ძალისხმევას, რომ მაქსიმალურად მოხდეს სანქციების გვერდის ავლის პრევენცია.

 

სანქციების ეკონომიკური ეფექტი რუსეთისთვის ერთი წლის თავზე

სანქციების უპირველესი მიზანი კრემლის ომის მანქანის ფინანსური გამოფიტვაა და, ასევე, იმ პოლიტიკური და სამხედრო ელიტის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინც ომის დანაშაულებზეა პასუხისმგებელი. ცხადია, 2022 წელი რუსეთის ეკონომიკისთვის საკმაოდ მძიმე გამოდგა. ერთი მხრივ, მას უწევდა აგრესიული ომის წარმოება უკრაინაში, ხოლო, მეორე მხრივ, ეკონომიკური მაჩვენებლების შენარჩუნება, რომ შექმნილიყო მისი ნორმალური ფუნქციონირების ეფექტი. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რომ ბლუმბერგის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს რუბლი იყო წლის ერთ-ერთი ყველაზე მყარი ვალუტა. ცხადია, ამას, ერთი მხრივ, განაპირობებს ჯერ კიდევ ომის დასაწყისში რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ მიღებული მონეტარული გადაწყვეტილებები, ხოლო, მეორე მხრივ, ის კოლოსალური თანხები, რაც ეროვნული ვალუტის ღირებულების შენარჩუნებაზე იხარჯება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით, გასულ წელს რუსეთის ეკონომიკა 2.2%-ით შემცირდა, ხოლო მსოფლიო ბანკისა (World Bank) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით, ეს რიცხვი, შესაბამისად, -3.5% და -3.9%-ია. რაც შეეხება 2023 წლის პროგნოზებს, IMF რუსეთში მცირედ, 0.3%-იან ზრდას ვარაუდობს, ხოლო მსოფლიო ბანკი და OECD მის შემცირებას პროგნოზირებენ, შესაბამისად, -3.3% და -5.6%-ით. ცხადია, შემცირებულია რუსეთის საგარეო ვაჭრობაც. IMF-ის მონაცემების თანახმად, გასულ წელს რუსეთის ექსპორტი 16%-ით, ხოლო იმპორტი 19.2%-ით შემცირდა. ექსპორტის შემცირების ტენდენცია, სავარაუდოდ, მიმდინარე წელსაც გაგრძელდება და კიდევ 3.4%-ით შემცირდება, ხოლო იმპორტის ზრდა კი 5.6%-ით არის ნავარაუდევი. რაც შეეხება ფასების საყოველთაო დონის ზრდას, გასულ წელს რუსეთში ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 13.8% შეადგინა, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზების თანახმად, 2023 წლის ფასების ზრდის დონე დაახლოებით 5-6%-ის დიაპაზონში განისაზღვრება.

გასულ წელს რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 47 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე, 2023 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 2% ფარგლებში იქნება. თუმცა, დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დაწესებული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი, რომელიც 60 აშშ დოლარით განისაზღვრა, მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის შემოსავლებს. იმ ფონზე, როდესაც შემცირებული საბიუჯეტო შემოსულობების ფონზე იგივე რჩება მისი დანახარჯები, Financial Times-ის ვარაუდით, რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის დაახლოებით 4.5%-ის ფარგლებში იქნება.

გასული ერთი წლის განმავლობაში ყველა დასავლური ქვეყანა, ვინც რაიმე ფორმით რუსეთზე იყო დამოკიდებული, ცდილობდა საკუთარი მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირებას. ამ კუთხით, ევროპის ქვეყნებმა უდიდეს წარმატებას მიაღწიეს და პრაქტიკულად სრულად შეწყვიტეს რუსული ენერგორესურსების ყიდვა, რითაც კრემლს ხელიდან გამოეცალა ევროპაზე ზემოქმედების პოლიტიკურ-ეკონომიკური ბერკეტები. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ნავთობის ფასის ზედა ზღვრის დაწესებამაც, რითაც რუსეთს საგრძნობლად შეუმცირდა ენერგეტიკული რესურსებიდან შემოსავლები. ასევე, მიმდინარე ეტაპზე, გაზპრომის ბუნებრივი აირის ექსპორტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. იგივე შეიძლება ითქვას რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებზე, რომელთა წმინდა მოგებაც გასულ წელს დაახლოებით 90%-ით არის შემცირებული. ამგვარად, ზემოაღნიშნული რიცხვები იძლევა ზოგადი დასკვნების გაკეთების საშუალებას, თუ რა რთული შედეგების წინაშე დგას რუსული ეკონომიკა.

 

***

დასავლელი პარტნიორების კოორდინირებული ნაბიჯები გვიან, მაგრამ მაინც აღწევს თავის ეკონომიკურ მიზნებს, რასაც იმედია პოლიტიკური შედეგებიც მოჰყვება და ეს რუსული აგრესიის დასრულებაში აისახება. სანქციები თავისი ლოგიკური მოქმედების პერიოდში მუშაობს და ცხადია, მისი მყისიერი შედეგების შესახებ მოლოდინი გადაჭარბებულია. გასული ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ევროკავშირის მიერ დაწესებულმა შეზღუდვების ათმა პაკეტმა რუსეთის თითქმის ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინდუსტრია მოიცვა, რამაც არა თუ ამ ეტაპზე შეუზღუდა რუსეთს აგრესიული ომის წარმოების ტექნიკური შესაძლებლობები, არამედ მისი აღდგენის პოტენციალიც ეჭვქვეშ დააყენა. ევროპულ სანქციებს შეუერთდნენ დიდი შვიდეულისა და სხვა პარტნიორი სახელმწიფოებიც. რუსეთის ომის მანქანის გამოფიტვასთან ერთად კი აქტიურად გრძელდება უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება. გასული წლის განმავლობაში ბევრმა ქვეყანამ შეძლო სხვადასხვა სფეროში რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დივერსიფიცირება. გარდა ამისა, კრემლი პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტებს კარგავს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ აზიაშიც და მის მიერ დატოვებულ ცარიელ სივრცეებს სხვა სახელმწიფოები ავსებენ. ამგვარად, დღითიდღე სუსტდება მოსკოვის გლობალური გავლენები და იმედია, დასავლური ცივილიზებული სამყარო დარჩება საკუთარი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული, რომ რუსეთმა არა მხოლოდ ბრძოლის ველზე განიცადოს სასტიკი მარცხი, არამედ სამომავლოდაც არ მიეცეს საკუთარი ჰეგემონიური ზრახვების დაკმაყოფილების საშუალება.