ავტორი: მამუკა კომახია

 

2024 წლის 9 ივნისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არალეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. „არჩევნების“ შედეგები ვერ შეცვლის მოსკოვთან და თბილისთან ცხინვალის ურთიერთობის ფორმატს, თუმცა გავლენას მოახდენს ოკუპირებულ რეგიონში შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. საყურადღებოა, რომ წინასაარჩევნო პროცესში მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა „ქართული საკითხიც“.

„საარჩევნო“ სისტემა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეგულარულად ტარდება არალეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები. 1992 წელს ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ პირველი „არჩევნები“ 1994 წელს ჩატარდა, შემდგომი კი ­– 1999, 2004, 2009 და 2014 წლებში. ბოლო „საპარლამენტო არჩევნები“ 2019 წლის 9 ივნისს ჩატარდა. პირველი მოწვევის „პარლამენტად“ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში (1990 წელი) არჩეულ „უმაღლეს საბჭოს“ მოიხსენიებენ, 2024 წლის 9 ივნისს არჩეული „პარლამენტი“ კი მე-8 მოწვევის  იქნება.

„პარლამენტში“ მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემით 17 „დეპუტატს“ – ერთმანდატიან ოლქში, 17 „დეპუტატს“ კი პარტიული სიებით აირჩევენ. სულ 34 „დეპუტატს“ 5 წლის ვადით აირჩევენ.

ერთ ოლქში ერთ „დეპუტატს“ აირჩევენ, რომელიც შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ისე პარტიის მიერ წარდგენილი. გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. 9 ერთმანდატიანი ოლქი ცხინვალშია, 2-2 – დანარჩენ 4 რაიონში.

დანარჩენ 17 „დეპუტატს“ პარტიული სიებით აირჩევენ. „პარლამენტში“ წარმომადგენელი ეყოლება მხოლოდ იმ პარტიას, რომელიც 7%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.

„არჩევნები“ სულ 75 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, მათ შორის 71 ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს, 2 – ჩრდილოეთ ოსეთში, 1-1 – მოსკოვსა და სოხუმში.

2019  წლის „არჩევნების“ შედეგები  

მოქმედი „პარლამენტი“ 2019 წელს აირჩიეს. მე-7 მოწვევის „პარლამენტში“ 17 ერთმანდატიანი ოლქიდან არჩეული „დეპუტატების“ გარდა, 17 ადგილი 5 პოლიტიკურ პარტიას შორის გადანაწილდა:

  • „ერთიანი ოსეთი“ – 7 „დეპუტატი“. პარტია ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის, მხარდაჭერით სარგებლობს. ბიბილოვი ამჟამად უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილეობს, თუმცა ასევე ჩართულია ცხინვალის რეგიონის შიდა პოლიტიკურ პროცესებშიც. იგი რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილეობას საარჩევნო მიზნებისთვისაც იყენებს.
  • „სახალხო პარტია“ – 4 „დეპუტატი“. პარტია ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის, მხარდაჭერით წლებია სარგებლობს. კოკოითი ძირითადად რუსეთში საქმიანობს და ცხინვალის რეგიონში წინასაარჩევნოდ აქტიურდება.
  • „ნიხას“ – 3 „დეპუტატი“. პარტია მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის, მხარდაჭერით სარგებლობს.
  • „ხალხის ერთობა“ – 2 „დეპუტატი“. გასულ წლებში პარტია „ერთიანი ოსეთის“ მოკავშირე იყო.
  • კომუნისტური პარტია – 1 „დეპუტატი“. პარტიას თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს. მათი უმრავლესობა რეგიონის ასაკოვანი მოსახლეობაა, რომელსაც საბჭოთა პერიოდის ნოსტალგია აქვს.

2022 წელს არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში გაგლოევის გამარჯვების შემდეგ (გაგლოევმა „არჩევნების“ მეორე ტურში ბიბილოვი დაამარცხა) „პარლამენტის“ სპიკერი შეიცვალა და გაგლოევის თანაპარტიელი გახდა, რის შედეგადაც გაგლოევის გავლენა „პარლამენტზე“ გაიზარდა. თუმცა, „პარლამენტში“ არსებული ძალთა ბალანსი მას სრული კონტროლის განხორციელებაში ხელს უშლის. მოახლოებულ „არჩევნებში“ გაგლოევის მიზანი „პარლამენტზე“ სრული კონტროლის დამყარება იქნება, რადგან ამის გარეშე მას გაუჭირდება ცხინვალის რეგიონში და რუსეთთან ურთიერთობაში პოლიტიკური ავტორიტეტის შენარჩუნება და მეორე „საპრეზიდენტო“ ვადისთვის ბრძოლა.

წინასაარჩევნო კამპანია და პოლიტიკური ალიანსები

„არჩევნებში“ მონაწილეობის უფლება აქვს 12 პოლიტიკურ პარტიას: კომუნისტური პარტია, „ერთობა“, „სახალხო პარტია“, „ფიდიბასტა“, „ერთიანი ოსეთი“, „ხალხის ერთობა“, „ნიხასი“, „სამართლიანობისთვის“, „ირისტონი ნოგ ფალტარ“, „ირონ“, „ირი ფარნ“, „განვითარების პარტია“.

ცხინვალის რეგიონში მცხოვრებნი თუ დიასპორის წარმომადგენლები პარტიებს ოკუპირებული რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებაში დამკვიდრებისა და პოლიტიკური გავლენის მოპოვების ინსტრუმენტად იყენებენ. ამ მხრივ საინტერესო პოლიტიკური პროცესები შეინიშნება წინასაარჩევნოდ, რადგან „არჩევნებში“ წარმატების მიღწევას ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტიც და „საპრეზიდენტო“ ამბიციების მქონე პირიც ცდილობენ.

„ალანიის პატრიოტები“ და ძამბოლატ თედეევი

წინასაარჩევნოდ ყველაზე ყურადსაღები მოვლენა 2024 წლის თებერვალში პოლიტიკური პარტია „ალანიის პატრიოტების“ დარეგისტრირება იყო. პარტიის იდეური ლიდერი რუსეთსა და საქართველოში კარგად ცნობილი ძამბოლატ თედეევია, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრია და 2001-2012 და 2016-2022 წლებში რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. იგი ცხინვალის რეგიონში  დაიბადა. მისი ინიციატივით, მის მშობლიურ სოფ. წორბისში, სტალინის ძეგლის გვერდით, პუტინის ბრინჯაოს ძეგლიც დადგეს.

თედეევი დიდი ხანია ცხინვალის რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებაში დამკვიდრებას ცდილობს. ცნობილია მისი „საპრეზიდენტო“ ამბიციების შესახებაც. 2011 წელს ცხინვალის რეგიონში „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობა სცადა, მაგრამ მას კანდიდატად დარეგისტრირების საშუალება არ მისცეს. თედეევმა ანატოლი ბიბილოვის მოწინააღმდეგეს, ალა ჯიოევას, დაუჭირა მხარი, რომელმაც გაიმარჯვა, თუმცა შიდა პოლიტიკური კრიზისისა და რუსეთის ჩარევის შედეგად, „არჩევნების“ შედეგები გაუქმდა, თედეევს კი რეგიონის დატოვება მოუწია.

პოლიტიკური ალიანსი ძველ მოწინააღმდეგეებთან

გამომდინარე იქიდან, რომ „ალანიის პატრიოტები“ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დარეგისტრირდა, პარტია „არჩევნებში“ მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ამისთვის სავალდებულოა ერთი წლით ადრე დარეგისტრირება. ამიტომ აპრილის დასაწყისში თედეევმა პოლიტიკური ალიანსი შეკრა „სახალხო პარტიასთან“. ალიანსის ჩამოყალიბების მიზანია „სახალხო პარტიამ“ თედეევის საარჩევნო რესურსით ისარგებლოს, „ალანიის პატრიოტების“ კანდიდატები კი ადგილებს მიიღებენ „სახალხო პარტიის“ საარჩევნო სიაში.

ასეთი გაერთიანება ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რადგან მიაჩნიათ, რომ ორივე პარტიის ამომრჩეველი ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკურ პოზიციებზეა. „სახალხო პარტია“ 2009 წლიდან ახერხებს „საპარლამენტო არჩევნებში“ წარმატების მიღწევას, რაც კოკოითის სახელს უკავშირდება, მაგრამ თედეევის პარტიასთან გაერთიანების შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა, რომ „სახალხო პარტიამ“ კოკოითის მხარდაჭერა მიიღოს. თედეევისა და კოკოითის დაპირისპირებას მრავალწლიანი ისტორია აქვს.

„ქართული საკითხი“

მოახლოებულ „არჩევნებში“ აქტუალურია „ქართული საკითხიც“, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც საქართველო-რუსეთის ურთიერთობების, ასევე ოკუპირებული რეგიონის შიდა პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით.

კურატორის ვიზიტი და მოსკოვის გზავნილი

თებერვალში ცხინვალში იგორ მასლოვი იმყოფებოდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი და ოკუპირებული რეგიონების კურატორია. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ვიზიტი „არჩევნებსაც“ უკავშირდებოდა. მასლოვის მთავარი გზავნილი იყო, რომ საარჩევნო კამპანიამ არ უნდა გამოიწვიოს შიდა პოლიტიკური კრიზისი. ასევე ცხინვალში ეჭვობენ, რომ მასლოვმა დე ფაქტო ხელისუფლებას ურჩია, არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რასაც საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებს. ასეთ ნაბიჯებად ითვლება საქართველოსთან ე.წ. საზღვრის რევიზია/დემარკაცია და რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება. ბოლო პერიოდში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს რეფერენდუმის თაობაზე მოსკოვიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა. ქართულ-რუსული ურთიერთობის არსებული დინამიკიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მოსკოვი მიიჩნევს, რომ რეფერენდუმის საკითხი თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის ხელშემშლელი ფაქტორია.

„საზღვრის“ საკითხი და „მოქალაქეობის“ ჩამორთმევა

„საზღვრის“ საკითხმა უკვე გამოიწვია დიდი სკანდალი ცხინვალის რეგიონში. თებერვალში ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო პარლამენტის სამ წევრს, გარი მულდაროვს, დავიდ სანაკოევსა და ძამბოლატ მედოევს, შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან. „დეპუტატებმა“ ამის თაობაზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შეტყობინება მიიღეს, სადაც გადაწყვეტილების მიზეზად დასახელებულია „ქმედებები, რომლებიც ხელს უწყობს დაძაბულობის ზრდას რუსეთის საზღვართან“. რაში გამოიხატებოდა კონკრეტულად ეს ქმედებები, დოკუმენტში არ არის მითითებული, თუმცა ეს საქართველოსთან „საზღვრის“ დადგენის მიმართულებით აქტიურობას უნდა უკავშირდებოდეს. სამივე „დეპუტატი“ საქართველოსთან „სახელმწიფო საზღვრის“ დადგენას უჭერდა მხარს.

„დეპუტატები“ მოსკოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რუსეთში გააქტიურებულ „ქართულ ლობის“ უკავშირებენ. არის მოსაზრება, რომ „საზღვრის“ დადგენის საკითხში აქტიურობა ქართულ მხარესთან ურთიერთობის დაძაბვას გამოიწვევდა, რაც ამ ეტაპზე არ შედის რუსეთის ინტერესებში, რადგან მოსკოვი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების პირობებში საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობს.

სამივე „დეპუტატი“ პარტიიდან „სამართლიანობისთვის“ აპირებენ კენჭისყრას. თუმცა, შესაძლოა, მათ „არჩევნებში“ მონაწილეობის შესაძლებლობა სხვადასხვა ბიუროკრატიული ნორმების გამოყენების საშუალებით არც მისცენ, რადგან აღნიშნულმა სკანდალმა მათ „წამებულის მანტია“ მოარგო და პოპულარობა მოუტანა. ეს კი გამოწვევაა როგორც გაგლოევისთვის, ასევე რუსეთისთვისაც, სადაც უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგეს და მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღეს.

ახალგორელების მხარდაჭერა

გაგლოევმა „გაპრეზიდენტების“ შემდეგ მალევე, 2022 წლის სექტემბერში, ყოველი თვის ბოლო ათი დღის განმავლობაში საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის შესაძლებლობა მისცა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ პირებს, ძირითადად, ეთნიკურად ქართველებს. საკონტროლო გამშვები პუნქტები (სგპ) 2019 წლის სექტემბერში გაგლოევის წინამორბედმა ბიბილოვმა დახურა, ე.წ. წნელისის კრიზისის დროს, როდესაც სოფ. ჩორჩანაში ქართული საპოლიციო პოსტი გაიხსნა. ამ შეღავათის დაშვების მიუხედავად, ბიუროკრატიული პრობლემები იქმნებოდა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისთვის საჭირო საშვის აღების პროცესში. პრობლემა მას შემდეგ მოგვარდა, რაც საშვების გაცემა გაგლოევის „პარტია“ ნიხასის რაიონულ ოფისში დაიწყეს. ეს ვითარება გაგლოევს შეიძლება ახალგორელების მხარდაჭერაში დაეხმაროს.

ამ მხრივ გაგლოევის პარტია ადგილობრივებს უფრო მეტს ჰპირდება. აპრილის დასაწყისში ახალგორში ვიზიტისას „ნიხასის“ ლიდერმა ზიტა ბესაევამ პარტაქტივს საარჩევნო მესიჯბოქსი გაუზიარა და დაავალა, რომ ადგილობრივებს, „ნიხასის“ გამარჯვების შემთხვევაში, „ოძისი/მოსაბრუნის“ სგპ-ის (რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „რაზდახანის”სგპ) ყოველდღიურ გახსნას და საოკუპაციო ხაზზე საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის გადაადგილების ნებართვის გაცემას დაჰპირებოდნენ. გაგლოევის პარტიამ ეთნიკური ქართველების ხმების მოსაზიდად სხვა ნაბიჯებიც გადადგა და სამი თვის წინ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ მოქალაქის „პასპორტების“ გაცემა დაიწყო სოფ. წეროვანში მცხოვრები დევნილებისა და იმ ადგილობრივებისთვის, ვისაც ჯერ „პასპორტი“ არ აქვს აღებული. გაგლოევს იმედი აქვს, რომ „რესპუბლიკის“ ახალი მოქალაქეები, რომლებიც ეთნიკურად ქართველები არიან, მის ნაბიჯს დააფასებენ და ხმას „ნიხასს“ მისცემენ. გავრცელებული ინფორმაციით, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ პასპორტი 800-მდე ადამიანმა უკვე აიღო. თუ მათი ნახევარი მაინც დაუჭერს მხარს „ნიხასის“ მაჟორიტარ კანდიდატს, ეს საკმარისი იქნება გამარჯვებისთვის.

რას უნდა ველოდოთ? 

შიდაპოლიტიკური კონტექსტი და მზადება საპრეზიდენტო „არჩევნებისთვის“

შემდგომი არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს ჩატარდება და მოახლოებული „საპარლამენტო არჩევნებიც“ ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია. გაგლოევს, წარუმატებლობის შემთხვევაში, გაუჭირდება ბრძოლა მეორე ვადისთვის და მისი პოლიტიკური გავლენაც შესუსტდება, გაგლოევი არაერთი გამოწვევის წინაშეა, მან 2022 წელს „გაპრეზიდენტების“ შემდეგ პრაქტიკულად საკუთარი გუნდიც კი ვერ შეკრა. რამდენჯერმე მოუწია „მინისტრების“ შეცვლა, ზოგიერთის – წლის განმავლობაში ორჯერ. მისი მთავარი კონკურენტები თედეევისა და ბიბილოვის პოლიტიკური გუნდებია, რომლებიც აქტიურად ემზადებიან „არჩევნებისთვის“. მათი ელექტორატის შესამცირებლად გაგლოევმა ხმის მიცემის პროცედურა გაართულა ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ მოქალაქეებისთვის, რადგან ჩრდილოეთ ოსეთში უფრო მისი ოპონენტების ამომრჩევლები ცხოვრობენ, სანაცვლოდ კი, ახალგორის რაიონში ახალი ლოიალური ამომრჩევლების გაჩენას შეუწყო ხელი.

მიუხედავად იმისა, რომ თედეევსა და ბიბილოვს ბინადრობის ცენზი („პრეზიდენტის“ პოსტი შეუძლია დაიკავოს პირმა, რომელიც ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრობს ბოლო 10 წლის განმავლობაში. „დეპუტატისთვის“ ეს ცენზი 5 წელია) უშლით ხელს „არჩევნებში“ მონაწილეობა მიიღონ, მათი პარტიებისთვის „საპარლამენტო არჩევნებში“ წარმატება „საპრეზიდენტო არჩევნების“ კონტექსტშიც განიხილება. ბიბილოვს გაგლოევთან 2022 წელს „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მარცხისთვის რევანში უნდა, თედეევი კი რეგიონის პოლიტიკაში დამკვიდრებას ცდილობს. წარმატების შემთხვევაში, ისინი შეძლებენ „პარლამენტის“ კონტროლს და გაგლოევის ძალაუფლების შეზღუდვას, რაც მათ 2027 წლის არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნებისთვის  უპირატესობას მისცემს. ბიბილოვი და თედეევი „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ თუ „საპარლამენტო არჩევნებში“ ადგილების 2/3-ს მოიპოვებენ და ბინადრობის ცენზს გააუქმებენ. თუმცა, მსგავსი უმრავლესობის მოპოვება რთული იქნება, შესაბამისად, ოსური პოლიტიკის მძიმეწონოსნებს კულისებში აქტიურობა და მათდამი ლოიალური კანდიდატების მხარდაჭერა მოუწევთ.

მოსკოვთან ურთიერთობა

ცხინვალის რეგიონში ყველა პარტია პრორუსულია, პოლიტიკური ელიტა და ადგილობრივი მოსახლეობა კი რუსეთთან შეერთებას უჭერს მხარს. „არჩევნების“ შედეგები გავლენას ვერ მოახდენს მოსკოვთან ურთიერთობის ფორმატზე. „არჩევნების“ შედეგები შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებაში შიდა ბიუროკრატიული დაპირისპირების კონტექსტში. რუსეთში სხვადასხვა გავლენიანი ჯგუფები ცხინვალის რეგიონში მოქმედ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს უჭერენ მხარს და ამიტომაც ყველა ცდილობს „თავისი“ ჯგუფის გაძლიერებით, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე მეტი გავლენა მოიპოვონ.

თბილისთან ურთიერთობა

დღეს ცხინვალისა და თბილისის ურთიერთობები მინიმალურ დონეზეა და ჟენევასა და ერგნეთში პერიოდული შეხვედრებით შემოიფარგლება. „არჩევნების“ შედეგები ამ მხრივ გავლენას ვერ იქონიებს არსებული ურთიერთობის ხასიათზე. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დინამიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები იყოს, ან პოზიტიური და ან ნეგატიური, „ბორდერიზაციის“, უკანონო გატაცებებისა და საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თვალსაზრისით.