ავტორი: ჰარი ბენეტი
2024 წლის დაწყებისთანავე თეთრმა სახლმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი შეშფოთება გამოთქვა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდებოდა. გამჟღავნდა გასაიდუმლოებული ინფორმაცია და ითქვა, რომ უკრაინის ობიექტებზე თავდასხმისას რუსეთი ჩრდილოეთ კორეის მცირე რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებს (SRBM) იყენებდა.
ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საარტილერიო ჭურვები, რაკეტები და ბალისტიკური რაკეტები მიაწოდა. სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ-სიკმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ გასულ წელს რუსეთს 152 მმ/122 მმ საარტილერიო ტყვიით და სხვა სამხედრო აღჭურვილობით სავსე 7000 კონტეინერი გადასცა.
უკრაინაში რუსეთისთვის იარაღის მიწოდებასთან ერთად, რუსეთ-DPRK-ის ურთიერთობა უფრო ღრმა კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობაში გადაიზარდა, რაც გამოიხატება ამ ორი ქვეყნისთვის საერთო იზოლაციონიზმში. 2024 წლის მარტის ბოლოს რუსეთმა ეს ურთიერთობა კარგად წარმოაჩინა საერთაშორისო ასპარეზზე, როცა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ჩრდილოეთ კორეის გაეროს ექსპერტთა პანელის 14-წლიან მანდატს ახანგრძლივებდა. რეზოლუციაზე დადებული ეს ვეტო შეიძლება მჭიდროდ უკავშირდებოდეს ორ ქვეყანას შორის იარაღით უკანონო ვაჭრობას, რომლის დეტალების გახმაურება რუსეთს არ სურს. საერთაშორისო დონეზე პოლიტიკური მანევრების გარდა, ეს ორი ქვეყანა, მოქმედი სანქციების მიუხედავად, ჩართული იყო ისეთი საქონლით ვაჭრობაში, როგორიც ნავთობია. ქვეყნებს შორის გაიმართა დიპლომატიური შეხვედრები და გადაიდგა ნაბიჯები სამომავლო კულტურული ურთიერთობების გასაძლიერებლად; მაგალითად, 2024 წლის თებერვალში ჩრდილოეთ კორეამ, პირველად COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, გახსნა საზღვრები რუსეთის 100 მოქალაქისგან შემდგარი ჯგუფისთვის.
ჩვენი სტატია მიზნად ისახავს ორივე ქვეყნის – რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მოტივაციის კონტექსტუალიზაციას. სტატიაში ასევე წარმოდგენილი იქნება ამჟამინდელი ურთიერთობების პოტენციური განვითარება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევა, რომელსაც ქმნის ეს ურთიერთობა და მისი ზეგავლენა ევროპასა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე.
რუსეთის მოტივაცია
ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის დათბობის მოტივაციას ორი ძირითადი ელემენტი აქვს. პირველი და უპირატესი ისაა, რომ რუსეთი ჩართულია უკრაინასთან აქტიურ კონფლიქტში. კონფლიქტი კი აჩენს საბრძოლო მასალისა და რაკეტების საჭიროებას, რომელთა მიწოდებაც ჩრდილოეთ კორეას მოკლე დროში შეუძლია.
მაგრამ ამასთან, ურთიერთობების გაოფიციალურება უფრო მეტად აჩვენებს იმას, რომ რუსეთი ცდილობს შეცვალოს გლობალური წესრიგი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლიდან, არსებობდა.
ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის აღქმით, მათ საერთო საფრთხე ემუქრებათ. მათ საზღვრებთან ნატოს გაფართოებას და გლობალურ წესრიგზე ამერიკის ჰეგემონიას საკუთარი ეროვნული ინტერესების პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევენ. ამდენად, რუსეთის ინტერესებში შედის საერთო საფრთხის მქონე სახელმწიფოების უკრაინასთან ომში ალტერნატიული საშუალებებით ჩაბმა. ჩრდილოეთ კორეის მსგავსად, რუსეთმა ირანთანაც გააძლიერა ურთიერთობა და მიიღო 400 უპილოტო შაჰიდი 136, რომლებიც გამოიყენებოდა კიევსა და უკრაინაზე თავდასხმებში. ანალოგიურად, წარმოქმნილი ანტიდასავლური კოალიცია, რომელიც ამჟამად უკრაინის გლობალიზებული ომის პირობებშია, ჩინეთისთვის ხელსაყრელი პარტნიორია, რომელმაც თავად განსაზღვრა საკუთარი იმპერიული ინტერესები აზიის წყნარი ოკეანის რეგიონში.
უკრაინაში არსებულ კოალიციაზე კომენტარის გაკეთებისას პროფესორმა ნაილ ფერგიუსონმა აღწერა 2022-2023 წლებში მიმდინარე მოვლენები, როგორც „ცივი ომი 2.0-ის“ დასაწყისი. მაშინ, როდესაც ამერიკა და ევროკავშირი ეხმარებიან უკრაინას, ომში მარტო ყოფნა რუსეთის ფედერაციის ინტერესებს არ წარმოადგენს და შესაბამისად, იარაღის არაოფიციალური ვაჭრობა და ფხენიანთან მჭიდრო კავშირი რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებშია. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის დათბობით რუსეთი სიგნალს აძლევს დასავლეთს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიზნებთან დაპირისპირების ნებისმიერ მცდელობას წინ აღუდგება ამერიკის დომინირების წინააღმდეგ გაერთიანებული უფრო ერთსულოვანი, მრავალპოლუსიანი სამყარო.
ჩრდილოეთ კორეის მოტივაცია
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების დალაგება ფხენიანში მყოფი ძალებისთვისაც მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება. ურთიერთობების დათბობისას ჩრდილოეთ კორეას ორი მკაფიო დიპლომატიური მიზანი ამოძრავებს: პირველი – ჩინეთზე ზედმეტად დამოკიდებული ურთიერთობებიდან გამოსვლა და მეორე – ამერიკის ჰეგემონიის დარღვევა. გენერალური მდივნის, კიმ ჩენ ინის აზრით, ეს უკანასკნელი პუნქტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ კორეის უსაფრთხოებისთვის და მიიჩნევს, რომ ამერიკული გავლენის საფრთხე კორეის DMZ ხაზზე რუსეთის მიერ უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ნატოს არსებობის საფრთხედ აღქმის ანარეკლია. გარდა ამისა, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში გამოსაყენებელი იარაღის მიწოდებით ფხენიანს შეუძლია მოიპოვოს მონაცემები, რასაც ვერ მიიღებდა მხოლოდ საკუთარი რაკეტების გამოცდით. ამრიგად, უკრაინის ომი ერთგვარი საცდელი ადგილია ჩრდილოეთ კორეისათვის, რათა გააძლიეროს საკუთარი სამხედრო დაზვერვა კორეის ნახევარკუნძულზე ან ინდო-წყნარი ოკეანის უფრო ფართო რეგიონში პოტენციური კონფლიქტისთვის მოსამზადებლად. როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირკბიმ აღნიშნა, ჩრდილოეთ კორეას ეს ურთიერთობა ასევე შეუძლია გამოიყენოს რუსეთისგან მოიერიშე თვითმფრინავების, „სახმელეთო-საჰაერო“ რაკეტების, ჯავშანტექნიკის და სხვა სამხედრო მასალების მისაღებად.
DPRK-ის დიპლომატიური მიზნების პარალელურად, DPRK-რუსეთის ურთიერთობების დათბობა დაეხმარა ჩრდილოეთ კორეას საკუთარ შიდა დღის წესრიგში. COVID-19-ის გახანგრძლივებულმა შეზღუდვებმა და საერთაშორისო სანქციებმა კატასტროფული ეკონომიკური გარემო შექმნა სახელმწიფოში. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა არ აქვეყნებს საკუთარ ეკონომიკურ მონაცემებს, საერთაშორისო დამკვირვებლების პროგნოზების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 60% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარე ეკონომიკის მკვეთრმა ვარდნამ 2020 წელს 4,5% მიაღწია. Europe at Country Risk-ის ხელმძღვანელმა ანვიტა ბასუმ, Fitch Solutions-ში იარაღის გადაცემა აღწერა, როგორც „მეგა გარიგება“ ფხენიანისთვის, რომლის მიხედვითაც, 2024 წელს ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა 1%-ით გაიზრდება. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, შეთანხმებით, ჩრდილოეთ კორეა მიიღებს საკვებ პროდუქტებსა და მოწინავე ტექნოლოგიებს, როგორც სახელმწიფოს დახმარებას საკუთარი შიდა დღის წესრიგის შესასრულებლად. 2024 წლის მარტში, სატელიტური გამოძიების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა DPRK-ისთვის ნავთობის მიწოდება დაიწყო, რომლის პირველი ხუთი ტანკერი ვოსტოჩნის პორტიდან მიიღეს.
დასკვნა
მიუხედავად იმისა, რომ იარაღით ვაჭრობა გრძელდება, ამ დროისთვის გაურკვეველია, გაფორმდება თუ არა შეიარაღების შესახებ ოფიციალური ხელშეკრულება რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის. ამისათვის შესაძლოა ორივე მხარე დაელოდოს 2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რათა შეაფასოს კონსენსუსი ჩრდილოეთ ატლანტიკაში. თეთრ სახლში საკადრო ცვლილებამ შეიძლება დააჩქაროს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დიპლომატიური დასრულების შესაძლებლობა, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გაყინოს რუსეთის ინტერესი ჩრდილოეთ კორეასთან ალიანსის დამყარებისა. გარდა ამისა, ოფიციალურ შეთანხმებამდე რუსეთმა უნდა შეაფასოს ასეთი შეთანხმების პოლიტიკური კონსენსუსი; იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს სანქცირებულ ჩრდილოეთ კორეასთან ფინანსური და პოლიტიკური მეგობრობის ასეთმა საჯარო დემონსტრირებამ უფრო ფართო გეოპოლიტიკურ ურთიერთობებზე.
ჩრდილოეთ კორეა ასევე სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიდგომას ასეთ შეთანხმებასთან და ნებისმიერი პოტენციური ფორმალური შეთანხმება შეიძლება დამოკიდებული იყოს ჩინეთის ურთიერთობაზე რუსეთთან და მის პოზიციაზე უკრაინის ომის მიმართ.
ასეა თუ ისე, მოკლევადიან პერსპექტივაში პუტინს შეუძლია შეასრულოს თავისი სიტყვა და ეწვიოს ჩრდილოეთ კორეას, ხოლო სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა იარაღით ვაჭრობიდან კიბერდაზვერვისა და სხვა საიდუმლო ტექნოლოგიების გაცვლაზე გადავიდეს.
საერთო ჯამში, ამჟამინდელი ურთიერთობა უკვე დაეხმარა რუსეთის სამხედრო მიზნებს უკრაინაში და ისევ იქონიებს გავლენას უსაფრთხოების დინამიკაზე აღმოსავლეთ აზიაში. ურთიერთობის განვითარება უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის როგორც ევროპას, ისე აზიას, რაც შეიძლება გახდეს კატალიზატორი იაპონიისა და სამხრეთ კორეისთვის, რომ ამერიკას რეგიონში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოსთხოვონ.