ავტორი: მარიამ ხახუტაიშვილი

 

გლობალურ სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე, ევროკავშირი უპირისპირდება გამოწვევების სპექტრს. ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ გარემოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისობას სახელმწიფოებსა და ევროკავშირს შორის. ეს განსაკუთრებით ეხება იმ სირთულეებს, რომლებიც წარმოიქმნება ევროკავშირის შიგნით განსხვავებული პოზიციებიდან, სადაც შეკრული საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმულირება არის კავშირის კოლექტიური იდენტობის ქვაკუთხედი. ევროკავშირის შიგნით, შიდა უთანხმოებისა და ღირებულებებზე დაფუძნებული გამოწვევების ფონზე, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში გარე პარტნიორთან არსებული განსხვავებები იჩენს თავს, როგორც ძირითადი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირთან.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) განსხვავებული ხედვები მნიშვნელოვან გამოწვევას უქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, როგორც მრავალმხრივი და დინამიკური ჩარჩო, მოიცავს არა მხოლოდ წევრ ქვეყნებს შორის კოორდინაციასა და თანამშრომლობას, არამედ ცალკეული წევრი სახელმწიფოების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან ურთიერთქმედებას. ეს ურთიერთქმედება გადამწყვეტია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ამჟამინდელი ურთიერთობის დინამიკის გასაგებად. თითოეული წევრი სახელმწიფოს ეროვნული საგარეო პოლიტიკის სტრატეგია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავებაში. ეს ფაქტორები გავლენას ახდენს წევრი ქვეყნების პოზიციებზე საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველოსთვის ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სირთულეებისა და წევრი ქვეყნების პოლიტიკასთან მისი ურთიერთქმედების გაცნობიერება არსებითი ხდება ევროინტეგრაციის გზაზე ნავიგაციისთვის. თუმცა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში თანმიმდევრობის მიღწევა ორ მხარეს შორის რთული და კომპლექსური პროცესია.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანალიტიკური ანგარიში მიუთითებს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის მაჩვენებლის შემცირების შემაშფოთებელ ტენდენციას.  სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლიდან 2023 წლამდე, თანხვედრის მაჩვენებელი 55%-დან 31%-მდე შემცირდა (2017: 56% 2018: 54% 2019: 55% 2020: 61% 2021: 53% 2022: 34% 2023: 31%). თანხვედრის მაჩვენებლის კლება განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მიზნად ისახავს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო ევროკომისიის რეკომენდაციის მიხედვით, საქართველომ უნდა გაზარდოს თანხვედრის მაჩვენებელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში. ამ მხრივ საინტერესოა, რომელ ძირითად საკითხებში ჩნდება განსხვავებები და რატომ არის კონვერგენციის მიღწევა დიდი მნიშვნელობის არა მხოლოდ საქართველოს ინტეგრაციისთვის, არამედ ევროკავშირის გაფართოებისთვისაც.

თანხვედრის მაჩვენებლის კლების ძირითადი მიზეზები

საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თანხვედრის შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი უკრაინის მიმართ ხელისუფლების პოზიციაა. რუსეთის ფართომასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში რადიკალურად შეცვალა გლობალური უსაფრთხოების პარადიგმები. უკრაინის მიმართ საქართველოს პოზიციამ ევროკავშირის პოზიციასთან საერთო თანმიმდევრულობისგან განსხვავება აჩვენა.

ევროკავშირისთვის საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიური განზომილების შემუშავებისა და განხორციელებისთვის, ძირითადი პლატფორმა, უპირველეს ყოვლისა, არის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (CFSP). საქართველოს მთავრობის ბუნდოვანმა საგარეო პოლიტიკამ ეჭვები გააჩინა ევროინტეგრაციის მიმართ მის ერთგულებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, გამოიწვია ევროკავშირში იმედგაცრუება უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე საქართველოს მთავრობის ორაზროვანმა რეაქციამ. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მნიშვნელოვნად დააჩქარა ევროკავშირში მიმდინარე პროცესები, დაკავშირებული საერთო უსაფრთხოებასა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროს განვითარებასთან, რათა გააძლიერონ შესაძლებლობები და უპასუხონ უსაფრთხოების  გამოწვევებს.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საქართველო შეუერთდა ევროკავშირის პოზიციებს საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის, გაეროს გენერალურ ასამბლეაში (UNGA), თუმცა არ შეუერთდა შემაკავებელ ზომებს (სანქციებს), რომელიც ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ მიიღო. საქართველო ასევე არ დაემორჩილა ევროკავშირის შემზღუდველ ზომებს, მათ შორის, საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ.  გამომდინარე იქიდან, რომ სანქციები იყო ევროკავშირის მთავარი ინსტრუმენტი რუსეთის ქმედებებზე რეაგირებისთვის, ამ სანქციებზე არ მიერთებით საქართველომ არაერთგვაროვანი სიგნალები გაგზავნა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის შესახებ. საქართველო ასევე არ შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს, დაკისრებულს ბელარუსისთვის, არც მისი უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებებს ირანთან, თურქეთთან და აფრიკის რამდენიმე ქვეყანასთან დაკავშირებით.

საქართველოსა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას შორის თანხვედრის შემცირება სწორედ 2021, 2022, 2023 წლებში მოხდა, საქართველოს ბუნდოვანი პოზიციისა და დეკლარაციის გამო, განცხადებების თანხვედრა 2023 წელს 31%-მდე დაეცა. საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სათანადო მნიშვნელობა უნდა მიექცეს, რადგან ხელისუფლების ბოლოდროინდელმა ქმედებებმა შესაძლოა შეაფერხოს ქვეყნის წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.  აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას საფრთხე არ ემუქრება. ის ამტკიცებს, რომ საქართველო, „ჯერჯერობით“ არ არის ევროკავშირის წევრი და არ არის ვალდებული შეუერთდეს მის პოლიტიკას.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების თანხვედრის მაჩვენებლების შეფასება

წევრი სახელმწიფოები ვალდებული არიან ჩაერთონ პოლიტიკურ დისკუსიებში ევროკავშირის საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში. თუმცა, კანდიდატის სტატუსის მქონე და გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში მყოფ ქვეყნებს მოეთხოვებათ დაუახლოვდნენ ევროკავშირის პოლიტიკას. შედეგად, ევროკავშირში გაწევრიანებისას კანდიდატებმა შესაძლოა უფრო ნაკლები საგარეო პოლიტიკური ავტონომიით ისარგებლონ.

 ეს გულისხმობს ევროკავშირის საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში პოლიტიკურ დიალოგში აქტიურ მონაწილეობას, ევროკავშირის განცხადებებთან შესაბამისობასა და ინიციატივებში აქტიურ ჩართვას.

ბოსნია და ჰერცეგოვინა

საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით (CFSP, ბოსნია და ჰერცეგოვინამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს ევროკავშირის განცხადებებსა და საბჭოს გადაწყვეტილებებთან შესაბამისობა. ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებთან შესაბამისობა კვლავ რჩება პოლიტიკურ წინააღმდეგობად, რადგან საპრეზიდენტო საბჭოს ერთ-ერთი წევრი მხარს უჭერდა ნეიტრალურ პოზიციას რუსეთის აგრესიულ ომში უკრაინის წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი შეფერხება მათ განხორციელებაში, მათ შორის, რუსეთიდან ფრენების აკრძალვისა და რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიის მაუწყებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით.

2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ბოსნია და ჰერცეგოვინას თანასწორობის მაჩვენებელი საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან 98%-ს შეადგენს, რადგან ქვეყანამ დაიწყო ევროკავშირის პოზიციებთან და განცხადებებთან  დაახლოება.

მოლდოვა

მოლდოვის შესაბამისობა საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან 2023 წელს 78%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მოლდოვამ 22 რუსი დიპლომატი და საელჩოს 23 დამხმარე თანამშრომელი დაითხოვა, რამაც საელჩოს თანამშრომლები ორი მესამედით შეამცირა. მოლდოვაში საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტრო კარგად არის სტრუქტურირებული CFSP-ში მონაწილეობისთვის.

შემაკავებელ ზომებთან დაკავშირებით, უკრაინის კონფლიქტის შემდეგ მოლდოვა არ შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთისა და ბელარუსის მიმართ. თუმცა, არსებობს რეკომენდაცია, ქვეყანაში არ მოხდეს ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლა.

უკრაინა

უკრაინის ინსტიტუციური ჩარჩო ხელს უწყობს მის აქტიურ მონაწილეობას საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ზედამხედველობს CFSP-თან დაკავშირებულ საკითხებს და „პოლიტიკური დირექტორის“ პოზიციაც კი შექმნა. საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობა 2022 წელს იყო 93%, ხოლო 2023 წელს კი – 89%.

სერბეთი

სერბეთი მუდმივად თავს იკავებს რუსეთის წინააღმდეგ რაიმე შემზღუდავი ზომების მიღებისგან და მხარს არ უჭერს რუსეთთან და უკრაინასთან დაკავშირებული უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებების უმრავლესობას.

რაც შეეხება საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, სერბეთის შესაბამისობის მაჩვენებელი 2023 წელს 51%-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, სერბეთი არ დაეთანხმა უმაღლესი წარმომადგენლის რამდენიმე განცხადებას და ევროკავშირის შემაკავებელ ზომებს რუსეთის, ჩინეთის, ბელარუსისა და ირანის მიმართ. რუსეთში ფრენების გაგრძელება აჩენს კითხვებს სერბეთის ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისოობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ სერბეთმა ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთან 2023 წლის ოქტომბერში, რამაც შეშფოთება გამოიწვია. ასევე სერბეთი ინარჩუნებს მყარ კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან და, მიუხედავად ამისა, სერბეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინას უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას.

ამ ქვეყნებს შორის გამოვლენილი შესაბამისობისა და განსხვავებების ხარისხი ხაზს უსვამს მათი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის რთულ ბუნებას, რომელიც ყალიბდება გეოპოლიტიკური მოვლენებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა გამოხატავს მკაფიო სურვილს ევროკავშირში ინტეგრაციისა, სხვები ებრძვიან სირთულეებს, რაც პოტენციურად იმოქმედებს მათ წინსვლაზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა ავლენს მრავალფეროვან საგარეო პოლიტიკას, რომელიც ასახავს განსხვავებულ ხედვებს და წარმოადგენს თანდაყოლილ გამოწვევას. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიზანია ამ გამოწვევების მოგვარება, ევროკავშირის წარმოჩენა, როგორც ერთიანი აქტორისა ამ ინდივიდუალური ეროვნული მიდგომების ფონზე. შეკრული პოზიცია ამ მიმართულებით არის პოლიტიკური სიძლიერის მთავარი განმსაზღვრელი, რაც ხაზს უსვამს საერთო ღირებულებების მნიშვნელობას.

ახალი სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახით

საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (CFSP), ასოცირების შეთანხმების ვალდებულების განუყოფელი ნაწილია. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის თანხვედრის მაჩვენებელი ამა თუ იმ განცხადებასთან, რომელიც გამოითვლება ყოველწლიურად, ასახავს გეოპოლიტიკურ დინამიკას, რომელიც გადაჯაჭვულია საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან. საქართველოს საგარეო-პოლიტიკურმა მიდგომამ, განსაკუთრებით, ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებამ, გააჩინა კითხვები მისი დიპლომატიური პრიორიტეტების სიცხადისა და ევროკავშირთან თანხვედრის შესახებ. მოცემული ვითარება გავლენას ახდენს ქვეყნის ურთიერთობებზე როგორც მის ტრადიციულ დასავლელ პარტნიორებთან, ასევე მის მისწრაფებაზე მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ჩინეთ-საქართველოს შორის დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტში ვკითხულობთ: საქართველოს აქვს რწმენა, რომ „ჩინეთი ახალ გზას და ახალ არჩევანს სთავაზობს კაცობრიობას მოდერნიზაციის მისაღწევად“ და „მხარეები ხაზს უსვამენცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, ისევე როგორც პოლიტიკურ ჯგუფებსადა პარტიებს შორის კავშირების გაფართოების აუცილებლობას, რათა მოხდეს გამოცდილებისგაზიარება და ურთიერთობის გამყარება სხვადასხვა მიმართულებით“. ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმება, სადაც გაწერილია პოლიტიკური განზომილების ფარგლებში არსებული ურთიერთობა, წარმოადგენს სადავო საკითხს, რომელიც ქმნის ორ ქვეყანას შორის მომავალითანამშრომლობის საფუძველს. ჩინეთის მოდერნიზაციის ტრაექტორია განსხვავდებადემოკრატიული საარჩევნო პროცესებისა და ადამიანის უფლებების დაცვისგან. შესაბამისად, როგორც პრაქტიკული, ისე იდეოლოგიური პერსპექტივიდან, საქართველო მმართველობის სფეროში ჩინეთისგან სარგებელს ვერ მიიღებს. ამის საპირისპიროდ, საქართველო წარმოადგენსპოსტტოტალიტარულ საზოგადოებას, რომელიც დაახლოებით სამი ათეული წელია ცდილობს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. აქედან გამომდინარე, საქართველოსა და ჩინეთს შორის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დიფერენცირებას ეკონომიკურ სფეროებშითანამშრომლობასა და პოლიტიკურ განზომილებაში თანამშრომლობას შორის.

დასკვნა

მრავალფეროვნების ფონზე ერთიანობის მიღწევა კანდიდატი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით საქართველოსთვის, და ევროკავშირის CFSP-თან დაახლოება გაფართოების პროცესის წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორი გახდება. ევროკომისიისგან ამ რეკომენდაციის გაცემა ხაზს უსვამს, რომ საერთო ღირებულებები არ არის მხოლოდ თეორიული ვალდებულება, არამედ ეს არის პრაქტიკული აუცილებლობა, რაც მიუთითებს კონვერგენციის მიღწევის აუცილებლობას. ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ არა მხოლოდ სტრატეგიულ არჩევანად, არამედ საქართველოს ინტეგრაციის მისწრაფებების არსებით კატალიზატორადაც.

ევროკავშირისთვის ღირებულებების ერთიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, გაფართოების პროცესის 49-ე მუხლი პირდაპირ აკავშირებს ორგანიზაციის გაფართოებას საერთო პრინციპებთან. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საფუძველი ღიაობაა, რომელიც მოითხოვს ერთსულოვნებას საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში. აქედან გამომდინარე, საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის განცხადებებსა და რეზოლუციებთან არსებითი ხდება ამ კოლექტიური მიდგომის თანმიმდევრულობის გასაძლიერებლად.

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაახლოება – საქართველოს ევროკავშირის უფრო ფართო ხედვასთან შესაბამისობის ძირითადი ინდიკატორია, რაც გადამწყვეტია მისი კანდიდატურის წინსვლისა და ევროკავშირში წევრობის საბოლოო მიზნის მისაღწევად. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაახლოება ქმნის საფუძველს უფრო ძლიერი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირებისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ის ხელს უწყობს ურთიერთნდობასა და გაგებას, გზას უხსნის ღრმა თანამშრომლობას და პარტნიორობას ორმხრივი ინტერესის სხვადასხვა სფეროში. საქართველოს ბოლოდროინდელმა საგარეო-პოლიტიკურმა ქმედებებმა, განსაკუთრებით, მისმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ ჩინეთთან, გააჩინა კითხვები სიცხადესთან, თანმიმდევრულობასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ვინაიდან ქვეყანა მიზნად ისახავს მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი,  ასეთი ქმედებები გავლენას ახდენს მის ურთიერთობაზე ევროკავშირთან და მის რეპუტაციაზე საერთაშორისო არენაზე. დივერსიფიკაციასა და თანასწორობას შორის ბალანსის დასამყარებლად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებები იყოს გამჭვირვალე და მისი კონსტიტუციური მიზნების თანმიმდევრული, რაც არ დააზარალებს მის გრძელვადიან ინტერესებსა და პარტნიორობას.

შესაბამისად, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ყურადღებით აკვირდებიან კანდიდატი და პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, არსებით საკითხებთან შესაბამისობას, რასაც გლობალური მნიშვნელობა აქვს და ასახავს კავშირს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.