ვტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

 

2023 წლის 31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა. კონცეფციაში საუბარია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებზეც. სტატიაში განვიხილავთ იმ ცვლილებებს, რომლებიც ახალ კონცეფციაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით შეიმჩნევა.

 

რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციები

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა საგარეო პოლიტიკის სულ ექვსი კონცეფცია მიიღო. ოკუპირებული რეგიონების შესახებ ჩანაწერი კი 2013 წლიდან ჩნდება.

ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში კონცეფცია ერთხელ, 1993 წლის 23 აპრილს, მიიღეს, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის ადრეულ წლებში რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში აშშ-თან ჯერ კიდევ პარტნიორული ურთიერთობის განვითარებაც შედიოდა.

ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პირველივე წელს, 2000 წლის 28 ივნისს, ახალი კონცეფცია მიიღეს, რომელიც 1990-იან წლებში დასავლეთთან ჩამოყალიბებული ურთიერთობების ფორმით, იმედგაცრუებას ასახავდა. რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად საერთაშორისო ურთიერთობების მულტიპოლარული სისტემის ჩამოყალიბება დასახელდა. პუტინის ეპოქაში მიღებული ყველა შემდგომი კონცეფცია იდეურად ამ კონცეფციის სულისკვეთებას იზიარებს, სადაც უფრო მკვეთრად არის საუბარი დასავლეთთან დაპირისპირებაზე და რუსეთის გამორჩეულ როლზე გლობალურ პოლიტიკაში.

შემდგომი კონცეფცია დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის პერიოდში, რუსეთ-საქართველოს ომამდე, 2008 წლის 15 ივლისს, მიიღეს. ამ პერიოდში რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად, კონფლიქტებთან მიმართებით, რუსეთი დსთ-ის სივრცეში კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის მხარდამჭერად გამოდის და მოლაპარაკების პროცესსა და მშვიდობის დაცვის საქმეში შუამავლად წარმოაჩენს თავს. ამ დროს საქართველო ჯერ კიდევ დსთ-ის წევრია.

 

ოკუპირებული რეგიონები საგარეო პოლიტიკის კონცეფციებში

რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების შესახებ ჩანაწერი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში მიღებულ კონცეფციებში (2013 წლის 12 თებერვალი, 2016 წლის 30 ნოემბერი, 2023 წლის 31 მარტი)  მას შემდეგ ჩნდება, რაც კრემლმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა (2008 წლის 26 აგვისტო).

 

2013 წლის კონცეფცია

ოკუპირებული რეგიონების შესახებ ჩანაწერი (თავი IV, რეგიონული პრიორიტეტები, 51-ე მუხლი) პირველად 2013 წელს მიღებულ კონცეფციაში ჩნდება. ამ მუხლის  მიხედვით, „რუსეთის პრიორიტეტად რჩება თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებაში, საერთაშორისო პოზიციების გამყარებაში, საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების მხარდაჭერა“. 52-ე მუხლშიც საუბარი იყო საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებისადმი ინტერესზე მხოლოდ იმ სფეროებში, რომლებშიც მზად იყო ქართული მხარე, სამხრეთ კავკასიაში ჩამოყალიბებული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით. ეს კი, მოსკოვის ხედვით, საქართველოს მიერ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობის ფაქტის აღიარებას გულისხმობდა.

 

2016 წლის კონცეფცია

ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით 2016 წლის კონცეფციაში 2013 წლის კონცეფციის ანალოგიური ჩანაწერია (თავი IV, რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის რეგიონული პრიორიტეტები, 57-ე მუხლი).

 

2023 წლის კონცეფცია

2023 წლის ახალ კონცეფციაში ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით ჩანაწერში ცვლილებებია. ამჯერად რუსეთი პრიორიტეტულ მნიშვნელობას (თავი V, რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის რეგიონული მიმართულებები, ახლო საზღვარგარეთი, 49-ე მუხლი, მე-8 პუნქტი) ანიჭებს „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების ყოვლისმომცველ მხარდაჭერას, ამ ქვეყნების ხალხების მიერ რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავების სასარგებლოდ გაკეთებული ნებაყოფლობითი არჩევანის, რომელიც საერთაშორისო სამართალზეა დაფუძნებული, რეალიზებაში“.

ოკუპირებული რეგიონები ნახსენებია კიდევ ერთ ადგილას (თავი IV, რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები, საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობა და საერთაშორისო განვითარების ხელშეწყობა, მე-40 მუხლი), სადაც მოკავშირე სახელმწიფოების, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება.

დოკუმენტში, ძველი კონცეფციებისგან განსხვავებით, პირდაპირ არ არის ნახსენები საქართველო, თუმცა დოკუმენტში ასევე წერია, რომ მოსკოვი აპირებს შეინარჩუნოს ურთიერთობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც „რუსეთის ფედერაციის მიმართ კონსტრუქციულ პოლიტიკას ატარებენ.“ კონცეფციაში ასევე მითითებულია, რომ მოსკოვი უზრუნველყოფს სტაბილურობას „ახლო საზღვარგარეთში“, მათ შორის ხელს შეუშლის „ფერადი რევოლუციების ინსპირირების“ მცდელობებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს გარდა, კონცეფციაში პირდაპირ არ არის ნახსენები ზოგიერთი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაც, მათ შორის უკრაინა და რუსეთის მოკავშირეები, მაგ.: ყაზახეთი, სომხეთი და ყირგიზეთი.

ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია

აქვე უნდა ითქვას, რომ ოკუპირებული რეგიონები მოხსენიებულია რუსეთის კიდევ ერთ კონცეფციაში – საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია, რომელიც 2022 წლის 5 სექტემბერს დაამტკიცეს. დოკუმენტის 26-ე გვერდზე ნახსენებია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან, თანამშრომლობის გაღრმავების საკითხიც. კონცეფციის მიხედვით, პრიორიტეტულ ამოცანად რჩება აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან, დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან, დსთ-ის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ტურიზმის სფეროში (94-ე მუხლი).

 

რა შეფასებები გაკეთდა ოკუპირებულ რეგიონებში

კონცეფციის გამოქვეყნებას ოკუპირებულ რეგიონებში განსაკუთრებული გამოხმაურება არ მოჰყოლია. ძირითადად დე ფაქტო საგარეო უწყებების წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადებები.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ახსარ ჯიოევის შეფასებით, ცხინვალი კმაყოფილია, რომ კონცეფციაში ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან ურთიერთობების სტრატეგიული დაგეგმარების საკითხი ასახულია. მისი თქმით, „რუსეთის მიერ ჩვენი რესპუბლიკის საერთაშორისო და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მხარდაჭერა, უსაფრთხოებისა და ინტეგრაციული პროცესების გამყარება, უდავოდ მნიშვნელოვანია, რაც არსებული ორმაგი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზიდან გამომდინარეობს“.

დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის ალან ალბოროვის შეფასებით, 49-ე მუხლში ინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული თეზისი სრულად შეესაბამება ცხინვალის რეგიონის განვითარების კონცეფციას.

თავისი მოსაზრება გამოთქვა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსმა, ექსპერტმა იური ვაზაგოვმა, რომლის შეფასებითაც, კონცეფციაში ასახულია ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებიც დე ფაქტო რესპუბლიკაში აწუხებთ: უსაფრთხოებასთან, ინტეგრაციული პროცესების გაღრმავებასა და სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხები.

ცხინვალის რეგიონთან შედარებით, ნაკლები ენთუზიაზმი შეინიშნება აფხაზეთში. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებიდან ზოგადი შეფასება მხოლოდ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ გააკეთა. არძინბას თქმით, აფხაზეთი მიესალმება იმ ფაქტს, რომ განახლებულ კონცეფციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობის გააქტიურებას და მზად არის უფრო მეტად გააღრმაოს ძმური ურთიერთობა რუსეთთან.

კონცეფცია შეაფასა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა კან ტანიამაც. მისი თქმით, „თუ ქრონოლოგიას შევხედავთ, დავინახავთ, რომ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახალ დონეზე ადის“. ტანიას შეფასებით, „ეს დოკუმენტი ჩვენი ურთიერთობის განვითარებისა და გაღრმავებისთვის დამატებითი იმპულსი გახდება, რადგან უფრო ფართო საკითხებს მოიცავს.“ სხვა მხრივ, აფხაზურ საზოგადოებაში, დე ფაქტო ხელისუფლებასა თუ მედიაში ამ საკითხს განსაკუთრებული გამოხმაურება არ გამოუწვევია, რაც შეიძლება კონცეფციაში სიტყვა „ინტეგრაციის“ ხსენებით არის განპირობებული. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად და უსაფრთხოების ერთადერთ საიმედო გარანტად მიიჩნევენ, მაგრამ, ცხინვალის რეგიონისგან განსხვავებით, რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამართლებრივ სივრცეში უფრო მეტ ინტეგრაციას „დამოუკიდებლობის“ დაკარგვის ტოლფასად აღიქვამენ.

 

ძირითადი დასკვნები

  • ამ ეტაპზე რთულია ვისაუბროთ, თუ რა გავლენას მოახდენს კონცეფციაში ასახული ხედვები რუსეთის რეალურ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებზე. თუმცა, 2013 და 2016 წლების კონცეფციებისგან განსხვავებით, 2023 წლის კონცეფციაში ოკუპირებული რეგიონების ინტეგრაციის პრიორიტეტად დასახვა მიუთითებს, რომ მოსკოვის ინტერესში ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად განვითარების მხარდაჭერაზე მეტად, როგორც ეს წინა კონცეფციებში იყო, მათი რუსეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამართლებრივ სივრცეში მეტი ინტეგრაცია შედის.
  • ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ფონზე, მოსკოვის მხრიდან გაძლიერდა ზეწოლა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რამდენიმე საკითხში („ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთისთვის გადაცემა, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება, რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენის უფლების მიცემა, ენერგოობიექტების რუსეთისთვის გადაცემა და ა.შ.) რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს. რუსეთის მოთხოვნები აფხაზურ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტაში განსაკუთრებული მხარდაჭერით არ სარგებლობს, რადგან მსგავს საკითხებში დათმობა „აფხაზური სუვერენიტეტის“ შელახვის მცდელობად აღიქმება. ამიტომაც კონცეფციაში სიტყვა „ინტეგრაციის“ ხსენებამ გარკვეული შიში წარმოშვა და ჯერჯერობით კონცეფციის ეს ნაწილი ფართო განხილვის საგნად არ ქცეულა აფხაზეთში. მაშინ, როდესაც ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში, ინტეგრაციული პროცესები ადგილობრივი საზოგადოებისა და დე ფაქტო პოლიტიკური ელიტის დაკვეთაც არის და რაიმე სახის წინააღმდეგობასაც არ იწვევს.
  • ახალ კონცეფციაში გამოყენებულია ტერმინი „ახლო საზღვარგარეთი“, რაც არ იყო ნახსენები 2013 ან 2016 წლების კონცეფციებში. ტერმინი აქტიურად გამოიყენებოდა 1990-იან წლებში და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე რუსეთის განსაკუთრებულ ინტერესებზე მიუთითებდა. ტერმინის ოფიციალურ დოკუმენტში დაბრუნება რუსეთის მხრიდან, შესაძლოა, იმის შეხსენება იყოს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ მოსკოვი განსაკუთრებულ ინტერესებს ინარჩუნებს და ამ რეგიონში არ აპირებს გავლენის სხვა აქტორებისთვის გაზიარებას.