ავტორი: დავით შატაკიშვილი, კონტრიბუტორი ანალიტიკოსი, ამერიკული უნივერსიტეტი, ვაშინგტონი

 

უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან 600 დღეზე მეტი გავიდა. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან ერთად, დასავლეთმა მოსკოვის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური სანქციების გამოყენება დაიწყო, რითაც მკაფიო სიგნალი გაუგზავნა კრემლს, რომ აგრესიას მძიმე შედეგები მოყვებოდა. ამ პერიოდში ამოქმედდა ევროკავშირის სანქციების თერთმეტი პაკეტი, დიდი შვიდეულის ქვეყნების ერთობლივი შემზღუდავი გადაწყვეტილებები და ინდივიდუალური ქვეყნების მიერ მოსკოვთან მიმართები მიღებული მკაცრი ზომები. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ეკონომიკურმა წნეხმა რუსეთის ეკონომიკას მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა, მას არ მოჰყოლია პოლიტიკური შედეგი და ომი არ შეწყვეტილა. ფაქტია, რომ რუსეთს ჯერჯერობით აქვს რესურსი და აგრძელებს საკუთარ აგრესიულ ომს უკრაინაში. საინტერესოა განვიხილოთ, თუ როგორ გამოიყურება რუსეთის ეკონომიკა უკრაინაში შეჭრიდან 600 დღის შემდეგ, როგორია ძირითადი ეკონომიკური პარამეტრები და შესაბამისი პროგნოზები.

ეკონომიკური ზრდა და ეროვნული ანგარიშები

რუსეთის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკა 2.1%-ით შემცირდა, მაშინ, როდესაც სხვადასხვა წყარო მისი 12%-დან 15%-მდე შემცირებას ვარაუდობდ. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთის ეკონომიკა 1.9%-ით შემცირდა, მეორე კვარტალში კი 4.9%-ით გაიზარდა. რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკის 2.8%-იან, ხოლო მომდევნო წელს 2.3%-იან ზრდას ვარაუდობს. მიმდინარე წლის ოქტომბერში მსოფლიო სავალუტო ფონდმა (IMF) რუსეთის 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.5%-დან 2.2%-მდე გაზარდა, ხოლო 2024 წლთვის მისი პროგნოზი ეკონომიკის 1.3%-იან ზრდას ვარაუდობს.

მზარდი მოთხოვნის, თავდაცვის დანახარჯების ზრდისა და შრომის ბაზარზე წნეხის გამო რუსეთის ეკონომიკა,სავარაუდოდ, გადახურების რისკის წინაშეა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა აღწევს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ვეღარ აკმაყოფილებს მომხმარებლების, კომპანიებისა და მთავრობის მოთხოვნილებებს. მისი ორი მთავარი მდგენელია მზარდი ინფლაცია და უმუშევრობის დონე, რომელიც ნორმალურ მაჩვენებელზე გაცილებით დაბლაა, რაც აშკარაა რუსეთში. სავარაუდოდ, ეს პროცესი ასევე იქნება მაღალი ინფლაციის ხელშემყობი ფაქტორი და მომდევნო წელს გართულდება ინფლაციის სამიზნე 4%-იანი მაჩვენებლის შენარჩუნება.

რუსეთის ფინასთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარი-სექტებრის პერიოდში ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტი 17.1 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა(იანვარი-ივლისის პერიოდში დეფიციტი 29.3 მილიარდი აშშ დოლარი იყო), რაშიც უდიდესი როლი შეასრულა გაზრდილმა ენერგეტიკულმა ფასებმა და რუბლის გაუფასურებამ. ამავე პერიოდში კრემლის ენერგეტიკული რესურსებიდან მიღებული შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34.5%-ით შემცირდა, მაგრამ არაენერგეტიკული სექტორებიდან შემოსავლების 26%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ შემოსავლების კუთხით კლება აჩვენა, გაზრდილია ენერგორესურსების ექსპორტის მოცულობა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთს შედარებით იაფად უწევს საკუთარი გაზისა და ნავთობის გაყიდვა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მთელი მიმდინარე წლის ბიუჯეტის დეფიციტმა შესაძლოა მშპ-ს მხოლოდ 1%-ს მიაღწიოს, რაც მიზნობრივი მაჩვენებლის მხოლოდ ნახევარია.

რუსეთი 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 36.6 ტრილიონ რუბლამდე (383 მლრდ აშშ დოლარი) გაზრდას ვარაუდობს. მთავრობის პროგნოზით, 2024 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 0.8%-მდე უნდა შემცირდეს, მაშინ, როდესაც 2023 წელს იგი 2%-ით არის განსაზღვრული. 2024 წლის სამხედრო ბიუჯეტი,მიმდინარე წელთან შედარებით, თითქმის ორმაგდებ და 10.78 ტრილიონი რუბლი იქნება (116 მლრდ აშშ დოლარი), რაც ახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით მესამედს შეადგენს.

რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის ნამეტმა 40.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 80%-ით ნაკლებია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ექსპორტი და შემომავალი ფინანსური ნაკადები აჭარბებს იმპორტსა და გამავალ ფინანსურ ნაკადებს. მათივე ინფორმაციით, მხოლოდ მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ნამეტმა 16.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მეტწილად აგვისტო-სექტემბრის პერიოდში რუსეთიდან ექსპორტის ზრდით არის განპირობებული.

რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ელვირა ნაბიულინას განცხადების თანახმად, რუსეთის ეკონომიკასამუშაო ძალის მძიმე დეფიციტი აქვს, რასაც იგი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევს. მათივე ინფორმაციით, სამუშაო ძალის ხელმისაწვდომობა რუსეთში 1998 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც მეტწილად განპირობებულია იმით, რომ მოსკოვი ფისკალური და ფიზიკური რესურსების მობილიზებას სრულად ახდენს უკრაინაში ომის საწარმოებლად. თავის მხრივ, ცხადია სამუშაო ძალის დეფიციტი ამცირებს უმუშევრობის დონეს და ზრდის ინფლაციურ წნეხს. ნაბიულინას თქმით, ახლა რუსეთის ეკონომიკა ისეთ ფაზაში, როდესაც თითქმის სრულად იყენებს არსებულ ფიზიკური სამუშაო ძალის რესურსებსა და საწარმოო შესაძლებლობებს. უმუშევრობის საშუალო დონე რუსეთში 3%-მდე შემცირდა, ზოგიერთ რეგიონში კი იგი უფრო დაბალ ნიშნულზეა, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკას პრაქტიკულად არ რჩება სამუშაო ძალა და რუსეთის ეკონომიკის შემდგომი ზრდისთვის შრომის პროდუქტიულობის ზრდაა საჭირო.

ინფლაცია

მიმდინარე წლის ოქტომბერში რუსეთში ფასების საყოველთაო დონის ზრდის წლიურმა მაჩვენებელმა 6.6% შეადგინა, რომელიც სექტემბერთან (6%) შედარებით,მცირედით მეტია. აგვისტოში წლიური ინფლაციის დონე 5.3% იყო. შედარებისთვის, გასული წლის ოქტომბერში რუსეთში ინფლაციამ 12.6%, სექტემბერში 13.7%, აგვისტოში კი 14.3% შეადგინა. ცენტრალური ბანკის პროგნოზის თანახმად, 2023 წელს ინფლაციის საშუალო დონე 7-7.5%-ის ფარგლებში იქნება მოქცეული, ხოლო არსებული მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პირობებში, 2024 წელს მისი შემცირება 4-4.5%-მდეა ნავარაუდევი.

რუსეთის ცენტალური ბანკის პრეზიდენტის ელვირა ნაბიულინას განცხადებით, რუსეთში ინფლაციურმა წნეხმა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში პიკს მიაღწია და მისი კლება მხოლოდ მომდევნო წლის გაზაფხულიდან არის ნავარაუდევი. მათივე პროგნოზის თანახმად, ინფლაციის 4%-იანი სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა 2024 წლის ბოლომდე რთული ამოცანა იქნება. ცენტრალურმა ბანკმა მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს მონეტარული განაკვეთი კიდევ 200საბაზო პუნქტით გაზარდა, რამაც 15%-იან ნიშნულ მიაღწია, რაც გასული წლის მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ნაბიულინას განცხადებით, მონეტარული საბჭოს მომდევნო სხდომაზე, რომელიც 15 დეკემბერს არის ჩანიშნული, შესაძლოა განაკვეთის კიდევ უფრო გაზრდის გადაწყვეტილება მიიღონ, რაც მზარდი ინფლაციით არის განპირობებული. სავარაუდოდ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მაღალ განაკვეთს რუსეთი 2024 წელსაც შეინარჩუნებს.

ეროვნული ვალუტა

მიმდინარე წლის ოქტომბერში ერთი დოლარის საშუალო ღირებულება 97 რუსული რუბლი იყო, სექტემბერში 96, ხოლო აგვისტოში 95 რუბლი. რაც შეეხება გასულ წელს, 2022 წლის ოქტომბერში ერთი დოლარის შეძენა, საშუალოდ, 61 რუსულ რუბლად, ხოლო სექტემბერსა და აგვისტოში 60 რუბლად იყოშესაძლებელი. რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, რუბლის მკვეთრი დევალვაცია შიდა მოთხოვნის გადახურებით, იმპორტზე გაძლიერებული მოთხოვნითა და სავალუტო მიწოდების შეზღუდვით არის განპირობებული.

გაუფასურებული ეროვნული ვალუტა და ინფლაცია რუსეთს ომის ბიუჯეტის დაბალანსებაში ეხმარება. რუბლის დევალვაციამ ასევე ხელი შეუწყო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას, იმ შემოსავლის გაზრდით, რომელსაც მთავრობა ენერგეტიკული რესურსების ექსპორტიდან იღებს. ზოგადად, გაუფასურებული ეროვნული ვალუტა ხელსაყრელია ექსპორტიორებისთვის, რადგან მათ შესაძლებლობა უჩნდებათ იმავე რაოდენობის პროდუქციის გაყიდვით უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ.

მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს, რუსეთის მთავრობამ ხელახლა შემოიღო კაპიტალის კონტროლის ზომები, რაც გასული წლის 24 თებერვლის შემდეგ შევიდა ძალაში, როდესაც ერთ აშშ დოლარის ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს 135 რუბლს მიაღწია. ამ ბოლო გადაწყვეტილების მიხედვით, ექსპორტიორებს მიღებული უცხოური ვალუტის რუბლში კონვერტაცია დაევალათ. მათივე განცხადებით, ამ გადაწყვეტილებების მიზანია სავალუტო ბაზრის გამჭვირვალობისა და პროგნოზირებადობის გაზრდა, ასევე სავლუტო სპეკულაციების შემცირება. ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული ზომები ეროვნული ვალუტის გამყარებას შეუწყობს ხელს.

***

ამრიგად, დასავლური სანქციების მიუხედავად, რუსეთი მაინცახერხებს მცირე, თუმცა დადებითი ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნებას. კრემლის პრეს-სპიკერის,დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი შეეგუა სანქციებთან თანაცხოვრებას და შემდგომი მკაცრი ზომებისაღარ ეშინიათ. ამ კუთხით, რუსეთისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგეტიკულ რესურსებზე გლობალურად გაზრდილი ფასები, რომელიც მეტწილად უკავშირდება OEPC+ წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას ბაზრისთვის ნავთობის მიწოდების შემცირების თაობაზე. ბოლო რამდენიმე თვეა რუსული ურალის ფასმა დიდი შვიდეულის ქვეყნების მიერ დაწესებულ 60დოლარიან ზედა ზღვარსაც გადააჭარბა და ამჟამად ბარელი ურალის ფასი 75 დოლარის ფარგლებში მერყეობს. მხოლოდ ოქტომბერში რუსეთმა გაზისა და ნავთობის რეალიზაციიდან 17.6 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა თვესთან შედარებით,გაორმაგებულია. მოსალოდნელია, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.

ექსპერტების ნაწილის ვარაუდით, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება. გარდა ამისა, ზრდა ფიქსირდება ინდუსტრიებში, რომელიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ომთან. ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „Carnegie Endowment for International Peaceმიხედვით, გასულ წელთან შედარებით, რუსეთში სატრანსპორტო საშუალებების წარმოება გაზრდილია 66.7%-ით, კომპიუტერებისა და ელექტროტექნიკის 42.6%-ით, ნავიგაციის მოწყობილობების 72.4%-ით, ელექტრონული საშუალებების 29.5%-ით, ხოლო დამცავი ტანსაცმლის წარმოება 40.4%-ით . სამოქალაქო სექტორის ინდუსტრიების უმეტესობა დაუბრუნდა კიდეც წარმოების ომამდელ ნიშნულს. ცხადია, ამ კუთხით რუსეთს უდიდეს დახმარებას უწევენ პარტნიორი ქვეყნები, როგორებიცაა  ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და სპარსეთის ყურის ქვეყნები.

უკრაინაში აგრესიული ომის დაწყებიდან 600 დღის შემდეგ ფაქტია, რომ მოსკოვი გარკვეული გზებით ახერხებს სანქციების გვერდის ავლას, ნახულობს როგორც საწარმოო საშუალებების ალტერნატიულ მომწოდებლებს, ისე ახალ ბაზრებს საკუთარი ენერგორესურსების სარეალიზაციოდ და ამავდროულად ინარჩუნებს მეტნაკლებად სტაბილურ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. სამწუხაროდ, ამ დრომდე ის ეკონომიკური სირთულეები, რაც სანქციებმა რუსეთს შეუქმნა, არ აღმოჩნდა საკმარისი ომის შესაჩერებლად. ჯერჯერობით უცნობია, ამ მიმართულებით რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება დასავლეთის მხრიდან, თუმცა ომი გრძელდება და რუსეთი კიდევ უფრო ანგრძლივი კრიზისისთვის ემზადება.