საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით, 2023 წლის 18-19 მაისს თბილისში რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა, რომელიც წელს რუსეთ-უკრაინის ომსა და მის გეოპოლიტიკურ შედეგებს მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის კვლევითი ორგანიზაციების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლები. კონფერენციაზე მომხსენებლებმა იმსჯელეს რუსეთ-უკრაინის, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დამანგრეველი ომის შედეგად წარმოქმნილ გლობალურ გამოწვევებზე.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით რონდელის ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა მიმართა და აღნიშნა, რომ ჩვენი არჩევანი ვერ იქნება დაცული NATO-სა და ევროკავშირის წევრობის გარეშე. მან, აგრეთვე, დასძინა რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც შეგვასრულებინებს ჩვენი ცივილიზაციის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებებს, რაც ამავდროულად, განამტკიცებს ჩვენს თანამედროვე პოლიტიკურ არჩევანს და დაიცავს დემოკრატიასა და დამოუკიდებლობას ავტოკრატიული ძალებისგან.

რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად განვითარებული რეგიონული უსაფრთხოების დინამიკა ევრაზიის კონტინენტზე, რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობები, რეგიონული ძალების საგარეო პოლიტიკა და სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის უახლესი გეოპოლიტიკური ტენდენციები.

კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მის მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანთან ისე ახლოსაა, ვიდრე არასდროს მანამდე. „იმისთვის, რომ მივაღწიოთ აღნიშულ მიზანს, საერთაშორისო თანამეგობრობა დაუჭერს და უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს ამ პროცესში, განსაკუთრებით , კი რუსეთის მხრიდან ქვეყნის დასუსტებისა და დაყოფის მიმდინარე მცდელობების ფონზე“.

კონფერენციაზე ექსპერტებმა და მონაწილეებმა იმსჯელეს შემდეგ მთავარ სადისკუსიო თემებზე: რა პირობებითაა შესაძლებელი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება, რა სტრატეგიები აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნატოსა და ევროკავშირს ამ საკითხთან მიმართებით, რა მომავალი აქვს პუტინის რეჟიმს და მის იმპერიულ პროექტს – მოიპოვოს დომინაცია პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპაში, შეცვალა თუ არა რუსეთ-უკრაინის ომმა რეგიონული ბალანსი სამხრეთ კავკასიაში, რა როლი აქვთ დღეს რეგიონში აშშ-ს, ევროკავშირს, რუსეთს, თურქეთსა და ირანს, დაასუსტა თუ არა რუსეთ-უკრაინის ომმა რუსული გავლენა ცენტრალურ აზიაში, გაფართოვდება თუ არა ნატო რუსული აგრესიის შედეგად, რა სტადიაშია საქართველოს ევროპული კურსი მას შემდეგ, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.

2023 წლის რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა გერმანიის მარშალის ფონდის (GMF), შავი ზღვის რეგიონული თანამრომლობის ინიციატივისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის (Friedrich Ebert Stiftung) მხარდაჭერით.
რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია 2023