ავტორი: ვასილ ღლონტი, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი, აღმოსავლეთმცოდნე, დაზვერვის ანალიტიკოსი

 

შესავალი

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ბირთვული პროგრამის განვითარება თავიდანვე მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. 2005 წელს  დაწყებული ეს პროცესი რამდენჯერმე შეფერხდა, თუმცა 2015 წლის 20 ივლისს ძალაში შევიდა  გაეროს უშიშროების საბჭოს 2231-ე რეზოლუცია, რომელმაც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, რუსეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ირანის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. ამ რეზოლუციის ძირითადი მიზანი იყო ირანის ბირთვული პროგრამისა და ირანული ბალისტიკური რაკეტების წარმოების საერთაშორისო კონტროლი. 2023 წლის 18 ოქტომბერს რეზოლუციას ვადა გაუვიდა და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ პუნქტებთან ერთად, მის ფარგლებში გაუქმდა ირანისათვის სამხედრო სფეროში დაწესებული სანქციებიც, რომელთა თანახმადაც, ირანთან ბალისტიკურ რაკეტებთან და სხვა მაღალტექნოლოგიურ იარაღთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობა იკრძალებოდა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო უშიშროების საბჭოს მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებული სხვა სანქციები „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ ძალაში შესვლისთანავე გაუქმდა, ხოლო 2020 წლის ოქტომბერში ჩვეულებრივ და მსუბუქ იარაღზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

ზოგადად, რამდენად ეფექტური და შედეგიანი იყო გაეროს მიერ ირანის საწინააღმდეგოდ დაწესებული სანქციები? რეალურად, რა მიზანი ამოძრავებდა ირანს, როცა ატომურ პროგრამასთან, ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების სფეროსთან დაკავშირებულ რეზოლუციებს აწერდა ხელს და რას ელოდა კონკრეტულად 2231 რეზოლუციისგან გაეროს უშიშროების საბჭო? ჩვენი ნაშრომის ამოცანას სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა წარმოადგენს.

გაეროს ანტიირანული სანქციები

2005 წელს  ირანის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საკუთარი ბირთვული პროგრამის განახლების შესახებ მისი მდგომარეობა საერთაშორისო არენაზე საგრძნობლად გააუარესა, რადგან ამ საკითხმა საერთაშორისო საზოგადოებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. სავარაუდოდ, მისი წევრები იმ გარემოებამ შეაშფოთა, რომ მსოფლიოს ენერგორესურსებით მდიდარ, უმნიშვნელოვანეს ახლო აღმოსავლეთის საკვანძო რეგიონში ისლამური ფუნდამენტალისტური იდეოლოგიის მქონე ოდიოზური რეჟიმი, რომელიც აქტიურად აფინანსებდა, ამზადებდა და შემდგომში საკუთარი სახელმწიფო ინტერესების საკეთილდღეოდ იყენებდა ისეთ ტერორისტულ ორგანიზაციებს, როგორებიცაა „ჰეზბოლა“, „ჰამასი“, „ისლამური ჯიჰადი“  და სხვები, შესაძლოა პერსპექტივაში   ბირთვული იარაღის მფლობელი გამხდარიყო.  მით უმეტეს, რომ ირანის ხელისუფლებამ ბირთვული პროგრამის განვითარების კურატორობა თავისი ძალაუფლების მთავარ დასაყრდენს – „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ ჩააბარა. ის, რომ ეს გასამხედროებული ორგანიზაცია გლობალური მასშტაბით საერთაშორისო კანონმდებლობის მრავალჯერ დარღვევაში, ტერორიზმის დახმარება/დაფინანსებაში, იარაღის და ნავთობპროდუქტების კონტრაბანდასა და საერთაშორისო ნარკოტრაფიკში იყო მხილებული, ხოლო მისი მაღალჩინოსნებისა და მასთან დაკავშირებული კომპანიების წინააღმდეგ აშშ-ს  ცალმხრივი სანქციები ჰქონდა დაწესებული,  ყოველთვის იწვევდა მსოფლიო საზოგადოებრიობის ნეგატიურ რეაქციას. დიდი ალბათობით, სწორედ ამან განაპირობა 2006-2015 წლებში ირანთან დაკავშირებით  გაეროს უშიშროების საბჭოს 13 რეზოლუციის მიღება იმ მოთხოვნით, რომ ისლამურ რესპუბლიკას შეეწყვიტა ურანის გამდიდრება და „მძიმე წყალზე“ მომუშავე ბირთვული რეაქტორის მშენებლობა.

სამწუხაროდ, ამ რეზოლუციებმა თავისი ფუნქცია ბოლომდე ვერ შეასრულეს, რადგან მონაწილე მხარეებს შორის წინააღმდეგობების მთელი სპექტრი არსებობდა. ამის გამო 2015 წლისთვის  მსოფლიოს პოლიტიკური ელიტის დღის წესრიგში ახალი, ქმედითუნარიანი რეზოლუციის მიღების საკითხი დადგა. იქიდან გამომდინარე, რომ გაეროს 2231-ე რეზოლუციის და მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილის „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ ინიციირება/განხორციელების უკან გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია, ანუ „დიდი ექვსეული“ იდგა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამით მსოფლიოს პოლიტიკური ელიტა ირანთან ურთიერთობების საბოლოოდ მოგვარებასა და მისი ბირთვული პროგრამის გაკონტროლებას ცდილობდა. მათ ძირითად  მოთხოვნას  ურანის გამდიდრების პროცესისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების  შეჩერება წარმოადგენდა. თუმცა, 2018 წელს აშშ-ის ამ ხელშეკრულებიდან გასვლა გვიჩვენებს, რომ მის ხელისუფლებას ირანი საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების უგულებელყოფაში ჰყავდა შემჩნეული. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელშეკრულებას „ცალმხრივი და არაფრის მომტანი“ უწოდა და ირანის საწინააღმდეგო მკაცრი სანქციები ხელახლა აღადგინა. ის გარემოება, რომ ტრამპის გადაწყვეტილებას ბევრი ამერიკელი პოლიტიკოსი არ დაეთანხმა და ბევრმა გააკრიტიკა, ადასტურებს, რომ აშშ-შივე გარკვეული გავლენიანი პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, ირანთან ურთიერთობების დათბობის მომხრე იყვნენ. ამ ფონზე ფაქტი, რომ დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამაც დონალდ ტრამპის ხელშეკრულებიდან გასვლა გააკრიტიკა, გვიჩვენებს, რომ ეს ევროპული სახელმწიფოები „ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმაზე“  დიდ იმედს ამყარებდნენ და მის გადარჩენას ყველანაირად ცდილობდნენ.  თუმცა, ის, რომ უკვე 2023 წლის 17 ოქტომბერს ევროკავშირმა, ირანული მხარის მიერ ბირთვული შეთანხმების დარღვევის გამო, მისი საწინააღმდეგო სანქციების გაუქმებაზე უარი განაცხადა და სანქციები ცალმხრივად ძალაში დატოვა, გვაფიქრებინებს, რომ ევროპის პოლიტიკური ელიტა აიათოლების რეჟიმს აღარ ენდობა და ირანის ბირთვულ პროგრამას, ბალისტიკური რაკეტების/დრონების ექსპორტთან ერთად, კვლავ განსაკუთრებით გააკონტროლებს. ამასთან, სანქციები  და ჯარიმები კვლავ შეეხებათ აღნიშნულ სფეროებთან დაკავშირებულ ირანელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მათ შორის – ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსნებს. იქიდან გამომდინარე, რომ „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ (JCPOA) ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ  ირანისათვის დაწესებული სანქციების გაუქმებაზე ჯერ კიდევ მიმდინარე წლის სექტემბერში თქვეს უარი, ევროკავშირის ახლანდელი გადაწყვეტილება მაშინვე იყო იოლად პროგნოზირებადი.

ამ ფონზე, აშშ-ს, ევროკავშირის ქვეყნებსა და ირანს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება, დიდი ალბათობით, იმანაც განაპირობა, რომ  ისლამურმა რესპუბლიკამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში სამხედრო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატებით მოამარაგა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, თათრეთის ქალაქ ელაბუგაში, დრონების ასაწყობი ქარხანა დააარსა. ეს კი, თავისთავად, 2231 რეზოლუციის დარღვევას წარმოადგენს. აღნიშნულ ომში ირანული მხარის დესტრუქციულ ქმედებებსა და საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფის ფაქტზე აშშ-ის განსაკუთრებულად მკვეთრი რეაქცია მოწმობს, რომ მისი პოლიტიკური ელიტა ირანის რეჟიმის დასუსტებას კვლავ დიდ ყურადღებას აქცევს. ამას ის გარემოებაც გვიდასტურებს, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ მიმდინარე წლის ოქტომბერში, გაეროს 2231 რეზოლუციის ვადის გასვლის გამო, ირანს, ევროკავშირის მსგავსად, მაშინვე ახალი სანქციები დაუწესა. ის ფაქტი, რომ ამერიკული მხარის მიერ დაწესებული სანქციების ძირითად სამიზნეს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და მასთან აფილირებული კომპანიები წარმოადგენენ, გვიდასტურებს, რომ აშშ-ის ხელისუფლება და სპეცსამსახურები, თავის ევროპელ კოლეგებთან ერთად, ირანული  ბირთვული პროგრამის განვითარებასა და ბალისტიკური რაკეტების/დრონების წარმოების საქმეში ძირითად მოთამაშედ სწორედ ამ ირანულ სპეცსამსახურს მიიჩნევენ. საფიქრებელია, რომ ამერიკული მხარის მიზანს, ევროკავშირის წევრების მსგავსად, ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების წარმოების შეზღუდვა/კონტროლზე აყვანა წარმოადგენს, რაც ირანის საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის არსებულ კოორდინაციაზე მიგვითითებს.

ამ  რეალობის ფონზე, თავის მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომში რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილი კრემლი ცდილობს, რომ ირანსა და დასავლეთს შორის არსებული წინააღმდეგობები თავისი სახელმწიფო ინტერესებისათვის გამოიყენოს და ისლამური რესპუბლიკა სტრატეგიულ მოკავშირედ გაიხადოს. საფიქრებელია, რომ თავისი შორს მიმავალი გეგმების განსახორციელებლად და დასახული მიზნის მისაღწევად რუსეთი ირანისათვის ბირთვული პროგრამის განვითარებაში გაწეული დახმარების ფაქტორს აქტიურად გამოიყენებს. დიდი ალბათობით, გაეროს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციის ძალადაკარგულად გამოცხადება სამხედრო სფეროში რუსეთ-ირანის  თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას შეუწყობს ხელს, რადგან ბევრი ბარიერი მოიხსნება. რუსული მხარის მოლოდინს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც გვიდასტურებს.

თავის მხრივ ირანი, ჩვენი შეფასებით, აღნიშნული 2231 ხელშეკრულების პირობების შესრულებას თავიდანვე არ აპირებდა და მასზე ხელის მოწერა მხოლოდ დროის გაყვანა/მოგებას ემსახურებოდა. დიდი ალბათობით, ირანი, აღმოსავლური ეშმაკობით, 2006 წლიდან მოყოლებული, ყოველ ახალ ხელშეკრულებას მხოლოდ იმ მიზნით აწერდა ხელს, რომ ამით „ჩამოეწერა“  წინა შეთანხმებები, რომელთა ძირითადი პუნქტები, დაკავშირებული ბირთვულ პროგრამასთან და ბალისტიკურ რაკეტებთან,  მან ბევრჯერ დაარღვია. იქიდან გამომდინარე, რომ ისლამური რესპუბლიკისთვის ატომური იარაღის ფლობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს მას მეტ პოლიტიკურ წონას, ძალისმიერ ბერკეტს და სამხედრო ძალას შესძენდა, საფიქრებელია, რომ ირანი ურანის გამდიდრების პროცესს ფარულ რეჟიმში, ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგაც, აგრძელებდა. ამას გვიდასტურებს „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს“ მიერ ირანში, მიწისქვეშ არსებულ, დახურულ და გასაიდუმლოებულ ქარხანა „ფორდოში“, 2023 წლის იანვარში ჩატარებული სინჯების შედეგად, 83, 7 %-მდე გამდიდრებული ურანის ნაწილაკების აღმოჩენა. არაა გამორიცხული, რომ მომავალში ირანს ატომური იარაღის დასამზადებლად საჭირო გამდიდრებული ურანის საკმარისი რაოდენობაც დაუგროვდეს.  ამავე დროს ირანს, სავარაუდოდ, ბირთვული ქობინის დამზადებისთვის რამდენიმე წელი მაინც დასჭირდება, თუმცა ისლამური რესპუბლიკის მიერ ბალისტიკური რაკეტების წარმოების სფეროში დაფიქსირებული ბოლოდროინდელი მიღწევებიდან გამომდინარე, ეს დრო შეიძლება საგრძნობლად შემცირდეს.

 

დასკვნა

ჩვენი შეფასებით, 2006-2023 წლებში ირანის ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების გაკონტროლება/შეჩერების  მიზნით მიღებულმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებმა და საერთაშორისო სანქციებმა მხოლოდ ნაწილობრივ იმოქმედეს და სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის 20 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული ბოლო №2231 რეზოლუცია ირანის ხელმძღვანელობასა და მსოფლიოს პოლიტიკურ ელიტას შორის ურთიერთობების დარეგულირებას და ირანული ატომური პროგრამის განვითარების საერთაშორისო ნორმის ფარგლებში ჩასმას ითვალისწინებდა, მხარეებმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს. დიდი ალბათობით, რეზოლუციამ და მის ფარგლებში არსებულმა „ერთობლივმა ყოვლისმომცველმა სამოქმედო გეგმამ“ მის ხელმომწერებს შორის ინტერესთა პოლარიზების მაღალი ხარისხის არსებობის გამო ვერ იმუშავა, რაშიც განსაკუთრებული როლი ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების ძირითადი პუნქტების ხშირმა დარღვევამ და საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფამ შეასრულა.

დიდია ალბათობა, რომ ირანული მხარე დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულებას თავიდანვე არ აპირებდა და მთელ ამ ხნის განმავლობაში დროის გაყვანა/მოგებას ცდილობდა. ამას ის გარემოებაც გვიდასტურებს, რომ ურანის გამდიდრების პროცესის ფარულ რეჟიმში განხორციელების პარალელურად, ირანი ბალისტიკური რაკეტების პროგრამებსაც ასევე დახურულ რეჟიმში გარკვეული წარმატებით ავითარებდა. ის, რომ ირანი საჯაროდ არ მალავდა უკმაყოფილებას, რომ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ისრაელს ბირთვული იარაღი ჰქონდათ, გვიჩვენებს, რომ ირანული მხარე ბირთვული პროგრამის სამხედრო კომპონენტის განვითარებაზე უარის თქმას არასდროს აპირებდა. ფაქტობრივად, ირანის რეჟიმმა, შექმნილი სირთულეების მიუხედავად, მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, სხვადასხვა სახის შეზღუდვებს და შიდა არეულობასაც კი, ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად გაუძლო. მას, სავარაუდოდ, გარე ფაქტორებიდან ამაში ხელი შეუწყო რუსეთის და ჩინეთის გაურკვეველმა პოზიციამაც, რომლებიც ირანის რეჟიმს სხვადასხვა ხერხით ეხმარებოდნენ და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ეფექტურობასაც შეძლებისდაგვარად ასუსტებდნენ. ამასთანავე, ისიც აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ს გასული წლების განმავლობაში ირანის საკითხთან მიმართებით ხშირად განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ, რამაც აგრეთვე ირანის წისქვილზე დაასხა წყალი.

ამ ფონზე, სავარაუდოდ, ირანი, რუსეთი, ჩინეთი და შესაძლოა ჩრდილო კორეაც კი გაეროს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციის ვადის გასვლით ისარგებლებენ და სამხედრო სფეროში, განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების წარმოების კუთხით, ერთმანეთთან თანამშრომლობას მნიშვნელოვნად გააფართოებენ, რაც მსოფლიოში არსებულ ისედაც მაღალ პოლიტიკურ ტემპერატურას კიდევ უფრო აწევს.