2023 წლის მარტიდან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი საქართველოს სხვადასხვა საკითხის თაობაზე ოკუპანტი რუსეთის განცხადებებს აკვირდება. საქართველოს შესახებ რუსეთის განცხადებების მიმოხილვის გამოცემები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

*მიმოხილვის მეოთხე პუბლიკაცია მეტწილად 2023 წლის 16 ივნისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

 

მოსკოვი კვლავ იმუქრება ოკუპირებული ქართული ტერიტორიების რუსეთთან შეერთებით

23 აგვისტოს რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც კვლავ იმუქრება ოკუპირებული ქართული ტერიტორიების რუსეთთან შეერთებით.

„ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. ჩვენ მზად ვართ  მოლაპარაკებების მაგიდასთან გადავჭრათ პრობლემები გაეროს წესდების სულისკვეთებით. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურად გამოიკვეთება, ჩვენ არ დავაყოვნებთ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია. და ის შეიძლება განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იქნება“, – წერს მედვედევი.

  • ამავე დღეს ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი პრეზიდენტის ე.წ. სახელმწიფო მრჩეველმა, ვიაჩესლავ გობოზოვმა, რუსეთის სახელმწიფო მედიას უთხრა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ სურვილი და ერთ-ერთი პრიორიტეტია რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს შეუერთდეს.

„ამიტომ ვლაპარაკობთ ბელარუსის მიერ ჩვენი აღიარების მნიშვნელობაზე. ეს გახსნის გზას სამოკავშირეო სახელმწიფოსკენ და რესპუბლიკას ახალ ჰორიზონტს მოუნიშნავს“, – თქვა მან.

  • ამასთან, 25 აგვისტოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტმა ლიდერმა ალან გაგლოევმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევთან შეხვედრისას რუსეთთან შეერთების სურვილი გამოხატა.

„…მინდა დაგარწმუნოთ, პატივცემულო დმიტრი ანატოლიევიჩ, რომ ჩვენ დღესაც მზად ვართ რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციის პროცესების განსავითარებლად, რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებამდე“, – თქვა მან.

  • 26 აგვისტოს კი ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. აღიარების დღეს ალან გაგლოევისათვის მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ „ქვეყნებს შორის ურთიერთობამ ალიანსისა და ინტეგრაციის დონეს მიაღწია“.
  • მას შემდეგ, 10 სექტემბერს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა სერგეი ლავროვისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ მათ შორის არსებული „კარგი და კონსტრუქციული“ ურთიერთობები „სამხრეთ ოსეთ-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებასა და გაღრმავებაში და ქვეყნების საკეთილდღეოდ ინტეგრაციული პროცესების გააქტიურებაში“ წვლილის შეტანას განაგრძობს.

აღსანიშნავია, რომ ივლისში ვლადიმირ პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „ორმაგი მოქალაქეობის“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა. „ორმაგი მოქალაქეობის“ საკითხი პუტინის ინიცირებულია. რუსული მხარე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთთან ფორმალურ შეერთებასთან დაკავშირებით პერიოდულად იმუქრება.

 

რუსეთი საქართველოს ხელისუფლებაზე კვლავ დადებით კომენტარს აკეთებს

26 აგვისტოს დმიტრი მედვედევმა ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლების შესახებ დადებითი კომენტარი გააკეთა.

  • „ხელმძღვანელების ამჟამინდელი თაობა და ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოში ხელისუფლებაშია, ყოველ შემთხვევაში, პრაგმატიზმით გამოირჩევა, შეუძლებელია ეს არ აღვნიშნოთ. ამიტომ ჩვენ ახლა მათთან ურთიერთობას ვავითარებთ, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში კვლავ ვიზის გარეშე შემოსვლის ნება მივეცით, სწორედ ამიტომ დაიწყო ფრენები“, – თქვა მან.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას „ეყოფოდა პრაგმატიზმი, რომ აღიაროს რეალობა – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტებად არსებობა და დაამყაროს მათთან ურთიერთობა, რადგან ისტორიულად მაინც ახლო ხალხია“.

  • მედვედევს ასევე სჯერა, რომ საქართველო-რუსეთის „მეგობრული ურთიერთობების დაბრუნება“ შორს არ არის.
  • საქართველოს პოლიტიკაზე საუბრისას მედვედევმა ისიც თქვა, რომ იქაც იყვნენ „გიჟები და უცნაური ადამიანები“ და შემდეგ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბარი გააგრძელა: „საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი საერთოდ ქართულად ლაპარაკობს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ის არის ფრანგი იტალიური ნიშნებით, რომელიც თავისი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მადლობა ღმერთს, ასეთი პოლიტიკოსები იქ მთავარ როლს არ ასრულებენ. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის როლი საქართველოში დღეს, იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაა, მინიმალურია“.

აღსანიშნავია, რომ 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა.

 

მედვედევი ირწმუნება, რომ ყველაფერი, რაც ქართულ კულტურასთანაა დაკავშირებული, რუსული კულტურის ნაწილად აღიქმება

მედვედევის თქმით, მას საქართველოს კულტურასა და ტრადიციებთან პოზიტიური დამოკიდებულება აქვს, თუმცა იქვე იმპერიალისტური ხედვა გამოხატა:

„ეს არის ძველი ერი, ძველი კულტურა, ჩვენთან ძალიან ახლო, რადგან ჩვენ მრავალი წელია მეზობლად ვცხოვრობთ, ჩვენს ქვეყანაში მათ დიდი დიასპორა აქვთ და ყველაფერი, რაც ქართულ კულტურასთანაა დაკავშირებული, გარკვეულწილად ჩვენი კულტურის ნაწილად აღიქმება… თუ მწვადს ან რაიმე მსგავსს უყურებთ ინტერნეტში, უმეტეს ქვეყნებში ის აღიქმება არა როგორც კავკასიური სამზარეულოს ნაწილი, არამედ როგორც საერთო რუსული სამზარეულოს ნაწილი“. მისივე თქმით, იგივე ეხება მუსიკას, ელიტას, მათ შორის, კულტურის.

 

„შეკვეთილი პროვოკაციები“ – მოსკოვის და „ქართული ოცნების“ შეფასებები ბათუმში სოჭიდან მომავალი კრუიზის საპროტესტო აქციაზე

პირველად, 27 ივლისს, და შემდეგ, 30-31 ივლისს, ბათუმის პორტში მოქალაქეები საპროტესტო აქციებით დახვდნენ საკრუიზო გემს ASTORIA GRANDE, რომელმაც რეისი სოჭიდან დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ჯერზე რუს ტურისტებთან ერთად გემზე ვლადიმირ პუტინის და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდამჭერი არტისტებიც იყვნენ.

  • რუსეთი მომხდარს „შეკვეთილ პროვოკაციად“ აფასებს.

ამ აქციებს 2 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა გამოეხმაურა, რომელმაც მომხდარი „მორიგ შეკვეთილ ქმედებად“ შეაფასა.

მან თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა „რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს“ მხარს არ უჭერდა და ირწმუნებოდა, რომ ამას „რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს“.

1 აგვისტოს საკითხს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის ფედერალური საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინიც გამოეხმაურა:

„სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან. რუსეთისა და რუსების მიმართ სიძულვილის ბაცილა, რომელიც მან შემოიტანა, ცოცხალია. ის დაშლის პირასაა ხოლმე, შემდეგ ისევ თავს იჩენს. საინტერესოა, რას მიაღწიეს მყვირალა-სააკაშვილებმა ბათუმში ჩვენივე ლაინერით ჩამოსული ტურისტების საწინააღმდეგო აქციით? ვინ უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობების დამყარებას? პასუხი ნათელია, მაგრამ მაინც“.

  • ამასთან, „ქართული ოცნების“ წევრები აქციას „გარე დავალებებით ნაკარნახევ პოლიტიკურ პროვოკაციად“, „პირდაპირ, მიზანმიმართულ პროვოკაციად“ აფასებდნენ.

კონტექსტი:

კრუიზი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება. გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში არ უთქვამს, რომ გემი სოჭიდან მოდიოდა.

ცოტა ხნით ადრე ქართული მხარე ირწმუნებოდა, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო-სამგზავრო თუ საკრუიზო მიმოსვლა არ ჰქონდა.

რუსეთის მოქალაქეები საქართველოში

  • CRRC-საქართველოს ივნისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში ემიგრირებული რუსეთის მოქალაქეების 93% უახლოეს პერიოდში სამშობლოში დაბრუნებას არ გეგმავს, გამოკითხულთა 49% კი ამბობს, რომ ერთი წელი ან მეტი აპირებს საქართველოში დარჩენას.
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ივლისის კვლევის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მიდგომა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით გამოკითხულთა მხოლოდ 29%-სთვის არის მისაღები. რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას კი გამოკითხულთა 69% უჭერს მხარს.

 

რუსული დეზინფორმაცია აგვისტოს ომზე

  • 8 აგვისტოს დმიტრი მედვედევმა აგვისტოს ომზე კრემლის მრავალ დეზინფორმაციას ისიც დაამატა, რომ რუსეთის არმიის ძალებს ხუთი დღე დასჭირდათ „[საქართველოს] თავხედი ნაციონალისტების დაუყოვნებლად, მკაცრად დასასჯელად“.

„მათ დაიცვეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ჩვენი ხალხი მტრისგან“, – თქვა მედვედევმა.

  • აგვისტოს ომის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანატოვმაც რუსული დეზინფორმაცია გაიმეორა და თქვა, რომ აშშ-ს რუსეთზე „ბრალის გადატანა სურდა“. მისი თქმით, „ფაქტები ადასტურებს, რომ ამ მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, სააკაშვილს, ეკისრება“.
  • 8 აგვისტოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელა“, მეორე წინადადებაში კი საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება ღალატში დაადანაშაულა: „15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე უდიდესი ღალატი ჩაიდინა“.

აღსანიშნავია, რომ კრემლი და „ქართული ოცნება“ აგვისტოს ომის დაწყების დღედ, ტრადიციულად, 8 აგვისტოს ასახელებენ, რაც რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდაა მაშინ, როდესაც, რეალურად, საქართველოში რუსული ჯარის შემოჭრის შემდეგ, 7 აგვისტოს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი საქართველოს წინააღმდეგ.

 

ლავროვის თქმით, საქართველოში „ქართული მაიდანი“ მოაწყვეს და დასავლეთს ოცნების მთავრობა არ მოსწონს

26 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს შესახებ განაცხადა შემდეგი:

  • „… პროცესები მიდიოდა საქართველოში, სადაც დასავლეთს არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება. იქ მას წინ აღუდგნენ, სააკაშვილის (რომელიც ხელისუფლებაში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა) მხარდამჭერებმა „ქართული მაიდანი“ მოაწყვეს, რაც სრულიად შეეფერებოდა დასავლეთს“.

როგორც ჩანს, ლავროვმა მარტში საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები იგულისხმა.

რუსული მხარე გასულ თვეებშიც არაერთხელ გამოხმაურებია მომხდარს. ლავროვს მაშინ უთქვამს, რომ თბილისის მოვლენები ძალიან ჰგავდა უკრაინის მაიდანს.

 

რუსეთის აეროპორტის თანამფლობელი ამბობს, რომ რუსებისთვის თბილისი მეოთხე „კარგი“ სატრანზიტო ჰაბია

  • 5 ივლისიდან ქართულმა ავიაკომპანიამ „საქართველოს ავიახაზებმა“ მოსკოვიდან ნიცაში თბილისის გავლით ტრანზიტულად ფრენების დაწყება დააანონსა.

როგორც რუსეთის სამთავრობო მედია წერს, ნიცის გარდა, Georgian Airways ტრანზიტულ ფრენებს მოსკოვიდან პარიზის, ამსტერდამის, ვენის, თესალონიკის, თელ-ავივის, მილანის, ბერლინისა და ლარნაკის მიმართულებით ასრულებს.

  • 13 ივლისს რუსეთის ვნუკოვოს აეროპორტის და „აზიმუტის“ ავიახაზების თანამფლობელმა ვიტალი ვანცევმა თქვა, რომ საქართველოს ავიახაზები ასეთივე ფრენას რომის მიმართულებითაც იწყებდა.

მან აღნიშნა, რომ შედეგად, რუსები მიიღებდნენ მეოთხე „კარგ სატრანზიტო ჰაბს“ თბილისში, სტამბოლის, ერევნისა და ბაქოს შემდეგ.

  • საყურადღებოა, რომ 5 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა გასცა.

 

რუსეთის საბაჟო სამსახურის უფროსის აზრით, რუსეთისთვის დასავლეთის ეკონომიკური ბლოკადა ლარსზე ირღვევა

21 ივნისს რუსეთის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან დავიდოვმა თქვა, რომ, მისი აზრით, ეკონომიკური ბლოკადა, რომელიც რუსეთს ევროპის ქვეყნებმა მოუწყვეს, ახლა ირღვეოდა ზემო ლარსზე.

  • მისივე თქმით, „ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნით“ მათ 15 მლნ ტონა ტვირთის გადატანა შეუძლიათ და მხოლოდ ზემო ლარსზე ტვირთბრუნვის 20%-ზე მეტი ზრდა იყო.

აღსანიშნავია, რომ რუსულმა მხარემ ივნისში ზემო ლარსის გამშვებ პუნქტში ოთხი ზოლის დამატება დაანონსა. იქამდე, 2022 წელს, რუსეთმა ზემო ლარსის გამშვებ პუნქტს 12 ზოლი დაამატა.

 

რუსულ-ქართული უნივერსიტეტი?

საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ 15 ივლისის ინტერვიუში განაცხადა, რომ სანქტ-პეტერბურგში ქართულ-რუსული ფორუმი „დიალოგი-2023“ გაიმართა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორები, ქართველი და რუსი ექსპერტები ესწრებოდნენ. მან თქვა, რომ ახლა კონკრეტულად ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსების საკითხი განიხილებოდა.

„ამ ეტაპზე ვეძებთ შესაფერის ადგილს ამ სასწავლო დაწესებულების განთავსებისთვის. უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნება – დაფინანსების ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს. ეს იქნება უნიკალური უნივერსიტეტი, რომელიც სრულად დაკომპლექტდება რუსული მხარის მიერ. მჯერა, რომ სექტემბრის ბოლომდე გვექნება უფრო ნათელი სურათი და ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით დეტალები გვექნება“, – თქვა მან.

მან ასევე დააანონსა, რომ სექტემბერში „გეგმავდნენ“ მორიგ ვიზიტს რუსეთში და რუსული მხარისგან „ახალ საინტერესო ინიციატივებს“ ელოდებოდნენ.

  • „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის თქმით, თუ ეს საკითხი რაღაც ფორმით ფაქტს დაემსგავსებოდა, მან ამ შემთხვევაში კომენტარის გაკეთების მზაობა გამოხატა. თუმცა, იქვე დაამატა შემდეგი:

„თუ საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, ინსტიტუციების დაფუძნება გაინტერესებთ, არაერთი ევროპული, ამერიკული ინსტიტუტი და უნივერსიტეტი დაარსებულა და არ მახსოვს, რომ აღნიშნულ თემაზე რაიმე კითხვა გაგეკეთებინათ და დაგესვათ“.

  • 24 ივლისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ საკითხზე განაცხადა, რომ ასეთი სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობდა და „აღნიშნულთან დაკავშირებით“ გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციად შეაფასა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ცოტა ხნის წინ ქართული მხარე ასევე უარყოფდა რუსეთთან ფრენების აღდგენის თუ რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან მიმოსვლის საკითხებს, გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ამ ამბავს გაგრძელება მოჰყვება.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის 29 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს რუსულ უნივერსიტეტებში სწავლას უფასოდ სთავაზობს.

„საუკეთესო რუსული უნივერსიტეტები კალინინგრადიდან ვლადივოსტოკამდე მზად არიან მიიღონ სტუდენტები საქართველოდან რუსეთის ფედერაციის მთავრობის კვოტით“, ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ასევე წერია, რომ  რუსული მხარე სტუდენტებს სტიპენდიას და საერთო საცხოვრებელში დაბინავებას სთავაზობს.

 

რუსული მხარის თქმით, რუსეთსა და სომხეთს შორის საქართველოს გავლით ტრანზიტული კომუნიკაციის გადაწყვეტა პრაგმატიზმით მიიღწევა

  • 4 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა ჟურნალისტის კითხვას, რუსეთსა და სომხეთს შორის საქართველოს (მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების) გავლით „დაკეტილი საავტომობილო და სარკინიგზო კომუნიკაციის საკითხის მოგვარების“ შესახებ უპასუხა, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის ტრანზიტული კომუნიკაციის პრობლემა „აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს გავლით“ ერევანთან პერიოდულად განიხილებოდა იმის გათვალისწინებით, რომ „მისი ობიექტური ინტერესია დამატებითი სატრანსპორტო დერეფნების გახსნა, რომლებიც, საქართველოს სამხედრო გზასთან ერთად, ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან დააკავშირებს”.

მან თქვა, რომ მიაჩნიათ, რომ ამ საკითხის გადაწყვეტის მიღწევა შესაძლებელია, „თუ ყველა დაინტერესებული მხარე იხელმძღვანელებს პრაგმატული ინტერესებით და გაითვალისწინებს რეგიონში არსებულ რეალობას“.

  • 28 ივნისს მარია ზახაროვას ჰკითხეს რუსეთსა და სომხეთს შორის საქართველოს გავლით დაბლოკილ სარკინიგზო მიმოსვლაზე, რომ როგორც ერევანი ამბობს, „პრობლემა აფხაზეთშია“ და ჰკითხეს, როგორი იყო ამ „საკითხის მოგვარების“ პერსპექტივები.

ზახაროვას თქმით, ისინი ყველა ღონეს ხმარობდნენ შემუშავებული ფართომასშტაბიანი საგზაო რუკის განსახორციელებლად:

„მასში შედის სახელმწიფოს მეთაურების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები და შესაბამისი კომისიები ჩვენი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლების ეგიდით. ამ გეგმის განსახორციელებლად ყოველდღიურად ყველაფერი კეთდება“.

 

რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოზე განიხილეს საინვესტიციო თანამშრომლობა და ახალი სატრანსპორტო დერეფნების გახსნა

19 ივნისს რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომა, სადაც საქართველოსა და რუსეთს შორის ლოგისტიკის, დაზღვევისა და საქონლის ტრანზიტის საკითხები განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებმა რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს ხელმძღვანელის, იური ბალაშოვის თავმჯდომარეობით, საქართველოსა და რუსეთს შორის საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში, მათ შორის, ახალი სატრანსპორტო დერეფნების გახსნის შესაძლებლობის შესახებ წინადადებები წარმოადგინეს.

 

რუსეთი საქართველოს კვლავ სთხოვს ძალის გამოუყენებლობის შესახებ საზიანო შეთანხმებას დათანხმდეს

  • 8 აგვისტოს მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი დარწმუნებულია, რომ სტაბილური უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამხრეთ კავკასიის რეგიონში „შესაძლებელია მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებით, ერთი მხრივ, საქართველოს და, მეორე მხრივ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერ“, ასევე – „სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია მათი შემდგომი დემარკირებით“.
  • როგორც 8 აგვისტოს აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანატოვმა თქვა, „თუ ბაიდენის ადმინისტრაციას რეგიონში მშვიდობა სურს, ვაშინგტონი არ უნდა ეცადოს რუსეთსა და საქართველოს შორის დამყარებულ კავშირებს ხელი შეუშალოს“.

მანვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისეთ აქტივობებზე ფოკუსირება, როგორიცაა „თბილისის სოხუმთან და ცხინვალთან იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ“.

  • 4 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორი დენის გონჩარი 11-12 ივლისის ჟენევის დისკუსიებს გამოეხმაურა. მანაც გაიმეორა, რომ რუსეთი განაგრძობს მოწოდებას, რომ საქართველომ დადოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ასევე დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ თავიდან აიცილონ დაძაბულობა „საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე, რამაც შესაძლოა რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინოს“.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ არაერთხელ დააკავეს საქართველოს მოქალაქეები.

პარალელურად, 29 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა თქვა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა ჩინეთმა, ინდოეთმა და სხვა ქვეყნებმა ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარონ.

 

რუსული სამთავრობო მედია საქართველოზე: საქართველო ირჩევს რუსეთს და საკუთარ მომავალს

28 ივნისს რუსეთის სამთავრობო მედიამ გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით „საქართველო ირჩევს რუსეთს და საკუთარ მომავალს“, სადაც ძირითადად საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობები და „ქართული ოცნების“ რუსეთთან დამოკიდებულებაა განხილული.

  • რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ავტორი წერს, რომ „საქართველომ, მოსალოდნელზე მეტად, კატეგორიული უარი თქვა“ რუსეთის წინააღმდეგ რაიმე ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე.
  • ის ასევე აღნიშნავს, რომ „ძლიერი რუსოფობიის მიუხედავად, რომელიც მოსახლეობის ნაწილში ჭარბობს, ქართველი პარლამენტარები ბევრად უფრო გამჭრიახები აღმოჩნდნენ ან იქნებ ისინი უბრალოდ უკეთესები არიან მათემატიკაში“.