ავტორი: ალექს პეტრიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი

 

შესაძლოა, ყველა ასე არ ფიქრობდეს, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან გასული კვირის 3 ყველაზე მთავარი ამბავი იყო: 1) ისრაელის ომი ჰამასის და ტერორიზმის წინააღმდეგ, 2) უკრაინის ომი რუსეთის აგრესიისა და ტერორიზმის წინააღმდეგ და 3) ევროკომისიის გაფართოების ყოველწლიური ანგარიში! ცალ-ცალკე და ერთად აღებულიც სამივე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც გლობალური, ისე რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის! სამივე ამბავს შორის, ბუნებრივია, სხვადასხვა დოზით, პირდაპირი ბმა არის. ცხადია, ღაზის სექტორში საომარ მოქმედებებსა  და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ომს შორის, ისევე, როგორც ევროპული კავშირის გაფართოებასა და ისევ და ისევ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომს შორის ძალიან მკაფიო ურთიერთდამოკიდებულებაა, მაგრამ ალბათ ვთანხმდებით იმაზეც, რომ ევროპული კავშირის გაფართოებაც მნიშვნელოვანწილად არის მიბმული შუა აღმოსავლეთში მიმდინარე მძიმე პროცესებთან. ეს თემები ცალკე აღებულიც იმსახურებს ბლოგებს, სტატიებსა და ანალიტიკურ წერილებს, მაგრამ ამ ბლოგში შევეცდები უფრო ნათლად დავინახოთ, რა კავშირია ამ სამ ამბავს შორის.

მოდი, მივყვეთ რიგ-რიგობით. ისრაელის არმია უკვე ღაზის ჩრდილოეთ ნაწილის ცენტრშია. ეს ბლოგი რომ გამოვა, ისრაელის თავდაცვის ძალებს, სავარაუდოდ, მთლიანად ექნება დაკავებული ქალაქი ღაზა და კონტროლის ქვეშ აღებული ღაზის სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი. ახლა ბევრი მსჯელობაა, გააფართოებს თუ არა ისრაელი საომარი მოქმედებების არეალს ღაზის სამხრეთ ნაწილში. გამომდინარე იქიდან, რომ ისრაელის ხელმძღვანელობას მიზნად აქვს დასახული და გამოცხადებული ჰამასის ღაზის მმართველობიდან ჩამოცილება და როგორც ტერორისტული ორგანიზაციის განადგურება, ეჭვგარეშეა, რომ ისრაელი აუცილებლად განაგრძობს სამხედრო ოპერაციას სამხრეთ ნაწილშიც. ცხადია, გარდა იმისა, რომ ისრაელის შეიარაღებულ ძალებშიც და ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს შორისაც მსხვერპლი იზრდება, არსებობს სხვა სერიოზული პრობლემებიც. კერძოდ: 1) რა ბედი ელით 7 ოქტომბერს ტერორისტების მიერ მძევლად აყვანილ მშვიდობიან მოქალაქეებს? ვრცელდება დაუზუსტებელი ცნობები, რომ ისინი ღაზის მიწისქვეშა ბუნკერებში ჰყავთ გადამალული, მაგრამ თუკი, უფრო სწორად, როდესაც ისრაელის შეიარაღებული ძალები სრულად დაიკავებენ ღაზის სექტორს, როდემდე გააჩერებენ ტერორისტები მათ ამ ბუნკერებში და დატოვებენ თუ არა საერთოდ ცოცხლად? აგრეთვე ძალიან მწვავე პრობლემაა 2 მილიონამდე პალესტინელის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც პირველ რიგში და უმთავრესად თავად ჰამასის ტერორისტული საქმიანობის და დანაშაულებრივი მართვის შედეგია. როგორ გაგრძელდება სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ნაწილში, სადაც თავმოყრილია პრაქტიკულად მთელი ღაზის სექტორის მოსახლეობა? რამდენად გაიზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში იმის გათვალისწინებით, რომ ეგვიპტე არ აპირებს მათთვის საზღვრის გახსნას და ქვეყანაში შეშვებას და თუნდაც იდეალური განვითარების შემთხვევაში, ანუ ღაზის სექტორის ტერიტორიაზე არსებული ჰამასის ხელმძღვანელობის და სამხედრო ძალების განადგურების თეორიული შანსის რეალიზების პირობებში, სად და როგორ განთავსდება ეს 2 მილიონი ადამიანი, რომელთა საცხოვრებელი სახლები, სოფლები და ქალაქები განადგურებული იქნება სამხედრო ოპერაციის დასრულების დროისთვის.

საერთაშორისო ძალისხმევამ, განსაკუთრებით კი, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურმა ჩარევამ შესაძლებლობა მისცა ღაზის მშვიდობიანი მოქალაქეების დიდ ნაწილს, რომ გასცლოდნენ საბრძოლო მოქმედებების არეალს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი კვლავინდებურად არ რჩებიან ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხის წინაშე. არაბული სამყარო, პირველ რიგში კი, იორდანია და ეგვიპტე აშკარად არ არიან მზად, რომ თავიანთ ტერიტორიაზე განათავსონ მილიონობით პალესტინელი. რა თქმა უნდა, ამ პოზიციას განაპირობებს ის შიში, რომელიც ამ ქვეყნების ხელმძღვანელებს აქვთ დევნილებს შორის ტერორისტების შერევასთან დაკავშირებით, მაგრამ რა ქნან ქალებმა, ბავშვებმა, მოხუცებმა, რომელთა ბედიც, უფრო სწორად კი, უბედურებაც, ვიმეორებ, მხოლოდ და მხოლოდ ჰამასის კისერზეა.

არავინ იცის, უშუალოდ აქტიური სამხედრო ფაზა როდემდე გაგრძელდება, მაგრამ ერთი რამ ცხადია – ომი ღაზის სექტორში მსოფლიო მასშტაბით, იქნება ეს დიდ ქალაქებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, საერთაშორისო მედიასა თუ ქვეყნების პოლიტიკურ დღის წესრიგში, კვლავინდებურად მთავარ ფოკუსშია.  ცხადია, ეს ომი თავისთავად პრობლემაა როგორც რეგიონის ქვეყნების, ისე გლობალური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, მაგრამ მისი გახანგრძლივება განსაკუთრებით საყურადღებო და არასახარბიელოა უკრაინისთვის. ბევრი ამბობს, და ჩემი აზრით სრულიად საფუძვლიანადაც, რომ თუ ვინმეს აწყობდა შუა აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გლობალურ ფოკუსში მოხვედრა, ეს პირველ რიგში რუსეთი იყო. ფოკუსის გეოგრაფია მართლაც შეიცვალა და მისი ცენტრი ახლა შუა აღმოსავლეთშია. ხშირად შეგხვდებათ ტვიტერზე, ლინკდინსა და სხვა სოციალურ ქსელებში ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების, პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მოწოდება – არ დაივიწყოთ უკრაინა!

ამ დროს უკრაინაში ფრონტის გასწვრივ საომარი მოქმედები კვლავაც მიმდინარეობს, მაგრამ არცერთ მხარეს არ აქვს ამჟამად სტრატეგიული ინიციატივა. კი, რა თქმა უნდა, გვახარებს ყველა ცნობა განადგურებული რუსული ტანკების, განსაკუთრებით, გემების და თვითმფრინავების შესახებ, მაგრამ ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, რუტინად იქცა. კარგა ხანია უკვე არ გვინახავს რომელიმე ახლად გათავისუფლებული დასახლებული პუნქტის თავზე უკრაინული დროშის აფრიალების კადრები. იმედია, მალე ვნახავთ. იმას, რომ მთავარი ფოკუსი ახლა შუა აღმოსავლეთშია და შეიძლება გაურკვეველი დროის მანძილზე იქვე დარჩეს, ყველაზე მწვავედ უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობაში გრძნობენ. ჩემი აზრით, ერთი სტრატეგიის ნაწილი იყო ის წერილები და ინტერვიუები, რომლებიც გამოაქვეყნეს გენერალმა ზალუჟნიმ, შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ და ბოლოს – პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ერმაკმა და რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გაძლიერდა მოსაზრება, რომ თითქოს შიდაპოლიტიკურმა დაპირისპირებამ იმძლავრა უკრაინის ხელმძღვანელობაში, მაგრამ მათ მთავარ გზავნილებს თუ დავაკვირდებით, სხვაგვარი დასკვნის გაკეთებაც შეიძლება. სამივე ითხოვს, რომ არ შეფერხდეს სამხედრო დახმარება და დროულად მიეწოდოთ საჭირო რაოდენობით, რაც ყველასთვის სასურველ შედეგს – რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხებას დააჩქარებს. ყველაზე მთავარი ახლა ამერიკული თვითმფრინავების, ამერიკული და ევროპული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და საარტილერიო ჭურვების დროულად და უწყვეტად მიწოდებაა. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ფინანსური დახმარების გაგრძელებაც, რათა არ ჩამოიშალოს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი უკრაინის ეკონომიკა.

ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით პრობლემებია ვაშინგტონში. პრეზიდენტ ბაიდენის მცდელობა, ერთიანი პაკეტით მიეღოთ კაპიტოლიუმზე გადაწყვეტილება უკრაინისთვის (61 მილიარდი), ისრაელისთვის (14 მილიარდი) და აშშ-ს საზღვრის დაცვის უზრუნველყოფისთვის (30 მილიარდი) დახმარების შესახებ, ჯერჯერობით უშედეგო გამოდგა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ აშშ-ში არსებული შიდაპოლიტიკური დაპირისპირება ძალიან სერიოზულ ზეგავლენას (ნეგატიურს) ახდენს გლობალურ პროცესებზე.

არცთუ სახარბიელოდ გამოიყურება ევროკომისიის მიერ უკრაინისთვის შემდგომი 4 წლის განმავლობაში 50 მილიარდი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილების საბოლოოდ მიღების შანსები. თუმცა, ვითარება უიმედო ნამდვილად არ არის და შეიძლება პროგნოზის სახით ითქვას, რომ საბოლოოდ მაინც იქნება გადალახული უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის შანტაჟის შედეგად შექმნილი წინაღობა.

ამ ყოველივეს ფონზე კარგი ამბები გვაქვს ევროპული კავშირის გაფართოების მიმართულებით. რა თქმა უნდა, აქაც იქნება წინაღობა როგორც ორბანის მთავრობის, ისე, შესაძლოა, სხვების მხრიდანაც (მაგალითად, სლოვაკეთის), მაგრამ მაინც არსებული მძიმე ვითარების გათვალისწინებით ევროკომისიის რეკომენდაცია ევროპული საბჭოსთვის, რომ 2024 წლის მარტში დაიწყონ გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს და გარკვეული პირობების შემთხვევაში გახსნან გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, უდავოდ პოზიტიურ და იმედის მომცემ ამბად უნდა განვიხილოთ.

და მაინც: რა კავშირია ევროპული კავშირის გაფართოებასა და შუა აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებას შორის? მოგახსენებთ: თუკი უკრაინის ბრძოლამ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ კვლავ გააჩინა ბრიუსელსა და ევროპული კავშირის დედაქალაქებში გაფართოების უნიკალური შანსი, შუა აღმოსავლეთში მიმდინარე უმძიმესმა პროცესებმა ეს შანსი კიდევ უფრო გაზარდა. ევროპელმა ლიდერებმა თავის მთავარ მისიად დაისახეს ისტორიული იდეის – თავისუფალი და მთლიანი ევროპის იდეის რეალიზება, რომელიც ამ შემთხვევაში ითარგმნება შემდეგნაირად: გაფართოებული ევროპული კავშირი უფრო ძლიერი, უფრო მედეგი, უფრო წარმატებული და სტაბილური იქნება. ეს მართლაც უნიკალური შანსია და დიდი იმედი მაქვს, რომ ჯერ 15 დეკემბერს ევროპული კავშირის ლიდერები დაამტკიცებენ ევროკომისიის რეკომენდაციებს, ხოლო შემდეგ გააქტიურდება მუშაობა როგორც კანდიდატ ქვეყნებში, ისე თავად ევროპული კავშირის  შიგნით, რათა გაფართოების თეორიულად შესაძლებელი თარიღისთვის – 2030 წლისთვის ყველა და ყველაფერი შეძლებისდაგვარად მზად იყოს.