რონდელის ფონდში დაიწყო პოლიტიკური პარტიების სკოლა 🇪🇺

2024 წლის 17 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდში (რონდელის ფონდი), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წევრებისთვის დაიწყო პოლიტიკური პარტიების სკოლა.

ახალგაზრდა პოლიტიკოსებისაგან შემდგარ ჯგუფს უკვე ჰქონდა პირველი გაცნობითი შეხვედრა, რომელიც დაიწყო მოლაპარაკებების ტექნიკისა და პოლიტიკური რისკების ანალიზის შესახებ ტრენინგებით; შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის საკითხიც.

სკოლაში მონაწილეობას იღებს როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო 14 პოლიტიკური პარტიის 28 ახალგაზრდა წარმომადგენელი. 3-თვიანი კურსის განმავლობაში ჯგუფს ჩაუტარდება სალექციო კურსები სხვადასხვა თემაზე, კერძოდ, გაეცნობიან ისეთ სახელმწიფოებრივ საკითხებს, როგორიცაა პოლიტიკის ანალიზი, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა და სხვა.

პოლიტიკური პარტიების სკოლის უპირველესი მიზანია მათი ახალგაზრდა წევრების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა უფრო აქტიურად შეძლონ საკუთარი პარტიების პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩართვა. რონდელის ფონდი ხელს უწყობს ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ქსელის შექმნას, რაც დაეხმარება მოსახლეობის საჭიროებებს მორგებული ეფექტური პოლიტიკის განხორციელებას.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.