ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

2024 წლის 31 მარტს თურქეთში გაიმართა ადგილობრივი არჩევნები, რომელშიც ოპოზიციურმა პარტია CHP-მ (სახალხო-რესპუბლიკური პარტია) მოიპოვა გაიმარჯვა.

რატომაა ეს არჩევნები მნიშვნელოვანი, რას ნიშნავს მისი შედეგები და რას შეიძლება ველოდოთ მომავალში?

 

არჩევნების შედეგების მნიშვნელობა

  • არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თურქეთი არ არის არც რუსეთი და არც ბელარუსი და რომ ამ ქვეყანაში არჩევნების გზით შესაძლებელია ხელშესახები ცვლილებების განხორციელება.
  • პირველად დამარცხდა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის AK Parti („სამართლიანობისა და აღორძინების პარტია“), მიიღო რა არჩევნებზე ხმების 35,5%, მაშინ როდესაც ოპოზიციურ CHP-ს ამომრჩეველთა 37,7%-მა დაუჭირა მხარი.
  • მემარცხენე-ცენტრისტული CHP 1977 წლის შემდეგ პირველად გავიდა პირველ ადგილზე თურქეთის არჩევნებზე, რითაც გადალახა ერთგვარი ფსიქოლოგიური ბარიერი და დაამსხვრია თურქეთში გავრცელებული მითი, რომ ამ პარტიას არ შესწევს გამარჯვების ძალა. პარტიას გამარჯვებაში ის ფაქტორიც დაეხმარა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ შეძლეს მეტად არაპოპულარული და უქარიზმო ლიდერის ქემალ ქილიჩდაროღლუს შეცვლა.
  • განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა სტამბოლის მოქმედი ოპოზიციონერი მერის ექრემ იმამოღლუს დამაჯერებელი გამარჯვება სახელისუფლებო კანდიდატ მურათ ქურუმზე (იმამოღლუმ მიიღო ხმების 51,1%, ქურუმმა კი – 39,6%), რომლის წინასაარჩევნო კამპანიაში ერდოღანი და მთელი მინისტრთა კაბინეტი იყო ჩართული. შედეგად, ერთგვარად იმამოღლუ-ერდოღანის დაპირისპირების სურათი შეიქმნა, საიდანაც გამარჯვებული იმამოღლუ გამოვიდა.
  • კიდევ უფრო უკეთესი შედეგი აჩვენა ოპოზიციამ ანკარაში, სადაც მოქმედმა ოპოზიციონერმა მერმა მანსურ იავაშმა ხმების 60,4% მიიღო.
  • საინტერესოა ის ფაქტიც, რომ CHP-მ, ტრადიციულად მის მხარეს მყოფი თურქეთის ზღვისპირა რეგიონების გარდა, წარმატება მოიპოვა შიდა ანატოლიის იმ გუბერნიებშიც, რომლებიც ადრე მმართველი პარტიის უპირობო ციხესიმაგრე იყო.

 

2023 წლის საპრეზიდენტო (ზედა რუკა) და 2024 წლის ადგილობრივი არჩევნების (ქვედა რუკა) შედეგების შედარება. ყვითელი ფერით აღნიშნულია გუბერნიები, სადაც უპირატესობა ჰქონდათ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის პარტიას. წითელი ფერით ოპოზიციური CHP, იასამნისფრით პროქურთული DEP (დემოკრატიული პარტია).  

 

  • არჩევნებში სახელისუფლებო პარტიისა და მისი კანდიდატების წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სირთულეები (თურქული ლირის გაუფასურება, მაღალი ინფლაცია და უმუშევრობა, მოქალაქეთა მსყიდველუნარიანობის შემცირება, დაბალი ხელფასები და პენსიები და ა.შ.) იყო. თურქმა ამომრჩეველმა ამ ფორმით გამოხატა საკუთარი უკმაყოფილება ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ.
  • არჩევნების მთავარი სიურპრიზი ისაა, რომ მესამე ადგილზე გავიდა აქამდე ჩრდილში მყოფი კონსერვატიული ორიენტაციის “Yeniden Refah”, რომელიც იდეოლოგიურად ახლოს დგას მმართველ პარტიასთან. მან სწორედ იმ კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლების ხმები მიიზიდა, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ მმართველი პარტიის პოლიტიკით (მაგრამ არა – იდეოლოგიით). მაგალითად, “Yeniden Refah”-მა მოახდინა პალესტინის მიმართ თურქი ამომრჩევლის განწყობების კაპიტალიზაცია, მოუწოდებდა რა მუდმივად თურქეთის ხელისუფლებას ისრაელთან არსებული სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტისკენ. თუ CHP-მ ძირითადად მოახერხა არაკონსერვატორი ამომრჩევლების ხმების მიღება, “Yeniden Refah”-მა შეძლო კონსერვატორების ხმების გახლეჩა, რის შედეგადაც მმართველი პარტიისთვის არასასურველი შედეგი დადგა.

 

პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით (წყარო: გაზეთი Hurriyet)

 

  • ამ არჩევნებზე შედარებით მოკრძალებული შედეგი აჩვენეს ნაციონალისტურმა და პროქურთულმა ძალებმა. მაგრამ მათ შემთხვევაში (გარდა მერალ აქშენერის İyi Parti-სა) გადამწყვეტი ფაქტორი იყო ის, რომ სხვა პარტიების კანდიდატებს (ზოგს – პირდაპირი, ზოგსაც – არაპირდაპირი გზით) დაუჭირეს მხარი.
  • როგორც მთელ თურქეთში, საქართველოსთან მოსაზღვრე რეგიონებშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა CHP-ის მხარდაჭერა (თუმცა, ეს რეგიონები – ართვინი და არტაანი – ადრეც გამოირჩეოდნენ თავიანთი მემარცხენეობით).
  • თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღიარა მმართველი პარტიის წარუმატებლობა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ეს მათთვის არის „არა დასასრული, არამედ შემობრუნების წერტილი“. როგორც ჩანს, მმართველი პარტია აღიარების გარკვეულ ჩავარდნებს, მაგრამ მაინც შეეცდება სიტუაციის შემობრუნებას.

 

რა იქნება ამის შემდეგ?

  • მართალია, 31 მარტს ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა, მაგრამ CHP-ის წარმატებამ თურქეთის ოპოზიციას ახალი მოლოდინი და იმედი მისცა. მათ გაუჩნდათ რწმენა, რომ შესაძლებელია პოლიტიკური ცვლილებების განხორციელება ქვეყანაში, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ოპოზიციას ახალი მუნიციპალიტეტების კონტროლის სახით გაუჩნდება სერიოზული რესურსები მომავალი არჩევნებისთვის.

 

სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ

 

  • პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ არჩევნებს სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს სახით გამოკვეთილი გამარჯვებული ჰყავს. მან უკვე მეორედ გაიმარჯვა სტამბოლის არჩევნებში (პირველად მერი გახდა 2019 წლის 31 მარტს) და უფრო მეტის ამბიციაც აქვს. თურქეთში არსებული დაუწერელი წესის მიხედვით კი, ვინც აკონტროლებს სტამბოლს, ის აკონტროლებს მთელ ქვეყანასაც. თავის დროზე, თავად პრეზიდენტმა ერდოღანმა საკუთარი პოლიტიკური კარიერაც ხომ სწორედ სტამბოლის მერობიდან დაიწყო, 1990-იან წლებში.
  • იმისთვის, რომ იმამოღლუმ საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენოს, საჭიროა, რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ვადაზე ადრე გადადგეს სტამბოლის მერის თანამდებობიდან და გახდეს CHP-ის ლიდერი ოფიციალურადაც. მართალია, ამ პარტიის ახლანდელი ლიდერი ოზგურ ოზელი იმამოღლუს მხარდამჭერია, მაგრამ ამ უკანასკნელს რაღაც ეტაპზე მაინც დასჭირდება პარტიულ საქმიანობაში ჩართვა.
  • აღსანიშნავია, რომ ცვლილებები მალევე მოხდება. საქმე ისაა, რომ თურქეთში სულ რაღაც 10 თვის წინ ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, სადაც ერდოღანმა (მიიღო ხმების 52,2%) და მმართველმა პარტიამ გაიმარჯვეს. შესაბამისად, თუ რამე ექსტრაორდინარული არ მოხდა, თურქეთში 2028 წლამდე დაგეგმილი არაა არჩევნების ჩატარება.
  • არჩევნების შემდეგ თურქული საზოგადოების მთავარი თემა კვლავ ეკონომიკა და მასში არსებული სირთულეები იქნება. არჩევნების ღამეს გაკეთებულ განცხადებაში ერდოღანმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება უფრო მეტ დროს დაუთმობს ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას. მაგრამ მას დეტალებზე არ უსაუბრია. შესაბამისად, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რეფორმების რა გზას აირჩევს ხელისუფლება ამ სფეროში არსებული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით.
  • მმართველი პარტიისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა “Yeniden Refah”-ის გამოჩენა პოლიტიკურ სცენაზე, რომელიც კიდევ უფრო მეტ ამომრჩეველს წაართმევს ერდოღანის პარტიას იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ გამოსწორდა.
  • არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე შესაძლოა ისტორიას ჩაბარდეს კიდევ უფრო ძირეული ცვლილებების საკითხი (წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად საუბრობდნენ ახალი კონსტიტუციის შექმნის აუცილებლობაზეც).
  • ცხადია, ხელისუფლების გარდა, ახალ რეალობაზე გადაწყობა მოუწევთ იმ ოპოზიციურ ძალებსაც, რომლებმაც ვერ აჩვენეს კარგი შედეგი. ამიტომ შესაძლოა მათ სტრუქტურასა და „ლიდერშიპშიც“ ვიხილოთ სერიოზული ცვლილებები.