ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი

 

ახლო აღმოსავლეთის მიმოხილვა No 71

 

2023 წლის 14 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 150 კომპანია და ინდივიდს  მთელი მსოფლიოდან დაუწესა სანქციები რუსეთთან ახლო კავშირისა და მოსკოვისთვის სანქციების თავიდან არიდების საქმეში ხელშეწყობის გამო.

ვინ მოხვდნენ ამ სიაში თურქეთიდან და კონკრეტულად რას საქმიანობდნენ ისინი?

 

 

 

 

 

 

 

 

 

აშშ-მ თურქეთიდან, საერთო ჯამში, სანქციები 5 კომპანიას და 1 ინდივიდს დაუწესა.

სანქცირებული კომპანიებია:

  1. კომპანია Margiana, რომელიც 2 რუსულ კომპანიას (SMT-iLogic და Saturn), რომლებიც ჩართული არიან დრონების წარმოებაში, აწვდიდა პროდუქციას. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ კომპანიის მიერ მიწოდებული მასალა ინახა უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებულ ისეთ რუსულ რაკეტებში, როგორებიცაა „კალიბრი“ და Kh-101, ასევე დრონ „ორლან-10“-ებში;
  2. კომპანია Demir Bilişim Ticaret Sanayi, რომელიც სენსორებსა და საზომ მოწყობილობებს აგზავნიდა რუსეთში;
  3. კომპანია Denkar Ship Construction, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან აფილირებული გემების შეკეთებით იყო დაკავებული;
  4. კომპანია ID Ship Agency, რომელიც ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან აფილირებული გემების შეკეთებას ახდენდა;
  5. კომპანია CTL Limited, რომელიც ელექტრონულ კომპონენტებს აწვდიდა რუსეთს.

 

ამის გარდა, აშშ-მ ინდივიდუალურ დონეზე დაუწესა სანქციები ზემოხსენებულ სიაში მოყვანილ ბოლო 2 კომპანიის მფლობელს, ბიზნესმენ ილქერ დოღრუიოლის, რომელსაც რუსეთთან ახლო კავშირები აქვს.

აღსანიშნავია, რომ თურქული კომპანიებისთვის სანქციები დაწესდა იმ ფონზე, როცა თურქეთი ცდილობს ბალანსირების პოლიტიკის შენარჩუნებას როგორც რუსეთთან, ისე დასავლეთთან.

მეორე მხრივ კი, ახლოვდება თურქეთის პარლამენტის მიერ შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ კენჭისყრის თარიღი (თურქეთის პარლამენტი საზაფხულო არდადეგებზე იყო გასული, რომელიც 1 ოქტომბერს სრულდება).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თურქული კომპანიების შესაძლო სანქცირების საკითხზე ამერიკული მხარე ხშირად აკეთებდა განცხადებებს. ამავე საკითხზე გაიმართა თურქულ-ამერიკული შეხვედრები 2022 და 2023 წლებში. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ შეხვედრებზე ყველა პრობლემა ვერ აღმოიფხვრა.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ გამორიცხული არაა არსებობდეს კიდევ არაერთი თურქული კომპანია ან თურქეთში მოქმედი რუსული ფირმა (ბევრი გაიხსნა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ), რომლებიც შესაძლოა მოხვდნენ სანქცირებულთა მომდევნო სიაში, რაზეც ამერიკული მხარე მუდმივად მუშაობს.

ამასთან, ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ 14 სექტემბერს სანქცირებულთა სიის გამოქვეყნება ბევრ კომპანიას გადააფიქრებინებს რუსეთთან ახლო თანამშრომლობას.