ავტორი: ალექს პეტრიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი

 

„ის დიქტატორია იმის გათვალისწინებით, რომ მართავს ქვეყანას, სადაც არის კომუნისტური რეჟიმი და ტოტალურად განსხვავდება ჩვენი მმართველობის ფორმისგან… თუმცა, ჩვენ ყველა შემთხვევაში მივაღწიეთ პროგრესს,“ – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ გამართულ ინდივიდუალურ პრესკონფერენციაზე.

რას გულისხმობდა კონკრეტულად აშშ-ს პრეზიდენტი, როდესაც პროგრესზე საუბრობდა?

  1. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, აღდგეს გარკვეული კონტაქტები სამხედროებს შორის. შეგახსენებთ, რომ ჯერ პანდემიის დროს მნიშვნელოვნად შემცირდა კომუნიკაცია, ხოლო 2022 წლის აგვისტოში აშშ-ს კონგრესის სპიკერის ნენსი პელოზის ტაივანში ვიზიტის შემდეგ, ჩინური მხარის გადაწყვეტილებით, ეს კონტაქტები საერთოდ შეწყდა. სან-ფრანცისკოში მიღწეული შეთანხმების შემდეგ მოსალოდნელია ახლო მომავალში დაიგეგმოს და გაიმართოს ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრა.
  2. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჩინეთში წარმოებული ნარკოტიკული საშუალება ფენტანილის გავრცელება აშშ-ში. ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ თანამშრომლობა გააქტიურდება ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის. კერძოდ, ოფიციალური პეკინი მიიღებს მკაცრ ზომებს ჩინეთში ფენტანილის მწარმოებლების და აშშ-ში გამავრცელებლების წინააღმდეგ და განაახლებს კონტაქტებს აშშ-ს შესაბამის უწყებებთან.
  3. ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობა აგრეთვე იყო ვიზიტის დადებითი შედეგების ნუსხაში. ბუნებრივია, ეს ძალიან დიდი სფეროა და კონკრეტულად რა მიმართულებებით განავითარებენ აშშ და ჩინეთი თანამშრომლობას, ახლო მომავალში დავინახავთ.

ჩინურმა მხარემაც, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მიერ სი ძინპინის მისამართით გამოთქმულმა შეფასებებმა ოფიციალური პეკინის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, საერთო ჯამში მაღალი შეფასება მისცა პრეზიდენტ სის ვიზიტს აშშ-ში. ძირითად ჩინურ მედიასაშუალებებში, როგორც სატელევიზიო, ისე ბეჭდურ და სოციალურ მედიაში, დიდი დრო დაეთმო პრეზიდენტ სის შეხვედრას ამერიკელ მასპინძელთან. რაც მთავარია, პრეზიდენტ სის ვიზიტი წარმოჩენილი იყო უაღრესად პოზიტიურ ჭრილში და მას ისტორიული მნიშვნელობაც მიენიჭა. მაგალითად, ყველა მედიასაშუალებაში იყო კადრები, თუ როგორ თბილად ეგებება აშშ-ს პრეზიდენტი ჩინელ კოლეგას, შეხვედრის შემდგომ მასთან ერთად ბაღში სეირნობს, აცილებს მანქანამდე და უწონებს ჩინური წარმოების სამთავრობო ავტომობილს.

ჩინური მედია ასევე წარმოაჩენდა როგორც მნიშვნელოვან მიღწევას, რომ აშშ არ აღიარებს ტაივანის დამოუკიდებლობას. უნდა ითქვას, რომ ამას არც გეგმავდა აშშ-ს მხარე. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ შეხვედრის ჩანაწერის ძირითადი მომენტების ამსახველი ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ დააფიქსირა ჩინელ კოლეგასთან, რომ აშშ-ს „ერთი ჩინეთის პოლიტიკა“ ათწლეულებია უცვლელია, თუმცა მსოფლიო დაინტერესებულია მშვიდობასა და სტაბილურობაში ტაივანის სრუტეში და ამიტომ ტაივანთან მიმართებით აშშ არ დაუშვებს ცალმხრივად სტატუს-კვოს შეცვლას.

კონკრეტული შედეგებიდან ჩინური მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ვიზიტის შემდგომ ჩინეთის საჯარო უსაფრთხოების ექსპერტიზის ბიურო ამოიღეს აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ სანქცირებული ჩინური უწყებების სიიდან, რომელიც ამ სიაში უიღურებთან დაკავშირებული პრობლემის გამო მოხვდა. ეს თავისთავად განხილული იყო, როგორც პოზიტიური სიგნალი და შესაძლებლობა შემდგომი თანამშრომლობის წარმატებულად განვითარების პირობებში სხვა სანქცირებული უწყებების სიიდან ამოსაღებად.

ჩინეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდა ამერიკული ტექნოლოგიური ბიზნესისა და ფინანსური სფეროს გიგანტებს. როგორც მათთან შეხვედრაზე, ისე უშუალოდ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე ჩინეთის პრეზიდენტმა მოუწოდა მსხვილ ბიზნესებს და ფინანსურ ინსტიტუტებს, განახორციელონ ინვესტიციები ჩინეთის ეკონომიკაში.

როგორც ჩანს, ჩინეთის ეკონომიკაში მართლაც სერიოზული პრობლემებია. მისი ზრდის ტემპების შენელებამ და მსხვილი ამერიკელი ინვესტორების მიერ ჩინეთიდან ინვესტიციების გატანის დინამიკამ (წლების მანძილზე პირველად დაფიქსირდა კვარტალურ მაჩვენებლებში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების დეფიციტი) ჩინეთის კომუნისტური პარტია და მისი ერთპიროვნული ლიდერი მიიყვანა ახალ სტრატეგიამდე, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ახლა ჩინეთის ეკონომიკისთვის და ამერიკული თუ სხვა ბიზნესის ქვეყანაში მოსაზიდად უმჯობესია აშშ-თან ურთიერთობების დადებით ჭრილში წარმოჩენა.  „ჩინეთს შეუძლია იყოს პარტნიორი და მეგობარი“ – ამ სიტყვებით მიმართა სი ძინპინმა ამერიკულ ბიზნესს. ვნახოთ, როგორ გადაითარგმნება ეს მიმართვა სამომავლოდ საქმეში.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ ორმხრივი საჰაერო ტრანსპორტის შეთანხმების სრულად ამოქმედებაზე და ორ ქვეყანას შორის რეგულარული ავიამიმოსვლების რაოდენობის ზრდაზე.

ბოლო, მაგრამ არა უმნიშვნელო სფეროს, რომელშიც თანამშრომლობის გააქტიურებაზე იმსჯელეს ორი ქვეყნის ლიდერებმა, წარმოადგენს გარემოს დაცვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სპეციალური წარმომადგენლების დონეზე თანამშრომლობას გააქტიურებენ და ერთად იმუშავებენ გარემოს დაცვის კუთხით მიღწეული საერთაშორისო შეთანხმებების სრულფასოვნად შესრულებაზე.

ამით კარგი ამბები დასრულებულია. რა თქმა უნდა, ორი ქვეყნის ლიდერებმა ილაპარაკეს უკრაინაში რუსეთის აგრესიისა და ისრაელ-ჰამასის ომის პრობლემებზე. აშშ-ს პრეზიდენტმა აქაც ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ბრძოლიდან უკრაინა გამოვიდეს უფრო დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და აყვავებული ქვეყანა, რომელსაც მომავალში შეეძლება უცხოური აგრესიის შეკავება და მოგერიება.

ისრაელის ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე პირდაპირ  აღნიშნა, რომ ამერიკა მხარს უჭერს ისრაელის ლეგიტიმურ უფლებას დაიცვას თავი ტერორიზმისგან.

ტრადიციულ პრობლემურ საკითხებს შორის იყო ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობა სინძიანში, ტიბეტსა და ჰონგ-კონგში. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით რაიმე პროგრესის მიღწევა ჯერჯერობით გამორიცხულია.

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ის მხარს უჭერს თავისუფალ და ღია ინდოეთ-წყნარ ოკეანეს, მის მშვიდობიან განვითარებას, უსაფრთხოებას და მედეგობას. აგრეთვე, ჯოზეფ ბაიდენის განცხადებით, აშშ-ს მხარდაჭერა რეგიონის მოკავშირე ქვეყნებისადმი ურყევი და მტკიცეა.

მიუხედავად პოზიტიური ფონისა, სავარაუდოდ, საკმაოდ მწვავე საუბარი გაიმართა სავაჭრო სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებითაც. აშშ-ს პრეზიდენტმა ნათლად დააფიქსირა, რომ მისთვის მიუღებელია ჩინეთის არასამართლიანი სავაჭრო პოლიტიკა და დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. აგრეთვე, მან განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს მომავალშიც, რათა არ დაუშვას ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენება აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ.

ამრიგად, თუ თვალს გადავავლებთ შეხვედრის შესახებ მხარეების მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციას, ნათელი გახდება, რომ შეხვედრამ საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა და პრობლემური საკითხები აშკარად სჭარბობდა დადებით გადაწყვეტილებებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა სან-ფრანცისკოში ვიზიტამდე 1 თვით ადრე, ამერიკელ სენატორებთან პეკინში შეხვედრის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობებს. „ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობები მსოფლიოში. ის განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩინეთის მომავალსა და ბედს, არამედ გავლენა ექნება კაცობრიობის მომავალზე“. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ მოსკოვში ვიზიტის დროს სი ძინპინმა პუტინსაც უთხრა, თუმცა ოდნავ განსხვავებული ფორმულირებით. რამდენად მოახდენს ზემოქმედებას სი ძინპინი პუტინზე ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა გლობალური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის მაინც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომ 6 წლის შემდეგ პირველად სი ძინპინი ჩინეთის პრეზიდენტის რანგში ეწვია აშშ-ს და, ზოგადად, შეხვედრამ მაინც საერთო პოზიტიურ ფონზე ჩაიარა.