ავტორი: დავით შატაკიშვილი
მიმდინარე წლის 5 ნოემბერს წლის მთავარი არჩევნები გაიმართება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ერთმანეთს რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, დემოკრატი კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან. კვლევების მიხედვით, მათი გამარჯვების შანსები თითქმის თანაბარია. სხვა საკითხებთან ერთად, ამერიკელი ამომრჩევლისთვის ეკონომიკური კეთილდღეობა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. შესაბამისად, საპრეზიდენტო კანდიდატების ეკონომიკური ხედვები მნიშვნელოვნად იმოქმედებს ამერიკელი ხალხის არჩევანზე. საინტერესოა მიმოვიხილოთ ორივე კანდიდატის ძირითადი ეკონომიკური პროგრამები, რაც ამ ეტაპისთვის არის ცნობილი.
კამალა ჰარისის ეკონომიკური ხედვა
ინფლაცია
კამალა ჰარისის განცხადებით, პირველი 100 საპრეზიდენტო დღის განმავლობაში მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სამომხმარებლო ფასები იქნება. ჰარისის თქმით, იგი კონგრესს გაუგზავნის საკვების მწარმოებლებისა და სასურსათო მაღაზიებისთვის ფასების ზრდის ფედერალური შეზღუდვების შეთავაზებას. მისი თქმით, პრობლემა არის ე.წ. “Price gouging” – როცა მეტი მოგების მიღების მიზნით კომპანიები აწესებენ მოგების იმაზე მაღალ მარჟას, ვიდრე სამართლიანი ბაზრის პრინციპი, ანუ მოთხოვნა-მიწოდების, შესაბამისობა ითვალისწინებს. იგი ასევე ფიქრობს, რომ გააფართოოს ფედერალური სავაჭრო კომისიისა და სხვა აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებები, რომლებიც ფასების არაკეთილსინდისიერი ზრდის შემთხვევებს გამოავლენენ და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. მას ასევე სურს სამთავრობო მარეგულირებლებმა შეზღუდონ შერწყმა და შესყიდვები კვების მრეწველობის მსხვილ ბიზნესებს შორის, რაც, მისი აზრით, ფასების ზრდის ერთ-ერთი მასტიმულირებელი ფაქტორია, რადგან დიდი კომპანიების შერწყმამ შესაძლოა შეამციროს კონკურენცია, გაზარდოს საბაზრო მონოპოლიის რისკები და ბაზარზე ახალი კონკურენტების შემოსვლას შეუშალოს ხელი.
სახლის ფასები
ჰარისი მომდევნო 4 წლის განმავლობაში აანონსებს 3 მილიონი ახალი საცხოვრებლის მშენებლობას, რომელიც, მისი თქმით, შეამსუბუქებს „ამერიკაში საცხოვრებლების სერიოზულ დეფიციტს“. იგი ასევე გეგმავს საკანონმდებლო ცვლილებებს საგადასახადო შეღავათების დაწესებით იმ სამშენებლო კომპანიებისთვის, რომლებიც აშენებენ ბიუჯეტურ, ე.წ. „სტარტერ“ სახლებს, რომლებიც მეტწილად გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც პირველად ყიდულობენ სახლს. მას ასევე სურს 40 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა იმ ბიზნესების მხარდასაჭერად, რომლებიც ხელმისაწვდომ საცხოვრებლებს აშენებენ. გარდა ამისა, ჰარისი აპირებს დააჩქაროს განცხადებების განხილვისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის პროცედურები, რათა დროულად შეივსოს ბაზარზე სახლების დეფიციტი.
ჰარისის განცხადებით, მას შეუძლია შეამციროს ქირავნობის გადასახადები იმ ინვესტორების შეზღუდვით, ვინც სახლებს დიდი რაოდენობით ყიდულობენ და აკონტროლებენ ფასების დადგენის ინსტრუმენტებს, რაც, მისი აზრით, ხელს უწყობს მოგების მიღების მიზნით შეთანხმებულ მოქმედებას გამქირავებლებს შორის, რაც, თავის მხრივ, ასტიმულირებს ფასების ზრდას. მას ასევე სურს პირველად სახლის მყიდველებისთვის 25,000 დოლარიანი სუბსიდირება, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი. ამ კუთხით ბევრი დეტალი არ არის ცნობილი, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს იქნება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიმდინარე წლის მარტში შემოთავაზებული გეგმის მსგავსი.
მედიკამენტების ფასები
ჰარისის განცხადებით, იგი აქტიურად განაგრძობს იმ ძალისხმევას, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაიწყო და რამაც საშუალება მისცა Medicare-ს და სხვა ფედერალურ პროგრამებს მოლაპარაკებები აწარმოონ წამლების მწარმოებლებთან, რათა შეამცირონ რეცეპტით გაცემული მედიკამენტების ღირებულება, რისი მიზანიცაა 2026 წლიდან დაახლოებით 40-80 პროცენტით შემცირდეს ყველაზე ძვირადღირებული და ყველაზე ხშირად გამოყენებული წამლების ფასი. ჰარისმა ასევე პირობა დადო, რომ იმუშავებს სახელმწიფო უწყებებთან, რათა 3 მილიონამდე ამერიკელისთვის გააუქმოს 7 მილიარდი დოლარის ოდენობის სამედიცინო დავალიანება.
საგადასახადო შეღავათები
ბავშვების საგადასახადო შეღავათის (CTC) გაფართოება – ბავშვის საგადასახადო შეღავათი არის პროგრამა, რომლითაც მთავრობა ცდილობს ოჯახებს დაეხმაროს ბავშვების აღზრდის ხარჯებში, მათ მიერ გადასახდელი სახელმწიფო გადასახადების შემცირებით. ასევე, თუ ოჯახს არ აქვს სახელმწიფოს დავალიანება, შეუძლია ფულადი სახით მიიღოს ეს თანხა. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ვთქვათ, კონკრეტულ წელს ოჯახს სახელმწიფო გადასახადების სახით გადასახდელი აქვს 3,000 დოლარი და ამავდროულად უფლებამოსილია ბავშვის საგადასახადო შეღავათის მისაღებად, რომელიც ამ ეტაპზე 2,000 დოლარით არის განსაზღვრული, მას შეუძლია საკუთარ ვალდებულებას გამოაკლოს 2,000 დოლარი და მხოლოდ 1,000 დოლარი გადაუხადოს სახელმწიფოს. ამ ეტაპზე ბავშვის საგადასახადო შეღავათის ნაწილობრივი დაბრუნების თანხა 1,700 დოლარით არის განსაზღვრული, ანუ თუ, მაგალითად, ოჯახს წლის განმავლობაში სახელმწიფო გადასახადების სახით 500 დოლარი აქვს გადასახდელი, მას შეუძლია ეს თანხა 1,700 დოლარიდან დაქვითოს და სახელმწიფოსგან მიიღოს 1,200 დოლარი.
კამალა ჰარისის პროგრამის მიხედვით, მისი არჩევის შემთხვევაში, გაიზრდება ბავშვის საგადასახადო შეღავათის თანხა, რომელიც 5 წლამდე ბავშვებისთვის 3,600 დოლარით, ხოლო 5-დან 17-წლამდე ბავშვებისთვის კი 3,000 დოლარით განისაზღვრება. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, თუ კანონში ცვლილებები არ შევიდა, 2026 წლიდან ბავშვის საგადასახადო შეღავათის თანხა დღეს არსებული 2,000 დოლარიდან 1,000 დოლარამდე შემცირდება.
მიღებული საშემოსავლო გადასახადის კრედიტის (EITC) გაფართოება – მიღებული საშემოსავლო გადასახადის კრედიტი არის გადასახადო შეღავათი დაბალი და საშუალო შემოსავლის ადამიანებისთვის. მისი მუშაობის პრინციპი წინა შემთხვევის ანალოგიურია. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, EITC-ის ფარგლებში, ის ადამიანები, ვისაც არ ჰყავთ ბავშვები, იღებენ უფრო ნაკლებ საგადასახადო შეღავათს, ვიდრე ისინი, ვისაც ბავშვები ჰყავთ. ჰარისის შეთავაზება მიზნად ისახავს ამის შეცვლას და უშვილო ადამიანებისთვის უფრო მეტი შეღავათის მიცემას. გარდა ამისა, მისი თქმით, შემცირდება ასაკობრივი მოთხოვნა EITC-ის მისაღებად. ამჟამად მხოლოდ 25-დან 64 წლამდე ასაკის ადამიანები ითვლებიან EITC უფლებამოსილებად, მაგრამ ახალი გეგმა 19 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერ ადამიანს მისცემს ამ შეღავათებით სარგებლობის საშუალებას.
დონალდ ტრამპის ეკონომიკური ხედვა
ინფლაცია
დონალდ ტრამპის განცხადებით, იგი ოვალურ კაბინეტში დაბრუნების პირველივე დღეს აპირებს ხელი მოაწეროს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ავალდებულებს ყველა სააგენტოს ხელმძღვანელსა და მრჩევლებს, „გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და უფლებამოსილება ინფლაციის შესაკავებლად და სამომხმარებლო ფასების სწრაფად დაწევისთვის“. ტრამპის თქმით, ფასების შემცირების მისი ერთ-ერთი სტრატეგია არის იმ რეგულაციების აღმოფხვრა, რაც სამუშაოს უფრო აძვირებს, თუმცა სხვა დეტალები უცნობია. ტრამპმა ასევე არაერთხელ განაცხადა, რომ ის შეამცირებს ფასებს ნავთობისა და გაზის მოპოვების გაზრდით, მაგრამ შეერთებულ შტატებში ენერგეტიკული რესურსების ფასები დიდად არის დამოკიდებული ნავთობის გლობალურ ბაზარზე, რაც პრეზიდენტის კონტროლის მიღმაა.
ტარიფები
ტრამპი, დაბრუნების შემთხვევაში, დამატებით ტარიფებს აანონსებს, რაც მოიცავს მინიმუმ 10%-იანი საიმპორტო ტარიფის დაწესებას ყველა ქვეყნიდან იმპორტზე, ხოლო ჩინეთიდან იმპორტზე – დამატებით 60%-მდე ტარიფს. მაისში, პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული შეფასებით, ეს ტარიფები ერთად საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახს შეიძლება წელიწადში 1,700 დოლარამდე დაუჯდეს. მოგვიანებით ტრამპმა ტარიფების 20%-მდე გაზრდაც არ გამორიცხა. დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ახალი ტარიფები დააბრუნებს სამუშაო ადგილებს და გაზრდის შემოსავალს ქვეყნისთვის. მაგრამ, ზოგადად, ეკონომისტები თანხმდებიან, რომ ტარიფები ძვირადღირებული გზაა ამერიკელი მწარმოებლების გასაძლიერებლად. მარტში ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ახალ 100%-იან ტარიფს დააწესებს აშშ-ის ფარგლებს გარეთ წარმოებულ ყველა ავტომობილზე, თუ ის კიდევ ერთი ვადით გაიმარჯვებს.
საგადასახადო შეღავათები
დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ 2017 წელს მიღებული გადასახადების შემცირებისა და სამუშაო ადგილების აქტის (TCJA) ძირითადი ნაწილები მუდმივი გახადოს. ეს მოიცავს კანონის იმ ნაწილების გახანგრძლივებას, რომლებსაც ვადა 2025 წლის შემდეგ ეწურებათ ან უკვე ამოწურული აქვთ.
TCJA-ის ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადის დებულებების გაფართოება – თუ, ვთქვათ, ადამიანი გამოიმუშავებს წელიწადში 50,000 დოლარს, TCJA-ის მიხედვით, იგი სხვადასხვა განაკვეთით იბეგრება შემოსავლების სხვადასხვა ნაწილზე (მაგალითად, 10% – პირველ 10,000 დოლარზე, 12% – მომდევნო 40,000 დოლარზე). ყველაზე მაღალი განაკვეთი, რასაც შემოსავლის გარკვეულ ოდენობაზე იხდის ადამიანი, დარჩება 37%-ზე, ნაცვლად 39.6%-ისა, რომელიც TCJA-მდე იყო დადგენილი. გარდა ამისა, ე.წ. „სტანდარტული გამოქვითვა“ არის დაწესებული თანხა, რომელიც ადამიანს შეუძლია გამოაკლოს საკუთარი შემოსავლიდან გადასახადების გამოანგარიშებამდე. TCJA-ს ძალაში შესვლამდე ეს თანხა 6,350 დოლარით იყო განსაზღვრული, ხოლო TCJA-ის მიხედვით, იგი 12,000 დოლარით განისაზღვრა. ამ ეტაპზე „სტანდარტული გამოქვითვის“ ოდენობა 14,600 დოლარს შეადგენს. ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ამ თანხის კიდევ უფრო გაზრდაა ნავარაუდევი. 2017 წელს TCJA-მ კორპორაციული გადასახადის განაკვეთი დასაბეგრი შემოსავლის 35 პროცენტიანი გადასახადიდან 21 პროცენტამდე შეამცირა. ტრამპმა ამ განაკვეთის კიდევ უფრო, 21%-დან 15%-მდე, შემცირება დაანონსა.
სოციალური უზრუნველყოფის შეღავათებზე გადასახადების გაუქმება – სოციალური უზრუნველყოფის შეღავათები გულისხმობს პენსიაზე გასული პირების, შშმ პირების, ვეტერანებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას. ბენეფიციარებს ამ შეღავათების დაახლოებით 50-85%-ზე უწევთ გადასახადების გადახდა. ეს გადასახადები, თავის მხრივ, დამოკიდებულია შემოსავლებზე. ტრამპის მიერ შემოთავაზებული იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სოციალური უზრუნველყოფის შეღავათები სრულიად თავისუფალი იყოს გადასახადებისგან. ეს ნიშნავს, რომ ამ კატეგორიაში მყოფ ადამიანებს აღარ მოუწევთ დამატებითი გადასახადების გადახდა, მიუხედავად მათი შემოსავლებისა.
ე.წ. „ჩაი“-ზე გადასახადის გაუქმება – ტრამპის ეკონომიკური ხედვა ასევე მოიცავს ე.წ. „ჩაი“-ზე გადასახადების გაუქმებას, ანუ იმაზე, რასაც მომსახურების სექტორში დასაქმებული ადამიანები მომსახურების საფასურთან ერთად დამატებით შემოსავლად იღებენ. ტრამპის თქმით, ეს ხელს შეუწყობს მეტი თანხა დარჩეთ იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ამ სახით იღებენ.
***
მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გამართულმა დებატებმაც ნათლად აჩვენა კანდიდატების ეკონომიკური ხედვები, რომელთაც განსხვავებული პრიორიტეტები აქვთ. კამალა ჰარისის ეკონომიკური გეგმა ორიენტირებულია მოსახლეობის საშუალო ფენის მხარდაჭერაზე, საგადასახადო შეღავათებზე, ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრაზე, სამუშაო უფლებების დაცვაზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და საცხოვრებლების დეფიტიცის აღმოფხვრაზე. დონალდ ტრამპის ეკონომიკური ხედვა ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას, რეგულაციების აღმოფხვრას, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაზრდას და პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებას, ტარიფების გაზრდის გზით. შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები დროა დარჩენილი და კანდიდატების კამპანიებიც აქტიურ ფაზაშია. ამ პერიოდში უფრო მეტად გამოიკვეთება, თუ რომელი კანდიდატის ხედვები იქნება უფრო ახლოს რეალური პრობლემების მოგვარებასთან, რაც ცხადია, ამერიკელი ხალხის არჩევანზე უდიდეს გავლენას მოახდენს.