ავტორი: ნინო ჩანადირი, კონტრიბუტორი ანალიტიკოსი
რუსეთის მიზანს, რომ უკრაინაში შეჭრასთან ერთად დაესუსტებინა ნატო და დაეშორებინა ის საკუთარი საზღვრებიდან, საპირისპირო შედეგი მოჰყვა. რუსეთის სამეზობლოში გაზრდილი უსაფრთხოების რისკების საპასუხოდ, შვედეთმა და ფინეთმა, რომლებიც დიდხანს რჩებოდნენ ნეიტრალურ ქვეყნებად, ნატოში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ფაქტი, რომ სახელმწიფოებმა, რომლებიც წინათ თავს არიდებდნენ სამხედრო ალიანსების წევრობას, საკუთარი უსაფრთხოების დღის წესრიგი მკვეთრად შეცვალეს, შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთი ყველაზე რელევანტურ მაგალითად იმისა, თუ როგორ შეცვალა უკრაინაში ომმა ევროპული უსაფრთხოების გარემო და როგორ დაიწყეს სახელმწიფოებმა ამაზე რეაგირება.
მიუხედავად იმისა, რომ შვედეთს და ფინეთს მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან წარსულშიც ჰქონდათ, ალიანსის წევრობა მათ გეგმებში არ შედიოდა და ამ იდეას არც სახალხო მხარდაჭერა ჰქონდა. უსაფრთხოების შესახებ გაზრდილი წუხილი გამოიხატა გაზრდილ მხარდაჭერაში ჩრდილოეთ ევროპაში უსაფრთხოების კოლექტიურად გაძლიერების მიმართ. ნატომ მყისიერად დაუჭირა მხარი იდეას, რომ თავის ხაზებში მიეღო სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი და სტაბილური დემოკრატიის მქონე სახელმწიფოები, რომლებსაც სანდო პარტნიორობის ისტორია აქვთ. მართალია, ვარაუდობდნენ, რომ ალიანსს ორივე ქვეყანა ერთდროულად შეუერთდებოდა, მაგრამ ფინეთი უფრო ადრე გახდა წევრი (2023 წლის აპრილი), შვედეთს კი მეტი დაბრკოლება შეხვდა ზოგიერთი წევრის პოლიტიკური წინააღმდეგობის გამო, ისეთების, როგორიცაა თურქეთი და უნგრეთი.
ჩვენი ბლოგის მიზანია, პირველ რიგში, მიმოვიხილოთ შვედეთის სურვილის მიმართ, გახდეს ალიანსის წევრი, ნატოს წევრთა წინააღმდეგობის საკითხი და ვუპასუხოთ კითხვას – რა იყო მთავარი მამოძრავებელი ზრახვები ამ პროცესის მიღმა? და მეორე, გავაანალიზოთ და ვაჩვენოთ ის ორმხრივი სარგებელი, რომელსაც შვედეთის ნატოში გაწევრიანება მოიტანს, რაშიც დაგვეხმარება პასუხი კითხვაზე, თუ რას მიიღებს თითოეული აქტორი (ნატო და შვედეთი, როგორც სუვერენული სახელმწიფო) მას შემდეგ, რაც ნატოს ყველა წევრი მოახდენს ახალი წევრის მიღების გადაწყვეტილებაზე თანხმობის რატიფიცირებას?
რთული გზა შვედეთისთვის
როგორც ზემოთ აღინიშნა, უნგრეთი ერთ-ერთი იყო ნატოს წევრო ორი სახელმწიფოდან, რომელიც შვედეთის ალიანსში მიღებას ეწინააღმდეგებოდა. უნგრეთის წინააღმდეგობა მოკლებული იყო რეალურ საფუძვლებს, ის უფრო მეტად წარმოადგენდა პასუხს შვედეთის კრიტიკაზე ორბანის ხელისუფლების მიმართ, რაზეც უნგრეთი აპელირებდა, რომ სტოკჰოლმი ამით საკუთარ „მორალურ უპირატესობას“ აჩვენებდა. ამასთან, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ უნგრეთის პოზიცია დაკავშირებული იყო მის ახლო ურთიერთობებთან რუსეთთან, რომელიც ტრადიციულად ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებას არგუმენტით, რომ ეს საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებას. მეორე მხრივ, ეს გამოხატულება იყო თურქეთის მიმართ მხარდაჭერისა, რომელიც ყველაზე დიდ წინააღმდეგობას აჩვენებდა შვედეთის სურვილის მიმართ, გამხდარიყო ნატოს წევრი.
თურქეთის პოზიცია ასოცირებული იყო შვედეთის მიმართ არსებულ რიგ პრეტენზიებთან და მოთხოვნებთან, რაც პროცესში ასევე გამოყენებული იყო, როგორც მექანიზმი პოლიტიკური ვაჭრობისთვის. თურქეთი ადანაშაულებდა შვედეთს ტერორიზმის წინააღმდეგ მკვეთრი პოზიციის არქონაში, როდესაც საქმე ეხება ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK), რომელიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს აღიარებული. დამატებით, იყო შემთხვევები, როდესაც ანკარამ მოითხოვა კონკრეტული ინდივიდების ექსტრადირება, რომლებიც ასოცირებული იყვნენ სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან 2016 წელს, თუმცა შვედეთმა ასეთ მოთხოვნას უარით უპასუხა. თურქეთი აცხადებდა, რომ შვედეთი სერიოზულად არ აღიქვამდა თურქეთის უსაფრთხოების საკითხებს. ამასთან, ინციდენტმა შვედეთში, ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს ყურანის დაწვამ, საფუძველი მისცა თურქეთის უმაღლეს პირებს შვედეთის ხელისუფლება უუნარობაში დაედანაშაულებინათ, რომ მათ ვერ შეძლეს თავიდან აერიდებინათ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული. ამან დამატებით გაამწვავა ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის.
თუმცა, ვითარება მოულოდნელად რადიკალურად შეიცვალა ნატოს სამიტზე ვილნიუსში, ივლისში, როდესაც ერდოღანმა თანხმობა განაცხადა შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხის მხარდაჭერაზე. ეს არ ნიშნავს, რომ შვედეთი ავტომატურად გახდა ნატოს წევრი და ეს არ იქნება მანამ, სანამ თურქეთი და უნგრეთი ოფიციალურად არ მოახდენენ მხარდამჭერი გადაწყვეტილების რატიფიცირებას. იყო მსჯელობა იმაზე, თუ რატომ შეიცვალა ერდოღანმა პოზიცია ასე სწრაფად. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ თურქეთმა შვედეთის ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ, შეთანხმებას მიაღწია პარტნიორებთან, რაც აკმაყოფილებდა მის ინტერესებს. უფრო კონკრეტულად, მიიღო მწვანე შუქი შეერთებული შტატებიდან F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების შესყიდვაზე, რითაც თურქეთი საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზებას მოახდენს.
რას მისცემს შვედეთი ნატოს და ნატო შვედეთს მას შემდეგ, რაც პროცესი დასასრულს მიუახლოვდება?
მას შემდეგ, რაც თურქეთი და უნგრეთი გადაწყვეტილების რატიფიცირებას მოახდენენ შვედეთის ნატოში მიღების თანხმობაზე, შვედეთი შეძლებს ოფიციალურად გახდეს ალიანსის წევრი, თუმცა საინტერესოა, რა ორმხრივ სარგებელს მოიტანს ეს შვედეთისთვის და ნატოსთვის?
მიუხედავად იმისა, რომ შვედეთი, ერთი შეხედვით, სამხედრო თვალსაზრისით დაცული ქვეყანა ჩანს, უკანასკნელ წლებში მას ჰქონდა უსაფრთხოების გამოწვევები რუსეთიდან, დაზვერვისა თუ შპიონაჟის მიმართულებით. საპასუხოდ, წლების მანძილზე შვედეთი ზრდიდა თავის თავდაცვის ბიუჯეტს, 2008 წელს საქართველოზე რუსეთის თავდასხმისა და 2014 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. 2022 წლიდან დღემდე უკრაინაში მიმდინარე ომმა დამატებით კიდევ შეცვალა შვედეთის უსაფრთხოების პოლიტიკა ნეიტრალიტეტიდან ნატოს წევრობის გადაწყვეტილებამდე. შვედეთმა ასევე გააღრმავა თანამშრომლობა უკრაინასთან, იმ მოტივით, რომ რუსეთი დამარცხდეს როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. გაძლიერებული ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები გამოიხატება შვედეთის სამხედრო მხარდაჭერაში უკრაინის მიმართ და ასევე მაღალი რანგის პოლიტიკურ ვიზიტებში უკრაინასა და შვედეთს შორის.
ნატოსთან პარტნიორობა ახალი მოვლენა არ არის შვედეთისთვის, მაგრამ რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე მისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტიები, უზრუნველყოფილი ალიანსის მხრიდან და მისი მეხუთე მუხლიდან, რომელიც იძლევა გარანტიას წევრ სახელმწიფოზე სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში გაერთიანებული ძალებით თავდაცვითი პასუხისა. ალიანსის წევრობა შეამცირებს შვედეთის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან მოწყობილი პირდაპირი პროვოკაციული ქმედებების შანსებს, რადგან ამას პოტენციურად არა მხოლოდ შვედეთის ძალების, არამედ ნატოს პასუხი მოჰყვება.
შვედეთის მიღება ნატოს რიგებში სასარგებლოა ალიანსისა და მისი შესაძლებლობებისთვისაც. შვედეთისა და ფინეთის ნატოს რიგებში ყოფნა ზრდის ნატოს წარმომადგენლობას ჩრდილოეთში და მას მეტ წვდომას აძლევს არქტიკულ ნაწილზე. დამატებით, ნატო მიიღებს წვდომას ბალტიის ზღვაში მდებარე სტრატეგიულ კუნძულ გოტლანდზე. ნატოს გაზრდილი წარმომადგენლობა ბალტიის ზღვაზე დამატებით უსაფრთხოების განცდას და გარანტიებს გაუჩენს რეგიონში ალიანსის წევრ სხვა სახელმწიფოებსაც. რაც შეეხება სამხედრო შესაძლებლობებს, შვედური ძალები შედარებით მცირეა, თუმცა – კარგად მომზადებული. ამას ემატება ის, რომ მათ გამოცდილება აქვთ ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და მონაწილეობა აქვთ მიღებული ნატოს სხვადასხვა მისიაში. ყოველივე ეს მხოლოდ გააძლიერებს ალიანსს, რაც მისი ყველა წევრი სახელმწიფოს ინტერესში უნდა შედიოდეს.
შეჯამება
მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ვარაუდი შვედეთისა და ფინეთის ალიანსში ერთდროულად გაწევრიანების შესახებ, აღმოჩნდა, რომ ეს გზა შვედეთისთვის უფრო რთულია და ჯერ არ დასრულებულა. თუ უნგრეთის წინააღმდეგობა შვედეთის ნატოში გაწევრიანების მიმართ ზედაპირული იყო, თურქეთს უფრო ღრმა პოლიტიკური მიზნები ჰქონდა. თუმცა პროცესის განვითარებამ მიაღწია წერტილს, როდესაც ამ ორმა სახელმწიფომ თანხმობა განაცხადეს შვედეთის ალიანსში მიღების მხარდაჭერაზე. მას შემდეგ, რაც ისინი ოფიციალურად მოახდენენ თავიანთი მხარდაჭერის რატიფიცირებას, შვედეთი შეძლებს გახდეს ნატოს წევრი. შვედეთის მიღება ნატოს რიგებში ორმხრივი სარგებლის მომტანია. შვედეთი მიიღებს უსაფრთხოების მეტ გარანტიას, ხოლო ნატო გაიღრმავებს ფესვებს ისეთ სტრატეგიულ ადგილას, როგორიცაა ბალტიის ზღვა, რაც მნიშვნელოვანია ალიანსის სხვა წევრების უსაფრთხოებისთვისაც. ალიანსის, როგორც მთელის, გაძლიერება მისი ყველა წევრის ინტერესში უნდა იყოს და შვედეთის მიღება საკუთარ რიგებში ამ მიზანს შეუწყობს ხელს.