ავტორი: დავით ბატაშვილი
რუსეთის სამხედრო ტრანსფორმაციის მონიტორინგი, გამოშვება 7: 15 დეკემბერი 2022 – 15 ივნისი 2023
2018 წლის აგვისტოდან „რუსეთის სამხედრო ტრანსფორმაციის მონიტორინგი“ რუსეთის სამხედრო ძალებში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს აშუქებს. „მონიტორინგის“ ყველა გამოცემა ამ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.
ცენტრალური რუსეთი
2022 წლის 21 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ განაცხადა, რომ ახლო მომავალში შეიქმნებოდა ორი ახალი სამხედრო ოლქი – მოსკოვისა და ლენინგრადის.
პრაქტიკაში, ეს ცვლილება ორად გაყოფს არსებულ დასავლეთის სამხედრო ოლქს.
*
2023 წლის გაზაფხულზე 1-ლი სატანკო არმიის (შტაბი ბაკოვკაში, მოსკოვის ოლქი) 47-ე სატანკო დივიზიის (შტაბი მულინოში, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქი) შემადგენლობაში შექმნა 245-ე მექანიზებული პოლკი. თავად 47-ე დივიზია შეიქმნა 2021 წლის 1 დეკემბერს.
დასავლეთის მიმართულება (უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, და პირველ ორ ქვეყანასთან რუსეთის საზღვრისპირა ტერიტორიები)
2023 წლის დასაწყისში, რუსებმა სახელი შეუცვალეს ზოგ ნაწილს 1-ლი საარმიო კორპუსის (შტაბი დონეცკში, უკრაინის ოკუპირებული ნაწილი) და მე-2 საარმიო კორპუსის (შტაბი ლუჰანსკში, უკრაინის ოკუპირებული ნაწილი) შემადგენლობაში. აღნიშნული ორი კორპუსი რუსების მიერ 2014 წლის ნოემბერში შეიქმნა უკრაინის დონბასის რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილში.
1-ელ საარმიო კორპუსში სახელი შემდეგ ნაწილებს გადაერქვა:
მე-3 მექანიზებულ ბრიგადას (ჰორლივკა, დონეცკის ოლქი, უკრაინის ოკუპირებული ნაწილი) ეწოდა 132-ე მექანიზებული ბრიგადა.
მე-100 მექანიზებულ ბრიგადას (დონეცკი, უკრაინის ოკუპირებული ნაწილი) ეწოდა 110-ე მექანიზებული ბრიგადა.
მე-11 მექანიზებული პოლკის (მაკიივკა, დონეცკის ოლქი, უკრაინის ოკუპირებული ნაწილი) ნაცვლად შეიქმნა 114-ე მექანიზებული ბრიგადა.
მე-2 ცალკეულ სატანკო ბატალიონ „დიზელს“ (დონეცკი, უკრაინის ოკუპირებული ნაწილი) ეწოდა მე-10 ცალკეული სატანკო ბატალიონი.
მე-2 საარმიო კორპუსში სახელი შემდეგ ნაწილებს გადაერქვა:
მე-2 მექანიზებულ ბრიგადას (ლუჰანსკი, უკრაინის ოკუპირებული ნაწილი) ეწოდა 123-ე მექანიზებული ბრიგადა.
მე-6 მექანიზებული პოლკის (კადიივკა/სტახანოვი, ლუჰანსკის ოლქი, უკრაინის ოკუპირებული ნაწილი) ნაცვლად შეიქმნა მე-6 მექანიზებული ბრიგადა.
მე-7 მექანიზებულ ბრიგადას (ბრიანკა, ლუჰანსკის ოლქი, უკრაინის ოკუპირებული ნაწილი) ეწოდა 127-ე მექანიზებული ბრიგადა.
*
2023 წლის აპრილის დასაწყისში რუსულ წყაროებში დაფიქსირდა 87-ე პოლკის არსებობა 1-ლი საარმიო კორპუსის შემადგენლობაში. გაურკვეველი იყო, აღნიშნული პოლკი რუსეთის შეიარაღებული ძალების მუდმივი სტრუქტურის ელემენტად შეიქმნა, თუ უკრაინასთან ომისთვის მობილიზებულთაგან შექმნილი მრავალრიცხოვანი დროებითი დანაყოფებიდან ერთ-ერთია.
*
პროექტი 20380 კლასის კორვეტი მერკური რუსულ ფლოტს 2023 წლის 13 მაისს შეუერთდა. კორვეტი კალინინგრადის ოლქში ბალტიისკის საზღვაო ბაზაზე მდებარეობდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ დაგეგმილი იყო მისი გადაცემა შავი ზღვის ფლოტისთვის.
ბალტიის რეგიონი
პროექტი 21631 კლასის კორვეტი გრადი შეუერთდა ბალტიის ფლოტს 2022 წლის 29 დეკემბერს.
კავკასია
რუსული წყაროების 2023 წლის მაისის ცნობით, სტავროპოლის მხარეში, სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში, ახალი მე-40 საარმიო კორპუსი ჩამოყალიბდა.
*
2023 წლის თებერვლისთვის, აღინიშნა მე-19 მექანიზებული დივიზიის (შტაბი სპუტნიკში, ჩრდილოეთი ოსეთი-ალანია) ახალი 292-ე თვითმავალი საარტილერიო პოლკის არსებობა.
ურალი, ციმბირი და ცენტრალური აზია
რუსულ ოფიციალურ წყაროებში აღინიშნა ახალი 25-ე არმიის არსებობა სულ მცირე 2023 წლის ივნისის დასაწყისიდან. გეგმებში იყო ამ არმიის ჩამოყალიბება 2023 წლის 1 სექტემბრისთვის, ხოლო ბრძოლისთვის მზადმყოფ მდგომარეობაში მოყვანა 1 დეკემბრისთვის, შემდეგ კი მისი უკრაინაში ფრონტზე გაგზავნა.
შორეული აღმოსავლეთი
რუსული წყაროების 2023 წლის მაისის ცნობით, წყნარი ოკეანის ფლოტის შემადგენლობაში შეიქმნა, და უკვე უკრაინასთან ომში მონაწილეობასაც იღებდა, 390-ე საზღვაო ქვეითთა პოლკი.
*
2023 წლის მარტში რუსეთმა განაცხადა, რომ კურილის კუნძულების ჩრდილოეთში, პარამუშირის კუნძულზე, ბასტიონის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების ბატალიონი განლაგდა.
*
2022 წლის 29 დეკემბერს, პროექტი 955ა კლასის ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი გენერალისიმუსი სუვოროვი წყნარი ოკეანის ფლოტს შეუერთდა. დაგეგმილი იყო 2023 წელს მისი განლაგება პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის საზღვაო ბაზაზე.
ამავე დღეს, პროექტი 12700 კლასის ტრალერი ანატოლი შლემოვი ასევე შეუერთდა წყნარი ოკეანის ფლოტს.
რუსეთისგან დაშორებული რეგიონები
2023 წლის იანვრისთვის რუსეთმა და ასადის რეჟიმმა ერთობლივად აღადგინეს ალ-ჯარას საჰაერო ბაზა ჩრდილოეთ სირიაში. ბაზას ორივე მხარის საჰაერო ძალები გამოიყენებენ.