ავტორი: გელა ხმალაძე
ზოგადად, ხელისუფლების ლეგიტიმაცია პოლიტიკური კატეგორიაა. ლეგიტიმაცია შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც მოცემული ხელისუფლების კანონიერება, თუმცა, არა მხოლოდ წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია რამდენად ხდება ამ ხელისუფლების აღიარება და ფსიქოლოგიური მიმღებლობა როგორც მოცემული ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც. აგრეთვე მნიშვნელოვანია, ხელისუფლების გადაწყვეტილებები და მოქმედებები რამდენად ემთხვევა შიდა საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინს. შესაბამისად, შეიძლება გაიმიჯნოს ერთმანეთისგან შიდა და საგარეო ლეგიტიმაციაც.
თავის მხრივ, ხელისუფლების შიდა ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით ხელისუფლების აღიარებაა, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არის სამართლიანი, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური კულტურის ნორმებს და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური წესრიგი იდეალურია სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის. შიდა ლეგიტიმაცია ასევე გულისხმობს ხელისუფლების და საზოგადოების კონსოლიდაციის ხარისხს სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანების გადასაწყვეტად.
საინტერესოა მოკლედ განვიხილოთ შიდა და საგარეო ლეგიტიმაციის კუთხით რა გამოწვევები არსებობს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისათვის. აგრეთვე მნიშვნელოვანია იმის გაგება, მოსკოვის რეჟიმს რამდენად ეყოფა შიდა სტაბილურობის რესურსი საომარი მოქმედებების და ექსპანსიონისტური პოლიტიკის გასაგრძელებლად.
რეჟიმის სტაბილურობა – მოჩვენებითი თუ რეალური
2022 წლის თებერვალში უკრაინაში სამხედრო შეჭრის შემდეგ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა საგარეო ლეგიტიმაციის მხრივ. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ გასცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო. 2024 წლის 17 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია რუსეთის პრეზიდენტად ვ. პუტინის არჩევის არალეგიტიმურობის შესახებ და ასევე მოუწოდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შეეწყვიტათ მასთან ყველა სახის კონტაქტი, თუკი ეს არ იქნება განპირობებული ჰუმანიტარული ან სამშვიდობო მიზნებით.
2024 წლის მარტში პრეზიდენტად მეხუთე ვადით არჩევის და 7 მაისის ინაუგურაციის შემდეგ ვ. პუტინმა დაიწყო ინტენსიური საერთაშორისო ვიზიტების განხორციელება და დაახლოებით სამი-ოთხი თვის განმავლობაში ეწვია რვა ქვეყანას – ძირითადად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (ОДКБ) მონაწილე სახელმწიფოებს და რუსეთის ფედერაციის აზიურ მეზობლებს.
ცხადად შეინიშნება ტენდენცია, რომ ვ. პუტინის მთავარი მიზანია ამ ვიზიტებით მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის და დასავლური სანქციების მიუხედავად რუსეთს აქვს საკმარისი სივრცე საგარეო-პოლიტიკური მანევრირებისთვის, ინარჩუნებს საერთაშორისო მხარდაჭერას და ჰყავს გავლენიანი პარტნიორები. ამ შეხვედრების დროს ხელმოწერილი პროტოკოლური ხასიათის სამთავრობოთაშორის ხელშეკრულებებზე მეტად პრეზიდენტ ვ. პუტინისთვის ასეთ ვიზიტებს უფრო სიმბოლური და რეპუტაციული მნიშვნელობა აქვს. ამით იგი აშკარად ცდილობს შერყეული საგარეო ლეგიტიმაციის კომპენსირებას.
საგარეო ლეგიტიმაციის მხრივ გამოწვევების ფონზე პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლების შიდა ლეგიტიმაციას, ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი ემუქრება. მოსკოვის რეჟიმის სტაბილურობასთან ერთად დაცულია იდეური და ღირებულებითი ბალანსი ხელისუფლებასა და რუსული საზოგადოების უმრავლესობას შორის.
ამ თვალსაზრისით, თუ დავაკვირდებით ბოლო წლებში განვითარებულ პროცესს, რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობამ უმტკივნეულოდ მიიღო ვ. პუტინის პრეზიდენტად მეხუთე ვადით არჩევის მართლზომიერება, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის მარტში კანონიერად ცნო სახელმწიფო დუმის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტობის წინა ვადების განულებასთან დაკავშირებით.
თავად 15-17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში დაფიქსირებული უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებლები, როგორც ამომრჩეველთა მონაწილეობის, ისე მოქმედი პრეზიდენტის მხარდაჭერის კუთხით, ვ. პუტინმა გამოიყენა საკუთარი ლეგიტიმაციის გამყარებისათვის – შეეცადა წარმოეჩინა, თითქოს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ და დემოკრატიულ სამყაროსთან დაპირისპირება არის არა მისი პირადი პოლიტიკური ამბიცია, არამედ რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ეგზისტენციალური არჩევანი.
ფაქტია, რომ მოხდა რუსეთის საზოგადოების თითქმის უმტკივნეულო ადაპტაცია უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომთან და მის პოლიტიკურ შედეგებთან. დემოკრატიული სამყაროსაგან იზოლაციას და დასავლურ სანქციებს არ გამოუწვევია მასობრივი საპროტესტო განწყობები რუსულ საზოგადოებაში. პრეზიდენტ ვ. პუტინის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების მიზნებისადმი რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერის მაღალი მაჩვენებელი არ შეცვლილა საომარო მოქმედებების მიმდინარეობის ორ-ნახევარი წლის მანძილზე.
ამასთან, რუსეთში დღემდე არ ჩანს ეკონომიკური კრიზისის აშკარა ნიშნები. ფედერალურმა ხელისუფლებამ მოკლე დროში ადვილად მოახერხა სანქცირებული საიმპორტო საქონლის ჩანაცვლება. მკვეთრად გაიზარდა მოსახლეობის შემოსავლები, განსაკუთრებით, ყველაზე დაბალშემოსავლიანი ფენებისთვის, ხოლო უმუშევრობის და სიღარიბის დონის მაჩვენებლებმა მიაღწია ისტორიულ მინიმუმს. ერთგვარი საზოგადოებრივი შეთანხმება არსებობს რეგიონულ და ბიზნესელიტებთანაც – ისინი სარგებლობენ ეკონომიკური თავისუფლებით იმ პირობით, რომ შეინარჩუნებენ სრულ ლოიალობას არსებული რეჟიმის მიმართ.
უკრაინასთან ომის ფონზე პუტინის რეჟიმის მთავარი მიზანია საზოგადოების შეშფოთება არ მიუახლოვდეს კრიტიკულ ნიშნულს. ამისათვის რუსეთის ხელისუფლება ცდილობს საზოგადოება ჩამოშორებული იყოს რეალური პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესს, დარჩეს პასიური და, შესაბამისად, მოიხსნას პასუხისმგებლობა რეჟიმის გადაწყვეტილებებზე.
პრეზიდენტ ვ. პუტინის მმართველობის ერთგვარ მარკერადაც კი იქცა ის ფაქტი, რომ იგი ყოველმხრივ გაურბის რუსეთის შიგნით შექმნილ პოლიტიკური თუ სოციალური ხასიათის კრიზისულ ვითარებასთან საკუთარი პერსონის იდენტიფიცირებას. 6 აგვისტოს შემდგომ პერიოდში, მას მერე, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს კურსის ოლქის ნაწილი, რუსეთის პრეზიდენტი ართუ არ ჩასულა კურსკის ოლქში, არამედ მუდმივად თავს არიდებს ამ თემაზე საჯარო საუბარს.
პოლიტიკოსიდან ისტორიულ მოღვაწემდე
2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ პრეზიდენტი ვ. პუტინი მიზანმიმართულად ცდილობს პოლიტიკოსიდან გადაიქცეს ეროვნულ ლიდერად და ისტორიულ მოღვაწედ. ზოგადად, პოლიტიკოსს ირჩევენ, იგი ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე, ნებისმიერი დონის პოლიტიკოსის საქმიანობაზე სახელმწიფოში არსებობს კონტროლის მექანიზმები. ისტორიული მოღვაწე კი ასეთ კონტროლს არ ექვემდებარება. იგი თავად ახდენს საკუთარი თავის ლეგიტიმაციას პირადი ისტორიული დამსახურებებით. ასეთ დამსახურებად ვ. პუტინი „ისტორიული რუსული მიწების“ დაბრუნებას და რუსეთის ფედერაციის საგარეო ექსპანსიას მიიჩნევს, ხოლო მისი მოღვაწეობის საბოლოო მიზანი რუსეთის მსოფლიოს ერთ-ერთ გეოპოლიტიკურ პოლუსად გადაქცევაა.
ასევე ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფოში სოციალური უკმაყოფილების და პროტესტის თუნდაც უმნიშვნელო გამოვლინების შემთხვევაში ადვილად ხდება პასუხისმგებლობის გადატანა ხელისუფლების ქვედა რგოლებზე — ხელქვეითებზე, რომელთა ცვლილება პრობლემას არასოდეს წარმოადგენს. ისტორიული მოღვაწე ამ მხრივაც ხელშეუხებელია. ვ. პუტინი, როგორც ეროვნული ლიდერი, ანგარიშვალდებული პოლიტიკოსიდან გადაიქცა ერთგვარ არბიტრად, რომელიც არეგულირებს და აგვარებს წინააღმდეგობებს როგორც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს, ასევე სახელისუფლებო კლანებს შორის.
გზავნილი რეგიონებისადმი
შიდა ლეგიტიმაციის თვალსაზრისით საყურადღებო იყო ვ. პუტინის ბოლო რეგიონული ვიზიტებიც. 20 აგვისტოს მან მოინახულა ჩრდილოეთ კავკასიის სამი ფედერალური სუბიექტი (ყაბარდო-ბალყარეთის, ჩრდილოეთ ოსეთის და ჩეჩნეთის რესპუბლიკები), ხოლო 2 სექტემბერს ეწვია ტუვის რესპუბლიკას. ვფიქრობთ, ამ რესპუბლიკების შერჩევა შემთხვევითი არ ყოფილა და ეს, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლების წმინდა პოლიტტექნოლოგიური გადაწყვეტილება იყო. საქმე ისაა, რომ რუსეთის ბოლო ორი (2018 და 2024 წლების) საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თანახმად, სწორედ ყაბარდო-ბალყარეთის, ჩეჩნეთის და ტუვის რესპუბლიკები არიან რეგიონების პირველ ხუთეულში, სადაც ვ. პუტინი იღებს ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მეტ რაოდენობას. თუკი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა ლიდერობდა 93.38%-ით, 2024 წელს უკვე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში დაფიქსირდა რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის მხარდაჭერის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 98.99%.
ამავე დროს საყურადღებოა ის მომენტი, რომ ხსენებული სამი რესპუბლიკა სოციალ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი მაჩვენებლებით მუდმივად ბოლო ადგილებზე არიან რუსეთის ფედერალურ სუბიექტებს შორის. ერთი შეხედვით, ამ რესპუბლიკებში საზოგადოებას ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების და უნდობლობის ყველაზე მეტი საფუძველი უნდა გააჩნდეს. თუმცა, რეალური ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ასეთი მაღალი მხარდაჭერა შესაძლებელია აიხსნას მხოლოდ ერთი მომენტით – ამ რესპუბლიკებში არსებული ტოტალური კორუფცია, ადგილობრივი სახელისუფლებო კლანების ძლიერი გავლენა საზოგადოებაზე და ავტორიტარული რეჟიმის წნეხი არ უტოვებს ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალებას.
ვფიქრობთ, ვ. პუტინის აღნიშნული ვიზიტები ამ რესპუბლიკებში არის მადლიერების გამოხატვის თავისებური ჟესტი და მკაფიო სიგნალი ადგილობრივი ლოიალური ელიტების მიმართ, რომ კრემლი მომავალშიც გააგრძელებს მათ მხარდაჭერას და ფედერალური ხელისუფლების პოლიტიკა რეგიონებში ახლო მომავალში არ შეიცვლება.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მოქმედი რეჟიმისადმი ლოიალურად განწყობილი რუსული ტოტალიტარული საზოგადოება, მძლავრი შიდა ეკონომიკური რესურსები, აგრეთვე მოკავშირე ავტორიტარულ რეჟიმებთან სიტუაციური თანამშრომლობა არის ძირითადი ფაქტორები, რაც განსაზღვრავს რუსეთის ხელისუფლების სტაბილურობას და წარმოადგენს მისი ლეგიტიმაციის წყაროებს.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მოქმედი ხელისუფლების დელეგიტიმაცია არაერთ ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, თუმცა ვფიქრობთ, დელეგიტიმაციის პროცესის დაწყების ორი მთავარი საფუძველი არსებობს:
- შეუქცევადი ეკონომიკური კრიზისი და მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონის მკვეთრი გაუარესება;
- როდესაც მოქმედი ხელისუფლება ვეღარ ახერხებს მოსახლეობის დაცვას შიდა და გარე საფრთხეებისაგან, ასეთ დროს მოსახლეობა თავად იწყებს საკუთარი უსაფრთხოების და ძირითადი უფლებების დაცვას.
სავარაუდოდ, ჯერჯერობით რუსეთის ფედერაციის მოქმედ ხელისუფლებას დელეგიტიმაციის საფრთხე არ ემუქრება და პრეზიდენტ ვ. პუტინის რეჟიმს აქვს საკმარისი პოლიტიკური რესურსი იმისა, რომ განუსაზღვრელი ვადით დარჩეს ქვეყნის სათავეში.