ავტორი: თათა გელაშვილი

 

შესავალი

2024 წლის აშშ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთმა გამოიყენა პროპაგანდისტული ხერხების ფართო სპექტრი, რომელიც ამერიკულ საზოგადოებაში პოლიტიკური განხეთქილების გაღრმავებას და მისი დემოკრატიული პროცესების მთლიანობის შელახვას ისახავდა მიზნად. საინფორმაციო ომის საშუალებები, როგორიცაა ყალბი ვიდეოების დამზადება და სოციალური მედიის პლატფორმებით მანიპულირება, ეხებოდა ისეთ საკვანძო პოლიტიკურ ფიგურებს, როგორიცაა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. წარმოებული საინფორმაციო ომის მეშვეობით კრემლი ცდილობს, წარმოაჩინოს აშშ-ის დემოკრატია, როგორც ხარვეზიანი და არაეფექტური. ბლოგში გავაანალიზებთ რუსეთის მიერ გამოყენებულ პროპაგანდისტულ ხერხებსა და ინსტრუმენტებს; როგორ უპირისპირდება შეერთებული შტატები ამ ქმედებებს და, საბოლოო ჯამში, შევაფასებთ რამდენად ეფექტურია ეს კონტრზომები. ნიშანდობლივია, რომ რუსული პროპაგანდა ყოველწლიურად ვითარდება, დეზინფორმაციის ტაქტიკა კი, რომელიც ადაპტირდება ცვალებად პოლიტიკურ და ტექნოლოგიურ ლანდშაფტთან, სულ უფრო დახვეწილი ხდება.

რუსული პროპაგანდის ხერხები და ინსტრუმენტები

არჩევნების სანდოობის შელახვა და ულტრამემარჯვენე რიტორიკის გაძლიერება

რუსეთის მიერ გამოყენებული ტაქტიკა გულისხმობდა პოლიტიკური არასტაბილურობის გაღვივებას არჩევნების ლეგიტიმურობაში ეჭვების გაჩენისა და ულტრამემარჯვენე იდეოლოგიების პროპაგანდის გზით. ამ ტაქტიკის მეშვეობით რუსეთი აშშ-ის მოქალაქეებში, განსაკუთრებით მერყევ შტატებში, არჩევნების არასამართლიანობასა და არალეგიტიმურობის ეჭვების გაღვივებას ცდილობდა, პარალელურად კი აძლიერებდა ულტრამემარჯვენე რიტორიკას, რამაც გამოიწვია უნდობლობა პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ. ამ ტაქტიკის გამოყენებით, რუსეთი მიზნად ისახავდა დემოკრატიული პროცესისადმი ნდობის შესუსტებას და ამომრჩეველთა შორის განხეთქილების ხელშეწყობას ისეთი საშუალებებით, როგორიცაა სოციალური მედიის პლატფორმები, ხელოვნური ინტელექტის მართვის ინსტრუმენტები და დეზინფორმაციული ქსელები.

რუსეთის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების სანდოობის შელახვის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იყო ჯორჯიის შტატში მოქმედი პროპაგანდისტული საშუალება – “Storm-1516” ქსელი. ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ყალბი შინაარსის ვიდეო, რომელშიც  მამაკაცი რამდენიმე ხმას აძლევდა დემოკრატ კამალა ჰარისს. ვიდეო, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, FBI-მა და კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტომ (CISA) უწოდეს რუსული პროდუქტი, შეიქმნა იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობას ბზარი გასჩენოდა. ანალოგიურად, რუსმა აქტორებმა გაავრცელეს ყალბი ახალი ამბები კიდევ ერთ მნიშვნელოვან მერყევ შტატში, არიზონაში. ინტერვიუში ნათქვამი იყო, რომ სახელმწიფო ოფიციალური პირები ქმნიდნენ ბიულეტენებს და ცვლიდნენ ამომრჩეველთა სიებს ჰარისის სასარგებლოდ. ამ პროპაგანდისტულ მცდელობებს საერთო მიზანი ჰქონდა – შერყეულიყო საზოგადოების ნდობა საარჩევნო სისტემის მიმართ და პროცესი არალეგიტიმურად შეფასებულიყო.

ამავდროულად, რუსეთმა გააძლიერა ულტრამემარჯვენე რიტორიკა პოლიტიკური ლანდშაფტის შემდგომი დესტაბილიზაციისთვის ექსტრემიზმის გაღვივებით, განსაკუთრებით ისეთ მოძრაობებს შორის, რომლებიც გამოირჩეოდნენ ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური ხედვებით. სწორედ ეს ვითარება აქცია რუსეთმა ინსტრუმენტად და დაიწყო სხვადასხვა სახის გზავნილებისა და ნარატივების შექმნა ონლაინ ინფორმაციულ ექოკამერებში. 2024 წელს კრემლის მიერ მხარდაჭერილმა აქტორებმა განახორციელეს სპეციფიკური დეზინფორმაციული კამპანიები, როგორიცაა “მატრიოშკა”, რომელიც ავრცელებდა გამოგონილ ისტორიებს FBI-ის მიერ სავარაუდო თაღლითობაში მონაწილე ჯგუფების დაკავების შესახებ. ეს ტაქტიკა მიმართული იყო მედიისა და ფაქტების შემმოწმებელი ჯგუფების წინააღმდეგ; თუმცა ამან კონსერვატიულ ამომრჩევლებს, რომლებსაც უკვე აწუხებდათ არჩევნების მთლიანობის საკითხი, განუმტკიცა რწმენა საარჩევნო პროცესის არასანდოობის შესახებ, რამაც გაამწვავა მათი აგრესია და იმედგაცრუება სამთავრობო ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესის მიმართ.

2024 წლის 4 სექტემბერს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა Tenet Media-ის წევრებს ბრალი წაუყენა, რომ ისინი 9,7 მილიონ დოლარს იღებდნენ რუსული ფარული ოპერაციიდან. თანხები გამოიყენებოდა ამერიკელი მემარჯვენეების პრორუსული ნარატივებისა და შეთქმულების თეორიების პროპაგანდაში ჩასართავად. გავრცელებული ინფორმაციით, პროპაგანდისტების მიმდევრები წაახალისეს ბიულეტენების მოპარვაში, ამომრჩევლების დაშინებასა და არჩევნების წინ კენჭისყრის ადგილების დაზიანებაში. გარდა ამისა, გამოიყენეს კამპანია “Doppelganger”, რუსული დეზინფორმაციული ოპერაცია – რომელიც უკრაინის საწინააღმდეგო ყალბ ამბებს ავრცელებდა და მიზნად ისახავდა არჩევნებთან დაკავშირებული უნდობლობის გაძლიერებას. როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, მათ შეწყვიტეს საგარეო გავლენის ეს კამპანია (“Doppelganger”), რომელსაც აკონტროლებდა რუსეთი და ცდილობდა რუსული სამთავრობო პროპაგანდის გავრცელებას.

გარდა ამისა, რუსმა აქტორებმა გამოიყენეს ვიზუალური დეზინფორმაცია, როგორიცაა გაყალბებული ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ბიულეტენების განადგურება პენსილვანიაში. ამ შეთხზული ვიზუალური სურათის, როგორც თაღლითობის „მტკიცებულების“ წარმოჩენით, მათ გააძლიერეს წარმოდგენა, რომ საარჩევნო პროცესი კომპრომეტირებული იყო. ამ მანიპულაციამ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა კონსერვატიულ წრეებში, სადაც ტრამპის მხარდამჭერები არჩევნებს უკვე სკეპტიციზმით უყურებდნენ.

ამ ფსიქოლოგიურმა მანიპულაციამ გავლენა მოახდინა ამომრჩეველთა აღქმაზე და შეასუსტა დემოკრატიული სისტემის სიძლიერე, რაც მას უფრო დაუცველს ტოვებდა მომავალი ჩარევების მიმართ. რუსეთის ძალისხმევამ გააძლიერა პოლარიზაცია და შეარყია ნდობა როგორც საარჩევნო პროცესის, ასევე მედიის მიმართ, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც უკვე ეჭვი ეპარებოდათ ტრადიციულ საინფორმაციო წყაროებში.

პოლიტიკური და რასობრივი განხეთქილების გამოყენება

რუსული საინფორმაციო კამპანიები ხშირად არის ფოკუსირებული საარჩევნო პროცესის შელახვაზე, როგორიცაა ამომრჩეველთა გაყალბების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება, თუმცა მათი უფრო ფართო მიზანია პოლიტიკური, მათ შორის რასობრივი განხეთქილების გაღრმავება შეერთებულ შტატებში. ამ მიზნის განსახორციელებლად რუსეთი ეყრდნობა სოციალური მედიის ისეთ პლატფორმებსა და ინსტრუმენტებს, როგორიცაა ყალბი ანგარიშები, ბოტები, ტროლები და მიზანმიმართული რეკლამები. ეს პლატფორმები იდეალურ სივრცეს უქმნის რუსეთს, რომ სწრაფად და ეფექტურად მიაღწიოს ფართო აუდიტორიას, რაც აძლიერებს მის დეზინფორმაციულ მცდელობებს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ახალი დეტალები ცხადყოფს, რომ აღნიშნული “Doppelganger” კამპანია იყენებს განხეთქილებას სხვადასხვა, მათ შორის რასობრივ, ეთნიკურ და პოლიტიკურ ჯგუფებში როგორც აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მნიშვნელოვანი სოციალური და პოლიტიკური საკითხების ირგვლივ. როგორც ოფიციალურ ბრალდებებშია ასახული, აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავდა უკრაინის ომის შესახებ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას და 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემოქმედებას კონკრეტულ ჯგუფებზე ფოკუსირებით. კონტენტი შეიქმნა ებრაულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, რათა სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის  ისრაელი, დაშორებოდა დასავლურ, ანტირუსულ ნარატივს.

რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ტაქტიკა ისტორიული მეხსიერების და კულტურული სიმბოლოების გამოყენება იყო უკრაინის მთავრობის წარსულ ნეგატიურ ასოციაციებთან დასაკავშირებლად. აღსანიშნავია, რომ ნახსენებ ტაქტიკას ხშირად იყენებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. პოლიტიკურ არეულობებზე ფოკუსირებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ისრაელი, კამპანია ცდილობდა გავლენა მოეხდინა აშშ-ის ამომრჩეველთა მთავარ სეგმენტებზე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ეს დეზინფორმაციული მცდელობა კიდევ ერთხელ ჰფენს ნათელს რუსეთის სტრატეგიას, შეცვალოს საერთაშორისო შეხედულებები და გააღრმაოს შიდა განხეთქილებები ქვეყნებში საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

საარჩევნო კამპანიის დროს რუსეთი მიზნად ისახავდა შეესუსტებინა ამერიკის საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით, მისი როლი გლობალურ კონფლიქტებში, როგორიცაა რუსეთ-უკრაინის ომი და დეზინფორმაციის გავრცელებით მოეხდინა აშშ-ის დისკრედიტაცია. ამის ნათელი მაგალითი იყო გავრცელებული „დიფფეიკ“ ვიდეო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მეთიუ მილერის მონაწილეობით, თითქოს მხარს უჭერს უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ ბელგოროდზე იერიშს. ამერიკის საგარეო პოლიტიკის დისკრედიტაციით რუსული პროპაგანდა მიზნად ისახავდა აშშ-ის გლობალური გავლენის შესუსტებას და მისი სანდოობის შემცირებას, სკეპტიციზმის წარმოქმნას აშშ-ის ინტერვენციონისტული პოლიტიკის მიმართ, განსაკუთრებით, ამერიკელ მოქალაქეებში და აშშ-ის საგარეო დახმარების წარმოჩენას ეგოისტურ და ფუჭ ქმედებად.

 

აშშ-ის პასუხი რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევაზე

რუსეთის მიერ ამერიკულ საარჩევნო პროცესებში ჩარევის მუდმივი მცდელობების საპასუხოდ, აშშ-ის მთავრობამ ძლიერი სტრატეგია შეიმუშავა. გეგმა მოიცავდა სხვადასხვა ზომას რუსული საინფორმაციო ომის ძირითადი ასპექტების წინააღმდეგ, დაწყებული მედიის გავლენის შეზღუდვით, დამთავრებული რუსეთის მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ წარმოქმნილი ტექნოლოგიური საფრთხეების განეიტრალებით. საერთო მიზანი იყო ამერიკული დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ სანდოობის დაცვა და საშინაო პოლიტიკურ პროცესებში საგარეო ჩარევის მინიმიზაცია.

აშშ-ის მთავრობის სტრატეგიის მთავარი ელემენტი იყო სავიზო შეზღუდვების დაწესება კრემლის გავლენის ქვეშ მომუშავე რუსი ჟურნალისტებისთვის. ამით სახელმწიფო დეპარტამენტი ცდილობდა შეეზღუდა რუსული პროპაგანდის გავრცელება, რომელიც ხშირად დამოუკიდებელი ჟურნალისტიკით იყო შენიღბული. ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს დეზინფორმაციის წყაროების კონტროლის მნიშვნელობას და მათთვის ისეთი პოლიტიკური დისკურის ჩამოყალიბებაში ხელის შეშლის აუცილებლობას, იქნება ეს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მედიასაშუალებები თუ ცალკეული სუბიექტები, რომელიც საარჩევნო სისტემისადმი საზოგადოების ნდობას უთხრის ძირს.

სავიზო შეზღუდვების პარალელურად, აშშ-ის მთავრობამ მიიღო გარკვეული ზომები იმისთვის, რომ რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებს, როგორიცაა RT-ი და Sputnik-ი, მიეღოთ უცხოური წარმომადგენლობების სტატუსი. ამ ცვლილებამ ისინი აიძულა, გაესაჯაროებინათ მათი პერსონალი და ინფორმაცია ქონების შესახებ, რაც მათ ფარულად მუშაობას გაურთულებდა. ამ მედია საშუალებების სტრუქტურის გამოვლენით აშშ მიზნად ისახავდა გამჭვირვალობის გაზრდას და ქვეყნის შიგნით მათი გავლენის შემცირებას. ეს ნაბიჯი მიუთითებდა უფრო ფართო სტრატეგიაზე, რათა უცხოური ჩარევა უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო და საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ მოქცეულიყო, რაც ემსახურება მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური ნარატივებით მანიპულირების გარე მცდელობების შესახებ.

გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო პროგრამა „ჯილდო სამართლიანობისთვის“ („Rewards for Justice”), რომელიც გასცემდა მნიშვნელოვან ფულად ჯილდოს რუსეთის ჩარევის მცდელობებში მონაწილე პირების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის სანაცვლოდ. ეს ინიციატივა ფოკუსირებული იყო რუსი ჰაკერების ჯგუფებზე, როგორიცაა RaHDit, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ დესტაბილიზაციის ოპერაციებთან. პროგრამას ორი ძირითადი დანიშნულება ჰქონდა: იყო ახალისებდა მამხილებლებს და დაზვერვის ინფორმაციის შემგროვებლებს და ასევე მოქმედებდა როგორც შემაკავებელი ფაქტორი მტრულ აქტივობებში ჩართულთათვის.

ამ ზომების გარდა, აშშ-მ გამოიყენა ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა სისხლის სამართლებრივი ბრალდებები და ინტერნეტ დომენების ჩამორთმევა რუსეთის მხრიდან ჩარევის მცდელობების შესაჩერებლად. გარდა ამისა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა რუსეთის რამდენიმე მოქალაქეს, რომლებიც მონაწილეობდნენ ფულის გადატანაში ყალბი კომპანიების მეშვეობით პრორუსული მედიასაშუალებების მხარდასაჭერად აშშ-ის ტერიტორიაზე. ინტერნეტ დომენის ჩამორთმევა ხდებოდა ციფრული ინფრასტრუქტურის გაუვნებელყოფის მიზნით, რომელიც მხარს უჭერდა უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიებს. ამ სამართლებრივმა ნაბიჯებმა შეაფერხა რუსეთის დეზინფორმაციის მექანიზმის შემადგენელი სხვადასხვა სახის, მათ შორის ფინანსური, ქსელები, რაც ხელს უშლიდა უცხოელ აგენტებს აშშ-ში თავისუფლად საქმიანობაში.

მორიგი პროაქტიული პასუხი იყო აშშ-ის მთავრობის თანამშრომლობა ტექნოლოგიურ კომპანიებთან, როგორიცაა Microsoft-ი, ციფრულ პლატფორმებზე პროპაგანდისტული ძალისხმევის მონიტორინგის, იდენტიფიცირებისა და მასთან ბრძოლის მიზნით. ამ პარტნიორობამ ხელი შეუწყო რუსეთის მიერ მხარდაჭერილი კონტენტის ამოღებას ისეთი საინფორმაციო კამპანიებიდან, როგორიცაა Matryoshka და Doppelganger-ი. კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეერთებულმა შტატებმა რეალურ დროში შეძლო უკეთ ეკონტროლებინა რიგი საფრთხეები. ეს თანამშრომლობა მთავრობასა და ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის გადამწყვეტი იყო დეზინფორმაციის სწრაფად განვითარებადი რუსული ტაქტიკის პრევენციისთვის.

დაბოლოს, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა, მათ შორის FBI და CISA, გამოაქვეყნეს საჯარო გაფრთხილებები დეზინფორმაციული კამპანიებით გამოწვეული რისკების შესახებ, განსაკუთრებით, ძალადობის წაქეზებასთან დაკავშირებით. ცრუ ნარატივებს, რომლებიც არჩევნების გაყალბებასა და სანდოობას ეხებოდა, შეეძლო სამოქალაქო არეულობის გაღვივება და პოლიტიკური დაძაბულობის გამწვავება.

დასკვნა

რუსეთის საბოლოო მიზანია ამერიკის შეერთებული შტატების დესტაბილიზაცია გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც ხელს შეუშლის მის სტაბილურ და ძლიერ გლობალურ აქტორად ყოფნას. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა პროპაგანდამ, რომელიც მიმართული იყო კამალა ჰარისის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ის არ იყო არჩევნების შედეგის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. რეალურად, შედეგებს სხვა მრავალმა ფაქტორმაც შეუწყო ხელი, მათ შორის ისეთმა საშინაო საკითხებმა, როგორიცაა იმიგრაცია და ეკონომიკური პრობლემები. ამ საკითხებმა საკმაოდ იმოქმედა ამომრჩევლებზე, მათ აღქმებსა და არჩევანზე. რუსეთის დეზინფორმაციულმა კამპანიამ გააძლიერა არსებული სოციალური განხეთქილება და უნდობლობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, თუმცა ამერიკელი ამომრჩევლები თავადაც რეაგირებდნენ მწვავე შიდა გამოწვევებზე.

ამერიკული კონტრზომები რუსული დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის წინააღმდეგ ეფექტური იყო, თუმცა ამ მცდელობების გაუმჯობესება შესაძლებელია. ისეთმა ღონისძიებებმა, როგორიცაა მონიტორინგის გაზრდა, არჩევნების შემდგომი აუდიტი და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა არჩევნების უსაფრთხოების ყოფაში. საჯარო უწყებების განცხადებები და სოციალური მედიის კომპანიებთან თანამშრომლობა ასევე დაეხმარა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას. შეერთებულმა შტატებმა ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციის ადრეულ გამოვლენაზე დაზვერვის ღია წყაროების გამოყენებით. ამ პროაქტიულმა ნაბიჯებმა საგრძნობლად შეამცირა რუსული გავლენა. კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტომ (CISA) თავის ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ზომები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საარჩევნო პროცესის სანდოობის შენარჩუნებისთვის.