ავტორი: მარიამ მაჭარაშვილი

 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა ე.წ. პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ შეიცვალა. 2022 წელს პრეზიდენტმა მაკრონმა დაგმო რუსეთის აგრესია და ხაზგასმით აღნიშნა: უკრაინაზე თავდასხმა იყო „გარდამტეხი მომენტი ევროპისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“. საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიკვეთა 2022 წლის გაზაფხულის ბოლოს, როდესაც პარიზმა ოფიციალურად გადაწყვიტა მხარი დაეჭირა მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთი წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას. 2023 წელს ნატოს ვილნიუსის სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტმა უკვე მხარი დაუჭირა უკრაინის სამხედრო დახმარებას და შემდგომ – მის ნატოში გაწევრიანებას, რაც უპრეცედენტო მოვლენა იყო. 2024 წელს კი პრეზიდენტმა მაკრონმა აღნიშნა, „რუსეთის დამარცხება აუცილებელია ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, „სტრატეგიული ნახტომის“ იდეის ფარგლებში კი იქამდეც მივიდა, რომ არ გამორიცხა მოკავშირეთა ჯარების განლაგება უკრაინაში.

გარდა უკრაინის მხარდაჭერისა, საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიზნით შეთანხმება გააფორმა სომხეთთან და მოლდოვასთან. ამავე მიზნით გაიმართა ოფიციალური ვიზიტები ყაზახეთსა და უზბეკეთში. ეს ფაქტები განხილვის  საგანი იყო  დიპლომატებსა და ექსპერტებს შორის, სადაც აქტიურად მსჯელობენ იმაზე, თუ რა არის საფრანგეთის მიმდინარე პოლიტიკა – მკვეთრი ცვლილება, ტაქტიკური ნაბიჯი თუ ამბივალენტური პოზიცია? მიუხედავად ამისა, ყველა თანხმდება, რომ საფრანგეთი გააქტიურდა ე.წ. პოსტსაბჭოთა სივრცეში. „საფრანგეთმა უფრო მეტად გაიხედა აღმოსავლეთისკენ. მოსაზრება, რომ პარიზი მხოლოდ [დასავლეთ აფრიკის] საჰელის რეგიონით არის დაინტერესებული, აღარ შეესაბამება რეალობას“, – აღნიშნა გეზინე ვებერმა, მარშალის ფონდის ანალიტიკოსმა.           აქედან გამომდინარე, ჩვენს ბლოგში განვიხილავთ იმ შესაძლო მიზეზებს, თუ რატომ შეიცვალა საფრანგეთის პოლიტიკა რეგიონისადმი:

  • რუსეთის, როგორც საფრთხის აღქმა – რუსეთის აგრესია უკრაინაში იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც გამოიწვია საფრანგეთში პუტინის რეჟიმის, რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების და საფრანგეთის საგარეო-პოლიტიკური მიდგომების გადაფასება. ათწლეულების მანძილზე საფრანგეთითვის რუსეთი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალა მსოფლიოში, რომელიც მიჩნეული იყო ევროპის ნაწილად და მასთან თანამშრომლობა უცილებელი იყო ძალთა წონასწორობისთვის, რათა, ერთი მხრივ, დაებალანსებინა აშშ-ის გავლენა ევროპაში და მეორე მხრივ – ჩინეთის მზარდი ამბიციები. ამას ადასტურებს ფრანგულ გამოცემაში Le Monde გამოქვეყნებული სტატია, რომელიც აღწერს, თუ როგორი მიმზიდველია ფრანგული პოლიტიკური ელიტის ნაწილისთვის ვლადიმერ პუტინის რეჟიმი, რაც დაფუძნებულია ძველი დიდების ნოსტალგიის საერთო განცდასა და ანტიამერიკანიზმს. შესაბამისად, თავდაპირველად პრეზიდენტმა მაკრონმა რუსეთთან მიმართებით აირჩია „დიალოგისა და ურყეობის“ პოლიტიკა. ევროპის სტრატეგიული ავტონომიის იდეით „შეპყრობილი“ პრეზიდენტი ემხრობოდა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობას რუსეთთან ერთად. საფრანგეთი რუსული პრიზმიდან უყურებდა სსრკ-ის დაშლის შემდგომ წარმოქმნილ სახელმწიფოებს და არ ამახვილებდა სათანადო ყურადღებას მათ მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე.

მიუხედავად ამისა, ევროპის კონტინენტზე რუსეთის მიერ ომის გაჩაღება აღმოჩნდა პოლიტიკურად და მორალურად მიუღებელი საფრანგეთისთვის, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპასაც. რუსეთიდან მომდინარე რეალური საფრთხის აღქმამ ბიძგი მისცა სტრატეგიულ დებატებს საფრანგეთში, რამაც საბოლოოდ ქვეყნის პოზიციის ცვლილება გამოიწვია. ნათელი გახდა, რომ რუსეთი იყო არა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შემადგენელი ნაწილი, არამედ მისი მოწინააღმდეგე მხარე. თუმცა საფრანგეთის პოზიციის ცვლილებისთვის ომი უკრაინაში ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა. ომს თან დაერთო რუსული ვაგნერის დაჯგუფების მიერ დასავლეთ საჰარაში ანტიფრანგული სენტიმენტების დათესვა. უკრაინის მხარდაჭერის პარალელურად რუსეთი საფრანგეთისთვის საფრთხის წყარო ქვეყნის შიგნითაც გახდა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა აღქმა, რომ რუსეთი არის რეალური საფრთხე. მოსკოვმა საგრძნობლად გაზარდა დივერსიული ოპერაციები, პროპაგანდა და დეზინფორმაცია, რომლის მიზანი იყო გავლენა მოეხდინა საფრანგეთში საზოგადოების ერთიანობაზე, უკრაინის მხარდაჭერასა და ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებზე. შესაბამისად, საფრანგეთმა კავშირების გაძლიერება დაიწყო არა რუსეთთან, არამედ რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს სახელმწიფოები პარიზისთვის უკვე ევროპის უსაფრთხოების შემადგენელ ნაწილად იქცა.

  • ევროკავშირის გაფართოება აღმოსავლეთით, როგორც შესაძლებლობა საფრანგეთისთვის რუსეთუკრაინის ომის დაწყების შემდეგ საფრანგეთმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. საფრანგეთისთვის ევროკავშირის გაფართოება პასუხია გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, რაც გაზრდის ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებას და სტაბილურობას და ევროკავშირს მის უშუალო სამეზობლოში ძლიერ სტრატეგიულ აქტორად წარმოაჩენს. საფრანგეთის მიდგომის ცვლილებას ევროკავშირის გაფართოებისადმი ექსპერტებმა „კოპერნიკული რევოლუციაც“ კი შეარქვეს. ამას ადასტურებს უკრაინის გაწევრიანების შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კატრინ კოლონას სიტყვები, რომ ევროკავშირის გაფართოებით „უკრაინა გაძლიერდება, ევროპა კი უკრაინით გაძლიერდება“. გარდა ამისა, საფრანგეთს სხვა ინტერესიც ამოძრავებს. ევროკავშირში ახალი წევრების მიღება იმთავითვე ნიშნავს შიდა ცვლილებების დაწყებას, რაც მნიშვნელოვანია საფრანგეთის დიდი ხნის ოცნების – ევროკავშირის ინსტიტუტების რეფორმირების – სისრულეში მოსაყვანად. 2023 წლის მაისში ბრატისლავაში მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირს სჭირდებოდა გაფართოება და „დაფიქრება მის მმართველობასა და მიზნებთან დაკავშირებით“. ამიტომ საფრანგეთისთვის გაფართოება შეიძლება იყოს ის შესაძლებლობა, რომლის მეშვეობითაც მაკრონის ხედვა ფისკალურად ძლიერი, სამხედრო თვალსაზრისით უფრო თვითდაჯერებული და  გეოპოლიტიკურად და სტრატეგიულად ძლიერი ავტონომიური აქტორის შესახებ განხორციელდება.
  • ალტერნატიული ძალა რეგიონში ყარაბაღის მეორე ომის და, განსაკუთრებით, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საფრანგეთმა დაინახა, რომ რუსეთის ტრადიციული გავლენა ე.წ პოსტსაბჭოთა სივრცეში ნელ-ნელა მცირდება. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება სომხეთს, რუსეთის მთავარ მოკავშირეს სამხრეთ კავკასიაში, რომელიც რუსეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მარტო დატოვა. შესაბამისად, მოსკოვის თანდათანობითი დასუსტება და რეგიონში სახელმწიფოთა (სომხეთი, მოლდოვა) სურვილი, ეძიონ მოკავშირეები ევროპაში, ტოვებს სივრცეს საფრანგეთისთვის იქცეს ახალ ალტერნატიულ ძალად რეგიონში და შეავსოს არსებული ძალთა ვაკუუმი. თავდაცვის სფეროში გაფორმებული ხელშეკრულებით საფრანგეთმა, ერთი მხრივ, გამოხატა სომხეთისა და მოლდოვის უსაფრთხოების მიმართ მხარდაჭერა და მეორე მხრივ, იქცა გზავნილად, რომ ეს ქვეყნები საფრანგეთისთვის უკვე ევროპის უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად აღიქმება.

      ყაზახეთსა და უზბეკეთში ვიზიტის დროს მაკრონმა განაცხადა, რომ მათთან გააღრმავებდა ორმხრივ ურთიერთობებს თავდაცვის სფეროში (მათ შორის მოიაზრება  თავდაცვის საჰაერო სისტემების მიწოდება), რათა ერთობლივად ებრძოლონ საერთაშორისო საფრთხეებს და დაიცვან სუვერენიტეტი. საფრანგეთი,  სამხედრო თვალსაზრისით სხვა ძლიერი სახელმწიფოების მსგავსად, ხშირად იყენებდა იარაღის ექსპორტს, როგორც დიპლომატიურ ინსტრუმენტს საკუთარი ინტერესებისთვის.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საფრანგეთმა დაკარგა გავლენები აფრიკაში რუსეთის და ჩინეთის გააქტიურების ფონზე. ამიტომ არსებობს მოსაზრება, რომ საფრანგეთის გავლენის გაძლიერება რუსეთის საზღვართან შეიძლება იყოს მისი პასუხი რუსეთის ქმედებებზე აფრიკაში.

  •     რესურსები საფრანგეთის ინტერესები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან დაკავშირებულია ურანის  იმპორტთან, რომელიც გამოიყენება ატომური სადგურებისთვის.  ყაზახეთი და უზბეკეთი საფრანგეთის უმსხვილესი და სიდიდით მესამე მიმწოდებლები არიან ურანის (საფრანგეთში ურანის იმპორტიორების შესახებ იხილეთ ცხრილი N1). მას შემდეგ, რაც 2023 წლის ზაფხულში სამხედრო ხუნტამ ნიგერში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, რომელიც ამარაგებდა საფრანგეთის ურანის მოთხოვნილების 15 პროცენტს, გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, შეიძლება თუ არა აფრიკის ეს ქვეყანა კვლავ იყოს ნედლეულის სანდო წყარო. არც ნიგერის რესურსების ჩანაცვლება რუსული მარაგებით იქნებოდა მართებული გამოსავალი, რადგან შეიძლება სათუო გახდეს რუსეთიდან ურანის იმპორტი, თუ ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს რუსეთის ბირთვულ სექტორს. სწორედ ამ გამოწვევების თავიდან აცილებას ემსახურებოდა მაკრონის ვიზიტი ცენტრალურ აზიაში, რაც მიზნად ისახავდა უზბეკეთსა და ყაზახეთთან ახალი შეთანხმების გაფორმებას ენერგეტიკულ სფეროში და ურანის იმპორტის გაზრდას.

     ამ გადაწყვეტილებით საფრანგეთი ემსახურება არა მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს, არამედ ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ ინიციატივასაც, რაც არის ახალი ევროპული სტრატეგია ციფრულ, ჯანდაცვის, განათლების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში მდგრადი და უსაფრთხო კავშირების გასაძლიერებლად მთელ მსოფლიოში. ევროკავშირის მიზანია, ამ სტრატეგიის ფარგლებში ინვესტიციებისა და თანამშრომლობის გაზრდით გახდეს ჩინეთის „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ ალტერნატივა ყაზახეთისა და უზბეკეთისთვის. შესაბამისად, კავშირების გაღრმავება ცენტრალურ აზიაში გამიზნულია ჩინეთის მზარდი გავლენების დაბალანსებაზეც.

ამგვარად, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და  სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ, რაც საფრანგეთისთვის პოლიტიკურად და მორალურად მიუღებელი იყო, მისი საგარეო პოლიტიკა ე.წ. პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ შეიცვალა. შეიცვალა საფრანგეთის ტრადიციული მიდგომაც რუსეთისადმი – პარიზი მოსკოვს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შემადგენელ ნაწილად აღარ მიიჩნევს, პირიქით, იგი აღქმულია, როგორც რეალური საფრთხე ევროპისთვის. შესაბამისად, საფრანგეთმა დაგმო რუსეთის აგრესია და მხარი დაუჭირა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, მის NATO-ში გაწევრებას, ასევე, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რასაც ექსპერტებმა საფრანგეთის „კოპერნიკული რევოლუცია“ შეარქვეს. გარდა ამისა, საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში შეთანხმება გააფორმა მოლდოვასა და სომხეთთან. ენერგეტიკის სექტორში კი შეთანხმება გაფორმდა ყაზახეთსა და უზბეკეთთან, რათა გაიზარდოს ურანის იმპორტი და საფრთხე არ შეექმნას საფრანგეთის ენერგოსექტორს. ასეთი ნაბიჯები ცხადყოფს, რომ პარიზი ე.წ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს აღარ უყურებს რუსეთის პრიზმიდან, პირიქით, მათთან ურთიერთობების გაღრმავება ნიშნავს, რომ საფრანგეთს სურს, რეგიონში გახდეს ალტერნატიული ძალა რუსეთისა და ჩინეთის გავლენების დასაბალანსებლად. ამით ის ემსახურება ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის მიზნებსაც. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების მხარდაჭერა საფრანგეთისთვის არა მხოლოდ პასუხია რუსულ აგრესიაზე, არამედ ევროკავშირის რეფორმირების შესაძლებლობაც, რაც ემანუელ მაკრონის სტრატეგიული ავტონომიის იდეის პრაქტიკაში განხორციელებას გულისხმობს.

 

ცხრილი N1: საფრანგეთში ურანის იმპორტიორი ქვეყნები (2022 წ)

 

წყარო: Le Monde (https://www.lemonde.fr/en/les-decodeurs/article/2023/08/04/how-dependent-is-france-on-niger-s-uranium_6080772_8.html )