კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
ევროკავშირი, და ზოგადად თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია, სამი კულტურული ფენომენის მემკვიდრეა: ძველი ბერძნული (პირდაპირი) დემოკრატიის, რომაული სამართლისა და ქრისტიანული ფასეულობების. თუმცა, წარსულის იდეალიზების მცდელობად რომ არ ჩაგვეთვალოს, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ:
- ძველი ბერძნული დემოკრატია – უმრავლესობის ნებით, ზოგჯერ დიდ ისტორიულ უსამართლობებსაც ჩადიოდა. ამ აზრს ფარედ ზაქარია ავითარებს თავის წიგნში „დემოკრატია და თავისუფლება“, სადაც ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში სოკრატეს უსამართლოდ, თუმცა უმრავლესობის ნებით, სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით მსჯელობს;
- რომაული სამართალი – რომელიც დღევანდელ ევროპაში კანონის უზენაესობის დამკვიდრების საფუძველს წარმოადგენს, თავის დროზე მოქალაქეთა კასტობრივი სეგრეგაციის, პატრიციებად და პლებსად დაყოფის, ასევე უფლებების გარეშე პირთა – მონების არსებობის პირობებში ხორციელდებოდა;
- ქრისტიანული ფასეულობების – რეალიზაციას რომის კათოლიკური ეკლესია ხშირად ინკვიზიციის ხელით ახდენდა, და ზოგჯერ ისეთი გამორჩეული პიროვნებების ფიზიკურად მოსპობითაც კი, როგორც ჯორდანო ბრუნო იყო.
მიუხედავად მათი ნაკლოვანებებისა, სწორედ ამ სამმა მოვლენამ შექმნა მსოფლიოში ყველაზე სამართლიანი, დემოკრატიული, თავისუფალი და მორალურად მაღალ საფეხურზე მდგომი საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობები. მეოცე საუკუნის შუა ხანებში ეს საზოგადოება გაერთიანდა, ინტეგრაცია მოახდინა და დღეს მას ევროპის კავშირი ეწოდება.
ქრისტიანული ფასეულობებიდან ევროპულმა საზოგადოებამ შეითვისა ყველაზე მთავარი – კაცთმოყვარეობა, მისი თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემა, ადამიანისთვის ზიანის მიყენების უარყოფა. შურისძიების, მოკვდინების, მათ შორის, მძიმე დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯის მიუღებლობაც კი. ეს არის ჰუმანოცენტრული საზოგადოება, რომელიც ადამიანის კეთილდღეობას, მის განვითარებასა და ბედნიერებას ემსახურება.
ძველი ბერძნული დემოკრატიის იდეა, რომელიც იმ ეპოქაში სრულყოფილად ვერ მუშაობდა, ისე, რომ უმრავლესობის სახელით ხანდახან ოლიგარქებიც კი მოყავდა ხელისუფლებაში და კონსერვატიზმის უკიდურესი გამოვლინებებით თრგუნავდა საზოგადოებრივ პროგრესს, უკვე თანამედროვე ევროპაში უმცირესობების, ასევე სიტყვისა და სინდისის, აღმსარებლობის თავისუფლებებისა და საყოველთაო უფლებების დამკვიდრებით იდეალურ პოლიტიკურ დოქტრინად მოგვევლინა.
რაც შეეხება რომის სამართალს, ევროპაში მისი სულისკვეთება და ძირითადი პრინციპები უცვლელად გადმოვიდა და მასზე დაშენდა კანონის უზენაესობა, ოღონდ ადამიანებს შორის თანასწორობისა და უნივერსალური უფლებების დაცვის გარანტიებით.
ევროკავშირის გაგება მხოლოდ ამ სამი უმთავრესი ასპექტის შეცნობითაა შესაძლებელი. ევროკავშირი თავისი შინაარსით სამართლებრივი სახელმწიფოს, ზნეობრივი საზოგადოებისა და ადამიანების ნების გამომხატველი პოლიტიკური სისტემის ერთობაა. ეს სამი თვისება ასევე ვრცელდება მის საგარეო პოლიტიკაზეც. ევროკავშირი ახდენს მათ გაშლას საკუთარი ნორმატიული, ტრანსფორმაციული და კონსტრუქციული საგარეო ქმედებით, როგორც თავისი საზღვრების გასწვრივ რეგიონებში, ასევე გლობალურად. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური მიზნები არა მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური ან გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზაციაა, არამედ შესაბამისი ნორმატიული, პოლიტიკური და მორალური შეხედულებების პარტნიორ სახელმწიფოებში განვრცობა და დამკვიდრება. მისი პრინციპებისა და ღირებულებების გაზიარების სანაცვლოდ ევროკავშირი მეგობარ ქვეყნებს პოლიტიკურ მფარველობას, ეკონომიკურ დახმარებასა და განვითარებისთვის აუცილებელ ყოველმხრივ მხარდაჭერას სთავაზობს. იგი ასევე, საკუთარ „ოთხ ფუნდამენტურ თავისუფლებას“ იმ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე ავრცელებს, რომლებიც მის მიდგომებსა და ნორმებს იზიარებენ და ამკვიდრებენ. ალბათ ნაცნობი სურათი ისახება –
- ყოველმხრივი დახმარება, რომელსაც საქართველო იღებს ევროპის კავშირიდან აგერ უკვე თითქმის ოცდაათი წელია,
- თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება,
- უვიზო მიმოსვლა,
- ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებების აღიარება,
- პოლიტიკური დიალოგი და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა და სხვა მრავალი.
მაგრამ… რას ითხოვს ევროკავშირი ყოველივე ამის სანაცვლოდ? ის იმედოვნებს, რომ საქართველო განავითარებს ფუნქციურ დემოკრატიას, სადაც ყველა მოქალაქე იქნება თანასწორუფლებიანი, სასამართლო იქნება თავისუფალი გავლენებისგან, ხოლო მმართველობა კორუფციისგან, ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმისგან; სადაც სახელმწიფო იზრუნებს ადამიანების უფლებებზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, მათ შორის, ყველა სახის უმცირესობის უფლებაზე. და, რაღა თქმა უნდა, ქვეყანის პოლიტიკური ელიტა იდგება საკუთარი ხალხის კეთილდღეობისა და ინტერესების სამსახურში. ასევე, ქვეყანა ხელს უნდა უწყობდეს თავის რეგიონში საყოველთაო მშვიდობას და სტაბილურობას.
ამიტომ, ევროკავშირი ქვეყნის მმართველებისგან ითხოვს ისეთი პოლიტიკის გატარებას, რაც ყველა ადამიანს, განურჩევლად პარტიული, ეროვნული თუ სხვა სახის კუთვნილებისა, თავს აგრძნობინებს დაცულად, სადაც არ შეეშინდება საკუთარი აზრის გამოხატვის, ვინაიდან სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების მხრიდან მზრუნველობისა და დაცვის იმედი ექნება.
ასეთი სახელმწიფოს მშენებლობას ემსახურება ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმება, რომლის დებულებების შესრულებასაც სწორედ იმიტომ გვთხოვენ, რომ მოქალაქეების კეთილდღეობის ხარისხის დონით ევროპულ სტანდარტებს მივუახლოვდეთ.
ასეთივე მიზანს ემსახურებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული და მისივე მედიაციის შედეგად ხელმოწერილი 19 აპრილის ინტერპარტიული შეთანხმება, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება უნდა მოეტანა და ქვეყანაში მეტად კონკურენტული პოლიტიკური გარემო დაემკვიდრებინა.
სამწუხაროდ, მმართველმა ძალამ სრულიად მოულოდნელად და პრაქტიკულად უარგუმენტოდ მოახდინა დადებული ხელშეკრულების დენონსირება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელშეკრულება არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ დატვირთვას ატარებდა, ევროკავშირში მისი ასე ცალმხრივად, მხარეებთან ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე ანულირება რომაული სამართლის პრინციპის – ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს (Pacta Sunt Servanda), რომელიც დღევანდელი საერთაშორისო სამართლის საფუძველია, უპატივცემულობად აღიქმება. ამ პრინციპის უგულვებელყოფა არ შეესაბამება ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს დღევანდელ ამბიციას. ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც ხელშეკრულებებს პატივს არ სცემს და ისე აუქმებს მათ, როგორც მოეხასიათება, არ შეიძლება ევროკავშირის ნამდვილი პარტნიორი იყოს. ამიტომ ვისმენთ ბოლო დღეებში ევროკავშირის წარმომადგენლების დაბნეულ განცხადებებს. მათი რეაქციები იმ ადამიანის რეაქციას გავს, რომელსაც ახლობელმა უპატიებელი შეურაცხყოფა მიაყენა და ახლა არ იცის რა ქნას. იცის, რომ ვეღარ შეძლებს მასთან მეგობრობას, მაგრამ დავიწყებისთვის არ ემეტება. აშკარაა, რომ ასეთ ვითარებაში ევროკავშირი საქართველოსთან ძველ ურთიერთობებს ვეღარ გააგრძელებს, ამავე დროს, ის ვერ მიატოვებს ამ ქვეყნის ტრანსფორმაციის მცდელობას და ვერ მოახდენს მისგან სრულად დისტანცირებას. ამის მაგალითია ბელარუსი, რომელთანაც ევროკავშირი ორი ათწლეულის განმავლობაში ცდილობდა ურთიერთობების დალაგებას.
როგორც ჩანს, ევროკავშირის ლიდერებს გარკვეული დრო დასჭირდებათ, რათა (როგორც ეს ევროპარლამენტის წევრმა ქალბატონმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა) ახალი მიდგომა შეიმუშაონ იმ ქვეყანასთან ურთიერთობების გადასაწყობად, რომელიც პატივს არ სცემს ხელშეკრულებებს და რომლის პოლიტიკური ელიტა (აქ მან არა მარტო მმართველი ძალა, არამედ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაც იგულისხმა, რომელმაც საერთოდ არ მოაწერა ხელი შეთანხმებას) არ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.