ავტორი: დავით შატაკიშვილი,  კონტრიბუტორი ანალიტიკოსი, ამერიკული უნივერსიტეტი, ვაშინგტონი

 

მიმდინარე წლის 5 სექტემბერს საუდის არაბეთმა, რუსეთის ფედერაციასთან ერთად, ნავთობის მიწოდების შემცირების შესახებ ივნისში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და წლის ბოლომდე გაახანგრძლივა, რაც, ჯამურად, ნავთობის დღიური მიწოდების 1.3 მილიონი ბარელით შემცირებას გულისხმობს, საიდანაც საუდის არაბეთის წილი 1 მილიონი, ხოლო რუსეთის 300 000 ბარელია. შედეგად, სავაჭრო ბირჟაზე ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა 90 აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო WTI ტიპის ნავთობის ფასმა კი 88 აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია. შედარებისთვის, ივლისში ბარელი ბრენტის საშუალო ფასი 80, ხოლო WTI-ის ფასი 75 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ფასი გაიზარდა ურალის ტიპის რუსულ ნავთობზეც, რამაც დიდი შვიდეულის ქვეყნების მიერ დაწესებულ 60 დოლარიან ზედა ზღვარს გადააჭარბა და 75 აშშ დოლარს მიაღწია. Goldman Sachs-ის პროგნოზის თანახმად, წლის ბოლომდე ნავთობის ფასმა ბარელზე შესაძლოა 110 აშშ დოლარსაც მიაღწიოს. მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლელი მოკავშირეების OPEC+-ის წევრი ქვეყნებისთვის მოწოდებებისა, რომ ნავთობის მიწოდების გაზრდით შეინარჩუნონ დაბალი ენერგეტიკული ფასები და ხელი შეუწყონ გლობალურ ეკონომიკურ ზრდას, OPEC+ საპასუხოდ აცხადებს, რომ მიწოდების შემცირებით ცდილობენ ენერგეტიკული ბაზრის სტაბილურობის მიღწევას. საინტერესოა განვიხილოთ, რა დგას აღნიშნული გადაწყვეტილების უკან და, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რამდენად ექნება მას გავლენა ენერგეტიკულად მოწყვლად ქვეყნებსა და მათ ეკონომიკაზე.

 

მზარდი ენერგეტიკული ფასები – მხარეთა ინტერესები

ენერგეტიკულ რესურსებზე გაზრდილი ფასებით ყველაზე მეტად ნავთობმომპოვებელი ქვეყნები სარგებლობენ. მაგალითისთვის, გასულ წელს საუდის არაბეთის სამეფოს სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ Saudi Aramco წმინდა მოგების სახით 161 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, რაც ქვეყნისთვის ისტორიული მაქსიმუმია. ქვეყანა ამბიციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებისთვის ყველა საშუალებით ცდილობს ფინანსური რესურსების მობილიზებას, რომელთა შორისაა 500 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ზღაპრული უდაბნოს ქალაქის, სახელად Neom მშენებლობა. მეორე მხრივ, საუდის არაბეთის გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზე კიდევ უფრო ართულებს მის ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. გასულ წელს პრეზიდენტმა ბაიდენმა არაბეთის სამეფო რუსეთთან პარტნიორობისთვის „გაუთვალისწინებელი შედეგების“ შესახებ გააფრთხილა, თუმცა ახლა რა კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული შტატების მხრიდან, ჯერჯერობით უცნობია. ენერგეტიკულ რესურსებზე გაზრდილი საფასურით სარგებლობს მოსკოვიც. დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების 11 პაკეტის პირობებში, მაღალი ფასები ხელს აძლევს კრემლს მიიღოს მეტი შემოსავალი უკრაინაში აგრესიული ომის დასაფინანსებლად.

რამდენადაც ენერგეტიკული რესურსების ღირებულების სამნიშნა მაჩვენებელი მომგებიანია ნავთობმომპოვებელი ქვეყნებისთვის, იმდენად შესაძლოა ამას მათთვის გვერდითი ეფექტებიც ჰქონდეს. ერთი მხრივ, ამ პროცესმა შეიძლება ხელი შეუწყოს აშშ-ის მხრიდან შელფური ბუნებრივი აირის შედარებით დაბალ ფასად მიწოდების ზრდას, მეორე მხრივ, გაზრდილი ენერგეტიკული ფასები უფრო მეტად უბიძგებს სახელმწიფოებს გაზარდონ ინვესტიციები განახლებად ენერგიებში, რაც მეტად დააჩქარებს მწვანე ტრანსფორმაციის პროცესს.

მზარდი ენერგეტიკული ფასები პირდაპირ გავლენას ახდენს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ნებისმიერი გარე შოკის მიმართ უფრო და უფრო მოწყვლადი ხდება. მაშინ, როდესაც ამერიკელი ხალხი ბაიდენის ადმინისტრაციას მაღალი ინფლაციისა და სხვა ეკონომიკური საკითხების გამო აკრიტიკებს, აღმავალი ენერგეტიკული ფასები მეტად ამცირებს მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგებს. 2020 წელს, როდესაც ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ოფისი დაიკავა, 1 გალონი ბენზინის ფასი დაახლოებით 2.4 დოლარი იყო, ახლა კი 4 დოლარს აღწევს. სწორედ ამიტომ მაღალი ენერგოფასები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო საკითხი იქნება. ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, ნავთობის ფასების ხელოვნურად გაზრდის მცდელობით საუდის არაბეთი ამერიკაში 2024 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემოქმედებას ცდილობს და ამით გამოხატავს მხარდაჭერას დონალდ ტრამპის მიმართ. ამგვარად, OPEC+ წევრი სახელმწიფოები, რომლებიც გლობალური ნედლი ნავთობის დაახლოებით 40%-ს მოიპოვებენ, ცხადია, ენერგეტიკული საბაზრო ფასების ფორმირებაში მთავარ როლს ასრულებენ, რაც ასევე საკუთარი პოლიტიკური თუ ეკონომიკური დივიდენდების მიღების საშუალებასაც აძლევთ.

 

ენერგოფასების გლობალური ეფექტი

მიმდინარე წლის ივნისიდან, როდესაც საუდის არაბეთმა ბაზრისთვის ნავთობის მიწოდების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, გლობალურ ლიდერებში აქტიურად დაიწყო მსჯელობა, თუ ვის შეიძლებოდა შეევსო წარმოქმნილი საბაზრო დეფიციტი. გამოცემა ბლუმბერგის ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის კულუარებში განახლდა მოლაპარაკებები ნავთობის მიწოდების თაობაზე. მეორე მხრივ, სანქცირებულმა ვენესუელამ, რომელსაც მსოფლიოში ნედლი ნავთობის ყველა დიდი რეზერვები აქვს, ჩინეთთან დაიწყო მოლაპარაკებები მიწოდების აღდგენის თაობაზე. ექსპერტების დიდი ნაწილი სწორედ ირანსა და ვენესუელას ხედავს ნავთობის საბაზრო დეფიციტის შევსების მთავარ ალტერნატიულ წყაროებად,  პოლიტიკურად რაც არ უნდა უსიამოვნო პროცესი იყოს. არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, ეს ნაბიჯი ჩანს ერთ-ერთ რეალურ გამოსავლად, რაც სამომხმარებლო ფასების სტაბილურობასა და მსოფლიო ეკონომიკის გარე შოკებისგან დაცვას შეუწყობს ხელს.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად პოტენციური ენერგეტიკული სირთულეებისგან თავის დასაცავად აქტიურად ემზადება ევროკავშირიც. ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული რეზერვების 90% უკვე შევსებულია და, როგორც ვარაუდობენ, ნოემბრისთვის სტრატეგიული რეზერვები სრულად იქნება შევსებული. ამასთან ერთად ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს თხევადი გაზისთვის (LNG) საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. აღსანიშნავია, რომ 2021 წელთან შედარებით, ევროპაში თხევადი გაზის მოხმარება გაორმაგებულია, სადაც ძირითადი მომწოდებელი ქვეყნები არიან აშშ და კატარი. ეს კი ევროპას საშუალებას აძლევს სტაბილურ პარტნიორებთან ერთად ნაკლებად მოწყვლადი იყოს ენერგეტიკული ფასების მიმართ.

ენერგეტიკულ რესურსებზე გაზრდილი ფასები ზრდის ტრანსპორტირების ხარჯებს და ასევე არის ინფლაციის მთავარი წყარო. მაღალ სამომხმარებლო ფასებთან გასამკლავებლად ცენტრალური ბანკები ზრდიან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს ეკონომიკის ეფექტიან მუშაობას. სავარაუდოა, რომ ეს ტენდენცია, ინფლაციური მოლოდინის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

 

ევროკომისიამ ევროკავშირის 2023 წლის ეკონომიკის საპროგნოზო ზრდის მაჩვენებელი 1%-დან 0.8%-მდე შეამცირა, ხოლო 2024 წლის – 1.7%-დან 1.4%-მდე. მათი განცხადებით, შიდა მოთხოვნის სისუსტე, განსაკუთრებით, მოხმარების ნაწილში, აჩვენებს, რომ მაღალ და ჯერ კიდევ მზარდ სამომხმარებლო ფასებს საქონლისა და მომსახურების უმეტესობაზე აქვს უფრო დიდი უარყოფითი გავლენა, ვიდრე ეს ნავარაუდევი იყო. ამასთან, უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან დაკავშირებით.

 

***

OPEC+-ის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის ბოლომდე ნავთობის მიწოდების შემცირების თაობაზე, ქმნის როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ რისკებს და ზრდის გლობალურ გაურკვევლობას. უპირველეს ყოვლისა, მას ექნება მაკროეკონომიკური ეფექტი, რაც გაზრდილ სამომხმარებლო ფასებსა და ცენტრალური ბანკების მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაში აისახება. ეს კი, თავის მხრივ, აფერხებს ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებას, თუმცა ასევე ხელს უწყობს ინფლაციის ზრდის ტემპის შეკავებას. უახლოეს დღეებში გაიმართება ევროპის ცენტრალური ბანკისა და ამერიკის ფედერალური რეზერვის მონეტარული კომიტეტების სხდომები, სადაც რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შესახებ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

მიმდინარე ეტაპზე უცნობია, თუ რა გზას აირჩევენ წამყვანი ქვეყნები საბაზრო ენერგეტიკული დეფიციტის შესავსებად. ამ კუთხით, რეალურ ალტერნატიულ წყაროებად განიხილება როგორც ირანი, ასევე ვენესუელა. ზამთრის მოახლოება და მსოფლიოში გაზრდილი ენერგომოხმარება სახელმწიფოებს უბიძგებს უფრო რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებისკენ, რისი საჭიროებაც, თუნდაც ზაფხულის განმავლობაში, არ ყოფილა. გარდა ამისა, წამყვანი საინვესტიციო საბანკო ორგანიზაციები წლის ბოლომდე ნავთობის ფასის კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებენ, რამაც შესაძლოა სამნიშნა რიცხვსაც კი გადააჭარბოს.

ამგვარად, ქვეყნებს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით უწევთ ძალისხმევის გაღება. ერთი მხრივ, მათ საკუთარი მოსახლეობა ზამთრის პერიოდში ყოველგვარი შეფერხებების გარეშე უნდა უზრუნველყონ საჭირო ენერგეტიკული რესურსებით, ხოლო, მეორე მხრივ, მიიღონ ფისკალური და მონეტარული გადაწყვეტილებები, რაც კონტროლქვეშ მოაქცევს ინფლაციას და საფრთხეს არ შეუქმნის ადამიანების მსყიდველუნარიანობას. მოცემულობას კიდევ უფრო ართულებს უკრაინაში რუსული აგრესიის გაურკვეველი მიმდინარეობა, რადგან ამ მიმართულებით უდიდესი ფინანსური სახსრების საჭიროება არსებობს, როგორც ევროპის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ასევე გახდება ცნობილი თუ რა კონკრეტული რეაქცია ექნება ვაშინგტონს OPEC+ის დე ფაქტო ლიდერ საუდის არაბეთის ქმედებებთან დაკავშირებით. თუმცა, ჯერჯერობით ფაქტია, რომ ერ-რიადი ზედმეტი დაბრკოლებების გარეშე ატარებს საკუთარ ინტერესებს და პოლიტიკური თუ ეკონომიკური დივიდენდების მიღებასაც ახერხებს.