ავტორი: მარიამ მაჭარაშვილი

 

2024 წლის 1 ოქტომბერს ნიდერლანდების სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ოფიციალურად დაიკავა ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის (ნატო) გენერალური მდივნის თანამდებობა და ჩაანაცვლა იენს სტოლტენბერგი, რომელიც იმავე პოზიციას თითქმის 10 წლის განმავლობაში იკავებდა. სტოლტენბერგი ალიანსს სათავეში 2014 წელს ჩაუდგა, საკმაოდ რთულ და დაძაბულ პერიოდში, და ხელმძღვანელობდა მრავალი გამოწვევის დროს. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ალიანსის მიზნების ხელახლა განსაზღვრაში, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ. აღსანიშნავია ისიც, რომ სტოლტენბერგი ალიანსის გაფართოების მომხრე და მხარდამჭერი იყო. სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში შეუერთდა ალიანსს კიდევ ოთხი ქვეყანა. ბრიუსელში ოფიციალური ცერემონიის დროს მარკ რუტემ, სიტყვით გამოსვლისას, სტოლტენბერგის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს „სამაგალითო“ უწოდა და აღნიშნა, რომ: „დღეს ნატო უფრო დიდია, ნატო უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე; ეს დიდწილად თქვენი დამსახურებაა“. სტოლტენბერგმა კი ხაზი გაუსვა რუტეს პრაგმატიზმის უნარს და მის ერთგულებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი. მან აღნიშნა: „მჯერა კომპრომისის სანაცვლოდ არ დათმობთ ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს.“

ნატოს ახალი, რიგით მე-14 გენერალური მდივანი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან ეს თანამდებობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ალიანსის შიდა ფუნქციონირების და კონსენსუსის მიღწევის, არამედ მისი გაძლიერებისა და უსაფრთხოების  გამოწვევებთან ეფექტიანი ბრძოლის თვალსაზრისითაც. სწორედ ამიტომ შევეცდებით, რომ ჩვენს ბლოგში ორ მნიშვნელოვან შეკითხვას გავცეთ პასუხი: 1) ვინ არის მარკ რუტე და როგორია მისი პოლიტიკური მიღწევები? და 2) როგორია რუტეს სტრატეგიული ხედვა და რა მთავარ გამომწვევებთან გამკლავება მოუწევს მას, როგორც ნატოს ახალ გენერალურ მდივანს?

  • „Teflon Mark“- მარკ რუტეს პოლიტიკური მიღწევები

მარკ რუტეს პოლიტიკური კარიერა დაიწყო, როდესაც ნიდერლანდებში პარტიის – ლიბერალური ხალხის პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის (VVD) – წევრი გახდა და სწრაფად დაწინაურდა. იგი ცნობილი იყო თავისი მემარჯვენე-ცენტრისტული შეხედულებებით. როგორც VVD-ის წევრი, მხარს უჭერდა თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეკონომიკაში, ფისკალურ კონსერვატიზმს და სოციალურ ლიბერალიზმს. 2010 წელს მარკ რუტე ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი გახდა და პირველი ლიბერალი პოლიტიკოსი იყო, რომელიც ბოლო 92 წლის მანძილზე მთავრობას სათავეში ჩაუდგა. ამ პერიოდიდან მოყოლებული 2023 წლამდე იგი კოალიციური მთავრობების სათავეში იდგა და ნიდერლანდების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად ეკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი.

მარკ რუტეს პოლიტიკა გამოირჩეოდა პრაგმატიზმით, კონსენსუსის მიღწევის შესანიშნავი უნარებით და რეფორმებით ეკონომიკური სტაბილურობისა და ინოვაციების კუთხით. მას აქვს სხვადასხვა კრიზისთან გამკლავების გამოცდილება, როგორიცაა ეკონომიკური, პოლიტიკური თუ პანდემიით გამოწვეული. რუტეს ნიდერლანდების პოლიტიკის „მხსნელად“ მოიხსენიებენ და მეტსახელად “ტეფლონ მარკი” შეარქვეს პოლიტიკური სკანდალების თავიდან აცილების შესანიშნავი უნარის გამო. თავისი პრაგმატული მიდგომით, რუტემ წარმატებით ჩამოაყალიბა და შეინარჩუნა ოთხი კოალიციური მთავრობა პოლიტიკური ფრაგმენტაციის პირობებში. აღსანიშნავია, რომ წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების პარალელურად რუტესთვის მიგრაცია და ნიდერლანდებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა. ბოლო კოალიციური მთავრობა, რომელიც ოთხი განსხვავებული შეხედულების მქონე პარტიისგან შედგებოდა, დაიშალა, სწორედ საიმიგრაციო პოლიტიკის გამო.

მარკ რუტე აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო პოლიტიკაში როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ დონეზე და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის და უსაფრთხოების გაძლიერების აქტიური მხარდამჭერია. 2014 წელს რუსეთის მხარდაჭერილი ძალების მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების რეისის MH17 ჩამოგდება გარდამტეხი მომენტი იყო რუტეს პრემიერობაში. თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად დაიღუპნენ ნიდერლანდების მოქალაქეები. ამ ტრაგიკულმა მოვლენამ განამტკიცა რუტეს რწმენა, რომ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია მარტო შეებრძოლოს მიმდინარე საფრთხეებს და ამიტომ აქტიურად დაუჭირა მხარი  უფრო ძლიერ და ერთიან ევროპას. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ასეთმა რწმენამ უბიძგა დაეკავებინა ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობა. აშშ-მ და ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა მას სწორედ პრაგმატიზმის და კრიზისებთან გამკლავების უნარის გამო დაუჭირეს მხარი, ხოლო მისი კონსენსუსის მიღწევის უნარი იმ კუთხითაც გამოვლინდა, რომ შეძლო თურქეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის სახელმწიფოთა მეთაურები დაეთანხმებინა მისი კანდიდატურისთვის დაეჭირათ მხარი.

  • მარკ რუტეს სტრატეგიული ხედვა და მთავარი გამოწვევები

გენერალურმა მდივანმა რუტემ ნატოს ალიანსის სათავეში ჩადგომისთანავე დაასახელა სამი ძირითადი პრიორიტეტი, რომელზედაც იმუშავებს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში: 1) ნატოს სიძლიერის და ეფექტური თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნება; 2) უკრაინის მხარდაჭერა და მისი ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობა და 3) პარტნიორობის გაძლიერება მსოფლიოს სხვადასხვა აქტორთან. აშკარაა, რომ მარკ რუტეს საკმაოდ კრიტიკულ და დაძაბულ პერიოდში უწევს სათავეში ჩაუდგეს ნატოს, რადგან ალიანსი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ამ მხრივ აღსანიშნავია რევიზიონისტული რუსეთი და ჩინეთის მზარდი ამბიციები, ხოლო ალიანსის შიგნით კი გამოწვევები დემოკრატიისა და შემცირებული სამხედრო მარაგების მხრივ. ალიანსმა ახლახან გაიარა შიდა ტრანსფორმაციის პერიოდი და განსაზღვრა ახალი რეგიონული გეგმები, რომელთა აღსრულებასაც რესურსები სჭირდება. ჩვენს ბლოგში გავაანალიზებთ სამ მნიშვნელოვან გამოწვევას:

          მოახლოებული არჩევნები აშშ-ში: 2024 წლის 5 ნოემბერს აშშ-ში დაგეგმილი არჩევნები მარკ რუტესთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება, რაც გავლენას იქონიებს მომდევნო წლების მანძილზე ნატოს ალიანსის სიძლიერესა და ერთიანობაზე. ამას ადასტურებს, პირველ რიგში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის, რომელიც ალიანსის მიმართ ისედაც სკეპტიკურადაა განწყობილი, მუქარა, რომ პრეზიდენტად კვლავ არჩევის შემთხვევაში, არ დაიცავს ნატოს იმ წევრ-სახელმწიფოებს, რომლებიც საკმარისს არ ხარჯავენ თავდაცვაზე. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ შეძლებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სწრაფი შეთანხმების მიღწევას უკრაინაში ომის 24 საათში დასასრულებლად. აღსანიშნავია, რომ მარკ რუტეს პოზიცია, აშშ-ის არჩევნების შედეგებთან მიმართებით, გაჟღერდა ჯერ კიდევ თებერვალში მიუნხენის კონფერენციაზე, როდესაც მან განაცხადა, რომ ევროპამ უნდა ითანამშრომლოს მასთან, ვინც იქნება პოლიტიკურ ასპარეზზე. რუტეს ასევე იცნობენ კიდევ ერთი მეტსახელით „ტრამპთან მოჩურჩულე,“ რადგან მას აქვს ტრამპთან თანამშრომლობის და მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება. სწორედ რუტეს მიაწერენ 2018 წლის ნატოს სამიტის „გადარჩენას“ ტრამპთან ალიანსის წევრების თავდაცვის ხარჯებზე საუბრის გამო, რაც საბოლოოდ მშვიდობიანად დასრულდა.

მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის არჩევნებში, არც ერთი კანდიდატი არ არის ტრანსატლანტიზმის ისეთი ძლიერი მომხრე, როგორც ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში მიმდინარე მოვლენებში აშშ-ის ჩართულობა კამალა ჰარისის პრეზიდენტობის შემთხვევაში უფრო მეტადაა მოსალოდნელი, ვიდრე ტრამპის, ორივე კანდიდატი უფრო მეტად ფოკუსირებულია ჩინეთზე, რამაც შესაძლოა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიწვიოს აშშ-ის ყურადღების გადატანა ევროპიდან შორეული აღმოსავლეთისკენ. როგორც Chatham House წერს, ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში, იმის მიხედვით, რესპუბლიკურ პარტიაში რომელი საგარეო-პოლიტიკური ბანაკი მოიპოვებს მის კეთილგანწყობას, რუტეს მოუწევს თანამშრომლობა აშშ-თან, რომელიც მთლიანად ფოკუსირებული იქნება ჩინეთზე, ან რომელიც მთლიანად გადაწყვეტს ნატოს და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოების საკითხებს. ჰარისის პრეზიდენტობის შემთხვევაში კი, რუტეს მოუწევს, ერთი მხრივ, მხარი დაუჭიროს აშშ-ის  ჩართულობას ევროპაში, ხოლო მეორე მხრივ, უბიძგოს ნატოს მოკავშირეებს გაზარდონ თავდაცვის ხარჯები. ორივე შემთხვევაში ნატოს ახალი გენერალური მდივნის როლი კრიტიკული იქნება ტრანსატლანტიკური ერთობის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად.

          რუსეთ-უკრაინის ომი: რუტემ ალიანსის გენერალური მდივნის პოზიცია დაიკავა საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში, როდესაც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკვე 2 წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს. არ არსებობს გარანტიები იმისა, რომ პუტინი მხარს დაუჭერს ნებისმიერი სახის სამშვიდობო შეთანხმებას და ასევე ნათელია, რომ რუსეთი გააგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მისი სამეზობლოს სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით რისკის წინაშე არიან საქართველო და მოლდოვა. ასევე საფრთხე ემუქრებათ ალიანსის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნები.

მარკ რუტე უკრაინის აქტიური მხარდამჭერია. ჯერ კიდევ პრემიერობის დროს ნიდერლანდების მთავრობამ უკრაინას 2,63 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა. „უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ბრძოლა. მათი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – თქვა რუტემ. ის ასევე მხარს უჭერდა უკრაინისთვის F-16 გამანადგურებელ თვითმფრინავების გადაცემას, ხოლო 2024 წლის მაისში ნიდერლანდებმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და უკრაინას დართო ნება აღნიშნული თვითმფრინავები გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ. ამ გადაწყვეტილებას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ისტორიული“ უწოდა.

რუტესთვის, როგორც ნატოს ალიანსის გენერალური მდივნისთვის, უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნება მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება. ეს კვლავ უკავშირდება აშშ-ის არჩევნების შედეგებს. ერთი მხრივ, აღსანიშნავია ტრამპის მეორედ პრეზიდენტად არჩევა და რისკი იმისა, რომ იგი შეეცდება აიძულოს უკრაინა დათმობაზე წავიდეს რუსეთთან. მეორე მხრივ კი, თუ პრეზიდენტი ჰარისი გახდება, დაყოფილი კონგრესის პირობებში გართულდება უკრაინისთვის დახმარების პაკეტების დამტკიცება. სწორედ აშშ-ის არჩევნების შედეგების გავლენის შემცირების მიზნით ალიანსის ფარგლებში არსებობს ახალი ინიციატივა, რათა ნატო უკრაინას დაეხმაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ტრენინგების მიმართულებით (NATO Security Assistance and Training to Ukraine (NSATU)). ამ ინიციატივით უშუალოდ ალიანსი კოორდინაციას უწევს იარაღის მიწოდებას, საწვრთნელ პროგრამებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარებას. ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ნატოს ყველა წევრ-სახელმწიფოს აქვს სურვილი დაეხმაროს უკრაინას ყველაფრით, რაც აუცილებელია რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად. აქ კიდევ თავს იჩენს ახალი გამოწვევა – უზრუნველყოფილი იყოს ალიანსის შიგნით ერთობა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. სწორედ გენერალური მდივნის პასუხისმგებლობა იქნება ჩრდილოეთ ატლანტიკური საბჭოს დღის წესრიგში დააყენოს წევრი-სახელმწიფოების განგრძობადი დახმარება უკრაინისადმი.

          ალიანსის შიგნით არსებული გამოწვევები: 2020 წელს ნატოს ალიანსის წევრებმა ხელი მოაწერეს ახალ ჩარჩო-შეთანხმებას, სახელწოდებით ევროატლანტიკური სივრცის თავდაცვისა და შეკავების კონცეფცია, რამაც გზა გაუხსნა 2022 წლის მადრიდის სამიტზე  ალიანსის ძალის ახალი მოდელის შემუშავებას და შემდგომ შეთანხმებებს ახალ რეგიონულ გეგმებზე 2023 წლის ვილნიუსის სამიტზე. სწორედ ეს შეთანხმებები უდევს საფუძვლად ნატოს მიმართ სანდოობას თავდაცვისა და შეკავების კუთხით, რასაც რესურსების მობილიზება დასჭირდება. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ძირითადი გამოწვევები ამ მხრივ აღმოსავლეთ ფლანგზეა, სადაც ნატო საჰაერო თავდაცვის სისტემების მხოლოდ 5% ფლობს. გარდა ამისა, ალიანსის შიგნით მნიშვნელოვანი გამოწვევაა წევრი ქვეყნების მიერ მშპ-ის 2%-ის დახარჯვა თავდაცვაზე. ამჟამად ამ მოთხოვნას 32-დან მხოლოდ 23 წევრი-სახელმწიფო აკმაყოფილებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების  მიზნებიდან გამომდინარე არა მხოლოდ 2%-ის, არამედ მეტის დახარჯვა გახდა საჭირო. ახალ გენერალურ მდივანს სწორედ ამ საკითხების კოორდინირება მოუწევს წევრ სახელმწიფოებთან და მათი დარწმუნება, რომ გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და ეს ზრდა სტრუქტურული და მდგრადი იყოს.

გარდა ალიანსის წევრებისა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანი საკითხია ნატოს თანამშრომლობა ისეთ საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორიცაა: ევროკავშირი, იაპონია, სამხრეთი კორეა, ავსტრალია და ა.შ., რომლებიც მიწვეული იყვნენ 2024 წლის ნატოს ვაშინგტონის სამიტზეც. მათთან პოლიტიკური დიალოგის წარმართვა პარტნიორობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად მარკ რუტეს პასუხისმგებლობა იქნება.

ამგვარად, მარკ რუტემ, რომელიც გამოცდილი პოლიტიკოსია და ცნობილია თავისი პრაგმატული შეხედულებებით, კონსენსუსის მიღწევის უნარით და რეფორმებით ეკონომიკური სტაბილურობისა და ინოვაციების კუთხით, ნატოს გენერალური მდივნის პოზიცია საკმაოდ რთულ და დაძაბულ ვითარებაში დაიკავა, რაც იმთავითვე  პასუხისმგებლობების აღებას ნიშნავს. მისი სტრატეგიული ხედვა ეფუძნება  ალიანსის თავდაცვისუნარიანობის, უკრაინის მხარდაჭერის და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას. ამჟამად მას მოუწევს ალიანსის წინაშე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებთან გამკლავება, რომელთაგან უმთავრესია მოახლოებული არჩევნები აშშ-ში, რუსეთ-უკრაინის ომი და ალიანსის შიდა ტრანსფორმაციით გამოწვეული ახალი დღის წესრიგი. მარკ რუტეს როლი მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური დიალოგის, ალიანსის ფუნქციონირების, პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით, არამედ მისი იმ ძალისხმევით, რითაც შეძლებს დაარწმუნოს წევრი-სახელმწიფოები გაზარდონ თავდაცვის ხარჯები, პრაქტიკაში განახორციელონ ნატოს ახალი თავდაცვისა და შეკავების კონცეფცია და დღის წესრიგში დააყენოს უკრაინის მდგრადი მხარდაჭერა.