РИА Новости (რია-ნოვოსტი)
წარმოგიდგენთ საქართველოს შესახებ რუსეთის პროსამთავრობო მედიის ნარატივების მოკლე მიმოხილვას, რომელიც ემყარება ფედერალური არხების (პირველი არხი, НТВ და ა.შ.) სიუჟეტებში, მსხვილი ონლაინმედიის ახალი ამბებისა (Газета.ру, РИА Новости, Russia Today და ა.შ.) და შედარებით ლოკალური მასობრივი ინფორმაციის ინტერნეტსაშუალებებითა და Telegram-არხებით გავრცელებული ინფორმაციის ყოველკვირეულ მონიტორინგს.
- ერთ-ერთი მთავარი ნარატივი, რომელიც ყოველდღე გვხვდება რუსულ მედიაში, არის ის, რომ აშშ ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში. საქართველოს ტრადიციულად ხატავენ ქვეყნად, რომელიც კი იბრძვის დამოუკიდებლობისათვის, მაგრამ მუდმივად ექცევა შედარებით დიდი სახელმწიფოების (აშშ-ის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, მესამე სამყაროს ქვეყნების) გავლენის ქვეშ. პროსამთავრობო მედიის აზრით, ახლა აშშ-ის მთავარი მიზანია 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბება და „ფერადი რევოლუციის მოწყობა“, რომელიც ხელისუფლებაში მოიყვანს ისეთ მთავრობას, რომელსაც თავად აკონტროლებს. ამ ტიპის ახალი ამბების მთავარი წყაროა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური, რომელიც დროდადრო აქვეყნებს განცხადებებს აშშ-ის გეგმების შესახებ. ეს განცხადებები საფუძვლად ედება მრავალრიცხოვან პუბლიკაციებსა და სატელევიზიო სიუჟეტებს.[1] დასავლეთის ქვეყნების ჩარევაზე ლაპარაკობენ რუსეთის ოფიციალური პირები, მაგალითად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი[2], რაც კიდევ უფრო ეხმარება აღნიშნული დისკურსის გავრცელებას. აშშ-ის მიმართ პრეტენზიების ჩამონათვალი სულ უფრო იზრდება და მათ შორისაა, მაგალითად, გადმორიცხვები „ასობით მილიარდი დოლარისა რუსოფობიის მხარდასაჭერად“, დამკვირვებლების მომზადება, რომლებმაც ყველა შემთხვევაში უნდა განაცხადონ არჩევნებზე მომხდარი დარღვევების შესახებ, საერთაშორისო ორგანიზაციების მოსყიდვა, ოპოზიციასთან ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე გამართული ჩრდილოვანი მოლაპარაკებები და ა.შ.[3] შედარებით გავრცელებული თემაა, რომ საქართველოში მუშაობს უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია (სახელდება რაოდენობა – 30000), რომელთა ჭეშმარიტი მიზანია აშშ-ის ინტერესების სამსახური.[4] ასეთ „უცხოელ აგენტებს“ შორის სახელდება USAID-ი და „ღია საზოგადოება – საქართველო“ (ე. წ. სოროსის ფონდი).
- საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა რუსეთთან საომრად. ამართლებენ რა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას, საქართველოს ხელისუფალნი, მინიმუმ 1924 წლის მაისიდან ლაპარაკობენ სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე და საფრთხეზე, რომ დასავლეთი საქართველოში რუსეთთან ომის „მეორე ფრონტს“ გახსნის.[5] ზაფხულში ამ „ამბავმა“ მეტი დეტალები შეიძინა: თითქოს „მეორე ფრონტის“ გახსნა იყო ევროკავშირისა და საქართველოს მოლაპარაკებების არაოფიციალური მოთხოვნა.[6] რუსეთის პროსამთავრობო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს დიდი მონდომებით მოჰყავდათ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებები „მეორე ფრონტის“ შესახებ და აქვეყნებდნენ რეპორტაჟებს, სადაც ამ აზრს განავრცობდნენ. ამის შედეგად, „მეორე ფრონტის“ გახსნის შესაძლებლობას ახსენებენ რუსეთის მაღალჩინოსნებიც, მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.[7] საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ამ თემას ახალი ასპექტი დაემატა: ახლა ამბობენ, რომ თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ის „მეორე ფრონტს“ საქართველოში რამდენიმე დღეში გახსნის.[8] რუსეთის მედიას, საერთოდ, აქტიურად მოჰყავს „ქართული ოცნების“ ლიდერების სიტყვები: თეგით „საქართველო“ ნახავთ, რომ მასალების ნახევარი ნებისმიერ დიდ ინტერნეტმედიაში გადმოსცემს ირაკლი კობახიძის, ბიძინა ივანიშვილისა და სხვათა გამონათქვამებს. „ქართული ოცნებას“ კი წარმოადგენენ პარტიად, რომელსაც არა აქვს დიდი სიმპათიები რუსეთის მიმართ, მაგრამ ზრუნავს საკუთარი მოქალაქეების ინტერესებზე (მათ შორის უფლებაზე, რომ იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში)[9].
- საქართველოს მოქალაქეების „დიდი უმრავლესობისა“ და ევროინტეგრაციის „მოსყიდული“ მომხრეების დაპირისპირება. რუსეთის პრესა ცდილობს თავი აარიდოს საქართველოს ყველა მოქალაქის დემონიზებას, რასაც აკეთებენ, მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში. პირიქით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, რომ ისინი მიესალმებიან კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რადგან ზრუნავენ ქვეყნის სუვერენიტეტზე და კანონს „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“, რადგან ღრმად მორწმუნეები და „ტრადიციული ღირებულებების“ მომხრეები არიან.[10] ასევე, რომ პროტესტში თითქოს მონაწილეობს ახალგაზრდობის მცირე ნაწილი, დასავლეთისგან გასულელებული თუ, სულაც, მიტინგში მონაწილეობისთვის ფულის ამღები.[11] გამოიყენება გავრცელებული ხერხი – ინტერვიუს იღებენ ქართველი ექსპერტისაგან (ხშირად ერთი და იგივე ადამიანი აძლევს კომენტარს სხვადასხვა მედიას), რომელიც გადმოსცემს „უბრალო ხალხის“ განწყობებს[12].
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსული მედია საქართველოს მოქალაქეების რაღაც ნაწილს ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურად წარმოაჩენს. მათ შორის აღსანისნავია:
- საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი – რუსეთის პროსამთავრობო მედია სალომე ზურაბიშვილს რეგულარულად უწოდებს „დასავლეთის აგენტს“ და ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ თითქოს მას შენარჩუნებული აქვს საფრანგეთის მოქალაქეობა. ეს ეფუძნება ერთ-ერთ გამოშვებას გადაცემისა „ტუტის მემკვიდრის თოჯინები“, რომელიც გადის რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ფედერალურ არხზე – „პირველ არხზე“. თითქმის ერთსაათიან გადაცემაში მოყვანილი ზურაბიშვილის ბიოგრაფიის ყველა ფაქტი ბრალდების საბაბად იქცა, დაწყებული უცხოური განათლებით და დამთავრებული უგემოვნო სამკაულების ტარებით.[13]
- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის კრიტიკას პროსამთავრობო მედიაში დიდი ხნის ისტორია აქვს და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან მოდის. გარდა იმისა, რომ სააკაშვილს წარმოაჩენენ, როგორც „ამერიკის დანიშნულს“, პროსამთავრობო მედია მიანიშნებს, რომ იგი არ არის ჯანმრთელი სულიერად, ყურადღება მახვილდება უჩვეულო სიტუაციებზე ექსპრეზიდენტის მონაწილეობით: მაგალითად, ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ღეჭავს იგი ჰალსტუხს ან როგორ ცდილობს დაუკავშირდეს თავის გუნდს სახლის სახურავიდან. როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ლაპარაკი 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით სააკაშვილის პასუხისმგებლობაზე და ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის გასამართლებაზე, პროსამთავრობო მედიამ ეს ნარატივი აიტაცა[14].
- საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან.
მუდმივად გავრცელებული ცნობები დაქირავებული ჯარისკაცების შესახებ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ზონაში არის ნაწილი სახელმწიფოს უფრო დიდი ნარატივისა, რომელიც არწმუნებს მოქალაქეებს, რომ რუსეთი ებრძვის არა უკრაინას, არამედ გლობალურ დასავლეთს. ამასთან, პროსამთავრობო მედიაში მუდმივად ახსენებენ მოხალისეებს საქართველოდან და მათ განსაკუთრებულ სისასტიკეს აბრალებენ.[15] ამ ნარატივების შედგენისას პროსამთავრობო მედიაში ამბობენ, რომ მოხალისეების უმეტესობას გვერდში უდგას სააკაშვილი და დაფინანსებას იღებენ ამერიკისგან.[16] აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც ცდილობს მედია ხაზი გაუსვას, რომ ასეთი ხალხი უმცირესობას წარმოადგენს და რომ საქართველოს „საღად მოაზროვნე“ მოქალაქეებს კარგად ესმით რა საფრთხეს შეიცავს უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან გაერთიანება და ცდილობენ ამაში სხვებიც დაარწმუნონ[17].
ამრიგად, ის, რაც ხდება საქართველოში, პროსამთავრობო მედიაში აისახება, როგორც ბრძოლა დასავლეთის ძალებსა (რომელიც ცდილობს დაარღვიოს საქართველოს სუვერენიტეტი) და ქვეყნის ჭეშმარიტ პატრიოტებს შორის (რომლებსაც აერთიანებს „ქართული ოცნება“). ამასთან, სახელმწიფო მედია ცდილობს შექმნას წარმოდგენა, რომ მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ხოლო ის, ვინც ეწინააღმდეგება, მცირერიცხოვანი და მოსყიდულია.
[1] რუსეთის დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ აშშ-ის გეგმაა ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში/РБК, 11 სექტემბერი, 2024. URL: https://www.rbc.ru/rbcfreenews/66e1472d9a79475b8793a473.
[2] დასავლეთი ცდილობს გავლენა იქონიოს საქართველოში საარჩევნო კამპანიაზე, განაცხადა პესკოვმა/РИА Новости, 15 ოქტომბერი, 2024. URL: https://ria.ru/20241015/peskov-1978105158.html.
[3] არჩევნების შემდეგ აშშ-ს შეუძლია მოაწყოს გადატრიალება საქართველოში, დარწმუნებულია ექსპერტი/РИА Новости, 17 ოქტომბერი, 2024. URL: https://ria.ru/20241017/politolog-1978487416.html.
[4] ექსპერტმა კიკნაძემ ილაპარაკა არასამთავრობო ორგანიზაციების როლის შესახებ „ვარდების რევოლუციაში“/Звезда, 27 მაისი, 2024. URL: https://tvzvezda.ru/news/20245271654-8tPnA.html.
[5] საქართველოში განაცხადეს გავლენიანი გლობალური ძალის გეგმების შესახებ, რომ გახსნას „მეორე ფრონტი“ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ/Интерфакс, 23 მაისი 2024. URL: https://www.interfax.ru/world/961865.
[6] «სამი-ოთხი დღე». საქართველოში განაცხადეს დასავლეთის წინადადების შესახებ რუსეთთან ომის დაწყების თაობაზე/Лента.ру, 22 ოქტომბერი, 2024. URL: https://lenta.ru/news/2024/10/22/tri-chetyre-dnya-v-gruzii-zayavili-o-predlozhenii-zapada-nachat-voynu-s-rossiey/.
[7] ლავროვი: დასავლეთს უნდა დაძაბოს ვითარება აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის/ТАСС, 18 ოქტომბერი, 2024. URL: https://tass.ru/politika/22158419.
[8] საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემდეგ ოპოზიცია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მეორე ფრონტს გახსნის/Российская газета, 25 ივლისი, 2024. URL: https://rg.ru/2024/07/25/kobahidze-posle-pobedy-oppozicii-v-gruzii-otkroetsia-vtoroj-front-protiv-rf.html
[9] რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი ფრონტია განსაზღვრული/РИА Новости, 28 აგვისტო, 2024. URL: https://ria.ru/20240828/voyna-1968888732.html.
[10] აშშ-ს არჩევნების შემდეგ შეუძლია გადატრიალების მოწყობა საქართველოში, დარწმუნებულია ექსპერტი/РИА Новости, 17 ოქტომბერი, 2024. URL: https://ria.ru/20241017/politolog-1978487416.html.
[11] საქართველოს შსს-ში განაცხადეს, რომ ოპოზიცია ფულს უხდიდა საპროტესტო მიტინგის მონაწილეებს, რომ არეულობა მოექყოთ/Газета.ру, URL: https://www.gazeta.ru/politics/news/2024/05/10/22981861.shtml.
[12] მამუკა ფიფია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ/Известия, 12 ივნისი, 2024. URL: https://iz.ru/1711441/video/mamuku-pipiia-o-vosstanovleniiu-diplomaticheskikh-otnoshenii-s-rossiei.
[13] სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს თავი. ტუტის მემკვიდრის თოჯინები. გადაცემა 30.05.2024/Первый канал, URL: https://www.1tv.ru/shows/kukly-naslednika-tutti/vypuski/salome-zurabishvili-i-golova-gruzii-kukly-naslednika-tutti-vypusk-ot-30-05-2024.
[14] პოლიტოლოგი: სააკაშვილის ღალატი – ახალი თემა საქართველოსთვის /Радио Спутник, 13 აგვისტო, 2024. URL: https://radiosputnik.ru/20240813/zudin-1966009996.html.
[15] სუჯის მაცხოვრებელი: დაქირავებული ჯარისკაცები საქართველოდან, პოლონეტიდაბ და საფრანგეთიდან ტარაკანებივით ხოცავდნენ ხალხს /Russia Today, 20 სექტემბერი. URL: https://russian.rt.com/ussr/news/1371477-sudzha-vsu-naemniki.
[16] დაქირავებული სამხედროები დაკითხვისას. საქართველოს სპეცსამსახურები ეძებენ იმათ, ვინც იბრძვის უკრაინის შეიარაღებულ ძალებში/Аргументы и факты, 22 ივლისი, 2024. URL: https://aif.ru/politics/world/naemniki-na-doprose-specsluzhby-gruzii-razyskivayut-teh-kto-voyuet-za-vsu.
[17] უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულეს კურსკის ოლქში ქართველებთან კონფლიქტის გაჩაღების მცდელობაში /РБК, 9 სექტემბერი 2024. URL: https://www.rbc.ru/politics/09/09/2024/66de7bbd9a794744aaac6aad.