ავტორი: ვასილ ღლონტი
შესავალი
2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტს ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობის მკვეთრი ესკალაცია მოჰყვა. ისრაელმა საპასუხოდ ღაზის სექტორსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სამხედრო სპეცოპერაცია დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავდა ტერორისტების სრულ განადგურებას. ამასთან, ეს პროცესები თანდათან ისრაელისა და პალესტინის დაპირისპირების ფარგლებს გასცდა, რადგან სულ უფრო მეტად გამოიკვეთა მათში ირანის დესტრუქციული როლი. ამ ფონზე, 2024 წლის 31 ივლისს ირანის დედაქალაქ თეირანში დაბომბვის/აფეთქების შედეგად გარდაიცვალა „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანია. ამრიგად, წინამდებარე ბლოგში ჩვენი მიზანია განვიხილოთ ირანისა და პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციების ბოლოდროინდელი თანამშრომლობა; დავადგინოთ და გავაანალიზოთ ირანის როლი ისრაელ-პალესტინის ურთიერთობებში;
ირანისა და პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციების ურთიერთობები
ირანის სპეცსამსახურებისა და პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციების თანამშრომლობას დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა, ჩვენი დაკვირვებით, ბოლო წლების განმავლობაში მათი ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. ამას ისიც ადასტურებს,რომ „ჰამასს“ თეირანში თავისი წარმომადგენლობაც კი ჰყავს. ამასთან ერთად, ირანსა და ლიბანში, ირანის ისლამური რევოლუციის „გუშაგთა კორპუსისა“ და „ჰეზბოლას“ კონტროლირებად ტერიტორიებზე, ისეთი ორგანიზაციების სამხედრო ბანაკებიაგანთავსებული, როგორებიცაა „ჰამასი“, „ისლამური ჯიჰადი“ და „პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტი“. არსებული ინფორმაციით, მათი ერთობლივი საქმიანობის კოორდინაციას კურატორობას უწევენ „გუშაგთა კორპუსის“ სპეცშენაერთის– ალ-ყუდსის – დანაყოფები. ისინი, ტრადიციულად, სრულ საბრძოლო მზადყოფნას გამოხატავენ ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩასართავად. საინტერესოა, რომ ირანმა მარტო „ჰამასს“ 2014-2020 წლებში 220 მლნ აშშ დოლარის დახმარება გაუწია. „ჰამასის“ ყოფილი ლიდერის, ისმაილ ჰანიას სიტყვებით, ირანი სარაკეტო პროგრამების განვითარების საქმეში ჰამასს 70 მლნ აშშ დოლარით დაეხმარა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ირანმა პალესტინური ორგანიზაციების მხარდაჭერის მასშტაბები გააფართოვა და ბოლო წლებში მათ ყოველწლიურად 100 მლნ აშშ დოლარზე მეტ ფინანსური დახმარება გაუწია. აქ ერთი საინტერესო დეტალი იქცევს ჩვენს ყურადღებას: ლიბანში ფუნქციონირებს ირანის სპეცსამსახურებისა და „ჰეზბოლას“ ერთობლივი სადაზვერვო ცენტრი, რომელიც დაახლოებით 2021 წლიდან ოპერატიული სადაზვერვო ინფორმაციით სწორედ ისრაელის წინააღმდეგ მოქმედ პალესტინურ „ჰამასს“ამარაგებს. საყურადღებოა, რომ ირანი აქტიურად იყენებს ზემოთ ნახსენებ ორგანიზაცია „ისლამურ ჯიჰადს“, რომლის ლიდერები ჰამასის ხელმძღვანელობასთან ერთად თეირანის ხშირი სტუმრები არიან. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ გარდა, ირანის სპეცსამსახურები ცდილობენ მემარცხენე იდეოლოგიის მქონე „პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის“ რესურსის გამოყენებას და მისი წევრების გადაბირებაზეც დიდი ხანია მუშაობენ.
იმაზე, რომ ირანის სპეცსამსახურები ისრაელის წინააღმდეგ სერიოზულად მუშაობენ, ისიც მიგვითითებს, რომ 2023 წელს მათ ისრაელის უშიშროების მინისტრის ითამარ ბენ გვირისა და სხვა მაღალჩინოსნების ლიკვიდაციაც კი განიზრახეს, თუმცა წარუმატებლად. კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი: 2024 წლის მარტში ისრაელის სპეცსამსახურებმა გააუვნებელყვეს ტერორისტი-კონტრაბანდისტების ქსელი,რომელსაც „გუშაგთა კორპუსის“დაზვერვა და სპეცშენაერთი „ყუდსი“ მართავდა. მათ მიზანს წარმოადგენდა მაღალტექნოლოგიური იარაღის სამარია/იუდეაში შეტანა და ტერორისტებისთვის გადაცემა. საინტერესოა, რომ სამარია/იუდეაში ირანის სპეცსამსახურების ასეთი აქტიურობა არაა ახალი. ისრაელის კონტრდაზვერვის– „შინ-ბეთის“ ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2023 წელს მათ ამ რეგიონში ტერორისტების დაფინანსება მკვეთრად გაააქტიურეს და გაზარდეს, რისი განეიტრალების მიზნით ისრაელის სპეცსამსახურებმა სპეციალური ერთობლივი კომისიაც კი შექმნეს. საფიქრებელია, რომ ირანს ისრაელში არსებული რთული შიდაპოლიტიკური მდგომარეობის პალესტინელების ხელით გაუარესების იმედი აქვს. პარალელურად, ირანის სპეცსამსახურები იყენებენ იემენურ „ანსარულლაჰს“, რათა წითელი ზღვა გადაკეტონ და ისრაელს ეკონომიკური ბლოკადა მოუწყონ. ის, რომ „ჰამასი“ და „ანსარულლაჰი“ ირანის გუშაგთა კორპუსის კურატორობით ერთმანეთს ეხმარებიან, ისრაელის საწინააღმდეგო ქმედებებში მათ ერთად მონაწილეობაზე მიგვითითებს.
7 ოქტომბრის ტერაქტი და „ჰამასის“ ლიდერების ლიკვიდაცია
2023 წლის 7 ოქტომბერს მომხდარმა ტერაქტმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ისედაც რთული მდგომარეობა უდავოდ კიდევ უფრო დაამძიმა, რაშიც მთავარი დესტრუქციული როლი ირანმა შეასრულა. ამას ადასტურებს ისიც, რომ „გუშაგთა კორპუსის“ სპეცშენაერთმა „ალ-ყუდსმა“ თავისი მეთაურის, გენერალ ესმაილ ყაანის უშუალო ხელმძღვანელობით ტერაქტამდე ერთი კვირით ადრე „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 600-მდე მებრძოლი გადაამზადა. ჩვენი ყურადღება მიიქცია ერთმა საყურადღებო დეტალმა: ამ ტერორისტული შეტევის დროს გამოყენებული პალესტინელების დივერსიული სტილი ძალიან წააგავდა ირანული სპეცსამსახურების ხელწერას. ლოგიკური იყო,რომ ასეთი ტერაქტის საპასუხოდ ისრაელმა „ჰამასის“ ლიდერები სამიზნეში ამოიღო და მათი განადგურება დაიწყო. საინტერესოა,რომ ისრაელმა პირველად „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ერთ-ერთი დამაარსებლის, ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს უფროსის მოადგილე სალეჰ ალ-არურის ლიკვიდაციით დაიწყო, რომელიც 2024 წლის 2 იანვარს ლიბანში, ბეირუთის გარეუბანში, აფეთქების შედეგად დაიღუპა. საფიქრებელია, რომ ისრაელის სპეცსამსახურების და სამხედრო წრეების ყურადღება სალეჰ-ალ-არურის სპეცსამსახურებისა და სამხედრო სფეროში მოღვაწეობამ მიიქცია. ლიბანში მცხოვრები „ჰამასის“ მაღალჩინოსანი ითვლებოდა „ჰამასის“, “გუშაგთა კორპუსისა“ და „ჰეზბოლას“დამაკავშირებელ საკვანძო ფიგურად, რისი განეიტრალების შედეგად „ჰამასმა“ მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა. თუმცა, ყველაზე დიდად „ჰამასი“ უდავოდ 2024 წლის 31 ივლისს დაზარალდა, როცა თეირანის ჩრდილოეთით მდებარე გარეუბანში, ზაფარანიეში არსებულ სასტუმროში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ორგანიზაციის ლიდერი, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანია. ჩვენი შეფასებით, ამ ფაქტმა ირანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემის სრული უუნარობა გამოავლინა.
საინტერესოა, რომ ამერიკული მედია-გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, დივერსანტმა ჩრდილოეთ თეირანის პრესტიჟულ რაიონში მდებარე „გუშაგთა კორპუსის“ კონტროლქვეშ არსებული სასტუმრო კომპლექს „ნეშათში“ ბომბი აფეთქებამდე 2 თვით ადრე შეუმჩნევლად დაამონტაჟა და შემდგომ დისტანციური მართვის პულტის საშუალებით ააფეთქა. ამან აჩვენა, რომ ისრაელის „მოსადმა“ მოახერხა „გუშაგთა კორპუსის“ წევრების გადაბირება და ისმაილ ჰანიას ლიკვიდაცია მათი დახმარებით შეძლო. თუმცა, „გუშაგთა კორპუსმა“ამერიკული მედიის ვერსია, რომელიც მათ ისედაც შელახულ რეპუტაციას კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებდა, უარყო და თავისი წარმოადგინა. ირანული სპეცსამსახურის ინფორმაციით, დივერსანტებმა ადგილობრივი რელიეფის თავისებურება კარგად გამოიყენეს და მოკლე რადიუსის მქონე რაკეტით, რომლის ქობინი შვიდ კილოგრამს იწონიდა, ისმაილ ჰანიას ადგილსამყოფელი ააფეთქეს. საინტერესო ნიუანსი: „ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაციის თანახმად, ისმაილ ჰანიას ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით„გუშაგთა კორპუსის“ კონტრდაზვერვამ დააკავა ორ ათეულზე მეტი ადამიანი, მათ შორის, დაზვერვის/უშიშროების მაღალჩინოსნები, სამხედრო ოფიციალური პირები დასასტუმროს თანამშრომლები, რომლებთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება.
საყურადღებოა, რომ ირანის სპეცსამსახურებმა ისმაილ ჰანიას ლიკვიდაციაში ისრაელთან ერთად აშშ-ც დაადანაშაულა, თუმცა ამერიკულმა მხარემ მისთვის წაყენებული ბრალდება უარყო. ზოგადად, ცნობილი ფაქტია, რომ აშშ ყოველთვის ირან-ისრაელს შორის დიდი ომის წინააღმდეგ გამოდის, რადგან აშშ-ს,როგორც მოკავშირეს, ირანთან ომში ჩაბმა მოუწევს. ეს კი აშშ-ის ლამის მთელი სამხედრო რესურსების მობილიზებას მოითხოვს, რისთვისაც ამერიკული პოლიტიკური და სამხედრო ელიტა მზად არაა. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა მთელი ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ემზადება.ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებულმა განცხადებამაც დაადასტურა, რომელშიც მან ირანის ისრაელზე თავდასხმა გარდაუვალად მიიჩნია, თუმცა ამავე დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ისთვის ირან-ისრაელის კონფლიქტის მასშტაბების გაზრდა და ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაცია სრულიად მიუღებელია. ამავე დროს, ახლო აღმოსავლეთის რეგიონს აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი მაიკლ კურილლა ეწვია, რაც აშშ-ის განსაკუთრებულ შეშფოთებაზე მიგვითითებს.
ამ ფონზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ირან-ისრაელის კონფლიქტი ოდნავ გაფართოვდება და მოსალოდნელია ორმხრივი საჰაერო თავდასხმები და სარაკეტო შეტევები, თუმცა ახლო პერსპექტივაში ნაკლებადაა მოსალოდნელი დიდი ომი, რადგან მსოფლიოს პოლიტიკური ელიტა ამაში ნაკლებადაა დაინტერესებული. ამავე დროს, არ არსებობს იმის გარანტიაც, რომ საშუალო და შორეულ პერსპექტივაში პროცესები უფრო გართულებული სცენარით არ წარიმართება და ახლო აღმოსავლეთშიდიდი ომის მომსწრენი არ გავხდებით. საყურადღებო დეტალი: ისრაელის ხელისუფლება ირანის თავდასხმებისათვის სერიოზულად ემზადება და შიდა უსაფრთხოების სამსახურმა „შინ-ბეთმა“ მისთვის იერუსალიმში სპეციალური საიდუმლო ბუნკერიც კი მოამზადა.
ამ კონტექსტში, საყურადღებო ინფორმაცია გაავრცელა თურქულმა მედიამ, თითქოს თურქეთის სპეცსამსახურებმა გასული წლების განმავლობაში ისმაილ ჰანია ორჯერ გააფრთხილეს და გადაარჩინეს. მათ პალესტინელი ტერორისტი მესამედაც გააფრთხილეს, თუმცა ისმაილ ჰანიას მათმა ამ გაფრთხილებამ ვეღარ უშველა.საინტერესოა, რომ 2024 წლის მაისში თურქეთის დაზვერვის (MIT) უფროსი იბრაჰიმ კალინი „ჰამასის“ ლიდერებს, მათ შორის ისმაილ ჰანიას, შეხვდა, რა დროსაც სწორედ ისრაელის საკითხი განიხილეს. რა თქმა უნდა, ისრაელი თურქეთის სპეცსამსახურებისა და პალესტინელი ტერორისტების კავშირ-ურთიერთობებს ნეგატიურად აღიქვამდა, რადგან თურქეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ცენტრია და იქ ტერორისტული ორგანიზაციების პოზიციების გაძლიერება თელ-ავივს ხელს არ აძლევს.
კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი: მსოფლიო მედიის ინფორმაციით, 13 ივლისს, ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ხან იუნისის ლტოლვილთა ბანაკის დაბომბვის დროს, ისრაელის სამხედრო ძალებისა და სპეცსამსახურების მიერ ლიკვიდირებულ იქნა „ჰამასის“ სამხედრო ფრთის, ალ-კასსამის ბრიგადების მეთაური მოჰამედ დეიფი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისრაელის ხელისუფლებას „ჰამასის“ ხელმძღვანელობის სრული განადგურება აქვს განზრახული.
დასკვნა
ჩვენი შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის მზარდი ესკალაციის მთავარი ინიციატორი ირანის მოქმედი რეჟიმია, რომელმაც უზარმაზარი როლი შეასრულა 7 ოქტომბრის რეზონანსული ტერაქტის ორგანიზებაში, ტერორისტების მომზადებასა და დაფინანსებაში. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ირანი ბოლო წლების განმავლობაში უზარმაზარ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევდა „ჰამასს“, „ისლამურ ჯიჰადსა“ და სხვა პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაციებს. ისრაელის მიერ წარმოებული ანტიტერორისტული ღონისძიებები ის იძულებითი ზომებია, რომლებსაც ეს ქვეყანა საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად მიმართავს. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე რთული პოლიტიკური პროცესები გვაფიქრებინებს, რომ მსოფლიოს ამ ერთ-ერთ საკვანძო და მნიშვნელოვან რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარება ახლო პერსპექტივაში ნაკლებადაა მოსალოდნელი. პირიქით, დიდი ალბათობით, რეგიონის პოლიტიკური სურათი კიდევ უფრო გამუქდება და კიდევ უფრო პრობლემურ კონფიგურაციას მიიღებს. საფიქრებელია, რომ ტერორიზმი ისე გაძლიერდება, რომ ახლო აღმოსავლეთისრეგიონის ფარგლებს დატოვებს და ისევ გლობალური პრობლემა გახდება, რაც მსოფლიო საზოგადოების ყურადღების სრულ კონცენტრაციას მოითხოვს. იმ ფონზე, როცა ირანის რეჟიმი ბირთვულ/ბალისტიკური რაკეტების პროგრამებს წარმატებით ავითარებს და ტერორისტულ ორგანიზაციებს აქტიურად ეხმარება, ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებას სერიოზულისაფრთხე ექმნება.
ამ ფონზე, დიდი მნიშვნელობა ექნება ცივილიზებული ქვეყნების პოზიციას და მსოფლიოს საზოგადოების უნარს ადეკვატურად და დროულად უპასუხოს იმ უკვე არსებულ და მოსალოდნელ ახალ გამოწვევებს, რომელთა მოგვარებაზე იქნება დამოკიდებული მსოფლიოს კეთილდღეობა და სტაბილურობა.