2023 წლის სექტემბერში ნიუ-დელიში გამართული G-20 ქვეყნების მე-18 სამიტი მედიასა და პოლიტიკურ სივრცეში განხილვის აქტიური საგანი გახდა. G-20-ის არსებობის მანძილზე სამიტი პირველად ჩატარდა ინდოეთში და მისი მთავარი თემა, „ერთი დედამიწა, ერთი ოჯახი, ერთი მომავალი“, შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: კლიმატის ცვლილება, მდგრადი განვითარების მიზნები, ფინანსური საკითხები, ხელოვნური ინტელექტი, ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთისა და რუსეთის პირველი პირების გარდა, ინდოეთში სხვა სახელმწიფოთა პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამიტის ფარგლებში გამართული ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების მნიშვნელობას. G-20-ის ინდოეთის პრეზიდენტობის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ინიციატივით, გლობალური სამხრეთის ქვეყნების წარმომადგენლობა გაიზარდა, რაც წელს სიახლე იყო. ამ მხრივ, აღსანიშნავია აფრიკის კავშირისთვის G-20-ის სრული წევრობის სტატუსის მინიჭება. მეორე მნიშვნელოვანი სიახლე ინდოეთი-ახლო აღმოსავლეთი-ევროპის ეკონომიკური კორიდორის შექმნის შესახებ მემორანდუმის გაფორმება იყო. ეს ყველაფერი და G-20 სამიტის სხვა შედეგები თავმოყრილია მთავარ დოკუმენტში, ნიუ-დელის ლიდერთა დეკლარაციაში, რომელიც 83 პარაგრაფისგან შედგება და ერთხმად იქნა მიღებული.
G-20-ის დეკლარაციაში განხილულია უკრაინაში მიმდინარე ომი და მისგან გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიც, თუმცა შესამჩნევია რუსეთის აგრესიისადმი შედარებით რბილი დამოკიდებულება, ვიდრე ეს იყო 2022 წლის ბალის კომუნიკეში, სადაც რუსეთი აგრესორადაა მოხსენიებული და ნათლად იკვეთება მოთხოვნა უკრაინიდან რუსეთის ჯარების გამოყვანის შესახებ. 2023 წლის დოკუმენტში აღნიშნული ჩანაწერები ამოღებულია, მხოლოდ ნახსენებია, რომ „ყველა სახელმწიფომ დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი…თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან… მივესალმებით ყველა შესაბამის და კონსტრუქციულ ინიციატივას, რომელიც მხარს უჭერს ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას უკრაინაში“. მეორე მხრივ, აღნიშნულია, რომ „ბირთვული იარაღის გამოყენება ან გამოყენების საფრთხე დაუშვებელია.“ როგორც იკვეთება, ორივე ჩანაწერი მხოლოდ ზოგადი ხასიათისაა, მაგრამ, თავის მხრივ, ირიბად ხაზს უსვამს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის და ბირთვული დაშინების ფაქტს, თუმცა დამნაშავის გამოკვეთის და აგრესიის დაგმობის გარეშე. ამ არგუმენტს აძლიერებს ის ფაქტიც, რომ წინა წლისგან განსხვავებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტზე მიწვეული არ ყოფილა. გარდა ამისა, რუსეთის წარმომადგენელმა, სერგეი ლავროვმა, დადებითად შეაფასა სამიტის შედეგები და „გარღვევა“ უწოდა გლობალური პრობლემების მოგვარების გზაზე. უკრაინის მხარემ სამიტის დასკვნითი დოკუმენტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მასში „საამაყო არაფერი იყო“.
აქედან გამომდინარე, ჩნდება შეკითხვა, თუ რატომ შეიკავეს თავი G-20-ის ქვეყნებმა რუსეთის აგრესიის მკვეთრი დაგმობისგან? ჩვენს ბლოგში განხილულია რამდენიმე მიზეზი.
1) G-20-ის ნიუ-დელის სამიტზე გლობალური სამხრეთის ქვეყნების გაზრდილმა წარმომადგენლობამ დღის წესრიგში დააყენა არა მხოლოდ დასავლეთის პოლიტიკური პრიორიტეტები, არამედ თავიანთი ინტერესები და საჭიროებებიც და ამასთან ერთად ნათლად აჩვენა უკრაინაში მიმდინარე ომისადმი განსხვავებული დამოკიდებულებაც. გლობალური სამხრეთი მსოფლიოს ეკონომიკური შესაძლებლობების დიდ ნაწილს შეადგენს. BRICS – ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა – მსოფლიო GDP-ის 32%-ს ფლობს და ამ მონაცემით აღემატება G-7-ს, რომელშიც დასავლური ქვეყნები ლიდერობენ. ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდასთან ერთად გაიზარდა მათი სურვილი წინ წამოწიონ თავიანთი ინტერესები მრავალმხრივი შეხვედრების ფარგლებში. აქედან გამომდინარე, სამიტზე, რუსეთ-უკრაინის ომის საპირწონედ, მათთვის უფრო მეტად აუცილებელი საერთაშორისო ფინანსური საკითხების, ეკონომიკური სირთულეების და კლიმატის ცვლილების განხილვა იყო, რომლის შედეგებს სამომავლოდ გლობალური სამხრეთის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მოტანა შეუძლია. მეორე მხრივ, მაშინ, როდესაც დასავლეთის მთავრობებისა და საზოგადოებების უმეტესობამ მტკიცედ დაუჭირა მხარი უკრაინას, დანარჩენი მსოფლიოს დიდმა ნაწილმა უფრო ფრთხილი მიდგომა აირჩია და თავი შეიკავა რუსეთის დაგმობისგან. ამის ნათელი მაგალითი იყო გაეროში გენერალური ასამბლეის რეზოლუციის რუსეთ-უკრაინას შორის „ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის“ შესახებ განხილვის პროცესი. აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის ლიდერების მოსმენის შემდეგ Crisis Group-მა აღნიშნა, რომ ბევრი ერიდებოდა ომის ხსენებას და მათმა უმეტესობამ მოკლედ მიუთითა ცეცხლის შეწყვეტის ან მოლაპარაკებების აუცილებლობაზე. შესაბამისად, გლობალური სამხრეთის ინტერესებმა და უკრაინაში ომისადმი განსხვავებულმა დამოკიდებულებამ გავლენა იქონია დეკლარაციის შინაარსობრივ ნაწილზე.
2) როგორც წესი, დეკლარაციები მეტწილად მასპინძელი ქვეყნის შეხედულებებს და მახასიათებლებს ასახავს, ამიტომ მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი G-20 სამიტის ინდოეთის პრეზიდენტობა იყო. პრემიერ-მინისტრი მოდი სამიტს მნიშვნელოვან მოვლენად და დიპლომატიურ შესაძლებლობად მიიჩნევდა. ერთი მხრივ, სამიტზე ინდოეთმა გამოიყენა შანსი და მსოფლიოს ლიდერებს აჩვენა საკუთარი მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური შესაძლებლობები, გამოთქვა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებისა და მუდმივი წევრის სტატუსის მიღების სურვილი, რაც ნათლად მიუთითებდა ქვეყნის განზრახვას რეგიონის ლიდერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების თაობასა და ინდოეთის პოზიციას მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის დამყარების შესახებ. G-20 სამიტის დრო ასევე ხელსაყრელი აღმოჩნდა ინდოეთის ხომალდის Chandrayaan-3 მთვარეზე წარმატებული დაჯდომის შემდეგ. მეორე მხრივ, სამიტის შედეგები მნიშვნელოვანი იყო ნარენდრა მოდის, როგორც ძლიერი ლიდერის, იმიჯისთვის, რომელიც მომავალ წელს არჩევნებში იყრის კენჭს.
გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ინდოეთისთვის, ტრადიციებიდან გამომდინარე, პოლიტიკის წარმოებისას შეთანხმების მიღწევას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას კი მოწმობს საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობილი სიტყვები, რომ მათთვის „საგარეო პოლიტიკა კონსენსუსის საკითხია“. სწორედ ამიტომ ინდოეთის ლიდერს სჭირდებოდა, რომ საკუთარი ჩართულობით G-20 ქვეყნების ერთობლივი თანხმობის მიღწევა. დიპლომატიური უხერხულობის მიუხედავად, მასპინძელმა ინდოეთმა „აიძულა“ წევრი ქვეყნები შეთანხმებულიყვნენ საერთო განცხადებაზე, რომელმაც საბოლოოდ შეარბილა უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაგმობა. ინდოეთის ლიდერმა წინასწარ იცოდა რუსეთის დამოკიდებულება. როგორც სერგეი ლავროვმა განაცხადა, იგი დაბლოკავდა ნებისმიერ დოკუმენტს, სადაც მათი პოზიცია არ იქნებოდა გათვალისწინებული. ასევე საკუთრივ ინდოეთის სტრატეგიული სიფრთხილეს უკრაინაში მიმდინარე ომისადმი, რომელსაც ერთ-ერთმა ინდოელმა მკვლევარმა დახვეწილი პრომოსკოვური პოზიცია უწოდა, თანხვედრა აქვს დეკლარაციაში გამოთქმულ პოზიციასთან, რადგან რუსეთი ინდოეთისთვის მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორია.
მიუხედავად ამისა, ინდოეთის მოკავშირეა აშშ და ევროკავშირის ქვეყნებიც და ამიტომ მათი გავლენით დეკლარაციაში დაგმობილია ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ძალისმიერი საშუალებებით ხელყოფა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა დეკლარაციის შედეგები დადებითად შეაფასეს. აქედან გამომდინარე, ერთი შეხედვით, ინდოეთმა ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინება მოახერხა. განსხვავებული პოზიციების მქონე სახელმწიფოებთან ერთდროულად ურთიერთობა ინდოეთისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, რადგან მისი საგარეო პოლიტიკა აგებულია პლურილატერალიზმის პრინციპებზე, რაც გულისხმობს საერთო სიკეთისთვის თანამშრომლობას იმ სახელმწიფოებთან, რომელთა შორის პარტნიორობა ნაკლებად სავარაუდოა.
3) G-20 სამიტს ესწრებოდნენ აშშ და ევროკავშირის წარმომადგენლები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათი პრიორიტეტები უფრო გლობალური ხასიათისა იყო (მულტილატერალიზმი, ეკონომიკური თანამშრომლობა, კლიმატის ცვლილება, საერთაშორისო ფინანსები, ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის, ომით დაზარალებულთათვის, გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ.), ვიდრე ორიენტირებული მხოლოდ უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაგმობაზე. გარდა ამისა, მათი თანხმობა დეკლარაციის ტექსტზე არ ნიშნავს აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერის შესუსტებას ან პოზიციის ცვლილებას. ეს შესაძლოა განპირობებული იყოს მათი, განსაკუთრებით, აშშ-ის, ინტერესებით აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც იგი ინდოეთს მოკავშირედ და ჩინეთის მზარდი გავლენების მთავარ დამაბალანსებელ ძალად მიიჩნევს. ამიტომ პრეზიდენტმა ბაიდენმა სამიტზე ყოფნისას ყველაზე მეტი დრო ნარენდრა მოდისთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას დაუთმო. როგორც ზემოთ აღინიშნა, სწორედ ნიუ-დელის სამიტზე გაფორმდა მემორანდუმი ინდოეთი-ახლო აღმოსავლეთი-ევროპის ეკონომიკური კორიდორის (IMEC) შესახებ, რომელიც რეგიონებს ეკონომიკურად სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის საშუალებით დააკავშირებს. იმის გათვალისწინებით, რომ არცერთ ლიდერს მკაფიოდ არ უხსენებია ჩინეთი, IMEC-მა სამომავლოდ შესაძლოა კონკურენცია გაუწიოს ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივას (BRI). აქედან გამომდინარე, აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან ინდოეთის მიერ შეთავაზებული დეკლარაციის ტექსტზე თანხმობა რეალურად ემსახურება მათ ინტერესებს რეგიონში და ინდოეთთან მჭიდრო პარტნიორობას.
ამგვარად, ნიუ-დელის ლიდერთა დეკლარაციაში შედარებით რბილი დამოკიდებულება უკრაინაში რუსეთის აგრესიისადმი აქტიური განხილვის საგანი გახდა. მიზეზების ძიებისას სამი მთავარი გარემოება იჩენს თავს: გლობალური სამხრეთის ქვეყნების გაზრდილი წარმომადგენლობა და მათი საჭიროებების დღის წესრიგში დაყენება უკრაინაში მიმდინარე ომის საპირწონედ; ინდოეთის საგარეო პოლიტიკური ტრადიცია და პლურილატერალისტური მიდგომები; დასავლეთის ინტერესები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში და მათთვის ინდოეთთან პარტნიორობის მნიშვნელობა. ასევე საგულისხმოა ისიც, რომ მეტწილად დეკლარაციები სწორედ იმ პოლიტიკურ ხედვებს ასახავენ, რომლებსაც მასპინძელი ქვეყნები იზიარებენ.