Title Languages Field Year

ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი (გამოცემა 5, ოქტომბერი 15-31, 2021)

  • Author: ბადრი ბელქანია, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2021

„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მთავარი სიახლეების მონიტორინგის მიზანია რეგიონში არსებულ ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ტენდენციებზე დაკვირვება და მკითხველის შესაბამისი ცნობებით ინფორმირება. დაიჯესტი ეყრდნობა როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ წყაროებს, ისე სხვადასხვა ინტერნეტპორტალსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. თითოეული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ადგილობრივი სიახლეების მიღმა, დაიჯესტში ასევე ცალკე თავებადაა გამოყოფილი რეგიონის ურთიერთობა მოსკოვთან, როგორც ფედერაციულ ცენტრთან, და ჩრდ. კავკასიური რესპუბლიკების კავშირები საქართველოსთან, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.

 

ჩრდილოეთი კავკასია და ცენტრი

ჩეჩნეთი და ყაბარდო-ბალყარეთი ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობით ლიდერობენ


ფოტო: florinroebig.com

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, 100 ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა საშუალო რაოდენობით ფედერაციულ სუბიექტებს შორის ჩეჩნეთი (22.1) და ყაბარდო-ბალყარეთი (16.7) ლიდერობენ.

რუსეთის მასშტაბით საშუალო მაჩვენებელზე მაღალია დაღუპულთა რაოდენობა ინგუშეთში, ადიღესა და დაღესტანშიც. ამ მხრივ, რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ჩრდილოეთ კავკასიაში ფიქსირდება.

 

ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები ვაქცინაციის დაბალი ტემპით აუტსაიდერებს შორის მოხვდნენ


ფოტო: reuters.com

რუსეთის ვიცე-პრემიერის ტატიანა გოლიკოვას 20 ოქტომბრის განცხადებით, ვაქცინაციის ტემპებით ხუთივე აუტსაიდერი ფედერაციული სუბიექტი რუსეთის სამხრეთშია, მათ შორისაა ოთხი კავკასიური რესპუბლიკა: დაღესტანი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ადიღე. ამის საპირისპიროდ, მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს ჩეჩნეთის რესპუბლიკა, სადაც ზრდასრული მოსახლეობის 90%-ზე მეტი ვაქცინირებულია.

რუსეთში ბოლო კვირებში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ვიცე-პრემიერის გოლიკოვას რეკომენდაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე კვირა უქმად გამოაცხადა.

 

ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკების დამოკიდებულება მოსკოვის ფინანსურ დოტაციაზე ყოველწლიურად იზრდება

ფოტო: koniukhchaslau.com

ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკები დაღესტანი და ჩეჩნეთი მოსკოვიდან მიღებული დოტაციის მოცულობით რუსეთის ფედერაციული სუბიექტებში პირველ ორ პოზიციაზე მოხვდა.

2021 წლის მონაცემებით, ცენტრისგან დაფინანსების მოცულობა არა მხოლოდ დაღესტანსა (72.9 მილიარდი რუბლი) და ჩეჩნეთში (33.5 მილიარდი რუბლი), არამედ, საშუალოდ, მთელ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში იზრდება.

 

ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო

მაიკოპში ჩატარებულ რელიგიურ საზეიმო ღონისძიებას აფხაზეთის მუფტიც დაესწრო


ფოტო: apsnypress.info

27 ოქტომბერს მაიკოპში ადიღეს რესპუბლიკისა და კრასნოდარის მხარის „მუსლიმების სულიერი სამმართველოს“ დაარსების 30 წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ოკუპირებული აფხაზეთის მუფტმა თემურ ძიბამაც მიიღო.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის მუფტი „უმმას წინაშე დამსახურებისთვის“ მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. მისი განცხადებით, ეს მისთვის მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რომლის შესახებაც წინასწარ არაფერი იცოდა.

 

სოხუმს ყარაჩაი-ჩერქეზეთის დელეგაცია ესტუმრა


ფოტო: apsnypress.info

29 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტის“ სპიკერმა ვალერი კვარჩიამ სოხუმში უმასპინძლა ყარაჩაი-ჩერქეზეთის დელეგაციას, რომელსაც კულტურის მინისტრი ზურაბ აგირბოვი ხელმძღვანელობდა.

აგირბოვის განცხადებით, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკა 2022 წელს დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს და მისთვის საპატიოა, რომ კულტურის წარმომადგენლების გასტროლები ამ საზეიმო თარიღისთვის მოსამზადებლად სწორედ აფხაზეთიდან იწყება.

ყარაჩაი-ჩერქეზეთის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, აბაზინმა მეცნიერმა ოლეგ ეტლუხოვმა მადლობა გადაუხადა აფხაზურ მხარეს, რომ „ასეთ მძიმე ვითარებაში“, როდესაც გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მრავალი ღონისძიება გაუქმდა, მათ მაინც მიეცათ საშუალება აფხაზი პუბლიკის წინაშე წარდგნენ. „ჩვენ ერთი ხალხი ვართ, ერთი მთლიანობა“, – დასძინა ეტლუხოვმა.

 

ადიღეს რესპუბლიკა

ადიღეს რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება


ფოტო: umn.edu

რუსეთის ვიცე-პრემიერის ტატიანა გოლიკოვას 20 ოქტომბრის განცხადებით, ადიღეში ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ძირითადი პრობლემა საავადმყოფოებში თავისუფალ საწოლებს უკავშირდება. გოლიკოვას თქმით, არსებული რესურსის 95% უკვე დაკავებულია.

20 ოქტომბრის დილის მონაცემებით, მთელ რუსეთში კოვიდპაციენტებისთვის განკუთვნილი საწოლების 86.6% დაკავებულია, თუმცა გარკვეულ რეგიონებში, მათ შორის ადიღეს რესპუბლიკაში, ეს მაჩვენებელი საშუალო რიცხვს საგრძნობლად აჭარბებს.

 

ყარაჩაი-ჩერქეზეთი

ყარაჩაი-ჩერქეზეთის ხუთი მკვიდრი ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავეს

ფოტო: europarl.europa.eu

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ოქტომბრის განცხადებით, უწყებამ ყარაჩაი-ჩერქეზეთის ხუთი მკვიდრი ისლამური ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავა.

რესპუბლიკის მკვიდრებს ბრალი ისლამისტური ორგანიზაციის „ათ-თაქფირ ვალ-ჰიჯრას“ წევრობაში ედებათ. ჩხრეკის დროს დაკავებულთა სახლებში სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი და ცივი იარაღები, ტყვია-წამალი და ექსტრემისტული რელიგიური ლიტერატურა აღმოაჩინეს.

 

ყაბარდო-ბალყარეთი

კოკოვმა განაცხადა, რომ საყოველთაო აღწერაში ყაბარდოელად ჩაეწერა

კაზბეკ კოკოვი. ფოტო: ria.ru

რუსეთის მასშტაბით მიმდინარე საყოველთაო აღწერამ ვნებათაღელვა გამოიწვია ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში, სადაც აქტივისტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილმა სცადა მიმდინარე პროცესი ეროვნული პოლიტიკის განსამტკიცებელ ინსტრუმენტად გამოეყენებინა. მაგალითად, გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადიღეელებს და ყაბარდოელებს მოუწოდეს საყოველთაო აღწერისას ჩერქეზებად ჩაწერილიყვნენ, რათა ჩერქეზი ერის გაერთიანებისთვის შეეწყოთ ხელი.

ამასთან დაკავშირებით, ყაბარდო-ბალყარეთის მეთაურმა კაზბეკ კოკოვმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ საყოველთაო აღწერაში „ყაბარდოელად“ ჩაეწერა, რადგანაც მისი წინაპრებიც „ყაბარდოელები“ იყვნენ. მოსაზრებები ორად გაიყო თავად ყაბარდოელებს შორის, რომელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ისინი ჩერქეზებად უნდა ჩაეწერონ, ნაწილი კი კაზბეკ კოკოვის პოზიციას იზიარებს. ყაბარდოელად ჩაწერისკენ მოუწოდებს ხალხს საზოგადოებრივი პალატის საბჭოც, რომლის განცხადებით, ყაბარდოელებმა თავისი ისტორიული სახელწოდება არ უნდა დაკარგონ.

 

ჩრდილოეთი ოსეთი

ვლადიკავკაზის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს

ფოტო: sputnik-ossetia.ru

15 ოქტომბერს ვლადიკავკაზის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს, რომელსაც არეულობა და ხანძარი მოჰყვა. სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, ბუნტში 200-დან 600 კაცამდე მონაწილეობდა, მიზეზი კი ციხის ხელმძღვანელობის ცვლილება გახდა. ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, ახალმა ხელმძღვანელობამ კოლონიაში რეჟიმი უფრო მეტად გაამკაცრა, რამაც პატიმრების უკმაყოფილება გამოიწვია.

ოფიციალური უწყების ცნობით, კოლონია ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას უკვე დაუბრუნდა. ბუნტის 36 ყველაზე აქტიური მონაწილე დაღესტნის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს.

 

ინგუშეთი

ინგუშეთის მეთაური სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებაზე უარს ამბობს


ინგუშეთის მეთაური მაჰმუდ-ალი კალიმატოვი. ფოტო: gazetaingush.ru

მიუხედავად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, ინგუშეთის მეთაური მაჰმუდ-ალი კალიმატოვი სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებაზე უარს ამბობს.

„კორონავირუსის თვალსაზრისით, ვითარება რეგიონში სტაბილური და კონტროლირებადია“, – განაცხადა 20 ოქტომბერს კალიმატოვმა. მისი თქმით, იძულებითი ზომების შემოღების საჭიროება არ არსებობს.

 

სტრასბურგის სასამართლომ მოკლული ინგუშის დედას კომპენსაცია დაუწესა

ფოტო: dw.com

19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2014 წელს ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მოკლული ინგუშეთის მკვიდრი მუსლიმ კურიევის სიკვდილზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ხელისუფლება ვალდებულია დაღუპულის დედას კომპენსაციის სახით 60 ათასი ევრო გადაუხადოს.

„რუსეთის ხელისუფლებამ არ ჩაატარა ეფექტური გამოძიება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით“, – წერია სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტში.

 

ჩეჩნეთი

ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერის ჰასან ხალიტოვის წინააღმდეგ მისი ძმა   გამოვიდა

ფოტო: kavkaz-uzel.eu

თურქეთში მცხოვრები ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერის ჰასან ხალიტოვის ძმამ რამზან ხალიტოვმა საკუთარი ძმა ჩეჩნეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ აქტიურობის გამო მკაცრად გააკრიტიკა.

ვიდეომიმართვაში, რომელიც საკუთარ გვერდზე ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკისა და ინფორმაციის მინისტრმა აჰმედ დუდაევმა 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა, რამზან ხალიტოვი საკუთარ ძმას „ნარკომანს“ უწოდებს.

„მან ამას წინათ ვიდეო დადო, სადაც ჩვენს პრეზიდენტზე ლაპარაკობს. ამ სიტყვებით ის ჩვენი საპატიო მეთაურის ღირსების აყრას ვერ შეძლებს… ჰასან, შენ უკანასკნელი ნარკომანი ხარ. როცა შენ აქ იყავი, ალკოჰოლის მიღებაზე უარს ვერ ამბობდი, შენი შეკავება მიწევდა. ტაბლეტებს სვამდი, მარიხუანას ეწეოდი, სხვის ქალებთან ერთობოდი, როცა სახლში იყავი. სასარგებლოს რისი თქმა შეგიძლია?“ – მიმართა თავის ძმას ვიდეოში რამზან ხალიტოვმა.

 

სტრასბურგის სასამართლომ ტეპსურკაევის წამებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა


სალმან ტეპსურკაევი. ფოტო: kavkaz-uzel.eu

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 19 ოქტომბერს ტეპსურკაევის საქმეზე განაჩენი გამოიტანა, რომლის მიხედვით, ჩეჩნეთის მკვიდრის სალმან ტეპსურკაევის გაუჩინარებასა და წამებაში დამნაშავედ რუსეთის ხელისუფლება ცნო და მას დაზარალებულისთვის კომპენსაციის სახით 26 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

„კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ვიდეოს, რომელშიც შიშველი ტეპსურკაევი ბოთლზე ჯდებოდა. ეს, როგორც თავად დაზარალებულმა თქვა, მან ეს სასჯელი ჩეჩნეთის ხელისუფლების კრიტიკით გამორჩეულ ტელეგრამ-არხ 1Adat-თან თანამშრომლობის გამო მიიღო.

უფლებადამცველების ცნობით, ოპოზიციურად განწყობილი ტეპსურკაევის გაუჩინარებიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა გამომძიებლებს მისი ადგილსამყოფელი ჯერაც არ დაუდგენიათ.

 

მაგომედ დაუდოვმა ჩეჩენი ახალგაზრდების სოცქსელებში ქცევა გააკრიტიკა


ფოტო: rbc.ru

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა მაგომედ დაუდოვმა მკაცრად გააკრიტიკა ჩეჩენი ახალგაზრდების აქტივობები სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი, „ტიკ-ტოკში“.

დაუდოვის განცხადებით, მიუღებელია, როდესაც ჩეჩენ ახალგაზრდა ბიჭებს თავიანთ ჩეჩენ გოგო მეგობრებთან სოციალურ ქსელებში აქვთ საჯარო ურთიერთობა. მისი თქმით, ეს „ერის ტრადიციებს ეწინააღმდეგება“. დაუდოვი ერთ ჩეჩენ ახალგაზრდა ბიჭსა და გოგოს მოულოდნელად საჯარო ვიდეოჩართვის დროსაც შეუერთდა და ისინი მკაცრად გააკრიტიკა.

დაუდოვის სიტყვებით, ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა არ დაუშვებს „მსგავს ქცევებს“. პარლამენტის სპიკერმა ახალგაზრდობის მინისტრს მიმართა, რომ ამ საკითხს „განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს“.

 

დაღესტანი

უზლიპატ ჰასანოვა: „დაღესტნის მცირერიცხოვან ხალხებს ასიმილაცია ემუქრებათ“.


დაღესტნური ენების სპეციალისტი, პროფესორი უზლიპატ ჰასანოვა. ფოტო: dagpravda.ru

რუსეთის მასშტაბით მოსახლეობის აღწერა მიმდინარეობს, რომლის შედეგებსაც ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკებში განსაკუთრებული ინტერესით ელიან. ადგილობრივი სპეციალისტები არსებულ პრობლემებზე მიუთითებენ, მათ შორის, პატარა ხალხების ეტაპობრივი გაქრობის საფრთხეებზე.

დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაღესტნური ენების კათედრის პროფესორმა უზლიპატ ჰასანოვამ განაცხადა, რომ დაღესტნის ყველა პატარა ერი, რომელსაც საკუთარი დამწერლობა არ გააჩნია, „ასიმილიაციის საფრთხის წინაშეა“. ჰასანოვამ ხაზი გაუსვა, რომ არ არსებობს სახელმწიფო მხარდაჭერა ენების შენარჩუნების მიმართულებით და მეტიც, გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები თვლიან, რომ პატარა ხალხების არსებობა საერთოდ არაა საჭირო.

„პატარა ხალხები და მათი ენები ასიმილირდებიან, განსაკუთრებით, არსებული მიგრაციული პროცესების ფონზე. შესაბამისად, ისინი ძალიან მარტივად შეიძლება გაქრნენ“, – განაცხადა ჰასანოვამ მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

 

მაჰაჩყალაში აქტივისტი სალიმ ხალიტოვი დააკავეს

სალიმ ხალიტოვი. ფოტო: kavkaz-uzel.eu

14 ოქტომბერს მაჰაჩყალაში დაღესტნელი აქტივისტი სალიმ ხალიტოვი დააკავეს, რომელიც ქალაქში პიკეტით გამოვიდა და რესპუბლიკის მეთაურის პირდაპირი წესით არჩევის სისტემაზე გადასვლა მოითხოვა. აქტივისტი 10 დღით დააპატიმრეს, მან კი მშრალი შიმშილობა გამოაცხადა, რის შემდეგაც ხალიტოვის ფიზიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

აქტივისტი დაღესტნის მუფტთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს, რათა მათ მიაწოდოს ინფორმაცია სამართალდამცავების იმ „არაადამიანური მოპყრობის“ შესახებ, რისი მსხვერპლიც იგი დაკავებისას გახდა.

 

ხაბიბ ნურმაგომედოვს თავისი ხუმრობის ახსნა მოუწია


ხაბიბ ნურმაგომედოვი. ფოტო: ria.ru

შერეული საბრძოლო ხელოვნების ცნობილი დაღესტნელი ოსტატის ხაბიბ ნურმაგომედოვის ხუმრობამ დაღესტნის მკვიდრების მიერ მოსკოვის მეტროში ვორონეჟელი რომან კოვალევის ცემის ფაქტზე საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, რის შემდეგაც სპორტსმენს თავისი სიტყვების ახსნა მოუწია.

მოსკოვის მეტროში 4 ოქტომბერს დაღესტნის სამი მკვიდრის მიერ სასტიკად ნაცემი რომან კოვალევი, რომელმაც გოგოს დაცვა სცადა, „სიმამაცის და გამბედაობის“ მედლით დააჯილდოვეს. ამასთან დაკავშირებით ნურმაგომედოვმა „ინსტაგრამის“ გვერდზე თავისი ირლანდიელი ოპონენტის კონორ მაკგრეგორის ფოტო გამოაქვეყნა და გაიხუმრა, რომ ისიც იმსახურებდა მედალს, როგორც დაღესტნელების მიერ ნაცემი. დაღესტნელი სპორტსმენი 2018 წლის შემთხვევას გულისხმობდა, როდესაც მაკგრეგორთან ორთაბრძოლა ოფიციალური დასასრულის შემდეგ დამატებით დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„ეს ხუმრობა უფრო ოკეანის გადაღმა იყო გათვლილი. ხომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ეს იუმორით მიიღეს, თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც ჩათვალა, რომ მე [დაღესტნელ] ბიჭებს დავუჭირე მხარი. სამი ავადმყოფი ადამიანის მხეცური დამოკიდებულების მხარდაჭერა შეუძლებელია“, – განაცხადა სპორტსმენმა.