|
||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მთავარი სიახლეების მონიტორინგის მიზანია რეგიონში არსებულ ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ტენდენციებზე დაკვირვება და მკითხველის შესაბამისი ცნობებით ინფორმირება. დაიჯესტი ეყრდნობა როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ წყაროებს, ისე სხვადასხვა ინტერნეტპორტალსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. თითოეული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ადგილობრივი სიახლეების მიღმა, დაიჯესტში ასევე ცალკე თავებადაა გამოყოფილი რეგიონის ურთიერთობა მოსკოვთან, როგორც ფედერაციულ ცენტრთან, და ჩრდ. კავკასიური რესპუბლიკების კავშირები საქართველოსთან, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.
ჩრდილოეთი კავკასია და ცენტრი ჩრდილოეთ კავკასიის კურორტები 12 მილიარდი რუბლით დაფინანსდება ყარაჩაი-ჩერქეზეთი. ფოტო: ria.ru 14 ოქტომბერს გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის მთავრობა ჩრდილოეთ კავკასიის კურორტების განვითარებისთვის 12 მილიარდ რუბლს გამოყოფს. აღნიშნული თანხა სააქციო საზოგადოება „ჩრდილოეთ კავკასიის კურორტებს“ სამ ნაწილად 2021, 2022 და 2023 წლებში ჩაერიცხება. ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი რესურსი რეგიონში კურორტების კეთილმოწყობასა და საინვესტიციო პროექტების განხორციელებას მოხმარდება. ჩრდილოეთ კავკასიაში სამი წლის განმავლობაში 29 ტერაქტი აღიკვეთა ფოტო: life.ru რუსეთის ფედერაციის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის 12 ოქტომბერს გამოქვეყნებული ცნობით, სამართალდამცავმა ორგანოებმა გასული სამი წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიაში ტერაქტის 29 მცდელობა აღკვეთეს, 84 მებრძოლი გაანადგურეს და 379 თანამზრახველი დააკავეს. კომიტეტის განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაციები ჯერ კიდევ ცდილობენ რეგიონის დესტაბილიზაციას, ძირითად ორგანიზაციულ აქტივობას კი ინტერნეტის მეშვეობით ახორციელებენ. სერგეი ნაზაროვი: ჩრდილოეთ კავკასიის ეკონომიკური განვითარება გადააზრებას საჭიროებს სერგეი ნაზაროვი. ფოტო: ria.ru რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის სერგეი ნაზაროვის 4 ოქტომბრის განცხადებით, სახელმწიფოს და ბიზნესის ჩართულობა ჩრდილოეთ კავკასიის ეკონომიკურ განვითარებაში გადააზრებას საჭიროებს. ნაზაროვის თქმით, ჩრდილოეთ კავკასიაში კერძო ინვესტორების მოზიდვას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ასევე ფიქრობს, რომ მსხვილი ბანკები „არასაკმარის აქტიურობას იჩენენ რეგიონში სახელმწიფო პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებაში“.
ჩრდილოეთ კავკასიის დედაქალაქები ხელფასის მაჩვენებლით აუტსაიდერებს შორის მოხვდა ადიღეს დედაქალაქი მაიკოპი. ფოტო: ria.ru „რია ნოვოსტის“ კვლევის მიხედვით, ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკების დედაქალაქები ნალჩიკი, გროზნო და მაიკოპი საშუალო ხელფასისა და სამომხმარებლო კალათის ფიქსირებული ფასის ურთიერთმიმართების კოეფიციენტით აუტსაიდერებს შორის მოხვდა. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის სამხრეთ რეგიონებში არსებული დაბალი მაჩვენებლები რესპუბლიკების ეკონომიკური სისუსტისა და დაბალი ოფიციალური ანაზღაურების შედეგია.
ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო ანატოლი ბიბილოვი სერგეი მელიქოვის მიერ დაღესტნის მეთაურის თანამდებობის დაკავების ცერემონიას დაესწრო ანატოლი ბიბილოვი ცერემონიაზე. ფოტო: sputnik-ossetia.ru 14 ოქტომბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი დაღესტნის რესპუბლიკის არჩეული მეთაურის სერგეი მელიქოვის თანამდებობის დაკავების ცერემონიას დაესწრო. „მე დარწმუნებული ვარ, რომ დაღესტნელი ხალხი იამაყებს სერგეი ალიმოვიჩის ხელმძღვანელობის პირობებში მომხდარი პოზიტიური ცვლილებებით. ის მთელი თავისი ცხოვრება სიამაყით და ღირსებით უმაღლეს დონეზე წარადგენდა დაღესტნელ ხალხს“, – განაცხადა ბიბილოვმა ცერემონიაზე. სოხუმში აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები მიიღეს ფოტო: apsnypress.info 11 ოქტომბერს ოკუპირებულ აფხაზეთში „მრგვალი მაგიდა“ გაიმართა, თემაზე „აფხაზეთი და დიასპორა: მდგომარეობა და პერსპექტივები“, რომელშიც მონაწილეობა რუსეთიდან ჩასულმა აბაზინთა წარმომადგენლობამაც მიიღო. დისკუსიის მონაწილეებმა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მე-19 საუკუნეში კავკასიის ომის დროს განდევნილი „აბაზები“ აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში, შეშფოთება გამოთქვეს, რომ აფხაზეთში რეპატრიაციის ეროვნული კონცეფცია ჯერ კიდევ არ შემუშავებულა და არც შესაბამისი პროგრამა არსებობს. მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოები ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან რეპატრიაციის პროცესებს, კერძოდ, ან დაგვიანებით გასცემენ პასპორტებს, ან საერთოდ უარს ეუბნებიან დიასპორის წარმომადგენლებს პასპორტის მიცემაზე. შეხვედრის დასასრულს „მრგვალმა მაგიდამ“ რეკომენდაციების სია შეიმუშავა, რომელთა განხორციელებაც, მონაწილეების აზრით, რეპატრიაციის პროცესს შეუწყობს ხელს.
ადიღეს რესპუბლიკა ადიღეს რესპუბლიკაში ნაწილობრივ სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღეს ფოტო: ria.ru ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, ადიღეს რესპუბლიკაში 11 ოქტომბერს სავალდებულო ვაქცინაცია გამოაცხადეს, რომელიც მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს, საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანებსა და 18 წელზე უფროს სტუდენტებს ეხებათ. მათ 1 ნოემბრამდე უნდა მიმართონ ამცრელ ცენტრებს. კოვიდრეგულაციების გამკაცრების ფარგლებში, რესპუბლიკაში ასევე აიკრძალა მასობრივი ბანკეტების, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. ადიღეს რესპუბლიკა ვაქცინაციის ტემპებით რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი სუბიექტია. ადიღეს მკვიდრი ექსტრემიზმის ბრალდებით გასამართლდა ფოტო: ukgrate.com 12 ოქტომბერს სასამართლომ ადიღეს რესპუბლიკის მკვიდრს რაფაელ რახმეტოვს ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფების აქტივობების ორგანიზებისა და მისი დაფინანსებისთვის 7 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის ბრალდება, რომ რახმეტოვი რუსეთის ფედერაციაში აკრძალული ისლამისტური ორგანიზაციის „ათ-თაქფირ ვალ-ჰიჯრას“ საქმიანობას უწყობდა ხელს.
ყარაჩაი-ჩერქეზეთი ყარაჩაი-ჩერქეზეთში დამატებითი კოვიდჰოსპიტალი გახსნეს ფოტო: ria.ru გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ყარაჩაი-ჩერქეზეთში 120 პაციენტზე გათვლილი რიგით მეექვსე კოვიდჰოსპიტალი გახსნეს. 13 ოქტომბრის მონაცემებით, რეგიონში, სადაც ნაწილობრივ სავალდებულო ვაქცინაციაა შემოღებული, ექვსი კოვიდჰოსპიტალი ფუნქციონირებს, რომელთა საერთო რესურსი 1165 ადგილია. დაწესებულებებში 881 ადამიანი მკურნალობს. აქტივისტები მოსახლეობის საყოველთაო აღწერისას ჩერქეზებს გაერთიანებისკენ მოუწოდებენ ფოტო: adygi.ru რუსეთში დაგეგმილი მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, რომელიც 15 ოქტომბრიდან დაიწყება და 14 ნოემბრამდე გაგრძელდება, შანსია რუსეთში მცხოვრები ჩერქეზებისთვის, რომ ერთ ერად ჩაეწერონ, – ამის შესახებ საჯარო ორგანიზაციების აქტივისტები საუბრობენ. აქტივისტებმა რუსეთის სხვადასხვა ფედერაციულ სუბიექტში მაცხოვრებელ ჩერქეზული წარმომავლობის მოსახლეობას მოუწოდეს, რომ მათ თავიანთ წარმომავლობად „ჩერქეზი“ მიუთითონ, რათა ერის კონსოლიდაცია და გაერთიანება მოხერხდეს. აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ ერთი ენა და კულტურა ის ქვაკუთხედია, რომლის გარშემოც ჩერქეზი ერი უნდა გაერთიანდეს. ჩერკესკში ტერაქტი აღიკვეთა, დაკავებულია ყაბარდო-ბალყარეთის მკვიდრი ფოტო: kavkazr.com რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ფსბ) 1 ოქტომბერს ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ჩერკესკში აღკვეთილი ტერაქტის შესახებ განაცხადა. განცხადების მიხედვით, ტერაქტს ყაბარდო-ბალყარეთის 20 წლის მკვიდრი გეგმავდა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ დავალებებს ასრულებდა. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილს ასაფეთქებელი საშუალების დასამზადებელი კომპონენტები და ინსტრუმენტები აღმოუჩინეს. ეჭვმიტანილის კუთვნილ მობილურ ტელეფონში კი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებთან მისი მიმოწერა დაფიქსირდა.
ყაბარდო-ბალყარეთი არასამთავრობო ორგანიზაციები: ყაბარდო-ბალყარეთში ადგილობრივ ენებზე შექმნილი სასკოლო წიგნების დეფიციტია სკოლა ყაბარდო-ბალყარეთში. ფოტო: yandex.ru ყაბარდო-ბალყარეთში არსებული სამოქალაქო ორგანიზაციების აქტივისტების განცხადებით, რესპუბლიკაში ყაბარდოულ და ჩერქეზულ ენებზე შექმნილი სასკოლო წიგნების ნაკლებობა აქვთ სამოქალაქო აქტივისტებმა რუსეთის ფედერაციის განათლების მინისტრს სერგეი კრავცოვს და რესპუბლიკის მეთაურს კაზბეკ კოკოვს მიმართეს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება. ერთ-ერთი აქტივისტის ზაურ ჟემუხოვის განცხადებით, საზოგადოება კიდევ ერთხელ ნათლად ხედავს, თუ როგორი ზერელე დამოკიდებულება არსებობს რესპუბლიკაში „ჩვენი კულტურის ყველაზე ძვირფასი და მოწყვლადი ნაწილის – მშობლიური ენის მიმართ“.
ჩრდილოეთი ოსეთი ოს კომედიანტს თავისი გამოსვლისთვის საჯაროდ მობოდიშება მოუწია სტენდაფ კომედიანტი ჩრდილოეთ ოსეთიდან არიანა ლოლაევა. ფოტო: kavkaz-uzel.eu ჩრდილოეთ ოსეთის სოციალურ ქსელებში გასულ ორ კვირაში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ოსი კომედიანტი არიანა ლოლაევა იყო, რომელსაც თავისი გამოსვლის გამო საჯაროდ მობოდიშება რამდენჯერმე მოუწია. საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება და კრიტიკა ლოლაევას იმ გამოსვლის გამო დაატყდა, სადაც მას ოსურ წარმომავლობაზე ასევე სტენდაფ კომედიანტი, რუსი საშა ნი ეხუმრებოდა. სოციალურ ქსელებში ლოლაევას მიმართ სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების ავტორები წერდნენ, რომ შოუში ოსებზე ხუმრობები ერის და მისი ეროვნული სიმბოლოების შეურაცხყოფა იყო. მობოდიშება მოუწია ასევე საშა ნისაც, რომელმაც მომხდარი ფაქტის გამო თავისი კონცერტები გააუქმა. კომედიანტის განცხადებით, მას ოსი ხალხის შეურაცხყოფა მიზნად არ ჰქონდა და თავის დანაშაულს ბოლომდე იაზრებს. რაც შეეხება თავად ოს არიანა ლოლაევას, მან თავის ინსტაგრამის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აცრემლებულმა კომედიანტმა კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში. მისი თქმით, ის არაერთხელ გამხდარა ინტერნეტში თავდასხმის მსხვერპლი, თუმცა ამჯერად ამის მიზეზებს კარგად იაზრებს. „ვუხდი ყველას ბოდიშს, ვისთვისაც ამის ყურება არასასიამოვნო იყო,“ – განაცხადა ლოლაევამ. სამოქალაქო აქტივისტების და უფლებადამცველების ნაწილმა აღნიშნა, რომ ლოლაევაზე თავდასხმა და მისი შემდგომი მობოდიშება ჩრდილოეთ კავკასიაში გავრცელებული „საჯარო ზეწოლისა და მობოდიშებების მანკიერი პრაქტიკის“ ნაწილია. სერგეი მენიაილომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბორის ჯანაევის კანდიდატურა წარადგინა ბორის ჯანაევი. ფოტო: nykhas.ru 2 ოქტომბერს ჩრდილოეთ ოსეთის ახლადარჩეულმა მეთაურმა სერგეი მენიაილომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატად პარლამენტს ჩრდილოეთ ოსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი რუსეთის პრეზიდენტის წინაშე ბორის ჯანაევი წარუდგინა. „კავკაზ რეალიის“ მიხედვით, ეს არჩევანი საზოგადოებისთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო, რადგან სხვა კანდიდატებს გამარჯვების უფრო მაღალი შანსი ჰქონდათ.
ინგუშეთი სტრასბურგის სასამართლომ ინგუშეთის მკვიდრის გატაცების საქმეზე დამნაშავედ რუსეთის სახელმწიფო ცნო ფოტო: coe.int „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ“ 2010 წელს ინგუშეთის მკვიდრის მუჰამედ ხუტიევის გატაცებაში, მის სავარაუდო სიკვდილსა და ეფექტური გამოძიების არარსებობაში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა და დაკარგულის ოჯახისთვის 60 ათასი ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. „სტრასბურგის სასამართლომ“ რუსეთის ხელისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე (სიცოცხლის უფლების დარღვევა) და მესამე (წამებისა და სასტიკი მოპყრობის დარღვევა) მუხლებში გაამტყუნა.
ჩეჩნეთი რამზან კადიროვმა კულტურის მინისტრად თავისი შვილი აიშატ კადიროვა დანიშნა ფოტო: rbc.ru რამზან კადიროვის უფროსი ქალიშვილი აიშატ კადიროვა 8 ოქტომბერს ჩეჩნეთის კულტურის მინისტრად დაინიშნა. ჩეჩნეთის მეთაურის გადაწყვეტილების შესახებ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე პარლამენტის სპიკერმა მაგომედ დაუდოვმა დაწერა. „ვულოცავ ჩემს საყვარელ ძმისშვილს აიშატ რამზანოვნა კადიროვას ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრად დანიშვნას. აიშატმა კულტურის სამინისტროს საქმიანობაში, რესპუბლიკის ბიბლიოთეკების, კულტურის სახლებისა და თეატრების განვითარებაში კოლოსალური წვლილი შეიტანა“, – აღნიშნა დაუდოვმა აიშატ კადიროვაზე, რომელიც აქამდე ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. სტამბოლში ჩეჩნეთის ექვსი მკვიდრი დააკავეს სტამბოლი. ფოტო: kavkazr.com 9 ოქტომბერს სტამბოლის პოლიციის ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილებამ და თურქეთის ეროვნულმა დაზვერვამ რუსეთის ექვსი მოქალაქე შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცავების ინფორმაციით, დაკავებულები შეიარაღებულები იყვნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მკვიდრები არიან, ერთ-ერთი მათგანი კი აღჭურვილი იყო უფლებამოსილებით, კადიროვის რეჟიმის კრიტიკოსების პრობლემა „მოეგვარებინა“. „კავკაზ რეალიის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი სამიზნე ცნობილი ჩეჩენი ბლოგერი ჰასან ხალიტოვია, რომლის ლიკვიდირებასაც დაკავებული ჯგუფი გეგმავდა. მომხდარიდან რამდენიმე დღეში რამზან კადიროვმა სტამბოლიდან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ თურქეთის რამდენიმე ქალაქი მოიარა, მაგრამ „შაიტანები“ ვერსად იპოვა. კადიროვის თურქეთში ჩასვლის რეალური მიზეზი უცნობია. ტუმსო აბდურაჰმანოვმა შვედეთში თავშესაფარი მიიღო ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურაჰმანოვი. ფოტო: kavkazr.com ცნობილმა ჩეჩენმა ოპოზიციონერმა ვიდეობლოგერმა ტუმსო აბდურაჰმანოვმა, რომელიც თავისი საქმიანობის გამო ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, შვედეთში თავშესაფარი მიიღო. ამის შესახებ ბლოგერმა „იუთუბის“ ვიდეოში თავად განაცხადა. ბლოგერმა თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებას ექვსი წლის განმავლობაში ელოდა. შვედეთში ჩასვლამდე აბდურაჰმანოვს თავშესაფერზე უარი უთხრა პოლონეთმა და გერმანიამ.
დაღესტანი დეპუტატებმა დაღესტნის მეთაურად სერგეი მელიქოვი აირჩიეს სერგეი მელიქოვი. ფოტო: rbc.ru 14 ოქტომბერს დაღესტნის პარლამენტის 82-მა დეპუტატმა 87-დან მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ მიერ წარდგენილი კანდიდატის სერგეი მელიქოვის რესპუბლიკის მეთაურად არჩევას დაუჭირა მხარი. მისმა კონკურენტებმა სამირ აბდულჰალიკოვმა და კამილ დავდიევმა, რომლებიც, ექსპერტების აზრით, სიმბოლური კანდიდატები იყვნენ, ორ-ორი ხმა მიიღეს. მოსკოველმა ტურისტებმა დაღესტანში ერთი თვე მონობაში გაატარეს ფოტო: vertical world news მოსკოველმა ტურისტებმა პიოტრ პელეხანოვმა და ოლგა ლიფანოვამ დაღესტანში 1 თვე იძულებით მონობაში გაატარეს. მომხდარის შესახებ მედიას დაზარალებულებმა თავად უამბეს. ტურისტები ავტოსტოპით ყირიმისკენ მიდიოდნენ, როდესაც ისინი მოტყუებით დაღესტანში წაიყვანეს და 50 ათას რუბლად გაყიდეს სათბურში სამუშაოდ. მათ გაქცევა მხოლოდ 1 თვის შემდეგ მოახერხეს. ტურისტებმა პოლიციის სხვადასხვა განყოფილებას დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა ამაოდ. „კავკაზსკი უზელის“ ცნობით, ჩრდილოეთ კავკასიაში მონობა საკმაოდ გახშირებული პრაქტიკა გახდა, რომლითაც განსაკუთრებით დაღესტანი გამოირჩევა. მსგავსი შემთხვევების შესახებ გამოცემა მანამდეც იუწყებოდა. |