|
||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მთავარი სიახლეების მონიტორინგის მიზანია რეგიონში არსებულ ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ტენდენციებზე დაკვირვება და მკითხველის შესაბამისი ცნობებით ინფორმირება. დაიჯესტი ეყრდნობა როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ წყაროებს, ისე სხვადასხვა ინტერნეტპორტალსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. თითოეული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ადგილობრივი სიახლეების მიღმა, დაიჯესტში ასევე ცალკე თავებადაა გამოყოფილი რეგიონის ურთიერთობა მოსკოვთან, როგორც ფედერაციულ ცენტრთან, და ჩრდ. კავკასიური რესპუბლიკების კავშირები საქართველოსთან, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.
მობილიზაცია რუსეთში და ჩრდილოეთი კავკასია
ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური პროცესები გამოიწვია. გარდა იმისა, რომ მობილიზაციის ბუნდოვანმა კრიტერიუმებმა მოსახლეობის დიდ ნაწილი გაუგებრობაში დატოვა, უამრავმა კი დაუმსახურებლად მიიღო გაწვევა, ყველაზე თვალსაჩინო შედეგი რუსეთიდან ხალხის მეზობელ ქვეყნებში მიგრაცია და რუსეთის შიგნით საპროტესტო ტალღები გახდა. ორივე მიმართულებით, როგორც მიგრაციის, ისე სახალხო დემონსტრაციების, ჩრდილოეთი კავკასია გამოირჩა, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულმა ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზარალი მიაყენა რუსეთის მასშტაბით. მობილიზებულთა ჯგუფი დაღესტანში. ფოტო: midag.ru
რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სამ რეგიონს – ჩეჩნეთს, დაღესტანს და ჩრდილოეთ ოსეთს: ჩეჩნეთს – როგორც მობილიზაციამდეც ერთ-ერთ მთავარ ცენტრს სამხედროების გადამზადებისა და უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნისა; დაღესტანს – როგორც რეგიონს, საიდანაც მობილიზაციამდეც ჩრდილოეთ კავკასიიდან ყველაზე მეტი ოფიციალურად დაღუპული ჯარისკაცი იყო, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ კი ყველაზე დიდი საპროტესტო ტალღა აგორდა, და ჩრდილოეთ ოსეთს – რომელსაც ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან მრავალკილომეტრიანი საცობების გამო არაორდინალური სოციალური ძვრების ხილვა მოუწია.
ჩეჩნეთში, სადაც ჩრდილოეთ კავკასიურ რესპუბლიკებს შორის ძალოვნების ყველაზე დიდი წნეხია, მობილიზაციის გამოცხადებას მცირე პროტესტი მოჰყვა, რომლის სათავეში, ძირითადად, ქალები იდგნენ. როგორც ადგილობრივმა და საერთაშორისო მედიამ გააშუქა, გროზნოს ქუჩებში მობილიზაციის გასაპროტესტებლად „ჩეჩენი ცოლები და დედები“ გამოვიდნენ, რაც იმ „უსასრულო დაკრძალვებს“ უკავშირდება, რაც რეგიონში უკრაინაში დაწყებულ ომს მოჰყვა. პროტესტს აქტიურად უჭერდნენ მხარს ჩეჩნური ოპოზიციური საინფორმაციო არხები, რომელთა ძირითადი ნაწილი საერთაშორისო სოციალური ქსელებსა და ვიდეოპლატფორმებზეა, მათ შორის ყველაზე აქტიური და პოპულარული ტელეგრამარხი 1ADAT-ი, რომელიც მაისში ჩეჩნეთის სასამართლომ ექსტრემისტულ მოძრაობად ცნო.
გროზნოში ჩატარებული აქცია უფრო მრავალრიცხოვანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ჩეჩენმა ძალოვნებმა აქციას ორმხრივად შეუტიეს – მათ დაშალეს საპროტესტოდ გამოსული ჩეჩენი ქალების მსვლელობა და ადგილზე დააპატიმრეს მონაწილეები, მეორე მხრივ კი, წინასწარ გადაუჭრეს გზა და არ მიუშვეს აქციაზე ის ქალები, რომლებიც სხვადასხვა ადგილიდან მიდიოდნენ დემონსტრაციისკენ. არსებული ცნობებით, აქციის ორგანიზება „Whatsapp“-ის ჯგუფების საშუალებით მოხერხდა, სადაც ჩეჩენ მომხმარებლებში გავრცელდა ჩეჩენი ქალების აუდიომიმართვები ქუჩაში გამოსულიყვნენ საკუთარი შვილების, ქმრების და ძმების დასაცავად. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ქალებს იმედი ჰქონდათ, რომ გროზნოს მთავარ მეჩეთთან შეკრება ხელისუფლების მეტ ყურადღებას დაიმსახურებდა. უცნობი ჩეჩენი ქალის მიერ დაწერილი მიმართვა, რომელიც სოციალური ქსელების ჩეჩნურ სეგმენტში ვრცელდებოდა.
მიუხედავად აქციის მცირერიცხოვნობისა და იმ გარემოებისა, რომ ამ აქციამ განვითარება ვერ პოვა, ეს მაინც პოლიტიკურად აღსანიშნავი ფაქტია, რადგან ხელისუფლების მოქმედებების გასაპროტესტებლად ჩეჩნეთში მრავალი წელია არავინ გამოსულა. 1ADAT-ის ცნობით, ძალოვნებმა დემონსტრანტებს შორის 130-მდე ქალი დააპატიმრეს. წყაროს ცნობით, ერთ-ერთი მათგანი საპატიმროში ცუდად გახდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო – ქალის ბედი უცნობია.
დემონსტრაციას გამოეხმაურა რამზან კადიროვიც, რომლის თქმით, ანტისაომარ დემონსტრაციაში მონაწილეობა სულ რაღაც 15-20 ქალმა მიიღო, რომლებსაც იგი პირდაპირ ელაპარაკა. კადიროვის სიტყვებით, 20 ქალიდან 3-ის შვილი უკრაინაში იბრძვის, აქედან ორისთვის ეს ერთადერთი შვილია. „ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ დედისერთებს არ წავიყვანთ. როგორ მოხდა, არ ვიცი, რომ ისინი გაგზავნეს“. კადიროვის რვაწუთიანი მიმართვა დემონსტრაციასთან დაკავშირებით პერსონალურ ტელეგრამარხზე.
ამის შემდეგ კადიროვის მიმართვის ძირითად ნაწილს მუქარა და დემონსტრაციის დაკნინება შეადგენდა. მან თქვა, რომ აქციაზე მდგომმა ქალებმა ევროპული ორგანიზაციებისგან „კაპიკები“ აიღეს. მან ანტისაომარ აქციებში ხალხს გამოსვლისგან თავშეკავება ურჩია და მსგავს დემონსტრაციებზე გამომსვლელები „ხალხის მტრებად“ მოიხსენია. ის ასევე დაემუქრა საპროტესტოდ განწყობილ ქალებს, რომ მათ ქმრებს უკრაინაში საომრად გაგზავნიდა.
მიუხედავად კადიროვის საკმაოდ მკაცრი გამოხმაურებისა, შემდეგ გამოსვლაში მან განაცხადა, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია ჩეჩნეთს არ შეეხება, რადგანაც რეგიონმა ომში გაწვევის გეგმა 254 პროცენტით შეასრულა. უცნობია, თუ რომელ გეგმაზე ილაპარაკა კადიროვმა, რადგან, ოფიციალურად, ამგვარი გეგმა რუსეთის ხელისუფლებას არ გაუმჟღავნებია. ასევე უცნობია, პირდაპირ უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება ქალების პროტესტს ჩეჩნეთში, თუმცა ეს თემა კადიროვს თავად არ დავიწყებია და დასძინა, რომ, შესაბამისად, „მოუწოდებს ჩეჩნეთის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი საყვარელ და პატივსაცემ დედებს, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ“.
ქალების პროტესტს ჩეჩნეთში გამოეხმაურა კადიროვის ხელისუფლების ოპოზიცია, რომელთა უმრავლესობა რეჟიმს საზღვარგარეთ აფარებს თავს. ოპოზიციონერმა აქტივისტმა და უფლებადამცველმა აბუბაქარ იანგულბაევმა, რომლის ოჯახიც კადიროვების მიერ იდევნება, ჩეჩენი ქალების პროტესტზე „დოჟდთან“ ინტერვიუში ისაუბრა. როგორც მან თქვა, პროტესტი იმის ნიშანია, რომ საზოგადოებაში „დუღილის ტემპერატურა იზრდება“ და „ხალხი ისეთი სულელი არ არის, როგორც კადიროვი“. „ხალხი ვერ ხვდება, რატომ უნდა წავიდნენ მათი შვილები ომში და კადიროვის და პუტინის იდეებისთვის იბრძოლონ, როცა ისინი თავად სახლში სხედან,“ – განაცხადა იანგულბაევმა.
აბუბაქარ იანგულბაევი „დოჟდთან“ ინტერვიუს დროს.
რუსეთში გამოცხადებულმა ნაწილობრივმა მობილიზაციამ განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ჩრდილოეთ ოსეთზე, რომელიც ზემო ლარსის გზით საქართველოში მობილიზაციისგან თავის დაღწევის მსურველთათვის ერთ-ერთი მთავარი ადგილი გახდა. მობილიზაციისგან თავის დაღწევის მიზნით ზემო ლარსის გამშვებ პუნქტისკენ დაიძრა ათასობით ადამიანი რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან, რამაც შექმნა მრავალკილომეტრიანი საცობი.
საცობი ზემო ლარსზე 29 სექტემბერს. ფოტო: TASS შექმნილმა მდგომარეობამ და უსასრულო საცობებმა ადგილზე საკვების, წყლის, საწვავისა და პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტი წარმოქმნა, რამაც მდგომარეობა ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიიყვანა. ადგილზე მუშაობდნენ მოხალისეები, რომლებიც როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მხრიდან საცობში მდგარ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ბავშვებიან ოჯახებს, აუცილებელი პროდუქტებით ამარაგებდნენ. მრავალმა ადამიანმა საკუთარი მანქანები ადგილზე დატოვა და სასაზღვრო პუნქტისკენ გზას ფეხით, ველოსიპედით ან სხვა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებით გაუყვა.
ხალხი ფეხით გადადის ლარსის საზღვარს. ფოტო: TASS
როგორც სხვადასხვა ტელეგრამარხები იუწყებოდა, საცობში გაჩნდა ე.წ. შავი ბაზარიც, რომელიც განსაკუთრებით ფინანსურად მომგებიანი ადგილობრივი ოსი მაცხოვრებლებისთვის გამოდგა. სხვადასხვა თვითმხილველის ისტორიის მიხედვით, რომლებიც აქტიურად პოსტავდნენ ზემო ლარსის საცობთან დაკავშირებით შექმნილ არაერთ მრავალათასიან ტელეგრამარხებში (მათ შორის ყველაზე პოპულარული Верхний Ларс Чат – ამ მომენტისთვის 120 ათასამდე წევრით), შავ ბაზარზე შესაძლებელი იყო ყველანაირი პროდუქტის გადაცვლა, გაყიდვა, სატრანსპორტო მომსახურება – მათ შორის მრავლად ფიქსირდებოდა მანქანების ველოსიპედზე გადაცვლის, ძვირფასი ნივთების საჭმელსა და წყალში გაცვლის, ანომალიური ფასებისა და არაჰუმანური ქმედებების მრავალჯერადი ფაქტები.
თვითმხილველის პოსტი ინსტაგრამიდან – „ყიდიდნენ Mercedes ML-ს 500 ათას რუბლად (დაახლოებით 7 ათასი დოლარი), ცვლიდნენ მანქანებს სკუტერებში“.
თვითმხილველების მიერ ტელეგრამჩატებში მოთხრობილი ისტორიების მიხედვით, ბევრ მათგანს საცობში და რიგებში დგომა კვირაზე მეტხანს მოუწია. საჭირო პროდუქტების გარდა, პრობლემა იყო სამედიცინო მომსახურება, რომლის მიღებაც საცობში დგომის პირობებში ხშირად შეუძლებელი იყო. ხშირი იყო სხვადასხვა კანონდარღვევის, მათ შორის ქურდობისა და გამოძალვის შემთხვევებიც. გართულებული იყო კომუნიკაცია გარე სამყაროსთან, ხშირად წყდებოდა სატელეფონო კავშირი და მობილური ინტერნეტი. ხშირი იყო ასევე ოჯახის წევრების მიერ ერთმანეთის დაკარგვის შემთხვევები, კონფლიქტები საცობში მდგარ ადამიანებს შორის, სიტყვიერი აგრესია და ხელჩართული ჩხუბი.
პოსტი ინსტაგრამიდან: „ორი სიტყვით: სამი დღე და ღამეა არ გვიჭამია, არ დაგვილევია და არ გვიძინია. საზღვრის გადასაკვეთად დავხარჯეთ მთელი ფული. დღეები ვიყავით გარეთ, ყინვაში. ხალხი ყვირის, ჩხუბობს. ვსვამდით ბინძურ წყალს, რომელსაც სატვირთო მანქანების მძღოლებს ვემათხოვრებოდით. ოსები ზურგიდან გვიყვირიან, რომ მხდალები და დედაკაცები ვართ. გვძარცვავენ. გვემუქრებიან. გვაშანტაჟებენ. ამ სამმა დღემ ჩემი ცხოვრება შეცვალა“.
ნაწილობრივი მობილიზაციის წესების მიხედვით, რუსეთის ფედერაცია ფორმალურად არ კრძალავს ქვეყნის დატოვებას, თუმცა რუსეთიდან სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მიგრაციას კრემლმა სხვა მეთოდები დაუპირისპირა. ლარსის კრიზისის დროს საზღვართან სამხედრო გაწვევის ოფიცრები გამოჩნდნენ, რომლებიც ხალხს ადგილზე ურიგებდნენ ომში გაწვევის უწყისებს. საქართველოსკენ მიგრაციული ნაკადის შესაჩერებლად ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ლიდერმა სერგეი მენიაილომ დადგენილება გამოსცა, რომლის მიხედვით რეგიონში სხვა რესპუბლიკის ნომრებით მანქანებს შესვლა აეკრძალათ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ამ მომენტისთვის ლარსზე რიგი საგრძნობლად შემცირებულია – პიკურმა პერიოდმა გადაიარა, თუმცა სირთულეების მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილზე რჩება.
ლარსის გავლით მრავალათასიან მიგრანტთა ნაკადთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობაში გაზრდილ უკმაყოფილებას რამდენჯერმე გამოეხმაურა სახელმწიფოს ოფიციალური უწყებები, რომელთა თქმით, „ვითარება კონტროლს ექვემდებარება“ და საზღვარზე შემოშვებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები მიღებულია. ხელისუფლებამ უარი თქვა დამატებითი შეზღუდვების, მათ შორის საზღვრის დაკეტვისა ან სავიზო რეჟიმის, შემოღებაზე. ჩრდილოეთკავკასიურ მედიაში მობილიზაციამდეც არაერთხელ დაიწერა, რომ საქართველო საზღვარზე, ძირითადად, ჩრდილოეთკავკასიელებს არ უშვებს. ამას უარყოფენ თბილისში და აცხადებენ, რომ ჩრდილოეთკავკასიელებზე რაიმე სახის სპეციალური შეზღუდვა არ არსებობს.
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური პროცესები გამოიწვია დაღესტანში, სადაც რუსეთის სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. მობილიზაციამდეც ჩრდილოეთ კავკასიიდან ყველაზე მეტი ოფიციალურად დაღუპული ჯარისკაციც სწორედ დაღესტნიდან იყო, რაც იმთავითვე ხელს უწყობდა რეგიონში საპროტესტო მუხტის გაღვივებას. მობილიზაციის გამოცხადებამ დაღესტანში განცდა გააჩინა, რომ ეს გადაწყვეტილება დაღესტანზე კიდევ უფრო მძიმედ აისახებოდა. ამის მაჩვენებელია ისიც, რომ ლარსის გავლით საქართველოში თავის შეფარების მსურველებს შორის ყველაზე მეტი სწორედ დაღესტნელები, ჩეჩნები და ინგუშები იყვნენ.
დემონსტრანტები დაღესტანში. ფოტო: mediazona დემონსტრაციების ძირითადი გზავნილები იყო: „დაღესტნელებს პირველს უშვებენ ომში“, „ეს ჩვენი ომი არ არის“ და „რისთვის ვიბრძვით უკრაინაში?“ დაღესტნის მაცხოვრებლები ასევე აპროტესტებდნენ რუსეთის ორმაგ სტანდარტებს ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ, როდესაც ეკონომიკური და სოციალური სიკეთეებით სარგებლობაში ისინი ცენტრალურ რეგიონებს ჩამორჩებიან, მაგრამ „როდესაც საქმე ომზე მიდგება, პირველს მათ უშვებენ“.
მობილიზაციით უკმაყოფილების პირველი ტალღა სოფელ ბაბაიურტში დაიწყო, სადაც გაწვევის პუნქტის თანამშრომელი ქალი გასაწვევად მისულ კაცებს და მათ ახლობლებს დაუპირისპირდა. დაპირისპირების ვიდეო, სადაც ქალმა დაღესტნელები „სამშობლოსთვის ბრძოლისგან“ თავის არიდებაში დაადანაშაულა, მალე გავრცელდა სოციალურ ქსელებში. დემონსტრაციების ძირითადი ნაწილი შემდეგ უკვე მაჰაჩყალასა და ხასავიურტში გაგრძელდა, რამაც დაპატიმრებებისა და სამართალდამცავების ძალადობის მრავალი შემთხვევა გამოიწვია.
ფრაგმენტი ვიდეოდან, სადაც სამხედრო გაწვევის სამსახურის თანამშრომელი ქალი დემონსტრაციის მონაწილეებს უპირისპირდება. ის დაღესტნელ კაცებს ახსენებს, რომ მათი ბაბუებიც იბრძოდნენ, რაზეც პასუხს იღებს, რომ „ის ომი იყო, ახლა კი ეს პოლიტიკაა“. დემონსტრაციების შესახებ განცხადება გააკეთა დაღესტნის რესპუბლიკის ლიდერმა სერგეი მელიქოვმა და თქვა, რომ „არეულობას დაღესტანში უკრაინის სპეცსამსახურები თესავს“. მან მოუწოდა მოსახლეობას, რომ არ აჰყოლოდნენ უკრაინულ პროვოკაციას და იმ ადამიანების მოწოდებებს, რომლებიც „ჩვენს ბიჭებს ხოცავენ ომში“.
მიუხედავად მნიშვნელოვანი საპროტესტო ტალღისა, რომელსაც აქტიურად უჭერდნენ მხარს დევნილობაში მყოფი ანტირუსულად განწყობილი ჩრდილოეთკავკასიელი აქტივისტები და პოლიტიკოსები, დაღესტნის ხელისუფლებამ დემონსტრაციების ჩახშობა ძალადობრივი მეთოდებით, თუმცა ამ ეტაპზე მაინც მოახერხა. პროტესტს ღიად დაუჭირა მხარი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც, რომელმაც ჩრდილოკავკასიელებისადმი სპეციალური მიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ „ხალხმა, განსაკუთრებით კი დაღესტანში, საკუთარი სიცოცხლისთვის ბრძოლა დაიწყო.“
მობილიზებული დაღესტნელები. ფოტო: TASS დაღესტანში აგორებულ საპროტესტო ტალღაში განსაკუთრებული როლი ითამაშა სოციალურმა ქსელებმა, რომელთა შორის ტელეგრამარხი Утро Дагестан გამოირჩა. მობილიზაციის და, შესაბამისად, დემონსტრაციების დაწყებამდე ტელეგრამარხს დაახლოებით 5 ათასამდე მიმდევარი ჰყავდა და ეს რიცხვი დაახლოებით 2-3 დღეში 125 ათასამდე გაიზარდა. სწორედ Утро Дагестан-ზე გაისმოდა მოწოდებები მოსკოვის, მობილიზაციის, უკრაინაში ომისა და უშუალოდ პუტინის წინააღმდეგ, არხის ანონიმი ადმინისტრატორი კი ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდა. დემონსტრაციების ჩაცხრობის შემდეგ ტელეგრამარხის მიმდევრების რაოდენობამაც იკლო.
მცირედი საპროტესტო გამოსვლები იყო ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკში. ადგილობრივი და საერთაშორისო პოლიტოლოგები თვლიან, რომ მობილიზაციის მასშტაბების ზრდასთან ერთად საპროტესტო ტალღის ახლიდან აგორებაა მოსალოდნელი და ჩრდილოეთ კავკასიაში კრემლისთვის სახიფათო პროცესები ჯერ არ დასრულებულა. |