Title | Languages | Field | Year |
---|---|---|---|
ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი (უკრაინის ომი – სპეციალური გამოცემა: 13-4, 10-27 აპრილი)
|
Georgian | International relations | 2022 |
ჩრდილოეთ კავკასიის როლი უკრაინის ომში – პროპაგანდისტული გზავნილების დინამიკა (სპეციალური გამოცემის მეოთხე ნაწილი) „ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით მაუწყებელი დროებით იცვლის ფორმატს და სპეციალურ რეჟიმზე გადადის. ახალი გამოცემები დაეთმობა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისა და ჩრდილოეთკავკასიელი მებრძოლების როლს უკრაინის ომში.
პროპაგანდისტული გზავნილების ზოგადი მიმოხილვა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან ჩრდილოეთკავკასიური სამთავრობო წყაროები, მათ შორის – სატელევიზიო, ინტერნეტმედია და სოციალური ქსელები, მთლიანად რუსული პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ოფიციალური ჩრდილოკავკასიური წყაროები, ერთი მხრივ, იმეორებენ იმ ნარატივს, რაც ზოგადად რუსულ ფედერაციულ მედიაში გვხვდება, მეორე მხრივ კი, ამძაფრებენ მოვლენებს თავიანთი საომარი რიტორიკით და განსაკუთრებულად ხაზს უსვამენ ჩრდილოკავკასიელი მეომრების „მნიშვნელოვან როლს“ ამ ომში. მთავარი გზავნილები, ძირითადად, ცენტრალიზებულია და სხვადასხვა წყაროში მცირედი ინტერპრეტაციებით მეორდება. ჩრდილოკავკასიური მედია, განსაკუთრებით კი, ჩეჩნური და უშუალოდ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის ოფიციალური არხები სოციალურ ქსელებში პროპაგანდისტული გზავნილების სამ მნიშვნელოვან ხაზს მიუყვება. პირველი, ეს არის გამეორება იმ ძირითადი გზავნილების, რასაც ცენტრალური ხელისუფლება, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი წყაროები და ფედერაციული მედია აჟღერებს. ამ გზავნილებში კარგად ჩანს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონალური მედია არ არის თავისუფალი ფედერაციული მედიის ავტორიტეტისგან. უკრაინის ომთან დაკავშირებით მედიის დამატებითმა შეზღუდვებმა ამ თვალსაზრისით რეგიონებში ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტად შეამცირა. მეორე, ჩრდილოკავკასიური სახელისუფლებო მედია ცდილობს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით უფრო რადიკალური ნარატივი შემოიტანოს. ხშირია მოწოდებები ცენტრალური ხელისუფლების მიმართ, რომ მათ უფრო გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგან (ამისკენ თავად რამზან კადიროვმაც არაერთხელ მოუწოდა კრემლს), რაც ასევე ხელს უწყობს იმ მცდარი პროპაგანდისტული მოსაზრების გავრცელებას, რომ რუსეთი ჰუმანიტარული მიზეზების გამო, სინამდვილეში, სრულ ძალას არ იყენებს და რუსულ არმიას, სრული სვლით ბრძოლის შემთხვევაში, მთლიანი უკრაინის აღება მარტივად და სწრაფად შეუძლია. მესამე ცენტრალური ხაზი, რომელსაც ჩრდილოკავკასიური მედია ავითარებს, ჩრდილოკავკასიელი მეომრების როლის იმაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვნად წარმოჩენაა, ვიდრე ეს სინამდვილეშია. ჩრდილოკავკასიური მედია ცდილობს უკრაინაში მებრძოლი ჩრდილოკავკასიელების ჰეროიზაციას და ამასთან, მალავს ან ამცირებს იმ დანაკარგებს, რაც ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებს აქვთ ამ ომში. ეს ხაზი ადგილობრივი მმართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ, ერთი მხრივ, უწევთ გამართლება იმ მითოლოგიური ნარატივისა, რომელიც ჩრდილოკავკასიელი მეომრების შესახებ შექმნეს, მეორე მხრივ კი, მიზანმიმართულად დამალვა დანაკარგებისა, რომ ამან დაღუპულთა ოჯახებისა და ზოგადად, მოსახლეობის პროტესტი არ გამოიწვიოს.
რა არ შეცვლილა პროპაგანდისტულ გზავნილებში? ომის დასაწყისში რუსული მედიის მიერ შემუშავებული პროპაგანდისტული გზავნილების ნაწილი, ომის წარუმატებლად მიმდინარეობის მიუხედავად, დღემდე არ შეცვლილა. ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩრდილოკავკასიური სახელისუფლებო მედიაა. გზავნილები, რომლებიც უცვლელი რჩება, ძირითადად, შეფასებითი კატეგორიისაა და უკრაინული მხარის დისკრედიტაციასა და ომის პოლიტიკურ-მორალური თვალსაზრისით გამართლებას ისახავს მიზნად. ძირითადი გზავნილები, რომლებიც არ შეცვლილა (გაანალიზებულია ძირითადი სამთავრობო და პროსამთავრობო ონლაინარხები სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის, მაგალითისთვის: groznytv, sputnik-ossetia, riadagestan, etokavkaz და სხვა. ასევე მმართველი პირების, პოლიტიკოსებისა და აქტივისტების ოფიციალური არხები სოციალურ ქსელებში):
რა შეიცვალა პროპაგანდისტულ გზავნილებში? ჩრდილოეთ კავკასიის სახელისუფლებო მედიაში გავრცელებული პროპაგანდისტული გზავნილების მნიშვნელოვანი ნაწილი ომის მიმდინარეობისას არ შეცვლილა, თუმცა შეიცვალა მათი გამოყენების სიხშირე, გზავნილების სიმძაფრე და ძირითადი მესიჯების ფოკუსი. მაგალითისთვის, თუ ომის დაწყებამდე, დასაწყისში და პირველი ორი კვირა პროპაგანდისტული გზავნილები მთელი უკრაინის დაპყრობის, უკრაინული ხელისუფლების შეცვლის, კიევის აღებისა და სხვა მსგავსი ტიპის დიდ მიზნებზე იყო მომართული, ომის მიმდინარეობასთან ერთად ეს მასშტაბები შემცირდა და საბოლოოდ, მარიუპოლამდე დავიდა. განახლებული გზავნილები:
|