|
||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
„ჩრდილოეთ კავკასიის მაუწყებელი“ არის ორკვირეული დაიჯესტი, რომელიც რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოვლენებს აღწერს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მთავარი სიახლეების მონიტორინგის მიზანია რეგიონში არსებულ ძირითად პოლიტიკურ და სოციალურ ტენდენციებზე დაკვირვება და მკითხველის შესაბამისი ცნობებით ინფორმირება. დაიჯესტი ეყრდნობა როგორც ადგილობრივ და რეგიონალურ წყაროებს, ისე სხვადასხვა ინტერნეტპორტალსა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. თითოეული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ადგილობრივი სიახლეების მიღმა, დაიჯესტში ასევე ცალკე თავებადაა გამოყოფილი რეგიონის ურთიერთობა მოსკოვთან, როგორც ფედერაციულ ცენტრთან, და ჩრდ. კავკასიური რესპუბლიკების კავშირები საქართველოსთან, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან.
ჩრდილოეთი კავკასია და ცენტრი რუსეთის სამხრეთით, ჩრდილოეთ კავკასიის ჩათვლით, მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო
1 დეკემბერს რუსეთის სამხრეთის პოლიგონებზე, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში, „სამხრეთის სამხედრო ოლქის“ 10 ათასზე მეტი სამხედროს მონაწილეობით მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნები ინგუშეთში მდებარე „ნესტეროვსკის“ სამხედრო პოლიგონზე დაიწყო, სწავლების დასკვნითი მოდულები კი თეორიული სწავლების ბაზებზე გაიმართება.
„სტრასბურგის სასამართლომ“ რუსეთს წამების მსხვერპლთათვის 572 ათასი ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა ფოტო: kavkazr.com 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ“ რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიასა და მოსკოვში სამართალდამცავთა მხრიდან წამების მსხვერპლთათვის საერთო ოდენობით 572 ათასი ევროს (თითო მომჩივანი დაზარალებულისთვის – 52 ათასი ევრო) გადახდა დააკისრა. პირები, რომელთაც წამების ფაქტებზე „სტრასბურგის სასამართლოში“ საჩივრები შეიტანეს, არიან მოსკოვიდან, ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან და ინგუშეთიდან. ისინი სამართალდამცავთა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი 2009-2017 წლებში იყვნენ.
ჩრდილოეთი კავკასია და საქართველო ჩერქეზმა აქტივისტებმა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდეს
„ჩერქეზეთის ეროვნული მოძრაობის“ აქტივისტებმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართეს და მას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის შეწყალება სთხოვეს. აქტივისტების თქმით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველომ ჩერქეზთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა და მათ საერთაშორისო არენაზე თავდაცვის საშუალება მისცა. „ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვითხოვთ საქართველოს ეროვნული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას […] ჩვენ გთხოვთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის იმ მოქმედებების გადახედვას, რომლებიც, თუ ბოლომდე არ გამოისყიდის ქართული სასამართლოს მიერ განსჯილი სააკაშვილის ქმედებებს, ის ადამიანების იმ კატეგორიაში მაინც გადაჰყავს, რომლებიც პატიებას და ციხიდან განთავისუფლებას იმსახურებენ,“ – წერია განცხადებაში.
კვლევის თანახმად, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში საქართველოსადმი უფრო დადებითი განწყობაა, ვიდრე, საშუალოდ, რუსეთში
ფრიდრიხ ებერტის ფონდის, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და შედარებითი სოციალური კვლევის ინსტიტუტის ერთობლივი კვლევის მიხედვით, საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ დადებითი დამოკიდებულებები ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებში რუსეთის ზოგად მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია. ყველაზე დადებითი დამოკიდებულება ქართველების მიმართ ჩეჩნეთსა და ინგუშეთში აქვთ – რესპონდენტთა 60%-ზე მეტი საქართველოს მოსახლეობის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას გამოხატავს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა გამოთქვა დადებითი დამოკიდებულება ქართველებისადმი ასევე დაღესტანში, ყაბარდო-ბალყარეთსა და ჩრდილოეთ ოსეთში. საგრძნობი ასაკობრივი სხვაობაა საქართველოს მიმართ დადებითი დამოკიდებულების მქონე რესპონდენტებში ყაბარდო-ბალყარეთსა და ჩრდილოეთ ოსეთში – ამ რესპუბლიკებში ახალგაზრდებს უფრო დადებითი დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ, ვიდრე შედარებით ასაკოვან ხალხს. ეს მაჩვენებელი საპირისპიროა დაღესტანსა და ჩეჩნეთში. ქართულ-რუსული ურთიერთობები უფრო დადებითად შეაფასეს რესპონდენტებმა ხუთი სხვადასხვა ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკიდან, ვიდრე რუსეთის სხვა რეგიონებიდან. ერთადერთი გამონაკლისი იყო ჩრდილოეთი ოსეთი, რომლის მაჩვენებელიც ახლოს იყო არაკავკასიური რეგიონების მაჩვენებლებთან. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებთან დაკავშირებით დაბალი ცოდნა გამოავლინა ფოკუსჯგუფების მონაწილეების უმეტესობამ. კვლევა საქართველოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულების შესახებ და რუსეთში – საქართველოს მიმართ სრულად იხილეთ ბმულზე.
ოკუპირებულ ცხინვალში სამუშაო ვიზიტით ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტის დელეგაცია ჩავიდა ფოტო: cominf.org 6 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია, რექტორ დმიტრი ბესპალოვის ხელმძღვანელობით. დელეგაციას სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვადიმ ტედეევმა უმასპინძლა. ოსური მედიის ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე „თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები“ და უნივერსიტეტების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები განიხილეს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ თურქეთში ოსური თემის წარმომადგენლებს შეხვდა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ დიმიტრი მედოევი 4 დეკემბერს თურქეთში ოსური თემის წარმომადგენლობის „ალანის“ ხელმძღვანელს სადრეტინ კუსატის და თემის სხვა წევრებს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში 2021 წელს ჩატარებული საერთო ღონისძიებების შედეგები შეაფასეს და 2022 წლისთვის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს – იუწყება ოსური მედია. თურქეთში ოსური უმცირესობა „კავკასიის ომის“ პერიოდიდან სახლობს და ისინი, ძირითადად, ჩრდილოეთ ოსეთიდან დევნილი გამუსლიმებული ოსები არიან. ადიღეს რესპუბლიკა ადიღეს პარლამენტმა QR კოდების სისტემა დაამტკიცა
კოვიდრეგულაციების ფარგლებში ადიღეს პარლამენტმა ხმების უმრავლესობით მიიღო კანონი საზოგადოებრივი თავშეყრის და გასართობი დაწესებულებებით სარგებლობისთვის ვაქცინაციის დამადასტურებელი QR კოდის სისტემის ამუშავების შესახებ. რესპუბლიკის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ კანონს კენჭი 6 დეკემბერს უყარა და მის სასარგებლოდ ხმა 35-მა დეპუტატმა მისცა. აღნიშნული რეგულაცია ადიღეში 25 ოქტომბრიდანაა შემოღებული, თუმცა მას ამ დრომდე კანონიერი ძალა არ გააჩნდა.
7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დონის როსტოვის სამხედრო სასამართლომ მაიკოპის მაცხოვრებელ სალამშოხ კომილოვს ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრში ტერაქტის მომზადებისთვის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების ცნობით, 2021 წლის თებერვალში 22 წლის კომილოვმა მაიკოპის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ტერაქტის განხორციელება გადაწყვიტა და ამისთვის ინტერნეტში ასაფეთქებელი მოწყობილობის კუსტარულ პირობებში დამზადების ინსტრუქცია მოიძია. საბოლოოდ, კომილოვმა ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება მოახერხა, თუმცა განზრახულის შესრულებამდე სამართალდამცავმა ორგანოებმა დააპატიმრეს.
ყარაჩაი-ჩერქეზეთი ყარაჩაი-ჩერქეზეთში QR კოდების სისტემა შემოვიდა ფოტო: audacy.com კოვიდრეგულაციების ფარგლებში 2 დეკემბერს ყარაჩაი-ჩერქეზეთის პარლამენტმა QR კოდების სისტემის შემოღებას 36 ხმით 7-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. რეგულაციის თანახმად, ვაქცინაციის დამადასტურებელი QR კოდის წარდგენის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესვლა და გასართობი დაწესებულებებით სარგებლობა შეუძლებელი იქნება.
„არაშუკოვების საქმე“ გრძელდება – სასამართლომ ყარაჩაი-ჩერქეზეთის მრეწველობის მინისტრი დააპატიმრა ყარაჩაი-ჩერქეზეთის მრეწველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ხიზირ ბორანუკოვი. ფოტო: newstracker.ru ყარაჩაი-ჩერქეზეთის მრეწველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ხიზირ ბორანუკოვი დააპატიმრეს. ბორანუკოვის დაპატიმრების მიზეზი ქალაქ ჩერკესკის დატოვება გახდა, რისი უფლებაც მას სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰქონდა შეზღუდული. ბორანუკოვი რესპუბლიკაში გახმაურებული „არაშუკოვების საქმის“ 20-დან ერთ-ერთი ფიგურანტია. ყოფილი სენატორი რაუფ არაშუკოვი და მამამისი რაულ არაშუკოვი „გაზპრომისთვის“ დაახლოებით 30 მილიარდი რუბლის (407 მილიონი დოლარი) ღირებულების გაზის მოსაპარად დანაშაულებრივი დაჯგუფების ჩამოყალიბებისთვისა და შეკვეთილი მკვლელობებისთვის წინასწარ პატიმრობაში არიან. არაშუკოვები ბრალს არ აღიარებენ.
ყაბარდო-ბალყარეთი კორუფციის გაშუქების გამო ქალაქ ბაქსანში ბლოგერი შიდა პატიმრობაში გაგზავნეს
9 დეკემბერს ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ქალაქ ბაქსანში მცხოვრებ ბლოგერს ინსა ლანდერს სახლში სამართალდამცავები მივიდნენ და ფსბ-ის სამმართველოში დაკითხვაზე გადაიყვანეს. პირველადი ინფორმაციით, მას გამოძიება ბრალს ტერაქტის მომზადებაში ან ტერაქტით მუქარაში სდებდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლანდერი პოლიციამ შიდა პატიმრობაში დატოვა. ბლოგერმა მოასწრო ნაცნობებისთვის საკუთარი დაპატიმრებისა და პოლიციიდან მომდინარე მუქარის შეტყობინება – ლანდერის თქმით, მას გაათავისუფლებდნენ, თუ ჩვენებას საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცემდა. ლანდერი საქველმოქმედო ფონდის რესურსების ბოროტად გამოყენების ფაქტს იძიებდა. ამ საქველმოქმედო ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი რესპუბლიკის მოქმედი მაღალჩინოსანია.
ჩრდილოეთი ოსეთი YouTube-მა ვლადიკავკაზის დაარსებაზე ფილმი საავტორო უფლებების დარღვევის გამო დაბლოკა
„იუთუბის“ ვიდეოპლატფორმაზე ატვირთული ფილმი „ვლადიკავკაზი – დაარსების ისტორია“ საავტორო უფლებების დარღვევის გამო წაიშალა. ფილმის ავტორის განცხადებით, საჩივრები ფილმთან დაკავშირებით, ძირითადად, ოსი მომხმარებლებისგან მოდიოდა, რომელთაც ფილმის შინაარსი არ მოეწონათ. ფილმში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა, თუ ვის ეკუთვნოდა ტერიტორია, სადაც ვლადიკავკაზი დაარსდა – ოსებს თუ ინგუშებს. „მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ფილმი თავიდან ბოლომდე ნეიტრალური ყოფილიყო. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ერთი მხარე ნაწყენი დარჩა, მეორე კი – გახარებული. თუმცა, ეს მხოლოდ წარმოდგენილი ფაქტების და არა არსებული საკითხის მიმართ ჩემი პირადი პოზიციის შედეგია “, – განაცხადა „იუთუბ“ არხ DAIV-ისა და ფილმის ავტორმა. ვის ეკუთვნოდა მიწები, სადაც 1784 წელს გრაფმა პოტიომკინმა ქალაქი ვლადიკავკაზი დააარსა, დღემდე განხილვის თემაა და ამაზე ვერც ისტორიკოსები თანხმდებიან. 15 დეკემბრის მონაცემებით, ფილმი „იუთუბზე“ თავიდან არის ატვირთული და 130 ათასამდე ნახვა და 11 ათასი კომენტარი აქვს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს ოსებისა და ინგუშებისთვის საკმაოდ სათუთ საკითხად რჩება.
ინგუშეთი ინგუშეთის მკვიდრს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირისთვის ექვსი წლით პატიმრობა მიესაჯა ფოტო: osnova.news 6 დეკემბერს დონის როსტოვის სამხედრო სასამართლომ ინგუშეთის მკვიდრს – ბექა ხაშტიროვს ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ წევრად გახდომის მცდელობისთვისა და ტერორიზმის გამართლებისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხაშტიროვმა, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 2020 წლის დასაწყისში ვიდეო ჩაწერა, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელს ერთგულება შეჰფიცა. ამასთან, ხაშტიროვი სახლში ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობას ინახავდა და ტერორიზმს საჯაროდ ამართლებდა.
Amnesty International–მა ხელისუფლებას ინგუში აქტივისტების დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდა ფოტო: eurasia.amnesty.org Amnesty International-ის განცხადებით, მაგასის მშვიდობიან პროტესტში მონაწილე რვა ინგუშის საქმე, რომელთაც ბრალი ექსტრემიზმში ედებათ, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებსა და რუსეთის კონსტიტუციას. მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ რუსეთს აქტივისტების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ინგუში აქტივისტების საქმე ბოლო წლებში რესპუბლიკაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულია. 2019 წლის 26 მარტს ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში მასშტაბური სანქცირებული გამოსვლები გაიმართა, რომლებიც ჩეჩნეთთან საზღვრის შეთანხმებას აპროტესტებდა. აქციის მონაწილეები ღამითაც ქუჩებში დარჩნენ და სამართალდამცავებმა ისინი ძალის გამოყენებით დაშალეს. აპრილის დასაწყისში ინგუშეთში პროტესტის მონაწილე აქტივისტების მასობრივი დაპატიმრება დაიწყო. 2021 წლის 27 სექტემბრის მონაცემებით, სასამართლომ 40 ადამიანს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
ინგუშმა და ჩეჩენმა პოლიტიკოსებმა მდინარე ფორტანგას ჩვეულ კალაპოტში დაბრუნება დაადასტურეს ფოტო: Andrey Borodulin (Twitter: @_Borodulin) ინგუშეთისა და ჩეჩნეთის საზღვრის გამყოფ მდინარე ფორტანგაზე მიმდინარე სამუშაოები, რამაც ინგუშებსა და ჩეჩნებს შორის ისტორიული ტერიტორიული დავის გაღვივება გამოიწვია, დასრულებულია. მდინარე კი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა. ეს ინფორმაცია ორივე მხარის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს. როგორც ჩვენი მაუწყებელი წინა გამოცემებში წერდა, ტერიტორიული დავა ჩეჩნებსა და ინგუშებს შორის კვლავ მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჩეჩნურმა მხარემ საზღვრის გამყოფ მდინარე ფორტანგაზე სამშენებლო სამუშაოები წამოიწყო და მდინარის კალაპოტი თავის სასარგებლოდ შეცვალა.
მსუბუქი სასჯელი ე.წ. „ღირსების მკვლელობისთვის“ ინგუშეთში უფლებადამცველებმა გააკრიტიკეს
ინგუშეთის მკვიდრს თავისი დის მკვლელობისთვის ორი წლით პირობითი პატიმრობა მიესაჯა, რამაც რეგიონში უფლებადამცველების კრიტიკა გამოიწვია. უფლებადამცველების აზრით, დანაშაული ე.წ. „ღირსების მკვლელობა“ იყო, რომელიც ძმამ შეგნებულად ჩაიდინა და მისი კვალიფიკაცია აფექტურ მდგომარეობაში ჩადენილ მკვლელობად შეცდომაა. მკვლელობა 2020 წელს მოხდა, მას შემდეგ, რაც ინგუში ქალი სამართალდამცავების მიერ გადაღებულ ოპერატიულ ვიდეოში მოხვდა. წყაროების ცნობით, ბოროტმოქმედები გათხოვილ ქალებს აცდუნებდნენ, შემდეგ ფარულად უღებდნენ ეროტიკულ ვიდეოებს და კადრების გასაჯაროების მუქარით ფულს სძალავდნენ. სწორედ გამომძალველების დაპატიმრების (რომელთაგან ერთ-ერთი დაკავების ოპერაციის დროს მეხუთე სართულიდან გადახტა და დაიღუპა) დროს გადაღებულ ოპერატიულ კადრებში მოხვდა მაგასის მაცხოვრებელი ქალიც, რომელიც მეორე დღეს „ოჯახისთვის ნამუსის მოსაწმენდად“ საკუთარმა ძმამ მოკლა.
ჩეჩნეთი ევროკავშირმა ორ ჩეჩენ ძალოვანს სანქციები გაუხანგრძლივა
ევროკავშირმა კიდევ ერთი წლით დატოვა ძალაში სანქციები მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო ჩეჩნეთში ძალოვანი უწყებების კურატორის აბუზაიდ ვისმურადოვის და ჩეჩნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის არგუნ აიუბა კატაევის წინააღმდეგ. სანქციები აღნიშნულ ჩეჩენ ძალოვნებს ევროკავშირმა პირველად 22 მარტს დაუწესა. შეზღუდვების მიხედვით, მათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ, ასევე, დაფიქსირების შემთხვევაში, გაიყინება მათი ნებისმიერი ფინანსური ანგარიში ევროკავშირის ბანკებში.
Gulagu.net-მა რუსეთში ცემით მოკლული ჩეჩენი პატიმრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია ფოტო: healio.com პატიმრების უფლებების დამცველი პლატფორმა Gulagu.net-ის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ოსეჩკინმა რუსეთის პრიმორიეს მხარეში მდებარე კოლონიაში ცემით მოკლული ჩეჩენი პატიმრის ჰუსეინ ადანახოვის შესახებ ცნობა გაავრცელა. უფლებადამცველობითი პროექტის ინფორმაციით, კოლონიაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში ძალოვნებმა 150 პატიმარს სცემეს, მათგან 16 დაზიანდა, 1 კი გარდაიცვალა. ოსეჩკინის თქმით, კოლონიაში სპეცოპერაციის ჩასატარებლად სხვადასხვა უწყების სპეცრაზმი „კამაზის“ ტიპის 16 სატვირთო მანქანით მოიყვანეს. უფლებადამცველის ცნობით, კოლონიაში სპეცოპერაციამდე არანაირი პროტესტი არ ყოფილა და ძალოვნების მოყვანას წინ პროვოკაცია უძღოდა. Gulagu.net-ის ცნობებით, პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა რუსეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.
გუდერმესის ხუთ მკვიდრს უკანონო საბრძოლო დაჯგუფებაში გაწევრიანების მცდელობისთვის პატიმრობა მიესაჯა ფოტო: osnova.news დონის როსტოვის სამხედრო სასამართლოს 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ჩეჩნეთის ხუთ მკვიდრს უკანონო საბრძოლო დაჯგუფებაში გაწევრიანების მცდელობისთვის 4-დან 7 წლამდე პატიმრობა მიესაჯა. მათგან ერთ-ერთს პატიმრობა ტერორისტულ საქმიანობაში თანამზრახველობისთვის შეეფარდა. ხუთივე მსჯავრდადებული ჩეჩნეთის ქალაქ გუდერმესის მკვიდრია და არცერთის ასაკი 25 წელს არ აღემატება. საქმე სასამართლოში 3 ივნისს შევიდა და საბოლოო ვერდიქტის გამოტანას შვიდი სხდომა დასჭირდა.
ევროკავშირის დაზვერვამ ჩეჩენ ბლოგერებზე შეტევა პუტინს დაუკავშირა
ევროკავშირის სადაზვერვო ცენტრის ანგარიშის მიხედვით, ცნობილ ჩეჩენ ოპოზიციონერ ბლოგერზე ტუმსო აბდურახმანოვსა და რამზან კადიროვის სხვა კრიტიკოსებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინსა და ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკისრებათ. ანგარიშში წერია, რომ რუსეთმა და ჩეჩნეთმა სხვადასხვა ინსტრუმენტი აამუშავეს, რათა ხელისუფლების კრიტიკოსების კანონგარეშე დასჯა შესაძლებელი გაეხადათ. წყაროს ცნობით, ტუმსო აბდურახმანოვზე შეტევის შეკვეთა სწორედ ჩეჩნეთიდან გაიცა. იმავე ანგარიშის მიხედვით, ჩეჩნეთისა და მთლიანად რუსეთის ფედერაციის მოქმედი ხელისუფლებების კრიტიკოსების „დასჯა“ პუტინის თანხმობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
ბასაევის და ხატაბის დაჯგუფების ყოფილ წევრს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ფოტო: kavkazr.com დონის როსტოვის სამხედრო სასამართლომ შამილ უმახანოვი, რომელსაც ბრალი შამილ ბასაევის და იბნ ალ-ხატაბის სამხედრო დაჯგუფების წევრობაში ედება, 1999 წლის საბრძოლო მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე საქმეში ცნო დამნაშავედ და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების ინფორმაციით, უმახანოვი ბასაევისა და ხატაბის იმ გაერთიანებული საბრძოლო დაჯგუფების წევრი იყო, რომელმაც დაღესტნის ხელისუფლების „შეიარაღებული ძალებით დამხობის“ მიზნით რესპუბლიკაზე იერიში მიიტანა.
დაღესტანი „ინსტაგრამმა“ ცნობილი დაღესტნელი ბლოგერის ჰასბიკის ანგარიში დაბლოკა დაღესტნელი ბლოგერი ჰასბულა მაგომედოვი. ფოტო: 360tv.ru მკვლელობის მუქარისა და ქალთმოძულე გამონათქვამების შემდეგ „ინსტაგრამმა“ ცნობილი დაღესტნელი ბლოგერის ჰასბულა მაგომედოვის, იგივე ჰასბიკის, ანგარიში დაბლოკა. ვიდეოში ჰასბიკი ქალებს „საშინელ არსებებს“ უწოდებდა და ბრალად სდებდა, რომ ისინი „პოლიციას მიმართავენ, როდესაც სცემენ“. ჰასბულა მაგომედოვი ცნობილი თავისი უჩვეულო სიმაღლის, ბავშვური შესახედაობისა და ხმის გამო გახდა. ის განსაკუთრებით პოპულარული „ინსტაგრამზე“ და „ტიკ-ტოკზეა“, სადაც მას ასიათასობით გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი მილიონობით ნახვა.
დაღესტნის მკვიდრს ტერორიზმის ბრალდებით პატიმრობა მიესაჯა ფოტო: kavkazr.com „ტერორისტული საქმიანობის გამო“ დონის როსტოვის სამხედრო სასამართლომ 14 დეკემბერს დაღესტნის მკვიდრის – ლევითან სულთანოვის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. „დადგინდა, რომ ბრალდებული 2020 წლის ნოემბერში სტავროპოლში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრძალულ ტერორისტულ ორგანიზაციას „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა და მის ლიდერს ერთგულება გამოუცხადა“ – აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში. |