Title Languages Field Year

შემსუბუქდება თუ არა თავსაფრის ტარების წესი ირანში?

  • Author: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2022

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა No 54

 

საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა ირანში შემსუბუქდება კანონმდებლობა, რომელიც ქალებს თავსაფრის ტარებას ავალდებულებს.

რამდენად სწორია ასეთი მოლოდინი და რა ხდება სინამდვილეში ირანში?

           ე.წ. „ზნეობის პოლიცია“ განაგრძობს თავის საქმიანობას

 

2002 წლის 4 დეკემბერს ირანის პროსამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „ალ-ალამმა“ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც უარყო საყოველთაოდ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა უქმდება ე.წ. „ზნეობის პოლიცია“, რომელიც პასუხისმგებელია თავსაფრის ტარების შესახებ არსებული კანონის აღსრულებაზე (ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ქალებისთვის სავალდებულოა თავსაფრის ტარება).

უფრო მეტიც, იგივე სააგენტო იუწყება, რომ არასწორად გაიგეს ქვეყნის მთავარი პროკურორის მოჰამად ჯაფარ მონთაზერის მიერ 3 დეკემბერს გაკეთებული განცხადება თავის დროზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი ე.წ. „ზნეობის პოლიციის“ თითქოსდა დაშლის შესახებ.

„ალ-ალამმა“ იქვე დასძინა, რომ ეს თითქოსდა მიღებული გადაწყვეტილება არ დაუდასტურებია ირანის არცერთ სხვა უწყებას ან თანამდებობის პირს და იმაზეც მიანიშნა, რომ ასეთი განცხადება სიმართლეს რომ შეესაბამებოდეს, იგი გაკეთებული უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილი უწყების (ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს) მიერ.

ე.წ. „ზნეობის პოლიცია“ 2006 წელს შეიქმნა კონსერვატორი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის  მმართველობის პერიოდში. 1980-იან წლებში იგივე ფუნქცია „ისლამური რევოლუციის კომიტეტის“ პატრულს ეკისრებოდა.

მთელი ეს ვნებათაღელვა კი დაკავშირებულია 16 სექტემბერს დაწყებულ საპროტესტო ტალღასთან, რომელიც ე.წ. „ზნეობის პოლიციის“ მიერ თავსაფრის არასწორი ტარებისთვის დაკავებული 22 წლის ქალის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. უფლებადამცველთა ინფორმაციით, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მომხდარ ექსცესებს ბოლო 3 თვეში 470 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ირანის ხელისუფლების მონაცემებით კი, დაღუპულია 200 მოქალაქე, რომლებიც მათი განცხადებით, დისიდენტთა ჯგუფების მიერ მოწყობილ შეთქმულებას შეეწირნენ.

           ირანში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები

 

ზოგიერთ მიმომხილველს მიაჩნია, რომ ე.წ. „ზნეობის პოლიციის“ თითქოსდა გაუქმებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია შესაძლოა ყურადღების რეალური პრობლემებიდან სხვა საკითხებზე გადატანას ემსახურებოდეს.

ქვეყანაში კი პრობლემები უხვადაა: ირანის სხვადასხვა ქალაქში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, დაიწყო მუშათა გაფიცვებიც, ისევ მძიმე მდგომარეობაა ეკონომიკაში, არ შემსუბუქებულა საერთაშორისო სანქციები, გრძელდება დაძაბულობა აშშ-სთან, ისრაელთან, საუდის არაბეთსა და აზერბაიჯანთან.

ეს კი ის საკითხებია, რომელთა მოგვარებაც ადვილი არაა და რომლებიც, დიდი ალბათობით, კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური ირანის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში.