ავტორი: მედეა ივანიაძე, რონდელის ფონდის უმცროსი მკვლევარი
2023 წლის მარტიდან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი საქართველოს მიმართ სხვადასხვა საკითხზე რუსეთის ფედერაციის განცხადებებს აკვირდება. საქართველოს შესახებ რუსეთის განცხადებების მიმოხილვის გამოცემები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
*მიმოხილვის მეხუთე პუბლიკაცია მეტწილად 2023 წლის 11 სექტემბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
რუსეთი საქართველოთან დამაკავშირებელი მეტი ახალი გზის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს
რუსეთის სამთავრობო მედიის 19 სექტემბრის ინფორმაციით, რუსულ-ქართული ბიზნესის საბჭოს შეხვედრის შემდეგ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტის ვლადიმირ პადალკოს განცხადებით, თურქეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის საბორნე მიმოსვლა იწყება.
- პადალკომ თქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის საკითხიც განიხილეს: „თუ სარკინიგზო კავშირის აღდგენა მოვახერხეთ, როგორ გაივლის – ახალი მარშრუტებით, რომელსაც ინგუშეთი გვთავაზობს თუ ძველ მარშრუტს, აფხაზეთის გავლით, აღვადგენთ? რაც გარღვევა იქნება“
- ამავე დღეს „რუსეთის ქართული დიასპორის“ ტელეგრამის არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიკავკაზში რუსულ-ქართული ბიზნესის საბჭოს შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გავლით გზის გახსნის შესახებ მოსაზრება გამოითქვა.
თებერვალში რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში „რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს“ რუსული ნაწილის დამფუძნებელი შეხვედრა გაიმართა. ივნისში რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოზე საინვესტიციო თანამშრომლობა და ახალი სატრანსპორტო დერეფნების გახსნა განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ 21 სექტემბერს „საპა ცხინვალის“ ტელეგრამის არხმა რუსეთიდან საქართველოში სატრანზიტო გზის შესაძლო გახსნის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თუ თანაბარი პირობები იქნება და თუ ისინი იქნებიან, „ამ ჯაჭვის ღირსეული რგოლი, მაშინ რატომაც არა?..“
- წყაროს მიხედვით, ამ საკითხის განხილვაზე ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის პრემიერ-მინისტრები იყვნენ, თუმცა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლები არ მიუწვევიათ, რამაც ისინი გააკვირვა.
- წყარომ ასევე თქვა, რომ ადრე „პრეზიდენტის ადმინისტრაციისა“ და რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ძირითადად „ზემო ლარსის“ საკითხს განიხილავდნენ, თუმცა ინგუშეთის მხარე მათ ტერიტორიაზე საქართველოსკენ მიმავალი რკინიგზის აშენების შეთავაზებით გამოვიდა, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. წარმომადგენლობამ კი მათ შესთავაზა რკინიგზას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის გაევლო.
აღსანიშნავია, რომ როგორც 31 ოქტომბერს გამჟღავნებული ინფორმაციით ირკვევა, რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო-სახმელეთო კავშირების აღდგენის შესაძლებლობის საკითხზე მხარეებმა ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში ისაუბრეს.
10 მაისს რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ახალი განკარგულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და პირდაპირ ფრენებზე არსებული შეზღუდვა გააუქმა. რუსეთმა და საქართველომ ავიამიმოსვლა აღადგინეს. ივლისში სოჭიდან მომავალი საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმში ორჯერ შემოვიდა. აპრილში გემმა Haci Musa Ucak ნოვოროსისკსა და ბათუმს შორის ორი კომერციული რეისი შეასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ აგვისტოში, რუსული მხარის თქმით, რუსეთსა და სომხეთს შორის საქართველოს გავლით სატრანზიტო კომუნიკაციის საკითხის გადაწყვეტა პრაგმატიზმით მიიღწეოდა. საყურადღებოა, რომ რუსულმა მხარემ 2023 წლის ივნისში ზემო ლარსის გამშვებ პუნქტში ოთხი ზოლის დამატება დააანონსა. იქამდე, 2022 წელს, რუსეთმა ზემო ლარსის გამშვებ პუნქტს 12 ზოლი დაამატა.
რუსული ბაზა, სამოკავშირეო სახელმწიფო, აეროპორტი – რუსეთის შესაძლო გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში
5 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, „უახლოეს მომავალში“ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა შეიქმნება.
- ბჟანიამ თქვა, რომ უკვე მოაწერეს ხელი შეთანხმებას, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
- ცოტა ხნით ადრე, 29 სექტემბერს, ოკუპირებული სოხუმის პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე ზომის სარაკეტო ხომალდი ციკლონი შევიდა.
- გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტულმა მედია „სპუტნიკმა“ „სამხედრო ექსპერტ“ ვიქტორ ბლიკოვის კომენტარი გაავრცელა, რომლის თქმით, ამ გადაწყვეტილებით შესაძლებელი გახდება რუსეთის იმ ფლოტის ძალების გაშლა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები უტევენ სევასტოპოლისა და ნოვოროსიისკის ყურეებში.
6 ოქტომბერს ბჟანიამ თქვა, რომ პუტინთან ერთად მათ განიხილეს რუსეთის მიერ ინიცირებული „ინტეგრაციის პროცესები“, სამომავლოდ სამოკავშირეო სახელმწიფოში ოკუპირებული აფხაზეთის შესაძლო ჩართვაზე.
3 ოქტომბერს ლავროვმა განაცხადა, რომ გააფართოებდნენ იმ სახელმწიფოთა წრეს, რომლებიც „აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას“ აღიარებდნენ.
ამის გარდა, 19 ოქტომბერს ბჟანიამ 2024 წლის ბოლოს ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის გახსნის გეგმების შესახებ გამოაცხადა.
- რუსეთმა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ აეროპორტის საინვესტიციო პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმებას მიმდინარე წლის ივნისში მოაწერეს ხელი.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ სურვილი და ერთ-ერთი პრიორიტეტია შეუერთდეს რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს.
რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენებს ამატებენ
რუსული ავიაკომპანიები „აზიმუტი“ და „რედ ვინგსი“ საქართველოს მიმართულებით ახალ რეისებს ნიშნავენ.
- რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ 22 სექტემბრის განცხადებით, 9 ოქტომბრიდან მოსკოვი-ბათუმის რეისებს და 11 ოქტომბრიდან სოჭი-თბილისი რეისებს ამატებს.
- 10 ოქტომბერს „აზიმუტმა“ 19 ოქტომბრიდან მინერალნიე-ვოდი-თბილისის რეისების დამატება დააანონსა.
- 27 ოქტომბერს „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ მოსკოვი-ბათუმის რეისების სიხშირეს ზრდიდა და 22 ნოემბრიდან რეისები ორშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდებოდა.
- ეკატერინბურგის კოლცოვოს აეროპორტის თანახმად, საჰაერო მიმოსვლას „რედ ვინგსი“ ქუთაისის მიმართულებით 31 ოქტომბრიდან, ხოლო თბილისის მიმართულებით 2 ნოემბრიდან დაიწყებს.
- 2 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით კი, „რედ ვინგსი“ 16 ნოემბრიდან სამარიდან თბილისის მიმართულებით ყოველკვირეულ ფრენებს გეგმავს.
ზემოაღნიშული კომპანიები უკრაინის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიებია. ასევე, 2022 წელს აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა „რედ ვინგსის“ ორ თვითმფრინავს სანქციები დაუწესა. მაისში „აზიმუტის“ ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელს შეეძლო სხვა ქვეყნებთან ერთად მიმართულებად „აფხაზეთი“ და „სამხრეთ ოსეთიც“ აერჩია. ივნისში „რედ ვინგსის“ ვებგვერდზე მიმართულებების ჩამონათვალში „აფხაზეთი“ ერთ-ერთ მიმართულებად იყო დამატებული.
რუსეთის აეროპორტის თანამფლობელის თქმით, რუსებისთვის თბილისი მეოთხე „კარგი“ სატრანზიტო ჰაბია. 5 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა გასცა.
ლავროვის განცხადებით, რუსეთი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმდა ფრენების აღდგენაზე, ვიზების გაუქმებაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ სამთავრობო მედიასთან 28 სექტემბრის ინტერვიუში განაცხადა, რომ როდესაც რუსულმა მხარემ დაინახა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებული იყო ურთიერთობების ნორმალიზებით, „თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესებისთვის“, რუსული მხარე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე შეთანხმდა.
- მისივე თქმით, ორმხრივი უვიზო რეჟიმისა და საჰაერო კავშირების დამყარების საფუძველზე მათი კავშირები „უფრო მოსახერხებელი და კომფორტული ხდება“.
- ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მომავალში მხარეებმა დიპლომატიური კავშირები აღადგინონ, ლავროვმა უპასუხა, რომ ურთიერთობების გაწყვეტა „სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა იყო“ და შემდეგ გააგრძელა კრემლის დეზინფორმაციულ-პროპაგანდისტული ნარატივი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენელი ვლადიმირ პუტინის განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და პირდაპირ ფრენებზე არსებული შეზღუდვა გაუქმდა, ამბობდა, რომ ეს ცალმხრივი იყო.
ლავროვის აზრით, საქართველო ე.წ. 3+3 ფორმატში შესაძლოა ახლო მომავალში ჩაერთოს
23 ოქტომბერს სერგეი ლავროვმა გამოთქვა ვარაუდი, რომ საქართველო ე.წ. „3+3 ფორმატში“ შესაძლოა ახლო მომავალში ჩაერთოს.
- „თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც აქამდეც მათ არაერთხელ დაამტკიცეს, საკუთარ ყველა ქმედებაში პირველ რიგში გამომდინარეობს ფუნდამენტური ეროვნული ინტერესებიდან“, აღნიშნა ლავროვმა და დაამატა, რომ ეს აძლევს საფუძველს ივარაუდოს, რომ „3+3-ის“ სრულფასოვანი ფორმატი, შესაძლოა, ახლო მომავალში ამოქმედდეს.
- ლავროვის თქმით, მათ ესმით მიზეზი, რის გამოც საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით თავს იკავებს ამ „ექვსეულში“ გაწევრიანებისგან და განაცხადა: „ვაფასებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავალში ამის გაკეთების შესაძლებლობას ეფუძნება“.
მარტში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა პუბლიკაცია, სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკა და დიპლომატიური საქმიანობა 2022 წელს“. დოკუმენტში წერია, რომ საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის „3+3“ უფრო აქტიური ჩართვისთვის ნაბიჯები გადაიდგა. რუსულ განცხადებაში ე.წ. „3+3 ფორმატის“ შესახებ საქართველო ასეა მოხსენიებული: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო – რუსეთი, ირანი, თურქეთი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოზე გავლენის გასაზრდელად და მისი სუვერენიტეტის უფრო მეტად ხელყოფისთვის რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად მოუწოდებს საქართველოს, რომ ე.წ. „3+3 ფორმატს“ შეუერთდეს, ქართული მხარე კი ამბობს, რომ ამ ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს.
რუსეთის დადებითი გამოხმაურებები საქართველოს ხელისუფლების შესახებ გრძელდება
13 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთ-საქართველოს ამჟამინდელ ურთიერთობებზე დადებითი კომენტარი გააკეთა.
- „ჩვენი ურთიერთობები ახლა მშვიდია, მათ მეზობლებთან თანამშრომლობის დიდი ინტერესი ასევე აქვთ“, – თქვა პუტინმა.
2 ოქტომბერს მარგარიტა სიმონიანმა საქართველოზე საუბროსას კიდევ ერთხელ შეაქო საქართველოს ხელისუფლება.
- „არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ თბილისი ძალიან წესიერად იქცევა. სამწუხაროდ, ბევრად უფრო წესიერად, ვიდრე ერევანი“, – სიმონიანის ციტატა „ნეტგაზეთიდან“.
გასული თვეების განმავლობაში რუსულ მხარეს არაერთხელ გაუკეთებია დადებითი კომენტარი საქართველოს ხელისუფლებაზე.
რას ამბობს რუსული მხარე საქართველოში ე.წ. „დესტაბილიზაციის გეგმებზე“?
რუსეთის პრეზიდენტის დაფუძნებული რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტი, კონსტანტინე ტასიცი გამოეხმაურა 18 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა“.
- ტასიცის მტკიცებით, ამის საფუძველი „რა თქმა უნდა, არსებობს“ და ირწმუნება შემდეგს: „საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებული დაძაბული ვითარება, ჯერ ერთი, თავისთავად პრობლემურია და მეორეც, ეს ხდება საპარლამენტო არჩევნების წინ – ოპოზიციას მიზეზი სჭირდება დღევანდელი ხელისუფლების – „ქართული ოცნების“ დასამხობად“.
- მან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ არ არის გამორიცხული, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და თან დაამატა: „…მათ სრულებით არ ახარებთ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ გატარებული დამოუკიდებელი პოლიტიკა, მათ შორის რუსეთთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ევროკავშირმა უარი თქვას საქართველოსთვის სტატუსის [მინიჭებაზე], რათა ძირი გამოუთხაროს მმართველი პარტიის პოზიციას და, შედეგად, ხელი შეუწყოს მასობრივ აქციებს“.
ამავე დღეს რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიაში „სპუტინიკი“ გამოქვეყნდა მასალა „ყოფნა-არყოფნა ევროკავშირში? საქართველოში უკრაინული სცენარით გადატრიალება მზადდება“.
- სხვა საკითხებთან ერთად, ავტორი წერს, რომ „ქართული ოცნება“ უნგრეთის ხელისუფლების მიბაძვას ცდილობს: „ერთადერთი, ბუდაპეშტი უკვე ევროკავშირშია, თბილისი კი ახლა ემზადება. ჯერ კიდევ არის განსხვავება“.
საყურადღებოა, რომ 4 ოქტომბერს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურის, უშანგი (მამუკა) მამულაშვილის, ძებნა გამოაცხადა.
- რუსულმა სამთავრობო მედიამ „რია“ 18 სექტემბერს სუს-ის ზემოთაღნიშნული განცხადებაც მოიხმო, რომლის მიხედვითაც, ე.წ. არეულობის „გეგმის ავტორებს შორის“ მამუკა მამულაშვილიც დაასახელა.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთი კვლავ სამიზნეში იღებს დასავლეთს და საქართველოში ვარდების რევოლუციას.
- 11 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სტატიაში დაწერა, რომ „დასავლელები მუდმივად არღვევდნენ გაეროს წესდების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩაურევლობა“ და ერთ-ერთ „მაგალითად“ საქართველოში „ფერადი რევოლუცია“ დაასახელა.
ლავროვის კომენტარი ქართველ ხალხზე
სერგეი ლავროვის თქმით, მათ „ნამდვილად უყვართ“ ქართველი ხალხი, „როგორც, ფაქტობრივად, ამიერკავკასიის ყველა ხალხი“.
- „რუსეთის ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ჩვენი ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში ქართველებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ“, – თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოში რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა საქართველოს შესახებ იმპერიალისტური ხედვა გამოხატა, როდესაც თქვა, რომ ყველაფერი, რაც ქართულ კულტურასთანაა დაკავშირებული, გარკვეულწილად “ჩვენი კულტურის ნაწილად აღიქმება… თუ მწვადს ან რაიმე მსგავსს უყურებთ ინტერნეტში, უმეტეს ქვეყნებში ის აღიქმება არა როგორც კავკასიური სამზარეულოს ნაწილი, არამედ როგორც საერთო რუსული სამზარეულოს ნაწილი“. მისივე თქმით, იგივე ეხება მუსიკას, ელიტას, მათ შორის, კულტურის.