Title Languages Field Year

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა სირიის ეკონომიკაზე

  • Author: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2022

რუსეთ-უკრაინის ომმა უარყოფითი გავლენა იქონია ახლო აღმოსავლეთის ბევრი ქვეყნის და, განსაკუთრებით, სირიის ეკონომიკაზე.

როგორია ეს გავლენა და რას უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით?

სირიელთა უმეტესობას ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება

სამოქალაქო ომში ჩართულ სირიაში ისედაც ყოველთვის ჭირდა ეკონომიკურად. თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჰუმანიტარული სიტუაცია სირიაში, რომლის მთავარი მოკავშირე მოსკოვია, კიდევ უფრო კატასტროფული გახდა.

პირველ რიგში, გაიზარდა  სურსათის ფასები. Oxfam-ის ბოლო მონაცემებით, სირიელთა 88%-ის საკვები ძირითადად პურისა და ბრინჯისგან (და ზოგჯერ ბოსტნეულისგან) შედგება. მოსახლეობის მხოლოდ 1,5%-ს შეუძლია იყიდოს ხორცი და ისიც – იშვიათად.

იმავე Oxfam-ის მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 60%-ია, საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი კი 100 000 სირიული ლირაა (რაც დაახლოებით 26 აშშ დოლარია). ეს მაშინ, როცა საარსებო მინიმუმი 4-სულიანი ოჯახისთვის 600 000 ლირაა (დაახლოებით 154 აშშ დოლარი). ეს ნიშნავს, რომ ხელფასები საარსებო მინიმუმთან ახლოსაც კი ვერ მიდის.

დღეის მონაცემებით, სირიის მოსახლეობის 90% სიღარიბეში ცხოვრობს. ეკონომიკური პრობლემების გამო ბევრი ბავშვი იძულებულია იმუშაოს, რის გამოც ვერ დადის სკოლაში და, შესაბამისად, ვერ იღებს განათლებას. ასევე პრობლემატურია ადრეული ქორწინების საკითხი.

ქვეყანაში მუშაობს რამდენიმე ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელიც მილიონობით ადამიანს ეხმარება. ამასთან, მთავრობა ყველაზე გაჭირვებულთათვის ახდენს პურის სუბსიდირებას. თუმცა, ეს საკმარისი არაა. სუბსიდირებული პური შეიცავს 840 კალორიას, რაც ყოველდღიურად აუცილებელი კალორიების მხოლოდ 40%-ია.

მორიგი ჰუმანიტარული დახმარების დარიგება

საინტერესოა, რომ სირიაში მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ნაწილი უცხოეთში (ძირითადად, ირანში, ერაყში, იორდანიასა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში) გადის, რადგან იქ უფრო მეტს იხდიან.

დღეს ბევრი ითხოვს სირიიდან საკვები პროდუქტის უცხოეთში გატანის აკრძალვას. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ეს აკრძალვა ვერ შეცვლის კატასტროფულ სიტუაციას ქვეყანაში.  

სერიოზული პრობლემებია ოპოზიციის მიერ კონტროლირებად იდლიბის პროვინციაშიც, სადაც 4 მილიონამდე სირიელი (მათ შორის, უმრავლესობა დევნილია სამხრეთ პროვინციებიდან და ბანაკებში არიან განთავსებული) ცხოვრობს ძალზე მძიმე პირობებში.

იდლიბის პროვინცია ეკონომიკურად თურქეთზეა დამოკიდებული (ასევე მიმოქცევაშია თურქული ლირა) და რამდენადაც თურქეთში სურსათზე ფასებმა მოიმატა, ეს ავტომატურად სირიის ამ ნაწილზეც მალევე აისახა.

ჯერჯერობით ეს მძიმე სიტუაცია არ ასახულა სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე. მხარეები (ასადის რეჟიმი, ოპოზიცია, მოსახლეობა, გარე აქტორები) ერთგვარი მოლოდინის რეჟიმში არიან. მაგრამ ერთი რამ ცხადია – რაც უფრო გაუჭირდება რუსეთს უკრაინაში, მით უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება მისი მომხრე ასადის რეჟიმი.