Title Languages Field Year

როგორ აისახება თურქული ლირის გაუფასურება ჩრდილოეთ სირიაზე?

  • Author: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  • Type: Publication
Georgian International relations 2021

როგორ აისახება თურქული ლირის გაუფასურება ჩრდილოეთ სირიაზე?

  • ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  • ტიპი: პუბლიკაცია

ბოლო პერიოდში სწრაფად უფასურდება თურქული ლირა,[1] რაც უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ თურქეთის, არამედ მეზობელი ქვეყნების მდგომარეობაზე.

როგორ აისახა თურქული ლირის გაუფასურება სამოქალაქო ომით დაზარალებულ ჩრდილოეთ სირიაზე და რა განვითარება შეიძლება ჰქონდეს მას?

ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიები, სადაც მიმოქცევაში თურქული ლირაა

2020 წლის ზაფხულში ჩრდილოეთ სირიის იმ ნაწილებში, რომელიც თურქული გავლენის ქვეშაა მოქცეული, მიმოქცევაში თურქული ლირა შემოიღეს, რადგან იმ პერიოდში საოცარი სიჩქარით უფასურდებოდა სირიული ფუნტი და თურქულ ლირაზე გადასვლა ერთგვარი სტაბილურობის შეგრძნებას სძენდა ჩრდილოეთ სირიაში მაცხოვრებლებს.

სამწუხაროდ, 2021 წლის შემოდგომიდან დაწყებულმა თურქული ლირის დევალვაციის პროცესმა სტაბილურობის ეს განცდა დიდწილად შეარყია.

თურქული ლირის დევალვაციის ფონზე გაიზარდა ფასები და ეს განსაკუთრებით საკვებს შეეხო. გაეროს მონაცემებით, აქ მცხოვრები დაახლოებით 4 მილიონი სირიელიდან[2] 97% სიღარიბის ზღვარს ქვევითაა და ეს პროცესი მათთვის მტკივნეულია.

დევნილი ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება კარვების ქალაქებში

Human Rights Watch-ის მონაცემების მიხედვით, აქ მცხოვრებთა 75% მუდმივად საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას.

ამასთან, ამ ტერიტორიებს მუდმივად ბომბავს როგორც რუსეთის, ისე ასადის რეჟიმის ავიაცია, რის გამოც ხშირია მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში (მათ შორის, ქალებსა და ბავშვებში). ამას ემატება სამხრეთიდან პროასადური ნაწილების სახმელეთო შეტევები, რასაც მოსახლეობის შევიწროება და მათი საცხოვრებლიდან აყრა მოსდევს.

ასეთ სიტუაციაში დაიწყო თურქული ლირის გაუფასურების პროცესი, რის შედეგადაც, „ევრონიუსის“ მონაცემებით, ჩრდილოთ სირიაში სურსათის ფასები 400%-ით გაიზარდა. ამის გარდა, 350%-ით გაძვირდა საწვავი, ხოლო არასასურსათო პროდუქცია – 200%-ით.

ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ძალიან ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებლის ყოველთვიური ხელფასი მხოლოდ 400 თურქულ ლირას შეადგენს (რაც 3 დეკემბრის კურსით, სულ რაღაც 29 აშშ დოლარია).

შედეგად, რეგიონი შესაძლოა ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის წინაშე დადგეს  – ძალიან ბევრი სირიელი ვეღარ ყიდულობს სურსათს, აქვს ზამთრის ტანსაცმლის ნაკლებობა და არ აქვთ გათბობის საშუალება.

ასეთი მდგომარეობა კი ქმნის ლტოლვილთა ახალი ნაკადების თურქეთის, იქიდან კი – ევროპის მიმართულებით დაძვრის საშიშროებას.


[1] 2021 წლის სექტემბერში 1 აშშ დოლარი 8,30 ლირა ღირდა, 3 დეკემბერს კი მისი ფასი 14 ლირას მიუახლოვდა.

[2] მათგან 1 მილიონზე მეტი ადამიანი სირიის სამოქალაქრო ომის გამო ქვეყნის სამხრეთი რეგიონებიდან წამოსული დევნილია და ისინი აქ კარვებში ცხოვრობენ.