Title Languages Field Year

როგორი იქნება ისრაელის ახალი კოალიციური მთავრობა?

  • Author: Zurab Batiashvili, Research Fellow at Rondeli Foundation
  • Publisher: Georgian Foundation for Strategic and International Studies
  • Type: Publication
English, Georgian International relations 2021

ისრაელში 23 მარტს ჩატარებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების (რომელიც მეოთხე იყო ბოლო 2 წლის განმავლობაში) შემდეგ ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე.

საინტერესოა, რომ ახალ კოალიციაში მოიაზრება ისრაელის ოპოზიციური პარტიების უმეტესობა (სულ 8 პარტია), რომლებიც ძალზე ჭრელია იდეოლოგიურად – მასში წარმოდგენილი იქნებიან როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე და ცენტრისტული პარტიები. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ კოალიციურ მთავრობაში პირველად იქნება წარმოდგენილი არაბული პარტიაც.

ბევრი აღნიშნავს, რომ ერთადერთი, რაც ამ პარტიებს აერთიანებს, არის მათი სურვილი, 12 წლიან მმართველობას ჩამოაშორონ მოქმედი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

იმისთვის, რომ ახალმა მთავრობამ 120-კაციან ქნესეთში ნდობის ვოტუმი მიიღოს, მინიმუმ 61 ხმის მიღება სჭირდება. ამ რაოდენობის ხმების მიღებას კი, საბოლოო შეთანხმების შემთხვევაში, ეს პარტიები ახერხებენ. 

ეს რვა პარტიაა:

  • ცენტრისტული „იეშ ატიდი“ („მომავლის პარტია“), 17 მანდატი;
  • ცენტრისტული „კაჰოლ ლავანი“ („ლურჯი და თეთრი“), 8 მანდატი;
  • მემარჯვენე „ისრაელ ბეითეინუ“ („ისრაელი – ჩვენი სახლი“), 7 მანდატი;
  • მემარჯვენე „იამინა“, 7 მანდატი;
  • მემარჯვენე „ახალი იმედი“, 6 მანდატი;
  • მემარცხენე „ლეიბორისტული პარტია“, 7 მანდატი;
  • მემარცხენე „მერეცი“, 6 მანდატი;
  • არაბთა ისლამისტური პარტია „რაამი“, 4 მანდატი.

პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, თავდაპირველად მთავრობის მეთაური მემარჯვენე პარტია „იამინას“ ლიდერი ნაფტალი ბენეტი გახდება, ორი წლის შემდეგ კი მის ადგილს კოალიციის ყველაზე დიდი წევრის ცენტრისტული „მომავლის პარტიის“ ლიდერი იაირ ლაპიდი დაიკავებს.

 

ნაფტალი ბენეტი და იაირ ლაპიდი

ბევრი სკეპტიკურად უყურებს ამ ახალ კოალიციას. მათ შორისაა მოქმედი პრემიერი ნეთანიაჰუ, რომელიც ისრაელის პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, არ მისცენ ხმა ახალ მთავრობას, რომელიც, მისი შეფასებით, საშიშია ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის.

კენჭისყრა კი ქნესეთში რამდენიმე დღეში გაიმართება. ზემოხსენებულ 8 პარტიას ერთმანეთში ჯერ კიდევ შესათანხმებელი აქვს არაერთი საკითხი. სირთულეები კი მომავალშიც მრავლად იქნება.

ყველაზე სენსიტიური თემა, სავარაუდოდ, იქნება ახალი მთავრობის დამოკიდებულება პალესტინური საკითხის მიმართ. ცნობილია, რომ ნაფტალი ბენეტი არ აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს არსებობის უფლებას და მოითხოვს მდ. იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ტერიტორიების ისრაელთან მიერთებას. იგი ასევე ეწინააღმდეგება ღაზის სექტორთან გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ამ მიმართულებით მკაცრი ზომების მიღების მომხრეა. ასეთი მიდგომები კი მიუღებელია არა მხოლოდ ისრაელის არაბული პარტიისთვის, არამედ მემარცხენეთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვისაც.

მხოლოდ დრო გვიჩვენებს, რამდენად სიცოცხლისუნარიანი შეიძლება იყოს  ისრაელის ახალი კოალიციური მთავრობა ამჟამინდელი შემადგენლობით.

რაც შეეხება საქართველო-ისრაელის ურთიერთობებს, ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ვფიქრობთ, რომ ამ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობები და თანამშრომლობა ნებისმიერი მთავრობის შემთხვევაში იქნება.