Title Languages Field Year

როგორია თურქეთის ოპოზიციის საგარეო პოლიტიკური დაპირებები?

  • Author: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2023

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა No 63

 

 2023 წლის 14 მაისს თურქეთში გაიმართება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები.

ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ინტერესს იწვევს ის, თუ როგორია ოპოზიციის საგარეო-პოლიტიკური ხედვა და დაპირებები.

პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური ალიანსის ლიდერები

 

6 ოპოზიციურმა პარტიამ გამოაქვეყნა წინასაარჩევნო პროგრამა, სადაც ცალკე თავი დათმობილი აქვს საგარეო პოლიტიკას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საგარეო პოლიტიკაში თურქეთი იხელმძღვანელებს რესპუბლიკის დამაარსებლისა და პირველი პრეზიდენტის – მუსტაფა ქემალ ათათურქის პრინციპით: „მშვიდობა ქვეყანაში, მშვიდობა მსოფლიოში“.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანა დაუახლოვდება დასავლეთს: განვითარდება ურთიერთობები აშშ-სთან და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება გახდება ერთ-ერთი პრიორიტეტი. დოკუმენტში ხაზგასმულია ნატოში წევრობის მნიშვნელობა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანა დაბრუნდება F-35-ების შეძენის პროგრამაში (ეს პროგრამა ვაშინგტონმა შეწყვიტა, როცა ანკარამ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა S-400-ები შეიძენა). მაგრამ არაფერია ნათქვამი თავად ამ რუსული სისტემების შემდგომ ბედზე.

რუსეთთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია, რომ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები დაეფუძნება „ბალანსირებულ და კონსტრუქციულ დიალოგს ინსტიტუციურ დონეზე“.

საბერძნეთსა და კვიპროსთან ურთიერთობებში უპირატესობა მიენიჭება დიპლომატიას და დიალოგს. ოღონდ იმ პირობით, რომ დაცული იქნება თურქეთის ეროვნული ინტერესები.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაძლიერდება ურთიერთობები აზერბაიჯანთან და, ზოგადად, მთელ თურქულ სამყაროსთან; მაგრამ ამავე დროს  სურთ ურთიერთობების ნორმალიზაცია სომხეთთან.

სირიასთან დაკავშირებით დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმუშავებენ თურქეთში მცხოვრები მილიონობით სირიელი ლტოლვილის მაქსიმალურად მოკლე დროში სამშობლოში დასაბრუნებლად. იქვე საუბარია სირიის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერისა და სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის წარმართვის აუცილებლობაზე. თუმცა, არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რას უპირებენ სირიელთა იმ სამხედრო შენაერთებს, რომლებსაც ანკარა უჭერს მხარს.

საგარეო-პოლიტიკური საკითხებზე ზემოხსენებული მსჯელობის მიუხედავად, დოკუმენტში არაფერი წერია ისეთ აქტუალური თემებზე, რომელიც ტრადიციულად მნიშვნელოვანია თურქეთის საგარეო პოლიტიკისთვის. მაგალითად, ოპოზიციის საპროგრამო დოკუმენტში ვერ მოხვდა თურქულენოვანი უიღურების თემა ჩინეთში; ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი; რუსეთ-უკრაინის ომი; შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემა და ა.შ.

თუმცა, იქვე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დიდ უფლებამოსილებას მიანიჭებენ ისეთ ძლიერ ინსტიტუტს, როგორიც არის თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც, ტრადიციულად, ძალიან კარგად ფლობენ ამ საკითხებს.