Title | Languages | Field | Year |
---|---|---|---|
რა იწვევს საპროტესტო გამოსვლებს ირანში?
|
Georgian | International relations | 2022 |
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა
მაისის თვეში ირანში ახალი ძალით იფეთქა მასობრივმა საპროტესტო გამოსვლებმა. რა იწვევს ამ საპროტესტო ტალღას და რას უნდა ველოდოთ მომავალში?
მაისში იმატა საპროტესტო გამოსვლებმა ირანში ძირითადად, ირანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ პროვინციებში საპროტესტო გამოსვლების ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის ხელისუფლებამ შეწყვიტა საკვები პროდუქტების სუბსიდირების პროგრამა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მოქმედებდა ირანში. შედეგად, 300%-ით და მეტად გაიზარდა ფასები პურზე, ფქვილზე, მაკარონზე, კვერცხზე, საკვებ ზეთზე და ა.შ. გამოსვლები სამართალდამცავებთან შეტაკებებში გადაიზარდა (არაოფიციალური მონაცემებით, არის მსხვერპლიც), რა დროსაც, ეკონომიკურის გარდა, ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებიც ისმოდა. უქმნის თუ არა ეს გამოსვლები საფრთხეს ირანის ხელისუფლებას? ამ ეტაპისთვის არა, რადგან მას სპონტანური ხასიათი აქვს, მოძრაობას არ აქვს გამოკვეთილი მოთხოვნები და რაც მთავარია, საპროტესტო გამოსვლებს არ ჰყავს ლიდერები.
სულ უფრო მეტ მოქალაქეს უჭირს სურსათის შეძენა ირანს წინა წლებშიც ახსოვს ასეთი საპროტესტო გამოსვლები. თუმცა, ამ ეტაპზე ეკონომიკური მდგომარეობა გაცილებით რთულია, ვიდრე ეს წლების წინ იყო. ირანის წინააღმდეგ ისევ მოქმედებს მკაცრი ეკონომიკური სანქციები (საერთო ჯამში, 3 500-ზე მეტი სანქცია), რასაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო ბაზარზე სურსათის ფასის ზრდა ემატება. ხელისუფლება აცნობიერებს და აღიარების ეკონომიკური პრობლემების არსებობას, თუმცა, ამავე დროს, უცხო ქვეყნებს (აქ პირველ რიგში, მოიაზრება აშშ და ისრაელი) ადანაშაულებს საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებაში. ხელისუფლება ეკონომიკური სირთულეების მოგვარებას სხვადასხვა სოციალური პროექტის (დახმარების) საშუალებით ცდილობს. თუმცა, მისი რესურსები საკმაოდ შეზღუდულია. არ ჩანს სანქციების მოხსნის პერსპექტივაც, რადგან დასავლეთთან ბირთვულ პროგრამაზე წარმოებული მოლაპარაკებები ამ ეტაპზე უშედეგოა. არ ჩანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისა და მსოფლიო ბაზარზე სურსათის ფასების დაწევის პერსპექტივაც. უფრო პირიქით, ელიან ფასების ზრდას და ეს, პირველ რიგში, ისედაც მძიმე ეკონომიკურ პრობლემების მქონე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე აისახება უარყოფითად. ამ ყველაფერს ემატება სეზონური პრობლემები. მაგალითად, კლიმატური ცვლილებებისა და წყლის რესურსების არასწორი გამოყენების გამო 2021 წლის ზაფხულში დიდ პრობლემად იქცა წყლით მომარაგება, რასაც საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა ირანის ბევრ პროვინციაში. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ირანში არა მხოლოდ გაგრძელდება ეკონომიკური პრობლემები, არამედ კიდევ უფრო მწვავეც გახდება. ხელისუფლებას კი გაუჭირდება მათი მოგვარება/პრევენცია. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, მთელ ირანში უნდა ველოდოთ საპროტესტო გამოსვლების მატებას. |