|
||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
თურქეთის ეკონომიკაში სირთულეები არაერთხელ ყოფილა. თუმცა, ის, თუ რა სიჩქარით უფასურდება ბოლო პერიოდში თურქული ლირა, უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით. ლირა სექტემბრის შემდეგ დაახლოებით 30%-ით გაუფასურდა და 18 ნოემბრის მდგომარეობით 1 აშშ დოლარის ფასი 11 ლირას გადასცდა, 1 ევროს ფასმა კი 12 ლირას გადააჭარბა. ეს ყველა დროის ანტირეკორდია. თურქული ლირის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2021 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით ლირის კურსის ვარდნას მრავალი პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზი აქვს, რაზეც წინა სტატიებშიც ვწერდით, ამიტომ აქ მათი გამეორებით თავს არ შეგაწყენთ. ამ შემთხვევაში ჩვენ შევეცდებით მოკლედ ვაჩვენოთ, რა შეიძლება ელოდეს მომავალში თურქულ ლირას და რა გავლენა აქვს ამ დევალვაციას საქართველოზე. პირველი, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ისაა, რომ თურქული ლირა ამ ნიშნულზე ვერ გაჩერდება. როგორც არაერთი ეკონომისტი აღნიშნავს, მისი შემდგომი დევალვაცია გარდაუვალია როგორც ქვეყნიდან დასავლური კაპიტალის გადინების, ისე ხელისუფლების მიერ წარმოებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამო – ბოლო პერიოდში თურქეთში მუდმივად დაბლა წევენ საპროცენტო განაკვეთს, რაც ბუნებრივად იწვევს თურქული ლირის გაუფასურებას. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სავალუტო რეზერვებში შექმნილი სირთულეების გამო შეიძლება დაიწყონ ფულის ბეჭდვაც, რაც ბუნებრივად შექმნის ჰიპერინფლაციის დაწყების საშიშროებასაც. ასეთ ფონზე ქვეყანაში მატულობს ფასები ყველა პროდუქციაზე, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს და იზრდება ოპოზიციური განწყობებიც. თურქული ლირის გაუფასურების ფონზე სირთულეები ექმნებათ იქ მომუშავე საქართველოს მოქალაქეებსაც. მათი ერთი ნაწილი ევროპის ქვეყნებში გადადის სამუშაოდ, მეორე ნაწილი სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის მოლოდინშია, მესამე ნაწილი კი საქართველოში ბრუნდება. სხვადასხვა მიზეზთა გამო არ არსებობს ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ქართველი მუშაობს თურქეთში. მაგრამ არსებობს სხვა ინდიკატორები, რომლებიც გვიჩვენებს, რომ ქართველები თურქეთიდან სულ უფრო მცირე თანხებს რიცხავენ საქართველოში. მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბრის თვეში თურქეთიდან საქართველოში გადმოირიცხა 8,57 მლნ აშშ დოლარი, რაც შარშან იმავე პერიოდში გადმორიცხულ რაოდენობაზე 15,11%-ით ნაკლებია. ეს ასევე თითქმის 1,5 მლნ დოლარით ნაკლებია 2021 წლის სექტემბერში გადმორიცხულ თანხასთან შედარებით.* სავარაუდოდ, საქართველოში გამოგზავნილი თანხების მოცულობა ნოემბრის თვეში კიდევ უფრო შემცირდება, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. მოსალოდნელია, რომ ლირის დევალვაცია უარყოფითად აისახება ასევე ორმხრივ ვაჭრობაზე, საქართველოში თურქული ინვესტიციების შემოდინების მოცულობასა და თურქი ტურისტების რაოდენობაზე. *აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ეს ციფრები მხოლოდ მცირე ნაწილია თურქეთიდან საქართველოში შემოსული მყარი ვალუტის. იქ მომუშავეთა უმეტესობას, როგორც წესი, გამომუშავებული თანხა ან თავად შემოაქვს აქ ან ვინმეს ატანენ ხოლმე. თუმცა აქ მოტანილი ციფრები მაინც გამოდგება ზოგადი ტენდენციის საჩვენებლად. |