Title | Languages | Field | Year |
---|---|---|---|
რა გამოძახილი ჰქონდა ზელენსკის კავკასიელებისადმი მიმართვას თურქეთის ჩრდილოკავკასიურ დიასპორაში?
|
Georgian | International relations | 2022 |
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა No 49 დაღესტანში, ჩეჩნეთსა და ყაბარდო-ბალყარეთში მობილიზაციის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ფონზე, 2022 წლის 29 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს. რა გამოძახილი ჰქონდა ამ მიმართვას თურქეთის ჩრდილოკავკასიურ დიასპორაში?
პრეზიდენტმა ზელენსკიმ კავკასიის ხალხებს იმამ შამილის მემორიალური დაფის ფონზე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ კავკასიის ხალხებისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ დაღესტნელები, ჩეჩნები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები და სხვა ეთნოსები არ უნდა იხოცებოდნენ უკრაინაში. ამავე დროს მან მოუწოდა ამ ხალხების წარმომადგენლებს, უარი თქვან უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში მონაწილეობაზე. იმავე დღეს შეიკრიბა თურქეთის ყველაზე დიდი ჩრდილოკავკასიური გაერთიანება KAFFED-მა (რომელიც თავის მხრივ აერთიანებს თურქეთის 56 ჩრდილოკავკასიურ სათვისტომოს) დააფუძნა „ჩრდილოკავკასიური ჰუმანიტარული კრიზისის მართვის კომიტეტი“ იმ მიზნით, რომ დახმარება აღმოუჩინონ იმ კავკასიელებს, რომლებიც თურქეთში ჩავლენ ამ პერიოდში. ოღონდ აქ არის სერიოზული პრობლემა: როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ტერიტორიაზე არ უშვებს ჩრდილოკავკასიელებს (სულ მცირე, ჩეჩნებს, დაღესტნელებს და ინგუშებს). მათთვის პრობლემურია საჰაერო გზით გასვლაც და შესაბამისად, ძალიან მცირეა ჩრდილოეთ კავკასიელი სამობილიზაციო ასაკის მამაკაცების თურქეთში მოხვედრის შანსი. დაბნეულობა და სიფრთხილეა თავად KAFFED-ის რიგებშიც (ამ ორგანიზაციაზე დიდია რუსეთის გავლენაც). KAFFED-ს, ერთი მხრივ, არ სურს რუსეთის გაღიზიანების გამოწვევა პოტენციური სამხედრო დეზერტირების შეფარების გამო, მაგრამ, მეორე მხრივ, სულ უმოქმედოც ვერ იქნება, რადგან უნდა გაითვალისწინოს თურქეთის ჩრდილოკავკასიური დიასპორის განწყობები. ამიტომ მათ ერთგვარი შუალედური პოზიცია დაიკავეს. როგორც KAFFED-ის პრეზიდენტი უმით დინჩერი აცხადებს, ისინი არავის მოუწოდებენ ჩავიდნენ თურქეთში. თუმცა, ვინც იქ ჩავა, უპატრონოდ არ დატოვებენ. მას მიაჩნია, რომ ასეთი მიდგომა არ გააფუჭებს თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებს.
KAFFED-ის პრეზიდენტი უმით დინჩერი დინჩერმა იქვე დასძინა, რომ უკრაინა წლების განმავლობაში არ აღიარებდა ჩერქეზთა გენოციდის საკითხს. ახლა კი, მისი აზრით, კიევის ეს დამოკიდებულება იცვლება. დინჩერი შიშობს, უკრაინის ეს ნაბიჯები ხომ არ ემსახურება რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის საქმეს და აცხადებს, რომ თურქეთის ჩრდილოკავკასიელებს ეს პერსპექტივა არ ხიბლავთ. მისი განცხადებით, ჩრდილოკავკასიელებს ამისი არც ძალა და არც მოტივაცია არ გააჩნიათ (ამ განცხადებაშიც შესამჩნევია რუსული გავლენები). ამგვარად, როგორც მოსალოდნელიც იყო, ზელენსკის განცხადების მიმართ თურქეთის ჩრდილოკავკასიური დიასპორის მიდგომა არის საკმაოდ ფრთხილი და მოზომილი. მაგრამ ისინი ამავე დროს იმყოფებიან ერთგვარი მოლოდინის რეჟიმში და ახლოდან აკვირდებიან რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. |