Title | Languages | Field | Year |
---|---|---|---|
რატომ დაიძაბა ისევ ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
|
Georgian | International relations | 2022 |
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა No 53
2022 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კიდევ ერთხელ გაუარესდა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები. რატომ დაიძაბა მათ შორის ურთიერთობები და რას შეიძლება ველოდოთ მომავალში?
თეირანსა და ბაქოს შორის ურთიერთობები კიდევ ერთხელ დაიძაბა 2022 წლის შემოდგომაზე, მას შემდეგ, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სერიოზული საბრძოლო მოქმედებები დაიწყო (წინა სერიოზული დაძაბულობა ყარაბაღის მეორე ომში აზერბაიჯანის გამარჯვების შემდეგ იყო). თეირანში ეჭვობენ, რომ ბაქომ შესაძლოა ძალის გამოყენებით დაამყაროს სახმელეთო კავშირი ნახიჩევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის, რითაც ჩაიჭრებოდა ირანის სახმელეთო კავშირი როგორც სომხეთსა და საქართველოსთან, ისე საქართველოს გავლით რუსეთსა და შავი ზღვის (და აქედან ევროპის) მიმართულებით. სამაგიეროდ, გაიხსნებოდა თურქეთის დამაკავშირებელი გზა არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ შუა აზიის თურქულენოვანი ქვეყნების (ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი) მიმართულებითაც. თეირანში მიაჩნიათ, რომ ისედაც მძიმე ეკონომიკური სანქციების ქვეშ მყოფი ირანისთვის კიდევ უფრო მეტად იზოლირების პერსპექტივა დაუშვებელია და ყველანაირად უნდა შეეწინააღმდეგონ მას. ამიტომ თეირანმა 17 ოქტომბერს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს და განაცხადა, რომ არ დაუშვებდა საზღვრების შეცვლას კავკასიაში. მოგვიანებით, როგორც ირანული მხარე აცხადებს, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ. საპასუხოდ, აზერბაიჯანშიც დააკავეს 19 პირი, რომლებიც, ბაქოს განცხადებით, ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ.
ირან-აზერბაიჯანის საზღვარი მდ. არაქსზე აზერბაიჯანში ასევე დაიწყეს ლაპარაკი, რომ ირანში იჩაგრებიან ეთნიკური აზერბაიჯანელები (მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მთელ ირანში 2 თვეზე მეტია არ წყდება საპროტესტო აქციები). ოფიციალური ბაქო კიდევ უფრო წინ წავიდა და 18 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება ისრაელში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით. ამგვარად, აზერბაიჯანი იქცა ძირითადად შიიტებით დასახლებულ პირველ ქვეყნად, რომელმაც პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა ირანის მთავარ მოწინააღმდეგე ისრაელთან. ცხადია, ამ ფაქტმა შეშფოთება გამოიწვია ირანის მმართველ წრეებში. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ აზერბაიჯანი ამ ახალ რეგიონულ დაპირისპირებაში მარტო არაა. მას ტრადიციულად ზურგს უმაგრებს ეთნიკურად და ლინგვისტურად მოძმე თურქეთი (ამ ორი ქვეყნის ურთიერთობების მთავარი მამოძრავებელი პრინციპია „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“) და რეგიონში ირანის მთავარი მოწინააღმდეგე ისრაელი. სიტუაცია ჯერჯერობით დეესკალაციისკენ არ მიდის. ცხადია, აზერბაიჯანს უფრო გაბედული ნაბიჯების გადადგმა შეუძლია იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე სამხრეთ კავკასიაში მცირდება კრემლის გავლენები (რისი ყველაზე ნათელი მაგალითიც 2022 წლის აგვისტოში სომხეთ-ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორზე კონტროლის აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემის ფაქტი იყო, რაზეც რუსეთი იძულებული გახადეს რომ დათანხმებულიყო). მოსკოვი კი თეირანის მთავარი მოკავშირეა რეგიონში. |