ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

ახლო აღმოსავლეთის მიმოხილვა No 73

 

 ლიბანში ბაზირებული „ჰესბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამ 3 ნოემბრის თავის ცნობილ გამოსვლაში ბევრ საკითხზე ისაუბრა (ბუნებრივია, მთავარი თემა ისრაელ-„ჰამასის“ ომის მიმდინარეობა იყო), მაგრამ არ უთქვამს, რომ მისი ორგანიზაცია ერთვება სრულმასშტაბიან ომში ისრაელის წინააღმდეგ.

 ამასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები: რა არის ის მიზეზები, რის გამოც „ჰესბოლა“ თავს იკავებს ისრაელის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში ჩართვისგან და ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მომავალშიც ასე იქნება?

 შევეცდებით პასუხი გავცეთ ამ კითხვებს.

უამრავი მომხრე უსმენდა ნასრალას მიმართვას

 

  • „ჰესბოლას“ თავშეკავების მიზეზები

„ჰესბოლას“ პოზიციაზე გავლენა მოახდინა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა:

  • ვაშინგტონმა საკმაოდ სერიოზულ სამხედრო ძალას (მათ შორის, მთავარი სამხედრო გემების დაჯგუფებაა) მოუყარა თავი ახლო აღმოსავლეთში და არაორაზროვანი მესიჯი გაუგზავნა ისრაელის მოწინააღმდეგეებს, რომ საჭიროების შემთხვევაში დამანგრეველ შეტევას მიიტანდა მათზე.
  • მართალია, „ჰესბოლას“ მიერ სრულმასშტაბიან ომში ჩართვა სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ისრაელსაც („ჰესბოლა“, „ჰამასთან“ შედარებით, გაცილებით სერიოზული ძალაა), მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ორგანიზაცია შედეგად მიიღებდა იმ სახის საპასუხო დარტყმას, რომელიც წელს გატეხდა მას (დაწყებულ საქმეს კი ლიბანში მოქმედი „ჰესბოლას“ კონკურენტი სამხედრო ორგანიზაციები მიიყვანდნენ ბოლომდე).

ამერიკული სამხედრო გემების დაჯგუფება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, ისრაელის სიახლოვეს

  • ამასთან, ირანი რეგიონში ყველაზე გავლენიანი საკუთარი ინსტრუმენტის (კბილებამდე შეიარაღებული „ჰესბოლა“კარგად გაწვრთნილი 100 000 მებრძოლისგან შედგება მაშინ, როცა იგივე ლიბანის ჯარში 95 000 კაცია) გარეშე დარჩებოდა და ბევრ ადგილას (მაგალითად, იგივე სირიაში, სადაც უკვე წლებია ირანის ინტერესებისთვის იბრძვის „ჰესბოლა“) სერიოზულად შეირყეოდა თეირანის პოზიციები.

 

  • „ჰესბოლას“ მომავალი პოზიცია

რამდენიმე მიზეზის გამო ზუსტად შეუძლებელია იმის თქმა, თუ როგორი იქნება „ჰესბოლას“ პოზიცია მომავალში, კერძოდ:

  • არავინ იცის, როგორ წარიმართება ისრაელ-„ჰამასის“ დაპირისპირება და რა შედეგებს მოიტანს (ამ ეტაპზე, როგორც ნასრალამაც აღნიშნა საკუთარ გამოსვლაში, „ჰესბოლას“ ისედაც აქვს, მართალია, მცირე მასშტაბის, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან შეტაკებები ისრაელის არმიასთან ლიბან-ისრაელის საზღვარზე და, ისევ მისივე სიტყვებით, განიხილება მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარი);
  • ზუსტად არავინ იცის, ღაზის სექტორის შემდეგ მიიტანს თუ არა ისრაელი გადამწყვეტ შეტევას „ჰესბოლაზე“ (ამ ეტაპზე, ისრაელის საზოგადოებრივი აზრი არ ემხრობა „ჰესბოლას“ წინააღმდეგ ომის დაწყების შესაძლებლობას. პოლიტიკოსებს კი მათი განწყობების გათვალისწინება უწევთ). ასეთი შეტევის შემთხვევაში, „ჰესბოლას“ სხვა გზა აღარ ექნება დარჩენილი, გარდა იმისა, რომ მიიღოს გამოწვევა და ჩაერთოს სრულმასშტაბიან ომში.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აშშ-ის პოზიციამ აიძულა „ჰესბოლა“ ამ ეტაპისთვის უარი ეთქვა სრულმასშტაბიან ომზე, რასაც მთელი რეგიონის აფეთქება შეეძლო.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში სრულად გამოირიცხება ასეთი შესაძლებლობა რეგიონში, სადაც, როგორც წინა შემთხვევებმაც გვიჩვენა, ყოველ წამს შეიძლება შეიცვალოს არსებული სიტუაცია.