Title Languages Field Year

რატომაა მნიშვნელოვანი ერაყის საპარლამენტო არჩევნების შედეგები?

  • Author: Zurab Batiashvili, Research Fellow at Rondeli Foundation
  • Publisher: Georgian Foundation for Strategic and International Studies
  • Type: Publication
Georgian International relations 2021

ერაყის ეთნოკონფესიური სპეციფიკის გათვალისწინებით, შექმნილ სისტემაში (პრემიერ-მინისტრი – შიიტი, პრეზიდენტი – ქურთი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე სუნიტი უნდა იყოს) თითქმის შეუძლებელია არჩევნებში ერთმა რომელიმე პარტიამ მოიპოვოს დამაჯერებელი გამარჯვება.

მაგრამ 2021 წლის 10 ოქტომბერს ერაყში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მაინც ჰყავს თავისი გამარჯვებული და დამარცხებული მხარეები. ვინ არიან ისინი?

წინასწარი მონაცემების მიხედვით, ერაყის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმები მიიღო შიიტი რელიგიური ლიდერის მუქთადა ალ-სადრის ლიდერობით შექმნილმა ალიანსმა, რომელმაც 329-ადგილიან პარლამენტში 73 დეპუტატის შეყვანა შეძლო.

ალ-სადრი იმითაა ცნობილი, რომ იგი ეწინააღმდეგება როგორც ამერიკულ, ისე ირანულ გავლენებს ქვეყანაში. ამიტომ მას ხშირად ერაყელ ნაციონალისტადაც მოიხსენიებენ ხოლმე.

მეორე ადგილზე გავიდა სუნიტების მიერ შექმნილი კოალიცია „ტაკადუმი“ („პროგრესი“), რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ალ-ჰალბუსი ხელმძღვანელობს. მათ 43 საპარლამენტო მანდატის მოპოვება შეძლეს.

მესამე ადგილზე გავიდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნური ალ-მალიქის შიიტური კოალიცია „კანონის სახელმწიფო“, რომელმაც ახალ პარლამენტში 37 ადგილი მიიღო.

შემდეგ მოდიან „ქურთისტანის დემოკრატიული პარტია“ (32 მანდატი), დამოუკიდებლები (20 მანდატი), პროირანული „ფათეჰი“ (20 მანდატი), „ქურთისტანის პატრიოტთა კავშირი“ (17 მანდატი) და ა.შ.

ამათგან ყველაზე მეტად პროირანულმა ძალებმა გაიუარესეს საკუთარი პოზიციები. მათ წინა პარლამენტში 48 მანდატი ჰქონდათ, ახლო კი – მხოლოდ 20. ამიტომ ეს უკანასკნელები აქტიურად საუბრობენ არჩევნების „გაყალბებაზე“.

ერაყის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და შედარება წინა წლების არჩევნებთან

აღსანიშნავია, რომ არჩევნებზე საკმაოდ დაბალი იყო ამომრჩეველთა აქტიურობა. მასში საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირთაგან მხოლოდ 41%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც იმის მანიშნებელია, რომ რიგითი ერაყელების დიდი ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის მიმართ და მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ბევრი არც არაფერი შეიცვლება. ქვეყანაში კი უამრავი პრობლემაა დაგროვილი: უმუშევრობა, კორუფცია, ტერორიზმი, სექტარიანიზმი, დემოგრაფიული აფეთქება, დაბალი ხელფასები, სასმელი წყლის ნაკლებობა და ა.შ. 

ასეთი დაქსაქსული პოლიტიკური სურათის გამო შესაძლოა ახალი კოალიციური მთავრობა მალე ვერ ჩამოყალიბდეს. მის შექმნაზე მოლაპარაკებები ჯერ არც დაწყებულა, თუმცა არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ გადამწყვეტი იქნება მუქთადა ალ-სადრის პოზიციები.

  

შიიტი რელიგიური ლიდერი მუქთადა ალ-სადრი

ახალი მთავრობის ჩამოყალიბება კი იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ მას მოუწევს ქვეყნის მართვა მას შემდეგ, რაც აქედან თითქმის 19-წლიანი ყოფნის შემდეგ გავლენ ამერიკული სამხედრო დანაყოფები (მათ გასვლას წლის ბოლოსკენ ვარაუდობენ).