Title Languages Field Year

რატომაა მნიშვნელოვანი ბაიდენ-ერდოღანის შეხვედრა?

  • Author: Zurab Batiashvili, Research Fellow at Rondeli Foundation
  • Publisher: Georgian Foundation for Strategic and International Studies
  • Type: Publication
Georgian International relations 2021

2021 წლის 14 ივნისს ნატოს ბრიუსელის სამიტის ფარგლებში დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ეს იქნება ორი ქვეყნის ლიდერების პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.

ბაიდენი აქამდე, როგორც წესი, ერდოღანთან სატელეფონო საუბარსაც კი თავს არიდებდა. მათ შორის ერთადერთი სატელეფონო საუბარი 23 აპრილს გაიმართა, როდესაც ბაიდენმა ერდოღანს აცნობა, რომ მეორე დღეს (24 აპრილს) „სომეხთა გენოციდის“ აღიარებას აპირებდა.

მოსალოდნელია, რომ მხარეები შეხვედრისას განიხილავენ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა ორმხრივ ურთიერთობებში და რომელთა გადაუჭრელობაც ნეგატიურ გავლენას ახდენს თურქულ-ამერიკულ კავშირებზე.

უპირველესი თემა, რა თქმა უნდა, თურქეთის მიერ რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემების S-400-ების შეძენისა და მის გამო დაწესებული ამერიკული სანქციების (მათ შორის, ამერიკული წარმოების სამხედრო თვითმფრინავების – F-35-ების პროგრამიდან თურქეთის ამოღების) თემა იქნება.

მოსალოდნელია, რომ ანკარა ვაშინგტონს S-400-ების პრობლემის მოგვარების ერთ ან რამდენიმე ალტერნატიულ წინადადებას შესთავაზებს.

რუსული წარმოების S-400-ების ჩაყვანა ანკარაში

სავარაუდოდ, შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა აშშ-ის მიერ სირიელი ქურთებისთვის დახმარების აღმოჩენა, ერაყსა და ავღანეთში არსებული სიტუაცია, აშშ-ში თურქული „ჰალქბანკის“ წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესი, აშშ-ში მცხოვრები სასულიერო ლიდერის ფეთულა გულენის თურქეთში ექსტრადიციის მოთხოვნა (მას ანკარა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს) და ა.შ.

მოსალოდნელია, რომ ორმხრივ შეხვედრაზე პრეზიდენტები ასევე შეეხებიან უკრაინასა და, ზოგადად, შავ ზღვაზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ მოსკოვის მიერ ანკარისთვის დაწესებული არაოფიციალური სანქციების (კრემლმა 15 აპრილიდან შეწყვიტა ფრენები თურქეთის მიმართულებით, რითაც აზარალებს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ თურქულ ეკონომიკას, განსაკუთრებით კი, მის ტურიზმის სფეროს) მიუხედავად, თურქეთი მაინც განაგრძობს უკრაინის შეიარაღების პროცესს.

თუ ამერიკული მხარისგან დადებითი სიგნალები იქნება, ანკარამ შესაძლოა ვაშინგტონს შესთავაზოს ახალი წინადადებები შავ ზღვაზე თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ამ მხრივ საინტერესოა, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში ანკარაში გაიმართა პოლონეთის, უკრაინისა და საქართველოს ლიდერების ვიზიტები, სადაც თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა, რომ მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას.