Title Languages Field Year

რას ნიშნავს პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტი ყარაბაღში?

  • Author: Zurab Batiashvili, Research Fellow at Rondeli Foundation
  • Publisher: Georgian Foundation for Strategic and International Studies
  • Type: Publication
  • Pages: 3
Georgian International relations 2021

2021 წლის 15-16 ივნისს გაიმართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სადაც იგი თავის აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევს შეხვდა.

ეს სტუმრობა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ისტორიაში შევიდა, როგორც თურქეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ყარაბაღში. კერძოდ, ერდოღანი  ეწვია აზერბაიჯანელებისთვის მეტად მნიშვნელოვან ქ. შუშას და ალიევთან ერთად ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიზანიცაა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება (მათ შორის, მხარეები პირობას დებენ, რომ გაააქტიურებენ სამხედრო და უსაფრთხოების  სფეროში თანამშრომლობასაც).

თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონია ქ. შუშაში

სიმბოლური ფაქტია, რომ თურქეთი ქ. შუშაში გახსნის საკონსულოს, რითაც ხაზს უსვამს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის თავის უპირობო მხარდაჭერას.

მოლაპარაკებებისას ასევე გადაწყდა, რომ ანკარა კიდევ უფრო ინტენსიურად დაეხმარება ბაქოს, მოახდინოს ყარაბაღისა და მის გარშემო დანაღმული ტერიტორიების განაღმვა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონში ნორმალური ცხოვრების აღსადგენად.

მხარეებმა ასევე ილაპარაკეს სომხეთის ტერიტორიის გავლით თურქეთ-აზერბაიჯანს შორის სახმელეთო კავშირის დაწყების პერსპექტივასა და გეგმებზე.

ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ერევანში სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია, რასაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთმანეთის მიმართ გამოთქმული საპროტესტო განცხადებები მოჰყვა.

 

პრეზიდენტ ერდოღანის სიტყვით გამოსვლა აზერბაიჯანის პარლამენტში

აზერბაიჯანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა კიდევ ერთხელ მიულოცა აზერბაიჯანელებს ყარაბაღის მეორე ომში მოპოვებული გამარჯვება და პირობა დადო, რომ თურქეთი აზერბაიჯანს მომავალშიც დაუჭერს მხარს.

საინტერესოა, რომ ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა კვლავაც ილაპარაკა 2020 წლის შემოდგომაზე ანკარის წამოყენებული 3+3-ის (თურქეთი, რუსეთი, ირანი + აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი) ფორმულაზე. ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ ამ თემაზე მან ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ანკარაში ვიზიტისას, 2021 წლის 1 ივნისს, და იმედი გამოთქვა, რომ თბილისი ჩაერთვება 3+3-ის ინიციატივაში.

საერთო ჯამში, ერდოღანმა ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რეგიონში შექმნილ რეალობას, განსაკუთრებით, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, სადაც ანკარა განაგრძობს თავისი უმთავრესი მოკავშირის – აზერბაიჯანის – მხარდაჭერას. ცხადია, თურქეთი შეეცდება კავკასიასა და მის გარშემო შექმნილი ვითარება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.