Title Languages Field Year

რას ნიშნავს ირანის სარაკეტო თავდასხმა ჩრდილოეთ ერაყზე?

  • Author: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2022

13 მარტს  ირანმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ჩრდილოეთ ერაყის ქ. ერბილზე (ერაყის ქურთისტანის დედაქალაქი), რამაც კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რამდენად ფეთქებადსაშიში სიტუაციაა შექმნილი ახლო აღმოსავლეთში.

ვინ ჰყავდათ ირანელებს მიზანში ამოღებული და რა იყო ამ თავდასხმის მიზანი?

ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსმა (IRGC) საკუთარ თავზე აიღო ათეულობით ფრთოსანი რაკეტის გაშვება ერბილის მიმართულებით. ისინი აშშ-ის საკონსულოს სიახლოვეს ჩამოვარდა. თავად საკონსულოს შენობები არ დაზიანებულა.  დაბომბვის შედეგად ქალაქში რამდენიმე შენობა დაზიანდა, მაგრამ ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ერბილის დაბომბვის შედეგად დაზიანებული ერთ-ერთი შენობა აშშ-ის საკონსულოს სიახლოვეს

ირანულმა მხარემ განაცხადა, რომ მათ სამიზნეს ისრაელის „სტრატეგიული ცენტრი“ წარმოადგენდა. თეირანი დიდი ხანია აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ერაყში „მოსადი“ მოქმედებს. თუმცა, ერბილის გუბერნატორმა ეს ბრალდებები უარყო.

ერაყის ქურთისტანის ადმინისტრაციისა და ერაყის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად დაგმეს დაბომბვის ფაქტი და განაცხადეს, რომ ამას დეტალურად გამოიკვლევენ.

ზოგი ფიქრობს, რომ ეს იყო პასუხი 7 მარტს სირიის დედაქალაქ დამასკოზე ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე, რასაც ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსის 2 ოფიცრის სიცოცხლე შეიწირა.

მეორე ვერსიით, თეირანს ამ ქმედებით სურს ხელი შეუშალოს ერაყის ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ ერაყში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისას ძალზე ცოტა ხმა მიიღო პროირანულმა ძალებმა.

დაბომბვის მომენტი

თუმცა, არის მესამე ვერსიაც, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდებოდეს. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ თეირანი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში რუსეთის მოკავშირეა და მოსკოვს შესაძლოა მოეთხოვა/ეთხოვა აშშ-ის წინააღმდეგ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რაც გახდებოდა მოსკოვის არაპირდაპირი პასუხი ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის გაწეულ სერიოზულ სამხედრო და პოლიტიკურ დახმარებაზე.

თუ ეს ვერსია სწორია, მაშინ აქ არის კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი – რაკეტები უშუალოდ აშშ-ის საკონსულოს შენობას არ დასცემია. შესაძლოა, ირანულმა მხარემ უარი ვერ უთხრა მოსკოვს, მაგრამ ამავე დროს არ სურდა საკუთარ თავზე ეწვნია ვაშინგტონის საპასუხო რისხვა, რომელსაც აუცილებლად დაიმსახურებდა ამერიკის საკონსულოსა და ამერიკელი დიპლომატების დაზიანების შემთხვევაში. მოსკოვის წინაშე კი თეირანი იმით იმართლებდა თავს, რომ, ზოგადად, ირანული რაკეტების სიზუსტე მცირეა.

თუმცა, მოსკოვში ისიც კარგად ესმით, რომ ირანული რაკეტების სიზუსტე არც ისე დაბალია, რომ ათეულობით რაკეტიდან ვერცერთს ვერ მიეღწია მიზნისთვის.

ზოგადად ჩანს, რომ ერბილზე ირანის თავდასხმის რეალური მოტივის გარკვევას რაღაც დრო კიდევ დასჭირდება.